საინტერესო ინტერვიუ ტიმ ლეინთან "კვირის პალიტრაში":
ექსკლუზივი
«საქართველოს ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს»
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთშია. ჩვენი გუნდი შეკრებას ქალაქ მასიში გადის, 7 თებერვალს კი, ჰაიდელბერგში ესტუმრება გერმანიის ნაკრებს. ბორჯღალოსანთა ავსტრალიელ თავკაცს, ტიმ ლეინს საფრანგეთში გამგზავრებამდე შევხვდით და არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. აქამდე, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნდა, თუმცა, ცალკეულ საკითხში, კონკურენტებიც ვყოფილვართ. საქმე ის არის, რომ ბატონი ლეინის გადასაბირებლად, თურმე, აშშ-ის რაგბის კავშირიც იბრძოდა, მაგრამ... ავსტრალიელი სპეციალისტი საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. რაგბის გარდა ქართულ ღვინოზე, სერფინგსა და თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისელ მძღოლებზეც კი გვესაუბრა, ბოლოს კი, «კვირის პალიტრის» მკითხველს ავტოგრაფიც დაუტოვა...
- არჩევანი საქართველოს ნაკრებზე რატომ შეაჩერეთ?
- დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავ გამოსვლას 2007 წლის მსოფლიო თასზე და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს. ალბათ, იცით, რომ საქართველოს ნაკრების პარალელურად, ჩემს გადასაბირებლად აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებიც იბრძოდა. თუმცა, თქვენი ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ საქართველოში უნდა მემუშავა...
- ავსტრალიაში რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ნაკრებში თქვენს დანიშვნას?
- თავდაპირველად იფიქრეს, რომ ჯორჯიის შტატში წავედი სამუშაოდ (იცინის)... კარგად არა, მაგრამ უკვე ჩემს სამშობლოშიც იცნობენ საქართველოს და გაუხარდებათ, თუ რაგბის განვითარებაში დაგეხმარებით.
- ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა გქონდათ, მაგრამ ასე გკითხავთ: რას ელოდით და რა დაგხვდათ საქართველოში?
- შეიძლება ითქვას, რომ ის დამხვდა, რასაც ვფიქრობდი. ველოდი, რომ 2008 წელს საქართველოს ნაკრები მოახერხებდა ერთა თასის მოგებას. ბიჭებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ ამოცანას. სამწუხაროდ, განვლილ სეზონში, ფრანგულმა კლუბებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს მოთამაშეების გამოშვებასთან დაკავშირებით და ყველაზე დიდი იმედგაცრუება - შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით მარცხიც ამის ბრალია. ძირითადი შემადგენლობის 13 მორაგბე გვაკლდა... თუმცა, იმ კონტინგენტითაც გვმართებდა უკეთ თამაში, მაგრამ მწარე გაკვეთილმა ბევრი რამ ასწავლა ბიჭებს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება...
- ფრანგული კლუბების თავნებობა წელსაც ხომ არ გაგრძელდება?
- საბედნიეროდ, არა! ნაკრების ყველა მატჩი საერთაშორისო «ფანჯარას» ემთხვევა და პრობლემებს ვეღარ შეგვიქმნიან.
- უკვე ერთი წელია საქართველოში მუშაობთ. როგორც ფიქრობთ, აქვს თუ არა ჩვენს გუნდს იმის პოტენციალი, ოდესმე მსოფლიო რაგბის გრანდებს გაუტოლდეს?
- ამ ერთი წლის განმავლობაში, ოპტიმალური შემადგენლობა ერთხელაც ვერ შევკრიბე. ერთა თასის რამდენიმე მატჩის, უფრო ზუსტად კი, რუსებთან შეხვედრის შემდეგ უფრო ზუსტად შევძლებ იმის თქმას - რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს (იცინის). თუ ტრავმები არ შეგვიშლის ხელს და ერთსა და იმავე შემადგენლობასთან თანამიმდევრულ მუშაობას შევძლებთ, პროგრესი აუცილებლად იქნება. პოტენციალის ნაკლებობას კი, ქართული რაგბი ნამდვილად არ უჩივის...
- ბიჭები იოლად ითვისებენ თქვენს დარიგებებს, ადვილად «მოგყვებიან»?
- ძალიან კარგი «მოსწავლეები» არიან. გამაოცეს კიდეც, ისე ადვილად აითვისეს ყველაფერი. ზუსტად ერთი წლის წინ, 3 თებერვალს ვეთამაშეთ პორტუგალიელებს. მაშინ უამრავი ახალი კომბინაცია დავამუშავეთ და იმის მიუხედავად, სამი დღის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი, ბრწყინვალედ აითვისეს.
