მერე კავშირი უხერხულში არ ჩავარდება?
###
გირვანქები მეურნეობის მოსაწყობად
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) ერთი კვირის შუალედით ჯერ ის გამოაცხადა, რომ დამდეგ ოთხ წელში 25 რჩეულ ქვეყანაში ოვალურ-ბურთა თამაშის გასავითარებლად 48 მილიონს დახარჯავს, შემდეგ კი ეგეც წვრილად ჩამოთვალა, თუ რაზე და ვისთვის რამდენი გამოიყოფა.
ირბ ფულს ანგარიშობს ბრიტანულ გირვანქაში, რაიც 2.83 ლარს უდრის. რომ დაჯამდა შარშან, საფრანგეთში გამართული მსოფლიო თასის შედეგები, სარფმა 122 მილიონი შეადგინა.
"სტრატეგიული გეგმის" თანახმად ირბ შარშანწინ შეუდგა რჩეულ კავშირებში სამი წლით ინვესტირებას, რასაც მოყვა ის, რომ ბოგანო ქვეყნები თასზე მოსალოდნელზე უკეთ გამოვიდნენ.
ამან მამები გეზის სისწორეში დაარწმუნა. ჰოდა, 2009-12 წლებში, წლიური გრანტებისა და ტურნირთა და პროგრამების დაფინანსების ჩათვლით, სრულიად რაგბეთს 153 მილიონი მოხმარდება, რის გამოც ირბ-ს მარაგიდან მოუწევს ფულის აღება.
არიფთა 66 პროცენტი
ირბ-ის ახალი, ფრანგი შეფი ბერნარ ლაპასე იმით ხარობს, რომ ზეპური რაგბის კულტურა ბევრ მზარდ კავშირში ინერგება. მამები ამიერიდან მეტად იზრუნებენ "მეორე და მესამე დონის" ქვეყნებზე. დაგეგმილი 48 მილიონიდან 31.6 მათ საჭიროებებს მოხმარდება, ანუ ყოფილ არიფთა წილი ორი მესამედია!
დამდეგ ოთხწლედში სხვებზე მეტად აშენდება არგენტინა, ვისაც წინა ციკლში აუთვისებელი მილიონ-ნახევრის ჩათვლით, არჩივი ოთხი (!) მილიონი გამოსდის. მარაქაში გაერივნენ ესპანეთი და დიდი ბაზრები (ინდოეთი ჩინეთი მექსიკა), ჩვენთან მიმართებაში კი სამართალმა პური ჭამა:
თუ წინა ციკლში რუმინეთმა მილიონ-ნახევარი შეირგო, ხოლო საქართველომ ოდენ 360 ათასი, ახლა თანაფარდობა იმათი 2.1 მილიონია ჩვენი 1.7 მილიონის წინააღმდეგ. ამ თანხის მეტ წილს საქართველოს რაგბის კავშირი 2009-10 წლებში მიიღებს, რათა მეურნეობა (ინფრა სტრუქტურა) მოიწყოს.
>>> რაზე რამდენი
წლიური დაბანდება გაიზარდა 10 მილიონიდან 12 მილიონამდე
მატებამ სულ შეადგინა 18 მილიონი, 30 მილიონიდან 48 მილიონამდე (2006-08 წლებში სამჯერ 10 მილიონი, 2009-12 წლებში ოთხჯერ 12 მილიონი)
პირველი დონის კავშირებს მოხმარდებათ 14 მილიონი
მეორე და მესამე დონისებს 18.7 მილიონი
მეორე და მესამე დონეთა ტურნირებს 12.9 მილიონი
დიდ ბაზრებს 1.2 მილიონი (წელიწადში 300 ათასი)
დაკვალიანებას, ანგარიშგებასა და შემოწმებას 1.2 მილიონი (ანუ მთელი გასავლის მხოლოდ 2.5 პროცენტი)
>>> ვის რამდენი მილიონი
4.0 არგენტინა
2.5 შტატები კანადა
2.2 სამოა
2.1 რუმინეთი
1.9 იაპონია ფიჯი
1.7 საქართველო
1.5 შოტლანდია იტალია
1.1 რუსეთი
1.05 ტონგა
1.0 ინგლისი უელსი ირლანდია საფრანგეთი აფრიკა ზელანდია ავსტრალია
0.875 პორტუგალია
0.42 ესპანეთი ნამიბია
მიმაგრებული სურათი