ფორუმელების ოვალური სიხარული3/23/2009 20:09:13
რუსეთი-საქართველოს უკრაინულ დაპირისპირებაზე ვებ-გვერდ www.forum.ge-ზე ცალკე სასაუბრო თემა თამაშამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნა და უმალ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად იქცა. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ინტერნეტ-მომხმარებელთა წერილებმა 100 გვერდს გადააჭარბა. უშუალოდ შეხვედრიდან 24 საათში 150 გვერდამდე ავიდა და სავარაუდოდ, სულ ცოტა რამდენიმე დღე (ან კვირა) კიდევ შეინარჩუნებს აქტუალურობას. ამ თემის გადათვალიერება დიდი მატჩის მოლოდინსა და საბრძოლო სულისკვეთებას ერთიორად ზრდიდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, ისედაც სიამაყის გრძნობით სავსე გულშემატკივარს ვურჩევთ, ვებ-გვერდზე შეიხედონ და ბედნიერი წუთები გაიხანგრძლივონ.
გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით, იმავე ვებ-გვერდზე უკვე სხვა თემებიც მრავლად გაიხსნა. ფორუმელთა მოსაზრებები “მსოფლიო სპორტმაც” გულისყურით გადაიკითხა და რუსეთის ძლევისშემდგომ რამდენიმე წერილს აქვე გთავაზობთ.
geor-gien
“თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის და ამ სიხარულისათვის რაც მოგვიტანეთ. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას!!!”.
giorgi77
“ყველას გილოცავთ ამ მართლაც ბრწყინვალე გამარჯვებას, მართლა გმირები და ლომები არიან ჩვენი ბიჭები, ცოტა კი გვანერვიულეს, მაგრამ ბოლოს როგორი შეუსრულეს მაგ საწყლებს. როგორც სხვებს, რუსებსაც ვაჩუქეთ ორივე ლელო, მაგრამ არაუშავს. მთავარია, შეტევაში ძაან მაგრად ვთამაშობთ, დაცვას კი მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ. ჯიგრები ხართ ბიჭებოოოოოოოო!!!”.
giorgi77
“პოლიტიკური სარჩული რომ არ ჰქონოდა ამ თამაშს, ჩვენებს არ მოუვიდოდათ ამდენი სულელური შეცდომა... აშკარად ნერვიულობდნენ... სხვაობა იქნებოდა გაცილებით დიდი, დაახლოებით, ესპანეთთან როგორიც იყო წელს. ყველა კომპონენტში დავჩაგრეთ. ლეინიც ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს და ფორვარდებზე აღარაა იმხელა დატვირთვა როგორც ადრე იყო...”.
chombe
“60-იან წლებში მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა ერთი უბრალო ბრაზილიელი კაცის სიტყვებმა: "მე არ მაქვს ფული, არ მაქვს სამუშაო, არ მაქვს წესიერი სახლ-კარი, მაგრამ მე ყველაზე ამაყი და ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც მე მყავს ჩემი ბრაზილიის ნაკრებიო...”
ჰოდა, დღეს ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: “სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს დალხენილი ცხოვრება, არ გვაქვს ერთიანი და წელგამართული ქვეყანა, მაგრამ ჩვენ გვყავს ჩვენი საქართველოს ნაკრები, რომლითაც ყველანი ვამაყობთ და ვგრძნობთ, რომ ღირსება არ დაგვიკარგია ქართველებს...”.
borjgali1964
“დავბრუნდი აეროპორტიდან, ხალხი იყო ბევრი, არ ვიცი რამდენი, მაგრამ მარცხენა შესასვლელიდან გაჭედილი იყო იქაურობა, დროშებით და რამე. იქვე კაფეში ქართული სუფრა იყო გაშლილი თავისი მაგიდების შეერთებებით. განწყობა და დახვედრა მშვენიერი, დერეფანში გამოიარეს ლომებმა და ჩავკოცნეთ ვისაც არ დაგვეზარა. დიდი მადლობაო, გახარებულნი და ცოტა დაბნეულები იყვნენ. რაც შეეხებათ წაყოლილ გულშემატკივრებს, ბოლომდე დახარჯულან ეგენიც. დანარჩენს თვითონ დაწერენ ალბათ. მოკლედ ძალიან კარგი იყო, შედეგიც და დახვედრაც. ეს კიდევ ერთი და სხვა მრავალი!”
comus-74
“ერთი საგულისხმო დეტალიც - აეროპორტის ჰოლი გაჟღენთილი იყო ალკოჰოლის სასიამოვნო სურნელით. იშვიათად მინახავს ამდენი მოწესრიგებული (შეზარხოშებული ამასთან ერთად) ქართველი”.
