წყარო -
http://www.opentext.org.ge/10/lelo/062/062-24.htmრუსების დამარცხება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებსბესიკ ჯანგვაძე
ტრაბზონიდან
საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. �ბორჯღალოსნები� 20 მარტს ტრაბზონში, �აქჩააბათის� სტადიონზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ჩვენმა მორაგბეებმა ბინა ტრაბზონის მუნიციპალიტეტის სასტუმროში დაიდეს, რომელიც საფეხბურთო კლუბ �ტრაბზონსპორის� საწვრთნელი ბაზის მეზობლად მდებარეობს. კლუბის ხელმძღვანელებმა საქართველოს ნაკრებს სავარჯიშო მოედნები უსასყიდლოდ დაუთმეს და სრულფასოვანი წვრთნისა და აღდგენითი პროცესებისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნეს.
საქართველოს რაგბის კავშირს მატჩის ორგანიზებაში საკმაოდ დიდი დახმარება გაუწიეს მხარის გუბერნატორმა, ქალაქის მერიამ და სპორტის სამსახურმა. პროცესში დღემდე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს საელჩო და ტრაბზონში საქართველოს საკონსულო.
ტრაბზონში გუშინ გამოიდარა. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების მიუხედავად, სავარჯიშო მოედნები თითქმის იდეალურ მდგომარეობაში იყო. �ტრაბზონსპორის� ბაზაზე რვა მოედანია, აქედან ორი ხელოვნურსაფრიანი.
ისე მოხდა, რომ �ბორჯღალოსნებისა� და �ტრაბზონსპორის� დილის ვარჯიში ერთმანეთს დაემთხვა. სავარჯიშო მოედნებიც ერთმანეთის გვერდით იყო. საინტერესო სანახავი იყო ტრაბზონსპორელთა გაოცებისგან გაფართოებული თვალები, რაც ჩვენი ბიჭების აღნაგობითა და მათთვის სრულიად უცნაური ბურთის ხილვით იყო გამოწვეული.
�ტრაბზონსპორის� ადმინისტრატორს ცნობისმოყვარეობამ სძლია. თავისი გუნდის ვარჯიში მიატოვა და ჩვენი ნაკრების ბურთაობას ისე უყურებდა, თვალი არ დაუხამხამებია. მერე ჩვენც მოგვიახლოვდა და საქართველოს ნაკრების თარჯიმნის დავით თავაძის დახმარებით გამოგველაპარაკა.
ცხადია, რაგბის ნიუანსები აინტერესებდა. ჩვენც მოთმინებით ვუხსნიდით ყველა დეტალს, თუმცა მეეჭვება, რამეში გარკვეულიყო. თავის მხრივ, მანაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა: ტრაბზონის ქალ ფეხბურთელთა გუნდში ორი ქართველი გოგონა ირიცხება, ერთ-ერთი, რომელსაც თათა ჰქვია, ჩვენი რონალდინიოაო, გვითხრა. გუნდის ბომბარდირია და რამდენიმე ფანტასტიკური სილამაზის გოლი ცენტრიდან აქვს გატანილიო.
ამასობაში �ბორჯღალოსნებმა� მოთელვა დაასრულეს და ტიმ ლეინმა გუნდი ორად გაყო. მორკინალებმა დერეფანში ვარჯიში დაიწყეს. უკანახაზელები კი სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებას შეუდგნენ. სრული დატვირთვით ივარჯიშეს შუამარბებმა თედო ზიბზიბაზემ და ირაკლი გიორგაძემ, რომლებსაც ტრავმები ისევ აწუხებთ. სამაგიეროდ, არ უვარჯიშია მგეზავ ლაშა მალაღურაძეს, რომელსაც აქილევსის მყესი აქვს დაჭიმული. ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე ტრაბზონში ჩამოსვლას და თამაშს შეძლებდა, მაგრამ მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმმა თამაში კატეგორიულად აუკრძალა.
წინა საღამოს მწვრთნელებმა გუნდს რუსეთ-ესპანეთისა და რუსეთ-რუმინეთის მატჩის ვიდეოფირები აყურებინეს და მოწინააღმდეგის თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დეტალურად გააანალიზეს. ტიმ ლეინი უკანახაზელებს რუსების თამაშში შემჩნეული ხარვეზების გათვალისწინებით ამუშავებინებდა კომბინაციებს.
ამ დროს მორკინალები შერკინების მწვრთნელის დენიელ კამინსის განკარგულებაში იყვნენ. მათ ძირითადად დერეფანში თამაშში ივარჯიშეს. ჯერ აუტის მოგებაზე გაამახვილეს ყურადღება, მერე დერეფნიდან მოლის შეკვრასა და აგორებაზე იმუშავეს. ბოლოს კი მორკინალებმა ერთმანეთი სტატიკაში, დანიშნულ შერკინებაში ბურთის მოგებასა და მიწოლაში ავარჯიშეს.
ვარჯიშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ნაკრებთან ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იქნება:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ილია ზედგინიძე, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესო უდესიანი
ბესო უდესიანი: �რაგბი თამაშია, ხან მოიგებ, ხან წააგებ. ვერ ვიტყვი, რომ რუმინელებთან სათამაშოდ უმოტივაციოდ გავედით. ასე ნამდვილად არ იყო. მოედანზე საბრძოლველად, მოსაგებად გავედით. ხელი ცუდმა ამინდმა შეგვიშალა. ორჯერ დარბაზში ვივარჯიშეთ, რამდენჯერმე კი მუხლამდე თოვლში. საშინელი პირობები იყო. მოწინააღმდეგეს ოდნავი უპირატესობა მოლში თამაშისას ჰქონდა, კარგად იყვნენ მომზადებულნი.
რუმინეთის ნაკრები სერიოზული გუნდია, მათთან თამაშში, ცხადია, ბევრს სწავლობ. ასეა ახლაც. რუსებთან სათამაშოდ ვემზადებით და რუმინეთთან დაშვებულ შეცდომებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ეს ყველასთვის განსაკუთრებული თამაშია, მთელი ერი ამ მატჩს ელის.
შესაბამისად, თითოეული მორაგბე განსაკუთრებით ემზადება რუსებთან სათამაშოდ. ვარჯიშზე მუშაობაც განსხვავებულად მიმდინარეობს, ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით, კონკურენცია და მისი თანამდევი მომენტები საერთოდ ქრება.
რუსებთან წაგებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. საამისოდ ყველაფერი კეთდება. საწვრთნელი ბაზა, საცხოვრებელი პირობები, კვება, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ვარჯიშებიც უფრო საზრიანი, ნაყოფიერი გამოდის.
რუსებთან თამაში ყველა მორაგბის კარიერაში ყველაზე დაძაბული, ფსიქოლოგიურად დატვირთულია. ქომაგებმა შეიძლება ყველაფერი გვაპატიონ, მაგრამ რუსებთან წაგებას არ გვაპატიებენ. ერთმანეთის გვერდში დგომით, თავდადებული ბრძოლით რუსებს აუცილებლად დავამარცხებთ.�
თედო ზიბზიბაძე: �რუმინეთთან მატჩში ცუდმა სავარჯიშო პირობებმა შეგვიშალა ხელი. მთელი კვირა ნორმალურად არ გვივარჯიშია. მეტოქემ ჩვენს შეცდომებზე ააგო თამაში. ფეხით უკეთ ირჯებოდნენ და ჩვენზე მეტად მონდომებულნი იყვნენ.
რუსეთთან დაპირისპირება, ტრადიციულად, დაძაბული, უშეღავათოა. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულნი ვემზადებით. ჩემთვის რუსებთან მოგება მსოფლიოს ჩემპიონობის ტოლფასია.
მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდია. ძნელი თამაში იქნება, თუმცა ამ გუნდთან სათამაშოდ, სხვა გუნდებთან შედარებით, ბევრად უფრო მოტივირებულნი გავდივართ.�
გიორგი ნემსაძე: �რუმინელები მაქსიმალურად მობილიზებულნი გამოვიდნენ სათამაშოდ. იცოდნენ, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, მატჩის მოსაგებად ყველაფერი გაიღეს.
რაც შეეხება რუსეთს, რაც უნდა ვიძახოთ, პოლიტიკა არაფერ შუაშია, ჩვენ სპორტსმენები ვართო, ასე არაა. ჩვენ, უწინარესად, ქართველები ვართ და მერე სპორტსმენები. ომი ყველას გვახსოვს, ყველამ საკუთარი თვალით ნახა, რაც ხდებოდა.
ჩვენ მოედანზე ჩვენი ომი გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულნი ვითამაშებთ. აუცილებლად მოვიგებთ�.
ბიძინა სამხარაძე: �რუმინელებთან მარცხს გუნდის არასათანადო განწყობას, არასწორად შერჩეულ სათამაშო ტაქტიკას დავაბრალებდი. ისინი მეტი მონდომებით, თავდადებით იბრძოდნენ და ამიტომაც დაგვამარცხეს.
რუსებთან თამაშს კი ნებისმიერი ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათი დამარცხება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ამ დროს სრულიად საქართველო უსაზღვრო სიხარულს განიცდის. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც დავამარცხებთ, მეტიც, ვალდებულნი ვართ, დავამარცხოთ