"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს საკუთარი ადგილი მიუჩინესსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ესპანეთის ნაკრებთან ორი წლის წინ მადრიდში განცდილი მარცხისათვის ღირსეული რევანში აიღო. მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებმა" ჯარიმა ამ შეხვედრაშიც მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში (მაშინ ანგარიშში დიდი სხვაობით არ ვიგებდით და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო), ტიმ ლეინის შეგირდებმა, 14 თებერვალს, თბილისში პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორეს, მეტოქეს ლამაზი ლელოები უტანეს და ამ გუნდების შეხვედრების ისტორიაში სარეკორდო სხვაობით - 55:11 იმარჯვეს.
ეს ქართველთა და ესპანელთა რიგით მე-9 შეხვედრა იყო და "ბორჯღალოსნებს" აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით, 2001 წელს - 43:10 ემარჯვათ, ახლა კი, შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და "თავხედი" "ლომები" 44 ქულის სხვაობით, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დაამარცხეს. ამ მოგებამ საქართველოს ნაკრები 2009/2010 წლების "ერთა თასზე" მე-2 ადგილზე აღაზევა და მსოფლიო რეიტინგშიც, რომელიც ორშაბათს განახლდება, დიდი ანგარიშით მოგება, საქართველოს იმდენ სარეიტინგო ქულას შეჰმატებს, რომ პორტუგალიასთან ფრის გამო დაკარგულ მე-14 ადგილს დაიბრუნებს.
მიმდინარე წელს, ქართველ მორაგბეებს, "ერთა თასზე", რომელიც ამავდროულად 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცა, კიდევ 2 უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გამართვა მოუწევს - 14 მარტს, თბილისში, ესპანეთისგან ნაგვემ რუმინეთს დაუხვდება, 22 მარტს კი, წლის უმთავრეს ჯახში, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ისე მოხდა (რისი დიდი იმედიც გვაქვს) და "ბორჯღალოსნებმა" ორივე თამაშში იმარჯვეს, მიმდინარე წლის ციკლს ჯგუფში პირველ ადგილზე ჩაამთავრებენ და ახალი ზელანდიის საგზურის მთავარი მაძიებლის სტატუსსაც დაიბრუნებენ.
ესპანეთთან მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც პალომბომ დაახლოებით 40 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა და ანგარიში გახსნა, მაგრამ მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან, ყოველივე ლელოთი დაგვირგვინდებოდა. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, მე-4 წუთზე კაჭარავას გადაცემით მაჩხანელი ესპანელთა ჩათვლის მოედანში შეიჭრა, მას მეტოქე ჩაუწვა და რადგან ამ დონის შეხვედრებში ვიდეორეფერი არ არსებობს, მსაჯმა ლელოს ჩათვლა ვერ გადაწყვიტა.
ამ მომენტს ბარკალაიას შეცდომა მოჰყვა, მაგრამ მან ეს თავადვე გამოასწორა, მე-12 წუთზე კი, საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო გაიტანა. 5-მეტრიან შერკინებაში, ესპანელებმა სამჯერ ზედიზედ დაარღვიეს თამაშის წესი და მსაჯმაც ტექნიკური ლელო ჩათვალა, რასაც მალაღურაძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში "ბორჯღალოსნებმა" ლეინის მითითებით იმოქმედეს, ანუ ჯარიმის კარში დარტყმას შერკინებით შეტევის გაგრძელება არჩიეს და ეს შედეგზეც აისახა.
მალე ესპანეთმა სხვაობის მინიმუმდე დაყვანა ჯარიმით სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, მე-20 წუთზე კი კაჭარავამ ლამაზი ფინტებით მოედნის ცენტრში მასპინძელთა დაცვის ხაზი გაჭრა, ბოლო დაცვის ზღუდესთან შეჯახებას გადაცემის გაკეთება ამჯობინა და მამუკა გორგოძემ, რომელმაც გასულ წელს ესპანეთს თბილისში 3 ლელო დაუდო, დაბრიყვებულ მეტოქეს ლელო მადრიდშიც მიართვა. მალაღურაძემ გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა, ოთხ წუთში კი ზემოთ ნახსენები ერთადერთი ჯარიმა შეასრულა და სხვაობა 17:3-მდე გაზარდა.
