"სარბიელი"
# 210
09.12.2008
კარიერა არ გაილია: ზედგინიძე მოდის!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე რაგბის უბრუნდება.
ბორჯღალოსნების მორკინალმა და ყოფილმა ყოჩმა სარაგბო კარიერა შარშან, საფრანგეთის მსოფლიოს თასზე დაასრულა, როდესაც ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, ირლანდიასთან ხმაურიანი მატჩისას ტრავმა მიიღო და ორჯერ ნაოპერაციები მუხლი სარაგბოდ თითქოს ვეღარ გაუქაჩავდა.
მაშინ ილია ზედგინიძემ ისიც თქვა, თამაშს ვეღარ შევძლებ, ქრონიკული ტრავმა თავისას შვრება და თანაც დავიღალეო. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ექიმებს გაესინჯა და მათაც თამაშის ნება დართეს.
ახლა ილია ზედგინიძე საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგის კლუბ "ქსინ-პროვანაში" სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ოქტომბრისთვის თამაშს და ნაკრებში დაბრუნებასაც აპირებს, იმ ნაკრებში, რომელშიც 48 მატჩი ითამაშა, აქედან 32-ჯერ უკაპიტნა და 14 ლელო გაიტანა.
http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/210/210-1.htm"სარბიელი"
# 210
09.12.2008
ძველი კაპიტნის შემობრუნება: ილია ზედგინიძე რაგბის მეორედ ეჩვევა
ბაჩო სვანიძე
სულ რაღაც ორი მატჩი აკლდა, რომ 50-ე სანაკრებო კეპი მოეხვეჭა და საქართველოს ნაკრებს ღვაწმოსილებში, ანუ 50 კეპიანებში გარეულიყო. ილია ზედგინიძეზე ვამბობთ, ჩვენი ბორჯღალოსნების კაპიტანზე, რომელმაც კარიერა შარშანდელ მსოფლიოს თასზე დაასრულა. ილომ ტრავმა ირლანდიასთან ხმაურიანი მატჩისას მიიღო და ორჯერ ნაოპერაციები მუხლი რომ გაუსიჯნეს, იქვე თქვა თამაშს თავს ვანებებო. რომ არა ტრავმა ილია ზედგინიძე ნამიბიასთანაც ითამაშებდა და მასპინძელ საფრანგეთთანაც და 50-ე სანაკრებო მატჩს ჩაატარებდა.
მაშინ ილია ზედგინიძე რაგბიდან კი წავიდა, მაგრამ საფრანგეთში დარჩა და პირად საქმეებს აგვარებდა. ახლა კი ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი რაგბის უბრუნდება... ილია ზედგინიძე, ვისაც ნაკრებში 48 მატჩი აქვს ნათამაშები, აქედან 32-ჯერ გუნდის ყოჩი იყო და 14 ლელოს გატანაც მოასწრო, უკვე ვარჯიშობს და დიდი შანსია, რაგბის და ნაკრებს დაუბრუნდეს...- უკვე ერთი თვეა, რაც ვარჯიში დავიწყე. ჯერჯერობით არის რეალური იმედი, რომ რაგბის დავუბრუნდე - გვითხრა ილია ზედგინიძემ, საფრანგეთში რომ დავუკავშირდით.
- ექიმებმა დაგრთეს ვარჯიშის ნება.
- როგორც იტყვიან, მწვანე შუქი ამინთეს. შარშან, როდესაც რაგბის თამაშს თავი დავანებე, მაშინ მითხრეს, რომ თუ ვივარჯიშებდი, შეიძლებოდა, ინვალიდი დავრჩენილიყავი. საშინელ მდგომარეობაში მქონდა მუხლი. სპეციალური სახვევებით და რკინაში ჩასმული მუხლით დავდიოდი. სიარულიც კი მიჭირდა. მთელი ერთი წელი ექიმებთან სიარულში გავატარე, ტრადიციული და არატრადიციული მეთოდებით ვიმკურნალე და ამან შედეგი გამოიღო. ბოლოს რომ მივედი ტრავმატოლოგებთან და მუხლი ვაჩვენე, გაოცდნენ, არ გვეგონა, თუ ტრავმას საბოლოოდ მოირჩენდი და ვარჯიშსაც კი შეძლებდიო. ერთი სიტყვით, დატვირთვისთვის მზად ვარ, დანარჩენი კი მალე გამოჩნდება.
- სრული დატვირთვით ვარჯიშობ.
- ორი კვირაა, რაც სრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. ტრენაჟორები, კროსები, აზიდვები, ბურთთან ერთად ვარჯიში...
- ინდივიდუალურად ვარჯიშობ, თუ რომელიმე კლუბს შეუთანხმდი.
- ახლა "ექსან-პროვანსში" ვარ, სადაც ადრე ჩემი ლეგიონერობის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ამ კლუბის უფროსობასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც ყველანაირად გვერდში მიდგანან. "ექსან-პროვინსი" საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში, ფედერალ-1-ში თამაშობს. ეს ლიგა ნახევრად პროფესიონალური, ნახევრად სამოყვარულოა. ასეა კლუბიც, თუმც ამ ეტაპზე ჩემთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილი გუნდია. იმედია, ეტაპობრივად შევძლებ რაგბიში დაბრუნებას...
- კლუბთან კონტრაქტი გააფორმე.
- წინასწარი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, რადგან სრული დატვირთვით კი ვვარჯიშობ, მაგრამ რასაც ნამდვილი კონტაქტური რაგბი ჰქვია, ამას ჯერ ვერიდები. წესით, ოქტომბრის ბოლოს უნდა შევძლო თამაში, იქამდე კი კონტაქტურ ბრძოლას ნელ-ნელა შევაჩვევ სხეულს. ძლივს რაგბიში დაბრუნების რეალური შანსი გამიჩნდა და არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ყველაფერი წყალში ჩავყარო. თუ ღმერთმა ინება და ოქტომბრიდან თამაში დავიწყე, "ექსან-პროვინსში" გაისამდე დავრჩები, მერე კი ვნახოთ...
- არის შანსი, რომ თამაში ვერ შეძლო.
- არის, მაგრამ ძალიან მინიმალური... ჯანზე ვარ, მუხლიც გამიმაგრდა და საშიში არაფერია. უბრალოდ, სანამ თამაშს არ დავიწყებ, იქამდე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ტიმ ლეინს ესაუბრე.
- არა, რადგან ჯერ ადრეა მასთან რაიმე კონკრეტულზე საუბარი. როდესაც თამაშს დავიწყებ და იმედია, ფორმაშიც შევალ, ამას ლეინი უჩემოდაც გაიგებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, გამომიძახებს. მაგრამ ახლა ჩემს ნაკრებში დაბრუნებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ისე, ძალიან მომენატრა რაგბი და ნაკრები.
- თანაც დიდი შანსია, შენთვის მესამე მსოფლიოს თასზე ითამაშო...
- ჯერ 30 წლის ვარ, თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა და ნაკრებშიც დავბრუნდი, მესამე მსოფლიოს თასზეც ვითამაშებ. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი მორაგბე, სამი მსოფლიოს თასი რომ ჰქონდეს ნათამაშები, მერე კი საბოლოოდ წავალ რაგბიდან.
http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/210/210-33.htm This post has been edited by datoch on 12 Sep 2008, 16:53