და როგორ წავაგეთ ტონგასთან?
და მერე როგოღა მოვუგეთ?
მატიანის საითიდან
http://www.qaflan.netai.net/matiane50/Years/1999.htmმულღაზანზრული ფათერაკებიმსოფლიო თასიდან ტონგამ გამოგვაგდო,
ხოლო ფიჯზე ნაკრების მწურთნელი დავაგირავეთ;
უცნაური სვლაგეზი
ქვეყნიერების დასალიერს, ტონგაზე მორაგბეთა ჩაყვანა "ლევონ თრეველმა" იკისრა და სვლაგეზი არა-ტრადიციული შეარჩია: დუბაი - სინგაპური - სიდნეი - ოქლენდის ნაცვლად ერევანი - ამსტერდამი - ლოს ანჯელესი - ფიჯი! მწარედ შეცდნენ ჩვენს საგარეო უწყებაში, როცა კავშირს უთხრეს, შტატებში სატრანზიტო ვიზა არ დაგჭირდებათო. ტონგაზე ჩასულ გუნდს ვერც დაზღვევის საკითხი ჰქონდა მოგვარებული, რის გამოც მატჩის წინ, ალიონზე გააღვიძეს ირბ-ელებმა და საბუთების შემოწმება დაუწყეს.
ლოჯისტიკური ლაფსუსი
კავშირის ფრანგულმა ფრთამ, რომელსაც ზაზა ქასაშვილი თავკაცობდა, გამოუცდელობით დაუშვა ლოჯისტიკური ლაფსუსიც - ფიჯზე დაგეგმილი შეკრებისთვის მიახლოებითაც ვერ დათვალა კვებისა და მეტადრე, სასმელი წყლის ხარჯი, რის გამოც ქალაქ ნაინდის ოტელ "მუკამბოს" ვალად 12 900 დოლარი დაგვედო. დელეგაციის შეფობა მწურთნელ გურამ მოდებაძეს ევალა და რაღაი სამივე თანმხლებმა ფრანგმა, ევროპული გაგებისა გამო, სხვისი ჭირი გულთან ახლოსაც არ მიიტანა, ისევ "ბურძგლას" მოუხდა ფიჯზე მანამ დარჩენა, სანამ სასტუმრო კავკასიიდან ნაღდ ფულს მიიღებდა.
ხარჯის შესამცირებლად რაზმი მინიმალური, სულ 22-კაცა გვყავდა და თანაც არა-ოპტიმალური. გია რაფავა და კახა კობახიძე უფროსობამ დაიწუნა, კახა მაჩიტიძე, ნიკო იურინი და მევლუდ მთიულიშვილი კი დაგვიშავდნენ. ფიჯზე გამართულ სპარინგში ნაკრების ახალ წევრს - გამოჩენილი ფრანგი ფორვარდის, მიშელ იაშვილის უფროს ვაჟს, გრეგორს ხელი მოტყდა და ტონგელებმაც თამაში დაგვინიშნეს დღის სამზე, როცა მზე დააჭერდა და ნაწვიმარ მოედანს ოხშივარს აადენდა.
ბორჯღალოსანთა ამოცანა ეგ იყო, რომ თუ გასვლაზე ვერ მოვიგებდით, იმდენით წაგვეგო, რომ ორი მატჩის ჯამში მაინც გვეჯობნა მეტოქე. უმწურთნელოდ დარჩენილი გუნდი მიზანთან ახლოს იყო - ჯანითა და შემართებით აჯობა მასპინძლებს და დერეფანშიც დაიბრიყვა. ჰოდა, რომ მოახლოვდა ბოლო მეოთხედი, სულ რაღაც 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, ხოლო ვასილ კაცაძის მიერ შებოჭილი პიტა ტანგინოა ისე ცუდად შექნილიყო, რომ ჰოსპიტალში გაექანებინათ.