ესპანელებმა, ჯარიმით, სხვაობა პირველი ტაიმის მიწურულს შეამცირეს და შესვენებაზე ისე გავიდნენ, რომ მხოლოდ 11 ქულას აგებდნენ, სულ ბოლოს კი მსაჯმა მალაღურაძე გაასინბინა და ქართველები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, მე-2 ტაიმი კვლავ სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 44-ე წუთზე, აუტის შემდეგ მეტოქეს ძალისმიერად მიაწვნენ და რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბურთი გორგოძემ მოიხელთა, მას ჩხაიძე წამოეშველა და მამუკამ ესპანელებს შეხვედრაში მე-2 ლელო გაუტანა. მალაღურაძის გარდასახვით, სხვაობა კიდევ 2 ქულით გაიზარდა - 24:6.
"ბორჯღალოსნებს" ტემპი არც ამის შემდეგ დაუგდიათ და სულ ნაირ-ნაირი ლელოები იტანეს. ორჯერ ზედიზედ მოგებულ მეტოქის აუტს, მაჩხანელის შეტევა მოჰყვა, რომელიც ესპანელთაგან იმ დღეს საუკეთესო პალუმბომ ბოლო წამს შეაჩერა. შეტევის გაგრძელებას ესპანელთა დაჯარიმება მოჰყვა, კარში არდარტყმას კი - ქართველთა რამდენიმე მიძალება. ბოლოს რაქიდან გამოტანილი ბურთი აბუსერიძემ აღარავის გადააწოდა და ლელოს ავტორი შეიქმნა, მალაღურაძე კი მორიგი ზუსტი გარდასახვისა - 31:6. მე-60 წუთზე მალაღურაძემ რაქიდან სამხარაძის მიერ გამოტანილი ბურთი მოიხელთა, ცრუმოძრაობით ორ ესპანელს გაუძვრა და მორიგი ლელო გაიტანა, გარდასახვა კი თავადვე გამოიყენა.
ბოლო 20 წუთში გახსნილი, ერთგვარად არეული თამაში გაჩაღდა და პალუმბომ მასპინძელთა ერთადერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ვეღარ გამოიყენა. ეს გამოხტომა ქართველებმა მეტოქეს არ აპატიეს და 70-ე წუთზე ხაზზე კარგად ჩათამაშებული შეტევა ლელოთი ჩხიკვაძემ დააგვირგვინა. მან მორიგ ლელოშიც ლომის წილი დაიდო, როდესაც ბურთი საკუთარ ნახევარზე განზე ატარა, საჭირო პაუზის შემდეგ კი, ის თოდუას გაატანა. დასვენებულმა თოდუამ ცრუმოძრაობით ესპანელთა დაცვიხ ხაზი გაჭრა, ლელო კი წამოწეულმა ნატრიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ამ შეხვედრის ბოლო ლელო საკუთარ ანგარიშზე ბოლო შეხვედრების ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, კაჭარავას ანგარიშზეა. ესპანელმა ბურთის ფეხით გადაკიდებით სცადა მაჩხანელის მოტყუება, მაგრამ გამოცდილმა "ბორჯღალოსანმა" ბურთი ჩაჭრა, სანამ შებოჭავდნენ, ის კაჭარავას გაატანა და მანაც შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ყოველმხრივ საჭირო და რაც მთავარია, ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. იმედია, ქართველ მორაგბეებს ეს ხასიათი რუმინეთთან და რუსეთთანაც გაჰყვებათ და ბოლო დროს ქართული რაგბის წარმატებაში ეჭვშეტანილი გულშემატკივარი, 22 მარტის შემდეგ უზომოდ კმაყოფილი იქნება.
2009/2010 წლების "ერთა თასი". 28 თებერვალი
მადრიდი. "უნივერსიტეტი".
ესპანეთი – საქართველო 11:55
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ხუან კანო, 13. ხავიერ კანოსა, 12. ხაიმე ნავა, 11. დავიდ მოტა, 10. ხერემიას პალუმბო, 9. პაბლო ფეიხო; 1. იონ ინსაუსტი, 2. ხოსე-მარია ბორკესი, 3. ხავიერ სალასარი, 4. ლეანდრო არამბურუ, 5. სერხიო სოუტო, 6. დავიდ ერნანდესი, 7. ხუან გონსალესი, 8. სესარ ბერნასკონი.
სათადარიგოები: სებასტიან ატორი, დიეგო სარსოსა, სერხიო გერერო, მატიას ტუდელა, მეთიუ ქუქი, ხუან-რაფაელ ალვარესი, მარკო ფერერი, რომენ როკე, მატიო ლოპეს-ბოშე.
მთავარი მწვრთნელი: ჯედ გლინი (ინგლისი)
ასისტენტი: მაიკ უმანგა (სამოა)
ლელო: პალუმბო
2 ჯარიმა: პალუმბო
საქართველო: 15. ოთარ ბარკალაია (22. ალექსანდრე თოდუა 71), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. ირაკლი გიორგაძე (21. თედო ზიბზიბაძე 57), 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 57); 1. დავით ხინჩაგაშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (16. ირაკლი ნატრიაშვილი 59), 3. გოდერძი შველიძე (17. დუდუ ქუბრიაშვილი 52), 4. ილია ზედგინიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი ჩხაიძე (19. რატი ურუშაძე 52) 7. გია ლაბაძე, 8. მამუკა გორგოძე (18. დიმიტრი ბასილაია).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დამიენ კამინსი
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნგაუამო
რეფერი: ფრანკ მასიელო (საფრანგეთი)
ასისტენტები: ბრუნო ბესო, ერიკ ბრიკე კამპენი (ორივე საფრანგეთი)
8 ლელო: ტექნიკური, გორგოძე (მე-2 და მე-3), აბუსერიძე, მალაღურაძე, ჩხიკვაძე, ნატრიაშვილი, კაჭარავა
6 გარდასახვა: მალაღურაძე
ჯარიმა: მალაღურაძე
"ერთა თასის" განრიგი, ცხრილი და აქამდე გამართული შეხვედრები
2008 წელი
8 ნოემბერი. მოსკოვი
რუსეთი - ესპანეთი 42:15
15 ნოემბერი. მადრიდი
ესპანეთი - გერმანია 22:11
2009 წელი
7 თებერვალი
გერმანია - საქართველო 5:38
ესპანეთი - რუმინეთი 10:19
პორტუგალია - რუსეთი 14:18
14 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 20:20
გერმანია - რუმინეთი 0:22
21 თებერვალი
პორტუგალია - გერმანია 44:6
28 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 11:55
რუმინეთი - რუსეთი 19:28
1. რუსეთი 3 3 0 0 +40 6
2. საქართველო 3 2 1 0 +77 5
3. რუმინეთი 3 2 0 1 +22 4
4. პორტუგალია 3 1 1 1 +34 3
5. ესპანეთი 4 1 0 3 -69 2
6. გერმანია 4 0 0 4 -104 0
14 მარტი
საქართველო - რუმინეთი (თბილისი)
15 მარტი
პორტუგალია - ესპანეთი (ლისაბონი)
21 მარტი
რუმინეთი - პორტუგალია (ბუქარესტი)
22 მარტი
რუსეთი - საქართველო (მარიუპოლი, უკრაინა)
2 მაისი
გერმანია - რუსეთი (ჰანოვერი)
ზურა ქსოვრელი
ეკა ელოშვილის ფოტო
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18678
მიმაგრებული სურათი