უოლდსპორტიდან ამონარიდი
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=28231საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის საუნივერსიტეტო ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ტრადიციულ მეტოქე რუსეთს 12:8 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სანამ უშუალოდ ქართულ-რუსულ დაპირისპირებაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა ეს შეხვედრა ყველაზე გვიან დანიშნეს, რადგანაც მათაც ესმოდათ ამ გუნდების დაპირისპირება რასაც მოასწავებდა და გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოინახეს. მანამდე, თასის ფინალში მოსახვედრად ბრძოლაში, იტალიამ ესპანეთი 40:10 გაანადგურა და ახლა ბორჯღალოსნებს თასისა და 2010 წლის მსოფლიო ალაფას ერთადერთი საგზურისთვის, შერკინება სწორედ იტალიელებთან მოუწევთ, რაც პრინციპში, წინასწარვე იყო ნავარაუდევი. ჩვეულებისამებრ, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, საქართველოს ნაკრები სიტუაციას პრაქტიკულად მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდა და რომ არა ტექნიკური ხარვეზები, მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდებოდა. ქართველებმა თამაში ძალუმად დაიწყეს, მე-2 წუთზე მოლი კარგად დააყენეს, მეტოქე, დაახლოებით, 40 მეტრი ათრიეს, რის შემდეგაც ბურთი ფლანგზე ჩაათამაშეს და მამუკაშვილმა საკუთარ ანგარიშზე 5 ქულა მიითვალა. ბორჯღალოსნებს უპირატესობა არც ამის შემდეგ გაუშვიათ ხელიდან და რამდენჯერმე მიეცათ სხვაობის გაზრდის ხელსაყრელი საშუალება, მაგრამ ორჯერ სალელოვე შანსი გაანიავეს, ერთხელ კი გასატანი ჯარიმა ასცდა მიზანს. მიუხედავად ამისა, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ნახევარში მეორე ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, თავი გოგლიჩიძემ გამოიჩინა და რადგან მჭედლიშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა, რუსებმა კი მხოლოდ ერთი ჯარიმის გამოყენება შეძლეს, ტაიმი 12:3 დასრულდა.მე-2 ტაიმის შუაწელამდე ქართველთათვის ცუდი არაფერი ხდებოდა, მერე კი მეტოქემ ბურთი ფეხით შეაცურა და სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც შეხვედრის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. ბორჯღალოსნებმა გაძლეს და ლელოს გატანა თავად შეეძლოთ, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედანში ერთ-ერთ ქართველ მორაგბეს ბურთი წინ დაუვარდა და თამაშიც ასე დასრულდა. რაც მთავარია, რუსეთის ნაკრები ძლეულია! მატჩის შემდეგ მსოფლიო სპორტი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს პორტუგალიაში დაუკავშირდა.
ლევან მაისაშვილი: როგორც ყოველთვის, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება ფსიქოლოგიური დატვირთვის ფონზე მიმდინარეობს და ახლაც ასე იყო. ალბათ, ამის ბრალია, რომ უამრავი შეცდომა დავუშვით და რამდენჯერმე ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. მძიმე თამაში იყო, თუმცა, მთლიანობაში, მაინც ჩვენი კარნახით ჩაიარა. ოდნავ მე-2 ტაიმში გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, მაგრამ გავძელით და გამარჯვება მოვიპოვეთ.
- როგორც წესი, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩებში ჩხუბი ხდება...
- ახლაც იყო პროვოკაციები, თუმცა, ჩვენ ბიჭებთან ამ საკითხზე დიდი სამუშაო გავწიეთ და არ ავყევით, ასე რომ, სერიოზული არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, შეხვედრის კომისარი ტურნირის ორგანიზატორი იყო და მატჩის შემდეგ მადლობა გადაგვიხადა ასე კარგად რომ ვითამაშეთ და პროვოკაციებსაც გავუძელით.
- ფინალში იტალიასთან მატჩი გელით...
- იტალიამ ორივე თამაში დამაჯერებლად მოიგო. თანაბრად დაბალანსებული, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ და ჩვენსას ვეცდებით. ამ გადასახედიდან ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩვენზე მეტი შანსი აქვთ. ხვალინდელ დღეს დაველოდებით, არის ტრავმები და ვნახოთ, რა შემადგენლობის დაყენება მოგვიწევს, თუმცა, რუსეთთან მატჩისგან განსხვავებით, სრულიად სხვა თამაშს რომ ვაჩვენებთ, ეს ფაქტია.
ზურა ქსოვრელი
იტალიას თუ მოვუგეთ ძალიან მაგარი იქნება ...
This post has been edited by nikode on 29 Oct 2009, 16:54