R1517GEO
“აი, ამ ხალხს ვენაცვალე!!!
ქართველებო მიყვარხართ, ამერიკიდან გეხვევით!!! გენაცვალეთ!!! მადლობა თქვენ!!!”.
maradiora
“თქვენ გაიხარეთ ხალხო, მშვენიერი დახვედრა მოგიწყვიათ. მადლობა უფალს, ყველაფერმა მშვიდობიანად და ჩვენთვის სასარგებლოდ ჩაიარა. მადლობა ბიჭებს გაწეული შრომისთვის და თავდადებისთვის. მადლობა ყველას, ვისაც თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის ჩვენს გამარჯვებაში და მადლობა თქვენ, რაგბის ქართველ ქომაგებს”.
murzakani
“მარიუპოლიდან თბილისში დაბრუნებულები აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს რომ გავდიოდით, ისეთი ხმები - ოვაციები ისმოდა დაბლიდან, რომ თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეტირა. ჩემს წინ მამუკა გორგოძე იდგა, ნახე რა ხდებაო, ძლივს თქვა, გული აუჩუყდა, ურჯუკაშვილს ცრემელი მოსდიოდა… მაგარი ბიჭები გვყავს, ძალიან მაგარი!”
lelos
“ახლა ვუყურე “პლანეტა სპორტზე” რუსული კომენტარით. მოკლედ, რაც გამიკვირდა მთელი თამაში აღფრთოვანებით საუბრობდნენ ჩვენს ნაკრებზე, თითოეულ მოთამაშეზე. პირველ ხაზზე თქვეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში, ექვსი ერის ჩათვლით. ასეთი ეპითეტები "შესანიშნავი საქართველოს ნაკრები" და ასე შემდეგ.
და ყველაზე მეტად რაც მომეწონა... ბოლოს რომ ლელო გავუშვით და მერე ეგრევე დავდეთ, მაგაზე თქვეს, რომ გვახსენდება ცნობილი გამოთქმა: "თქვენ დაგვიდებთ იმდენს, რამდენიც შეგიძლიათ, ჩვენ კიდევ დაგიდებთ იმდენს, რამდენსაც მოვისურვებთ."
იგრძნობოდა, საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრების წინაშე მოწიწება და პატივისცემა. ერთხელ კიდევ შეეშალათ და ჩვენებს საფრანგეთის ნაკრებიც კი უწოდეს. მოკლედ ასე...
ვისაც არ აქვს რუსული კომენტარით ნანახი, თუ საშუალება იქნება უინტერესო არ უნდა იყოს”.
giorgi@benazy
“სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ თამაშებს მსოფლიოს მოსამზადებელ პერიოდად აღვიქვამ. მართლა ჩანს, რომ ყველა მეტოქეზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა ვდგავართ”.
CladheD
“გილოცავთ ხალხო მოგებას, მაგრამ ერთი გულისტკივილი აქვე:
არ უნდა მოგვეთხოვა მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვა, იმიტომ, რომ რუსებიც აღარ ჩამოვლენ აქ და გავსებული სტადიონი “გაიმაზა”... აშკარად ჩვენი პოლიტიკანების ხელი ურევია ამაში, თორემ ჩვენი ბიჭები რომ რუსეთში ჩასვლაზე უარზე არ იქნებოდნენ, ეჭვი არ მეპარება.
ეეჰ, ეხლაც მელანდება რუსები თბილისში და სავსე სტადიონი...”.
punisher 11
“ამ თამაშს დიდი მომავალი აქვს საქართველოში, ძალიან დიდი!”
Atomic
“გაზარდეთ რაგბის დაფინანსება!”
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=19517მადლობა სტატიის ავტორს