"ედინბურგთან" პრესტიჟის აღსადგენად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც საკუთარი არსებობის ისტორიაში ბრიტანეთში თავის პირველ ტურნეს მართავს, ხვალ ედინბურგში შოტლანდიურ კლუბ "ედინბურგს" შეხვდება და ოთხი დღის წინანდელი სირცხვილის ჩამორეცხვას შეეცდება.
14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის A ნაკრებს შეხვდა და - 3:69 განადგურდა. "ედინბურგს", ისევე როგორც შოტლანდიის A ნაკრებს, ინგლისელი ენდი რობინსონი ავარჯიშებს და ევროპის ამ ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის დამარცხებით, “ბორჯღალოსნებს” პრესტიჟის აღდგენის კარგი საშუალება ეძლევათ.
2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე, ქართველების მიერ ჯერ არგენტინასთან, შემდეგ ირლანდიასთან გამართული დიდი ბრძოლის შემდეგ, “სქოთები” ტიმ ლეინის შეგირდების სტუმრობას ერთგვარი სიფრთხილით ელიან. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ მათი სტუმარი ირლანდიელებთან ნაომარი ახალგაზრდა სარაგბო ქვეყნის ნაკრები იქნება, რომელიც ძლიერი შერკინებით გამოირჩევა, ბოლო დროს კი, უკანა ხაზის თამაშიც გამოასწორაო.
"მოხარული ვართ, რომ ამ ამხანაგური თამაშის გამართვის საშუალება გვეძლევა. ეს იდეალური გამოცდა იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო მატჩების ჩატარების პრაქტიკა ნაკლებად აქვთ. ქართველები ფიზიკური ძალით გამოირჩევიან და შერკინებაში ძლიერები არიან, ბოლო დროს კი, უკანა ხაზში თამაშიც გამოასწორეს. უახლოეს პერიოდში "კელტთა თასზე" და "ჰეინეკენის" თასზე, ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და მომავალი ამხანაგური მატჩი მათთვის უკეთ მოსამზადებლად დაგვეხმარება" - ამბობს "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რობ მოფატი.
"ედინბურგი" ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა, ვინაიდან 2001 წელს დაარსებულ "კელტების თასზე", სადაც ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის უძლიერესი კლუბები გამოდიან, რეგუალარულად თამაშობს, ხოლო 2004 წელს ფინალსაც უწია.
მიმდინარე გათამაშებაში, "ედინბურგმა" 6-დან 2 მატჩი მოიგო და 4-ში მარცხი განიცადა. თუმცა, განვლილ შეხვედრებში ყველა მეტოქეზე მეტი - 4 პრემიალური ქულა აიღო (ეძლევა გუნდს, რომელიც 4 და მეტ ლელოს გაიტანს, ან 7-ქულაზე ნაკლები ანგარიშით დამარცხდება) და 12 ქულით მე-6 ადგილი უკავია.
"კელტების თასის" გარდა, "ედინბურგი" ევროპის ყველაზე ძლიერ საკლუბო ტურნირ "ჰაინეკენის თასის" მუდმივი ბინადარიცაა. მიმდინარე გათამაშებაში, შოტლანდიელები მე-2 ჯგუფის ლიდერ "ლინსტერთან" 16:27 დამარცხდნენ, მერე კი ფრანგულ "კასტრს" საფრანგეთში" 13:6 სძლიეს და ამჟამად მე-2 ადგილზე იმყოფებიან. შოტლანდიელები მომდევნო მატჩს ლონდონის "ვაპსთან" გამართავენ, რომელსაც მათსავით 4 ქულა აქვს, მაგრამ მეტოქეს გატანილ-გაშვებული ბურთებით ჩამორჩება.
"ედინბურგის" საშინაო შეხვედრების აბონემენტთა მფლობელთათვის, თამაშზე დასწრება უფასო იქნება. საერთოდ კი, ბილეთი დიდებისთვის 10 ფუნტი, ხოლო ბავშვებისთვის 5 ეღირება
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14606