ტრავმებმა ლეინს ცვლილებები აიძულა
3/13/2009 10:28:17
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა, ის 22 მორაგბე დაასახელა, რომლებიც შაბათს რუმინეთის ნაკრებს "ბორის პაიჭაძის" სახელობის სტადიონზე დაუხვდებიან. ესპანეთის ნაკრებთან ორი კვირის წინ ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით, "ბორჯღალოსანთა" ძირითად თხუთმეტეულსა და მარქაფაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, რაც ნაწილობრივ ტრავმებით არის განპირობებული.
საფრანგეთის Top 14-ის გასულ ტურში, ტრავმა მიიღო პირველი ხაზის მორკინალმა აქვსენტი გიორგაძემ და ის ლეინის გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ირაკლი ნატრიაშვილი დაიკავებს, რომელმაც ესპანეთში შეცვლაზე ითამაშა. მუხლის ტრავმამ შეაწუხა და რუმინელთა წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა შერკინების მეორეხაზელი ილია ზედგინიძე - მის ადგილს მესამეხაზელი რატი ურუშაძე დაიკავებს. სიცხე აქვს უკანახაზელ ირაკლი გიორგაძეს და ლეინმა რუმინელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში თედო ზიბზიბაძე დააყენა.
თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში დაბრუნებული მალხაზ ურჯუკაშვილი, 11 ნომრის პოზიციაზე ირაკლი ჩხიკვაძეს ჩაანაცვლებს, 15 ნომრად კი, ოთარ ბარკალიას ადგილს მერაბ კვირიკაშვილი დაიკავებს, რომელმაც საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად დუბაიში გამართულ 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იბურთავა და ეროვნულ გუნდს ესპანეთში ამის გამო ვერ დაეხმარა.
თუ "ბორჯღალოსნებმა" "მუხის ფოთლების" დამარცხება მოახერხეს, ისინი 2009/2010 წლების "ერთა თასზე" პირველ ადგილზე აღზევდებიან და 22 მარტს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გასამართ რუსეთთან მატჩს კარგ ხასიათზე შეხვდებიან. გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები სარეიტინგო მონაგარს რამდენიმე მეათედს შემატებს და მე-13 პოზიციაზე მყოფ ტონგას კიდევ უფრო მიუახლოვდება, მარცხი კი, ამ კუთხით მნიშვნელოვნად გვაზარელებს და ტიმ ლეინის შეგირდები სამი პუნქტით დაქვეითდებიან.
დღეს, 11 საათზე, საქართველოს ნაკრები "ბორის პაიჭაძეზე" დასკვნით ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც, მთელი გუნდი "სამების" ტაძარში გაემგზავრება და უმნიშვნელოვანესი ჯახის წინ, კურთხევას მიიღებს.
რუმინელები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქს გუშინ ეწვივნენ, მომავალი დაპირისპირების მასპინძელ სარბიელს 12:30 საათზე მოსინჯავენ.
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასწრება უფასო იქნება, ეს კი, იმის წინაპირობა უნდა გახდეს, რომ ტრიბუნები პირთამდე გაივსება და გულშემატკივართა მხარდაჭერით შეგულიანებული ქართველები, მომხვდურს იოლად გაუსწორდებიან.
გამარჯვებას ოქროს ფასი ექნება, რადგანაც, მიმდინარე "ერთა თასი" 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა და პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, მსოფლიო თასის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, მე-3 ადგილოსანს კი, რეპეშაჟში 5 დამატებითი მატჩის (სამი ეტაპია დასაძლევი) გამართვა და ახალ ზელანდიაში ამ გზით გამგზავრებისთვის მოუწევს ბრძოლა. თამაშს, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი მაკმენემი იქნება, კიდეებზე კი ჰერდი და დუმა იმსაჯებენ.
დამოუკიდებელი ქართული რაგბის არსებობის პერიოდში, "ბორჯღალოსნები" რუმინელებს 11-ჯერ შეხვდნენ - 5-5-ჯერ შინ და სტუმრად და ერთხელაც ნეიტრალურ მოედანზე. აქედან ქართველებმა 4 შეხვედრა მოიგეს და 7-ჯერ მარცხი განიცადეს. მთლიანობაში, გამართული ამ 11 მატჩიდან, შვიდში "ანთიმოზ ივერიელის" გარდამავალი თასი გათამაშდა, რომელიც ერთმორწმუნე რუმინეთთან ჯახში, ქართველთა ინიციატივით 2002 წლიდან თამაშდება. "მუხის ფოთლებთან" მოგებული ოთხი მატჩიდან, 3 სწორედ ამ პერიოდზე მოდის, აქედან ორი კი, "ბორჯღალოსნებმა" გასულ "ერთა თასზე" - 2007 და 2008 წლებში მოიპოვეს და იმედია, "ანთიმოზ ივერიელის თასი" 14 მარტის შემდეგაც თბილისში დარჩება.
საქართველოს ნაკრების გადანომრილი შემადგენლობა:
უკანა ხაზი:
15. მერაბ კვირიკაშვილი ("მასი", საფრანგეთი, 31 კეპი, 115 ქულა)
14. ირაკლი მაჩხანელი ("აჟენი", საფრანგეთი, 31 კეპი, 55 ქულა)
13. დავით კაჭარავა (უგუნდო, 24 კეპი, 35 ქულა)
12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი, 40 კეპი, 55 ქულა)
11. მალხაზ ურჯუკაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 56 კეპი, 274 ქულა)
10. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი, 13 კეპი, 54 ქულა)
9. ირაკლი აბუსერიძე ("ორლეანი", საფრანგეთი, 57 კეპი, 25 ქულა)
შერკინება:
1. დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი, 21 კეპი, 5 ქულა)
2. ირაკლი ნატრიაშვილი ("ფარულ-კონსტანცა", რუმინეთი, 15 კეპი, 5 ქულა)
3. გოდერძი შველიძე ("მონტობანი", საფრანგეთი, 49 კეპი, 35 ქულა)
4. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 25 კეპი, 10 ქულა)
5. რატი ურუშაძე (უგუნდო, 34 კეპი, 25 ქულა)
6. გრიგოლ ლაბაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 50 კეპი, 50 ქულა)
7. გიორგი ჩხაიძე ("მეტრო-რასინგი", საფრანგეთი, 32 კეპი, 20 ქულა)
8. მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი, 32 კეპი, 90 ქულა)
სათადარიგოები:
22. ოთარ ბარკალაია ("ანდორა", 36 კეპი, 49 ქულა)
21. ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 8 კეპი, 0 ქულა)
20. ბიძინა სამხარაძე ("ფარულ-კონსტანცა", რუმინეთი, 39 კეპი, 5 ქულა)
16. ანტონ ფეიქრიშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 2 კეპი, 0 ქულა)
17. დუდუ ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი, 7 კეპი, 0 ქულა)
18. კახა უჩავა ("ფარულ-კონსტანცა", რუმინეთი, 13 კეპი, 2 ქულა)
19. დიმიტრი ბასილაია ("მორლაზი", საფრანგეთი, 9 კეპი, 5 ქულა)
"ერთა თასის" აქამდე გამართული შეხვედრები, ცხრილი და განრიგი
2008 წელი
8 ნოემბერი. მოსკოვი
რუსეთი - ესპანეთი 42:15
15 ნოემბერი. მადრიდი
ესპანეთი - გერმანია 22:11
2009 წელი
7 თებერვალი
გერმანია - საქართველო 5:38
ესპანეთი - რუმინეთი 10:19
პორტუგალია - რუსეთი 14:18
14 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 20:20
გერმანია - რუმინეთი 0:22
21 თებერვალი
პორტუგალია - გერმანია 44:6
28 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 11:55
რუმინეთი - რუსეთი 19:28
1 რუსეთი 3 3 0 0 +40 6
2 საქართველო 3 2 1 0 +77 5
3 რუმინეთი 3 2 0 1 +22 4
4 პორტუგალია 3 1 1 1 +34 3
5 ესპანეთი 4 1 0 3 -69 2
6 გერმანია 4 0 0 4 -104 0
14 მარტი
საქართველო - რუმინეთი (თბილისი)
15 მარტი
პორტუგალია - ესპანეთი (ლისაბონი)
21 მარტი
რუმინეთი - პორტუგალია (ბუქარესტი)
22 მარტი
რუსეთი - საქართველო (მარიუპოლი, უკრაინა)
2 მაისი
გერმანია - რუსეთი (ჰანოვერი)
ზურა ქსოვრელი
ბადრი კეთილაძის ფოტო
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=19114სამწუხაროა,არცთუ მცირე დანაკლისი გვაქ,კარგია მეკო რო დაგვიბრუნდა,დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ დასამახსოვრებელ თამაშს გვაჩვენებს და ჩვენ გამარჯვებაში დიდ როლსაც ითამაშებს
მიმაგრებული სურათი