ზურგში გადავუკიდოთო
გარდატეხა მოხდა "საათის თავზე, როცა ჩაღდება ნაღდი რაგბი - ომით გათანგულს მოძღვრის დარიგება გავიწყდება და ალღოთიღა მოქმედებ. ჩვენებმა დაყვინთეს - ტონგას სათადარიგო მგეზავი, ელისი ვუნიპოლა გაუძვრათ. როგორც მერე ბიჭები ყვებოდნენ, აქ კონსულტანტ სორელს დაუსკვნია, მეტოქის ზურგში ბურთის გადაკიდების დროაო, რაც იმით დასრულდა, რომ ბოლო წუთებზე "ზღვის არწივებმა" (იკალე ტაჰი) კიდევ ორჯერ დაგვალელოვეს და 31 ქულით მოგვსრეს.
მატჩის დეტალები "როიტერმა" აუწყა მსოფლიოს, ოტელთან დავისა და მწურთნელის დაგირავების ამბავი კი კავშირმა ჯერ საგულდაგულოდ მალა, მერე კი აქეთ შემოწყრა მედიას, არა ღვარძლით, არამედ ობიექტურად უნდა წეროთო.
აქ ჩვენი რაგბის უფროსობა ნაღდად გულისხმობდა უკვე ფეხ-მოკიდებულ აზრთა გამეორებას, რომ ნაკრებში განხეთქილებაა; რომ მეთოდურად ხდება მოდებაძის გარიყვა კლოდის მიერ ევროპაში გადაყვანილ ღვაწლ-მოსილთა მიერ; და რომ სორელური ყაიდა მრგვალი ვირისა და ლანჩხუთურ-შუხუთური ლელობურთის ასლია - ლელო თუ მაინც იდება, მაყურებელი მას ვერ ამჩნევს, რადგან ბურთი სხეულთა გროვაშია დამარხული.
ოღრაში მრჩეველი
საპასუხო მატჩზე შესვლა მუქთი დაწესდა. საუკეთესო რაზმი ვერც ტონგამ ჩამოგვიყვანა, ჩვენ კი დაგვიბრუნდნენ რაფავა, კობახიძე და მაჩიტიძე. "იკალე ტაჰს" არც კავკასიაში ჩამოაკითხა რეკლამირებულმა გურუმ - 42 წლის ბურმა, ისტორია-ფსიქოლოგიის დოქტორმა, იგნაციუს ფილიპუს ვილჰელმუს პრეტორიუსმა, მაგრამ გუნდს თან ახლდა ოღრაში მრჩეველი - ზელანდიელი დევიდ ვოთერსთოუნი, ვინც ოთხი წლით ადრე, მსოფლიო თასზე, თვით აფრიკის "ბოკეს" ვიდეო-ანალიტიკოსად იყო ნამუშევარი.
თამაშის დღეს საათმა უეცრად გადაიწია, რის გამოც ხალხის ნაწილმა მეორე ტაიმსღა მოუსწრო. მზადებისას ნაკრებს ვაკის სტადიონის ჭიშკარი რომ დაუხშვეს და მოედნის ნახევარიც დაუტბორეს, ორასმა მორაგბემ საპროტესტო აქცია მოაწყო და გუნდმა გამოსადეგ ნახევარზეღა ივარჯიშა. ქალაქის იქეთა ბოლოში, "ლელოს" სტადიონზე ტონგამ უქმად გდებული შერკინების დაზგა აამოქმედა და მზვერავთა თანახმად, წვიმით დამბალ მოედანზე, შემცივნებულს, ერთხელაც არ გავარდნია ბურთი ხელიდან.
სტუმრებმა ჰაკა ჩვენი თხოვნითღა გაიხსენეს და იცეკვეს. მსაჯობდა ფრანგი დიდიე მენე. მატჩი განსხვავებულ სტილთა ჯახად იქცა: ჩვენ ჯარიმებს კიდეზე ვურტყამდით და დერეფნიდან მოლით ვეძალებდით, ისინი კი ნებისმიერი პოზიციიდან ხელდახელ გვიტევდნენ და მეტწილად ფრონტის შუაში გვჭრიდნენ ხაზს. ტონგელებმა ნამუსზეც აიღეს ხელი და რაკი მსოფლიო თასზე ჯერაც არ შემოეღოთ სინბინი (ათი წუთით გაძევება) გურუს მითითებით, რაქში სულ ჩვენს მხარეს იწვნენ და ბურთაობაში ხელს გვიშლიდნენ.
ვერაგობაში გაუწაფავნი
ვოთერსთოუნმა ჭკუით გვაჯობა, ხოლო ჩვენ ძალები ბოლშევიკურად, ერთი მიმართულებით გადავისროლეთ და მეტოქეს შევაწყვიტეთ ნაცვლად იმისა, რომ ჯარიმები კარში გვერტყა, ანგარიში მეთოდურად გვეზარდა სამ-სამი ქულით და დავლოდებოდით ბოლო მეოთხედს, როცა სპორტული მედიცინის თანახმად, შორებელ ტონგას ზეზეულად უნდა ჩაეთვლიმა, ჩვენ კი ბრძოლაში მარქაფა ჩაგვერთო და გადამწყვეტი სპურტიც გაგვეკეთებინა.
დაგვაღალატა ვერაგობაში გაუწაფაობამაც. პირველ ტაიმში რამდენჯერაც გაუჭირდა გუნდს, ვოთერსთოუნი იმდენჯერ ამალიანად შეიჭრა მოედანზე და დაპანიკებულ შეგირდებს სახელდახელო თათბირი ჩაუტარა, ჩვენმა კავშირმა კი ტრიბუნაზე ეგრეც ვერ მიაგნო შეზარხოშებულ ბრიტ კომისარს, ვინც ნამატჩევს დიდ გულზე მოვიდა და კასეტის სასწრაფოდ მოტანას ითხოვდა, რათა ლიანგური ჩხუბი ბანკეტამდე გაერჩია და სასჯელები ჩამოერიგებინა.
თამაში კი მაინც გემრიელი გამოვიდა. მაგარი დავდეთ მეორე ლელო: შავლეგ ჯანელიძის ლიგური აბრაგანი ღრმად, ლელოშივე, ნახტომით იხელთა ბადრი ხეხელაშვილმა. შესვენებაზე ჩვენ გასახდელში გავედით, ტონგა კი მოედანზე დარჩა, ნავარდის იშტაზე მოვიდა, ბოლო ათწუთეულის დადგომამდე მეხუთედაც (!) დაგვალელოვა და 12 ქულით რომ გაგვისწრო, "ქართველები მივხვდით, რომ მსოფლიო თასის მომხიბლავი ზღაპარი დასრულდა"
ტყუილი დაიჯერეს
ბიჭებმა მაინც ბოლომდე, ჯიგრით იომეს და გაიმარჯვეს. გავაჩაღეთ "ძალისმიერი, არეული, ალაგ-ალაგ საბურთაო და დაკა-დაკიანი შტურმი, ერთ ეპიზოდში კი გაძევებათა შემდეგ მოედანზე დარჩენილი 12 ქართველი და 14 მულღაზანზრელი რომ ჩაება ვეება მოლში და რაგბიც ეგზოტიკურ ფუშბოლს დაემგვანა, ბურთი ვერ გამოვიტანეთ, რათა ცარიელ სივრცეში ორი კაცით შეგვეტია. და მაინც, კობახიძემ შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა, ოღონდაც ოვალი ჯერ ხარიხას დაეცა და კარში მერეღა გავიდა.
წამატებულ დროში იმათ კიდევ შემოგვიტიეს თავიანთი ნახევრიდან და ზედ ალამთან გადავდენეთ კიდეზე. ასე დასრულდა ჩვენთვის მსოფლიო თასი, მაგრამ 25 უკეთესში კი შევაბიჯეთ და 2000 წლისთვის რომ შედგა ახლებური "ერთა თასი", მის პირველ დონეზე მოვკალათდით. ეს ყველაფერი, ანუ დასის გადაჯგუფება და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ფირა-ს ევროპულ ფირა აერ-ად ქცევაც ივნისში, ჩვენს "შერატონ მეტეხი პალასში" უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ყრილობა მიზეზთა გამო ბეიონში (ბასკეთი) გადაიტანეს.
+++ ოქმები წიგნიდან
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000551/ტესტი # 30
საქართველო 6:37 ტონგა
საქართველო: ურჯუკაშვილი ხეხელაშვილი (აბაშიძე) ხამაშურიძე ი.მაისურაძე ქავთარაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (ტეფნაძე) შ.მოდებაძე (გიორხელიძე) / შველიძე (ნიკოლაენკო) გიორგაძე (ესაკია) ცაბაძე; ნადირაძე პარწიკანაშვილი (დიდებულიძე); კაცაძე ლაბაძე მჭედლიშვილი კაპ - 2ჯ: ურჯუკაშვილი
ტონგა: ტაუმალოლო ტიუეტი ტანგინოა (ტონგა) ფინაუ ჰალა <10-9> ვული (ე.ვუნიპოლა) მარტენსი / მაკა ფ.ვუნიპოლა თაუფოუ; მაფი კივალუ; ტეპოუ მაჰონი ტოლოკე (კოლოი) - 4ლ: მაფი ე.ვუნიპოლა 2, ჰალა; 4გ: ტაუმალოლო, თონგა 3; 3ჯ: ტაუმალოლო
რეფ ერიკსონი (ავსტრალია) 0:3(3) 0:6(9) 0:13(15) 3:13(20) 3:16(35) / 6:16(54) 6:23(65) 6:30(80) 6:37(80+)
შაბ 6/03 1999. ნუკუალოფა, ტეუფაივა (7 ათასი)
ტესტი # 31
საქართველო 28:27 ტონგა
საქართველო: აბაშიძე ურჯუკაშვილი წბ 79, ხამაშურიძე ი.მაისურაძე (ქავთარაშვილი 45, გიორხელიძე 64) ხეხელაშვილი <10-9> ჯიმშელაძე (მაჩიტიძე 40+2) ჯანელიძე / შველიძე გიორგაძე (ესაკია 70) ცაბაძე (ნიკოლაენკო 29-38 41); რაფავა პარწიკანაშვილი (კ.კობახიძე 53) კაცაძე ლაბაძე (ლეჟავა 41) მჭედლიშვილი კაპ - 4ლ: ცაბაძე ხეხელაშვილი შველიძე კობახიძე; გ: ურჯუკაშვილი; 2ჯ: ურჯუკაშვილი კობახიძე
ტონგა: ტაუმალოლო ტიუეტი ტატაფუ ე.ვუნიფოლა კაპ, ჰალა <10-9> ვული მარტენსი / პენისინი ტაიჰეა (ლუტუი) ფალეატუ; კივალუ მაფი; ტეპოუ კოლოი ტოლოკე * ფაკაოსიფოლაუ წბ 79 * სხვა შეცვლები უცნობია - 5ლ: ტიუეტი ტაუმალოლო 3, ლუტუი; გ: ტაუმალოლო
რეფ მენე (საფრანგეთი) 5:0(7) 5:5(13) 12:5(22) 12:10(39) ნახ(40+3) / 12:17(46) 12:22(58) 15:22(66) 15:27(68) 20:27(72) 25:27(76) წბ^წბ(79) 28:27(80+3) ბოლო(80+8)
კვი 28/03 1999. თბილისი, ეროვნული (30 ათასი)
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 14 Jan 2010, 21:13