ადამიანებო!
ეს წაიკითხეთ?
მორაგბეებმა საოლიმპიადო მიზნებზე ისაუბრეს
21 ოქტომბერს ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ალანია და შვიდკაცა ნაკრების მენეჯერი გიორგი ასათიანი ესაუბრნენ. შეხვედრის მთავარი მიზეზი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება გახლდათ, რომლის მიხედვითაც 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე შვიდკაცას მორაგბეებიც გამოვლენ.
თავიდან სიტყვა გია ნაცვლიშვილმა აიღო:“ პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი შეხვედრის მიზეზი იცით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ისტორიულია. ორი სახეობის დამატება 2016 წლის ოლიმპიადაზე სასიამოვნოა და ეს განსაკუთრებით რაგბზე ითქმის. შვიდკაცა რაგბი ოლიმპიურ ოჯახში შევიდა. უნდა ითქვას, რომ დიდი სამუშაოები ჩატარდა, ვიდრე ოლიმპიური კომიტეტი მხარს შვიდკაცა რაგბს დაუჭერდა. კონკურენცია ძალიან დიდი იყო.
ოლიმპიადაზე კლასიკური 15 კაცა რაგბიც, რომ ყოფილიყო დაშვებული კარგი იქნებოდა, მაგრამ ყველა ვარიანტში შვიდკაცა რაგბი კლასიკურის განვითარებას ხელს შეუწყობს. ოლიმპიადამდე ლამის ექვსი წელიწადიღაა, რაც უმოკლესი გზაა გუნდის მოსამზადებლად. მარტო ფედერაციის და იმის იმედად ყოფნა, რომ რაგბში მაგრები ვართ შეცდომა იქნება. ამ საქმეში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს, როგორც ხელისუფლება და რაგბის კავშირი, ასევე საზოგადოება. ილუზიები არ უნდა შევიქმნათ და საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ვიბრძოლებთ“.
გია ნიჟარაძე:“ მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი შრომაც ძალიან დიდია რაგბის განვითარების საქმეში. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს მხარდაჭერისთვის. მართალია ჩვენი ხმა არაფერს წყვეტდა, მაგრამ ერთი აგური მაინც დავდეთ საერთო საქმისთვის.
ძალიან რთული პროცესი გავიარეთ, სანამ მხარს დაგვიჭერდნენ. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია. კლასიკური რაგბის მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატს 4,5 მილიარდმა მაყურებელმა უყურა. რაც მესამე ადგილია ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების შემდეგ. რთული გზა გვექნება გასავლელი. მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ სპორტის დეპარტამენტთან, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან.
სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ეს უნდა გახდეს მასობრივი თამაში. საჭიროა 50 კაციანი ჯგუფის გაკეთება, რომელსაც სამომავლოდ დავეყრდნობით. შვიდკაცა რაგბი უნდა შევიდეს სკოლებში. შვიდკაცა რაგბს უკვე თამაშობენ და შეჯიბრებებსაც აწყობენ ჯარში. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯარისკაცები გამოვიდნენ ქვიშის რაგბის ფესტივალზეც და უნდა გენახათ ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა.
24-25 ოქტომბერს 16 გუნდს შორის საქართველოს ჩემპიონატს ჩავატარებთ შვიდკაცა რაგბში. მასშტაბები კიდევ უნდა გაიზარდოს. რაც შეხება ოლმპიადამდე გასავლელ გზას, ჯერ ყველაფერი არ არის ცნობილი. ვიცით, რომ სულ ოლმპიადაზე 12 ნაკრები გამოვა რაც ძალიან ცოტაა. ვერ გეტყვით რა პრინციპით მოხდა ამ რაოდენობაზე შეჯერება, რადგან უკვე აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ძალიან ბევრი მაგარი ნაკრები ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს.
ევროპიდან სავარაუდოდ ოთხი ნაკრები იქნება, თუმცა ჯერ ზუსტად ესეც არ ვიცით. ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბრიტანეთის გუნდი გაერთიანებული ნაკრებით გამოვა. მაგრამ ამათ გარდა არის საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი... ბევრი ქვეყანა შეეცდება ოლიმპიადაზე მოხვედრას, რადგან შვიდკაცას თამაში არც ისე რთულია. მიუხედავად ამისა, შანსი რომ ოლიმპიადაზე გამოვიდეთ გვაქვს და ამ შანსის გამოყენებას უნდა ვეცადოთ".
კახა ალანია:“ სამუშაო ბევრია, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. უნდა შეიქმნას შვიდწლიანი პროგრამა რომლის მიხედვითაც მოვემზადებით. 15-16 წლის ბიჭების მომზადება უნდა დავიწყოთ, რადგან ისინი ოლიმპიადის დროს 20-21 წლისები იქნებიან, რაც იდეალური ასაკია შვიდკაცა რაგბში. ჩვენ მომავალს იმედიანად ვუყურებთ, რადგან ძალიან ძლიერი თაობა მოდის“.
ბადრი კეთილაძის ფოტოები
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური
მაპატიეთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც ოლიმპიური კომიტეტი და არც საქართველოს რაგბის ფედერაცია აზრზე არ არიან შვიდკაცას რაგბზე

არა და როგორ გამიხარდა ამ სახეობის გაოლიმპიელება