კახა ალანიას ინტერვიუ - ცოტა ძველია, მაგრამ იყოს აქ ...
http://www.opentext.org.ge/09/sarbieli/13/13-31.htm"სარბიელი"
# 13
13 მარტი, 2009 წელი
დუბაიში ფიჯიმ ირლანდია გაგვახსენა: ლელოებმა ყველაფერი ერთ თამაშში წააგეს
ლექსო მაისურაძე
საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა დუბაის მსოფლიოს თასი ოთხი წაგებით მოილია. არადა, "ლელოებმა" პირველი თამაშის შემდეგ გულშემატკივარი ოპტიმისტურად განაწყვეს, მოქმედ მსოფლიონ ჩემპიონ ფიჯის ნაკრებთან მაგრად ითამაშეს და რომ არა შეცდომები, არავინ იცის რა მოხდებოდა. მერე კი სამივე თამაში უფრო იოლად წააგეს და ვერც ფიალისთვის ბრძოლა შეძლეს.
ნაკრები თბილისში დაბრუნდა და მალე მზადებასაც დაიწყებს საერთაშორისო ტურნირებისთვის, მანამდე კი ნაკრების თავკაცი კახა ალანია განვლილ მსოფლიოს თასზე გველაპარაკა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
- პირველი თამაში ფიჯისთან გვქონდა და განსაკუთრებით ვემზადებოდით. მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო და ვიცოდით ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევდა. შემუშავებული გვქონდა, შვიდკაცისთვის არასტანდარტული დაცვა უნდა გვეთამაშა, წინ ავწეულიყავით და რაც შეიძლება აგრესიულად გვებრძოლა. ფიჯის ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი მოთამაშეები ჰყავს და სხვანაირად მათთან დაპირისპირება რთული იყო. თუმცა ბიჭებს მღელვარება მაინც ეტყობოდათ და ამის გამო საწყის წუთებში ორი ლელო მივიღეთ. მერე თამაში დავალაგეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და პირველ ტაიმში შეგვეძლო ანგარიში გაგვეთანაბრებინა და წინაც გავსულიყავით, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა ცოტათი ასცდა...
ბურთს მეორე ტაიმშიც ვაკონტროლებდით ერთ მომენტში მეტოქე ისე შევავიწროვეთ, რომ მათი ბოლო კაცი ძელთან იყო და ბურთის გათამაშების შემთხვევაში ალექსანდრე თოდუა მარტო რჩებოდა, თუმც ბიჭებმა სხვა მიმართულებით შეუტიეს, უკან დაბრუნებული ბურთი კი გიორგი შკინინმა და ვიქტორ კოლელიშვილმა ვერ მოიხელთეს და მეტოქემ შეცდომა არ გვაპატია. ამის მერეც გვქონდა მომენტები, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში ვცოდავდით. ბიჭებმა თავგანწირვით ითამაშეს, მართლა ყველაფერი ჩადეს და გულდასაწყვეტია ეს მატჩი რომ წავაგეთ.
- გამოდის, შეგვეძლო ფიჯის დამარცხება.
- კი, შეგვეძლო. ამ თამაშს შევადარებდი ირლანდიასთან მატჩს საფრანგეთის მსოფლიოს თასზე. ზუსტად იგივე განცდა დამიტოვა როგორც მაშინ - ბიჭებმა მართლა მაგრად იომეს და შეცდომები რომ არა, ფიჯის დავამარცხებდით.
- ფიჯისთან კარგი თამაშის შემდეგ გულშემატკივარი ნაკრებისგან უფრო მეტს ელოდა, მაგრამ დანარჩენი შეხვედრები უფრო იოლად წააგეთ, რატომ.
- ფიჯისთან შეხვედრამ ძალიან დაგვღალა. მეორე დღეს ბიჭებს ეტყობდათ, რომ ფიზიკურად ყოჩაღად ვერ იყვნენ. მსოფლიოს ჩემპიონებთან ბრძოლამ დიდი ენერგია წაიღო. უნდა ითქვას რომ დუბაიში წასვლამდე მოსამზადებლად არც თუ დიდი დრო გვქონდა და ძირითადად აქცენტი ტაქტიკურ ვარჯიშებზე გავაკეთეთ.