- საქართველოს ნაკრებში არაერთი გამორჩეული მოთამაშეა. ყველაზე მეტად ვისი გეიმედებათ?
- გუნდურ სახეობაში რომელიმე მოთამაშის ამორჩევა რთული საქმეა. თუმცა, მამუკა გორგოძე რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია. მას თავისუფლად შეუძლია, წარმატებით ითამაშოს «ზე-14»-ში. სხვათა შორის, პირველი ხაზის ქართველი მოთამაშეებით (რომლებითაც ცნობილია თქვენი ქვეყანა) ავსტრალიური კლუბები სერიოზულად არიან დაინტერესებული. თუმცა, არანაკლებ პერსპექტიული უკანახაზელებიც გვყავთ... გორგოძის გარდა, გამოვყოფდი ხინჩაგაშვილს, შველიძეს, ზირაქაშვილს...
- მომავალ თამაშებზე რას იტყვით? 7 თებერვალს გერმანიას ესტუმრებით, 14-ში კი პორტუგალიელ «მგლებს» უნდა დაუხვდეთ...
- გერმანიის ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და სამწუხაროდ, მათი მატჩების ვიდეოჩანაწერიც ვერ მოვიპოვეთ. შედარებით უკეთ ვიცნობთ პორტუგალიელებს და ისიც ვიცით, მწყობრად, დალაგებულად თამაში რომ შეუძლიათ. იოლი მატჩები ნამდვილად არ გველოდება, რადგან ჩვენი არ იყოს, მსოფლიო თასზე მოხვედრა სხვა გუნდებსაც ძალიან უნდათ. უნდა ვეცადოთ, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და თითოეულ შეხვედრას ისე მივუდგეთ, თითქოს უკანასკნელია ჩვენს კარიერაში.
- ჩვენი ქვეყანა თუ მოგწონთ?
- ჯერჯერობით აქ ბევრი რამ ნამდვილად არ მინახავს. თბილისს, მეტ-ნაკლებად უკვე ვიცნობ, ვიყავი ქუთაისშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, სათევზაოდაც კი მოვასწარი წასვლა. ძალიან მაინტერესებს ზღვისპირეთის ნახვაც და რადგან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მომიწევს საქართველოში მუშაობა, ყველაფერს დავათვალიერებ. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, სტუმართმოყვარე, თბილი ხალხი...
- მე გავაგრძელებ: ქართული კერძები, ღვინო...
- (იცინის) უნდა ვთქვა, რომ ქართული ღვინო ზედმეტად კარგიც არის და საჭიროზე მეტი «შემოგესმევა» კაცს. ძალიან გემრიელი კერძები გაქვთ, - ქართული სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კახეთში მიმიწვიეს და მოხიბლული დავრჩი იქაური ღვინით, სიმღერებით, ხალხით...
- თქვენს ოჯახს როდის უნდა აჩვენოთ საქართველო?
- ძალიან მინდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს რთული საქმე იქნება. ჩემი უფროსი შვილი სამხრეთ აფრიკაში სწავლობს, უმცროსი - ავტრალიაშია, თუმცა, სერფინგის ნამდვილი ფანია და ავსტრალიის სანაპიროდან მისი მოწყვეტა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უნივერსიტეტში სწავლობს ჩემი ქალიშვილი და ერთდროულად მათი სადმე წაყვანა არ ხერხდება. იმედი მაქვს, 2010 წელს მაინც შევძლებთ ერთად გესტუმროთ.
- სერფინგი თქვენც ხომ არ გიყვართ?
- მთლად შვილებივით არა, მაგრამ, ცოტ-ცოტას მეც ვახერხებ... ძალიან მიყვარს გოლფი და გული მწყდება, აქ რომ ვერ ვთამაშობ ხოლმე. ავსტრალიაში ყოფნისას ხშირად მნახავთ მშობლების ფერმაში, ცხენით მოსეირნეს. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო...
- ავსტრალიის შესახებ რას ეტყვით ქართველ მკითხველს?
- ძალიან ლამაზი ქვეყანაა - ულამაზესი პლაჟებით, განსხვავებული კლიმატური ზოლებით. ქართველებივით თბილი ხალხი ცხოვრობს და შესანიშნავი სპორტული ტრადიციები გვაქვს. მოკლედ, კარგი ქვეყანაა...
- ბოლოს, ისიც გვითხარით, საქართველოში ყოფნისას რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- იმ საოცარმა წესებმა, ქართველი მძღოლები რომ იცავენ ქალაქში მოძრაობისას (იცინის)... ეს ხუმრობით, ისე კი, მართლაც აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით: გამორჩეულად თბილი ხალხი ხართ, ყველა ცდილობს, ოჯახის წევრად მიგიღოს... ჩემთვის, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, მე ხომ აქ მარტო ვარ...
რატი შელეგია
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm