სალამი ქართველ მორაგბეებს გიო ახვლედიანი, ლონდონი
გზასაცდენილი საფეხბურთო რეპორტაჟი.
ჩემპიონთა ლიგაში, როგორც იქნა, მოხდა ამბავი, რომლისაც არავის სჯეროდა.
შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ლიგის ნახევარფინალებში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
სამშაბათს "ბარსელონამ" კამპნოუზე გააბურთავა ტრავმებით ტანჯული "არსენალი", ლეო მესიმ კი კარიერაში პირველად გაიტანა ოთხი გოლი, რითაც კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო მედია იმის თაობაზე, რომ ახლა სწორედ ისაა სამყაროს საუკეთესო ფეხბურთელი.
ოსვალდო არდილესმა ისიც კი თქვა, ლეო ისეთივე კარგია, როგორც მარადონაო.
ოთხშაბათს კი, მორიგ ოლდტრეფოლდურ დრამაში ათკაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" საბოლოოდ 3:2 მოუგო მიუნხენის ბაიერნს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლების ძალით გამოეთიშა ლიგას.
სიმართლე რომ ითქვას, ამ რეპორტაჟში სწორედ ამ თამაშის შესახებ უნდა მომეთხრო, მაგრამ რიგ ფორმალობათა გამო საქმე დამიგვიანდა და ამიტომაც ჩრდილოეთში გამგზავრება აღარ გამოდიოდა. ჰოდა თამაში, რომლის რეპორტაჟიც უნდა დამეწერა, ლონდონში ერთ ჩვეულებრივ უბნურ პაბში ვნახე.
დასავლეთ ლონდონის პაბში "მანჩესტერის" ევროპული თამაშის ყურება ისედაც უცნაური რამაა და მით უმეტეს მაშინ, როცა თავი უკვე ოლდ ტრეფორდზე გეგონა და წამუშავებას აპირებდი, მაგრამ უბნური პაბი მაინც უბნური პაბია და ნაცნობი სახეები, ნაცნობი კათხები და პაბის უკანა ეზოში მოსაწევად გასული პუბლიკა მაინც თავისას შვრება.
რა თქმა უნდა, თამაში იყო დიდებული, დრამატული და ისეთი, როგორც არის ხოლმე ინგლისელების მონაწილეობითა. განსაკუთრებით, თუ მეორე მხარე გერმანელია. "ტიპიური გერმანელები", როგორც შენიშნა ამ მატჩის შემდეგ გაბრაზებულმა ალექს ფერგიუსონმა.
ოღონდაც იმ პაბში მანჩესტერს არავინ ქომაგობდა, ერთი ფრანგი ბიჭის გარდა, რომელმაც ტვინი წაიღო, მერე კი არაბმა გოგომ მოაკითხა და ჩაჩუმდა.
იქ საერთოდაც ერთი ბაბუაა, რომელიც თავისი კათხით ეკრანთან დემონსტრაციულად ზურგით ზის. ყოველთვის ასე ზის, სულ ერთ სკამზე.
პაბია მოკლედ, მაგრამ ლონდონია და სრული ინტერნაციონალი. ერთი ხოტორა კაციც იყო ჩემს შორიახლოს, დიდი იასამნისფერი შარფით. შავგვრემანი, სანქცია _ იტალიელი.
პაბში ასეა ხოლმე, რომ რაღაც ბრიგადა ყოველთვის გარეთ არის, მარტო ლუდის შესავსებად შემოდიან. ასეთია მოწევის აკრძალვის შედეგი და რას უზამ. ჰოდა, იქაც იყვნენ. ლოქალს, როგორც იტყვიან, ჩამჯდარ-ჩაფსკვნილი ჯეილები და ბიძები.
იმათში ერთი ბიძაკაცი ადრევე შევამჩნიე, კაი ჭაღარა კაცი, ოღონდ სულაც არ ეწეოდა. იდგა და სვამდა თავის ლუდს სიბნელეში და სიცივეში.
მოკლედ, ერთადერთი წინადადება, რომელიც იქ მანჩესტერ-ბაიერნის გამო ითქვა, ბარმენი გოგოსგან, ემისგან მოისმა: "ჰა-ჰაააა, გავარდნენ თუ არა, ბოლოს და ბოლოს".
ჰოდა ეს უბედური თამაში რომ მორჩა, საზოგადოებამ გარეთ იხუვლა მოსაწევად და იქ ისე გამოვიდა, რომ მე და ეს შარფიანი სწორედ იმ ბიძაკაცის შორიახლოს მოვხვდით, ჯიუტად რომ იდგა გარეთ.
ბიძამ კიდე არ დაახანა და ამას ეუბნება, _ იტალიელი ხარო?
პაბი ეგეთი ადგილია, დადექი და ილაპარაკე უცნობთან. ტკბილი ადგილია ამ მხრივ.
კიო, _ ამან, _ პადუიდან ვარო.
ვახ, მიყვარხართ იტალიელებიო, ეგ თქვენი მარიაჟული შარფებიც მიყვარსო, და ვაფშე პონტივეკიოო და მთელი ამბებიო. ოღონდაც, თქვენი ფეხბურთელები არ მიყვარსო.
ამან კითხა, იტალიელმა, _ სულ გარეთ რატომ ხარო.
იმან კიდე, _ მიყვარს აქ მოსვლაო, _ მარა ფეხბურთი როა, არ შევდივარ შიგნითო, ვერ ვუყურებ ფეხბურთსო.
პირველად ვნახე ასეთი ინგლისელი. ფეხბურთს ბრმა ბებიებიც უყურებენ.
პაბის ფანჯარაში ჩანდა დიდი ეკრანი მწვანე მინდვრით, ზედ დახტოდნენ გახარებული გერმანელი ფეხბურთელები.
იცი რატოო? მეო მორაგბე ვარო და რაგბის მწვრთნელიო და რაგბის მერე კიდე მიჭირს ფეხბურთის ყურება, იმხელა სიცრუეა შიგო. მოკლედ, წავიდა ლაპარაკი, რა მაგარია რაგბი და რა შოუბიზნესია ფეხბურთი. ამასობაში კიდე, ერთმა ტახივით ბიძამ ახალი კათხა გამოუტანა ამ კაი კაცს.
ხოდა, ახლა მე მომიბრუნდა, _ შენც იტალიელი ხარო? გიყვართ იტალიელებს ფეხბურთიო, ხალხის მტვრევა და კოტრიალი მინდორზეო, მაგრამ რაგბიც კაი გაქვთ, მალადეც უკვე კაიაო.
მეთქი, _ არა, ჯორჯია. და ხო უნდა მოაყოლო, _ დუ იუ ნოუ ჯორჯია? ეგრეა ხოლმე უფრო ხშირად.
მარა ვეღარ მოვაყოლე, იმიტომ, რომ ბიძამ, რომელსაც გაირკვა რომ ჯო ჰქვია, ატეხა ყვირილი: ალან, ალანო, _ იმ ტახივით ბიძას უხმო, _ მოდი აქაო, _ და მეუბნება:
გამომიწოდე ხელიო.
ხოდა გავუწოდე.
ეხლა უნდა ჩამოგართვა ხელი და დიდხანს, დიდხანს უნდა ჩამოგართვაო, _ და ჩამოვართვით ხელი. ვართმევდით ასე, იმ სიცივეში და, მე ხო ვიცი თქვენი ამბებიო, აგე ალანმაც იცისო, მარა თქვენ ხართ მაგრებიო, თქვენ მორაგბეებს ვენაცვალე მეო, რა ბიჭებიო, რა კარგებიო. ალან, ირლანდიასთან გახსოვსო, კინაღამ რო მოუგეს ირლანდიასო. რა უქნეს, გახსოვსო? რო დაშალეს და ააწყვესო.
ვაახ, _ მეთქი.
კიო, იცი რა არი მთავარიო? თამაშში რო რაღაცნაირ ემოციას დაიჭერო, და ეგ იყოო. ეგ შეუძლიათ თქვენებსო. ალანიც აღტაცდა. კი კაცოო. მერე მე ვუთხარი, რომ რაგბის სტადიონი საერთოდ არ არის საქართველოში. მერე იმან მითხრა, რომ... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს?
იმან ხო ჩვენ მორაგბეებს ჩამოართვა ხელი. იმ ჭაღარა ჯომ.
მერე კი მოვყევით ამ მთისა და იმ მთისა.
ეგეთია უბნის პაბი.
ამასობაში კიდევ გავარდა მანჩესტერ იუნაიტედი. რაფაელი გააგდეს. ტყუილად, მე თუ მკითხავთ.
ქართველ მორაგბეებს შორეული მოკითხვა და სალამი ძია ჯოსგან, ტახივით ალანისგან, რომელიც ბიჭობაში ჰუკერი ყოფილიყო და მთელი გრეისტოკის პაბისგან.
მაგარი კაცი იყო ჯო, ნამდვილი რაგბის კაცი.
სხვა დროს ოლდ ტრეფორდიდანაც მოვიწერები.
http://liberali.ge/node/2214