- მარტო ეს იყო მიზეზი დანარჩენი მატჩების წაგების.
- ჩვენი ნაკრები ძალიან პრესპექტიულია, თუმც გამოჩნდა, რომ სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. მართალია, აქ ბიჭებს ერთმანეთში ვათამაშებდით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ტესტ-მატჩები გვჭირდება, სადაც მორაგბეები მეტ გამოცდილებას მიიღებენ. დუბაის ტურნირმა ისიც დაგვანახვა რომ ფიზიკური მომზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. დასამუშავებელი გვაქვს შებოჭვა და აგრესიული დაცვა. ადრე ეს ჩვენი უპირატესობა იყო. შეიძლება თამაში წაგვეგო, მაგრამ ბრძოლას არ ვაგებდით, ახლა კი კომპონენტებში მოვიკოჭლებთ და ეს გამოსასწორებულია. ამ პრობლემებს ვერ გავექცევით, სანამ სათანადო ინფრასტრუქტურა, მოედნები არ გვექნება.
- დუბაის მსოფლიოს ჩემპიონატი მთავარი ნაკრების მატჩებს დაემთხვა. ამის გამო გუნდიდან მორაგბეების თავისუფლად არჩევის საშუალება არ მოგეცათ...
- კარგი იქნებოდა, ირაკლი მაჩხანელი გვყოლოდა, რომელიც აშკარად გვაკლდა. იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი აბუსერიძეზე. "აბუ" ძალიან გამოცდილია, შვიდკაცა ნაკრებში ბევრჯერ უთამაშია და მისი ყოფნა დუბაიში კარგი იქნებოდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტი მოთამაშის დამატებაც შეიძლებოდა, რადგან ბირთვი უკვე გამოკვეთილი იყო და მთლიანად შეცვლა უპრიანი არ იქნებოდა.
- მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორ შეაფასებ, ფავორიტები დაიჩაგრნენ და ჩემპიონი უელსი გახდა.
- უელსს კარგი ნაკრები ჰყავდა. მართალია, მათი მორაგბეები კლასით ახალ ზელანდიას ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ ისეთი თავგანწირვით ითამაშეს, რომ გამარჯვება მათ დარჩათ. თამაში რომ დამთავრდა, უელსელები დასისხლიანებული გამოვიდნენ მოედნიდან, ისეთი ბრძოლა იყო.
- ნაკრების გეგმები როგორია.
- რუმინეთთან თამაშის შემდეგ აქ მოთამაშე ბიჭებს შევკრებთ და ვარჯიშს დავიწყებთ. შარშან თუ ერთხელ ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი შვიდკაცაში, ახლა კავშირი ოთხჯერ ან ხუთჯერ ჩატარებას აპირებს.
6-7 მაისს პოლონეთში გველის ტურნირი და იქ გამოცდილ ბიჭებსაც ვიახლებთ. მერე კი ლონდონში და ედინბურგში ახალგაზრდებს უფრო დიდი დრო დაეთმობათ. კარგი თაობა მოდის და თამაში სჭირდებათ, რომ გამოცდილება შეიძინონ. თუმცა ეს ტურნე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატსაც ემთხვევა და ალექსანდრე ტუჩაშვილს, ვიქტორ კოლელიშვილს და ირაკლი გეგენავას ვერ ვათამაშებთ. გეგენავამ ტრავმა მიიღო, თორემ დუბაიში მიგვყავდა, ეს ბიჭი ძალიან დაგვაკლდა. ტუჩაშვილიც პერსპექტიულია.
ინგლისური ტურნეს მერე ოდესა მოდის, რომელმაც თბილისის ეტაპი ჩაანაცვლა. შარშან შეცდომები იყო და წლეულს მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. უკეთ თამაში გვმართებს. მეც ბევრი რამ ვისწავლე დუბაიში. გასულ სეზონში ბევრჯერ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, ახლა იგივე აღარ უნდა განმეორდეს. მოსაგები თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
და ბოლოს, მადლობა მინდა ვუთხრა დიმიტრი აბდუშელიშვილს. ეს კაცი დუბაიში მხარში დაგვიდგა და ძალიან დაგვეხმარა.
© გაზეთი "სარბიელი "
© ქართული პრესის კომპიუტერული არქივი