სტატიის ორიგინალი აქაა
http://azrebi.ge/index.php?m=734ძალიან დიდი მადლობა!
ლევან ღამბაშიძე
25.03.2010
აბსოლუტურად ნეიტრალური სტატიის დაწერას ვაპირებდი, რათა azrebi.ge-ს სივრცე გამომეყენებინა და მადლობა მეთქვა ჩვენი მორაგბეებისთვის. დღეს დილით კი გავიგე, რომ თურმე ჩემი სიხარული მხოლოდ ილუზია და „მოდელირებული იმედი“ ყოფილა. ნამდვილად უცნაურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ჩემი სიხარული ნამდვილი იყო და არა მოდელირებული.
მინდა ვცადო და ავუხსნა იმ ”ხალხს”, რომელიც თვლის, რომ რუსეთთან თამაში 20 მარტს „მოდელირებული იმედია“ და მეტი არაფერი, რომ ისინი ცდებიან და რომ ისინი ამგვარი ქმედებით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მორაგბეებს, იმ ხალხს, რომელიც ტრაბზონში გაემართა მატჩზე დასასწრებად და ზოგადად ყველას, ვინც რაგბს ქომაგობს ან რაგბი სულ არ აინტერესებს და უბრალოდ საქართველოს რუსეთზე გამარჯვება ესიამოვნა, რაც აგრეთვე ლოგიკურია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე. მაგრამ, მეორე მხრი, დააკვირდით რა სისულელის ახსნას მოვკიდე ხელი. მესმის, შეიძლება თვლიდე, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ხისტია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ რატომ უკვირს ვინმეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აგვისტოს ომის შემდეგ დამცირებულად იგრძნეს თავი, რუსეთთან ნებისმიერ სფეროში გამარჯვება უბრალოდ უხარია. საერთოდ, როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის გუნდის გამარჯვება გააუფასურო და დააკნინო?! ამგვარი საქციელის ანალოგი დაახლოებით იგივე იქნებოდა ქართველი რომ გამოსულიყო ვინმე და ეთქვა ბაში-აჩუკმა აბდუშაჰილს იმიტომ სძლია ის მოუმზადებელი იყოო და საერთოდაც რა დიდი რამე მოხდა ამ გამარჯვებითო. პრინციპში ასეც ამბობდნენ კიდეც. როგორც წესი ასეთ ხალს თავს სჭრიდნენ ხოლმე, თუმცა დღეს თავის მოჭრად როგორც სჩანს არაფერი აღარ ითვლება. ათჯერ დავიწყე სტატიის წერა, მაგრამ ცუდი სიტყვების მეტი არაფერი არ მომდის თავში, ვშლი და ვშლი. ისევ მორაგბეებს დავუბრუნდები.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მორაგბეებს იმის გამო, რომ მათ აბსოლუტურად ღირსეულად, ყოველგვარი დამცირების გარეშე დაამარცხეს რუსეთის გუნდი და იმის გამო, რომ თამაში სპორტის ფარგლებს არ გასცდენია.
საერთოდ ბოლო დღეებია ერთი შეიძლება უცნაური, მაგრამ აზრი ამეკვიატა. ოდნავ მისტიურიც კი. ეს ჩვენი რაგბისტები ჩვეულებრივი ხალხი არ არის. თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ.
რაგბი საქართველოში ძლიერ უყვართ, მაგრამ მისი დაფინანსება ფეხბურთან შედარებით მიზერულია. ბოლო 20 წელია მორაგბეები თამაშის წინ თავად ასუფთავებენ სტადიონს ქვებისაგან (თავად გახლდით ბავშვობაში ამგვარი საქმიანობით დაკავებული). ხელფასები არც თუ ისე სახარბიელო. მიუხედავად ამისა, გახსოვთ ვინმეს, რომ როდესმე მორაგბეებს თამაში უგულოდ ეთამაშოთ ან დროზე ადრე დაეთმოთ იგი მოწინააღმდეგისთვის? გაიხსენეთ თამაში, როედესაც მაყურებელს მათი გულგრილი დამოკიდებულება ეგრძნოს თამაშის მიმართ. სადმე გსმენიათ, რომ რაგბისტები რესტორანში დამთვრალან, ჩხუბი აუტეხავთ და ყველა უცემიათ (უსამართლოდ)? სადმე წაგიკითხავთ ამგვარი სათაურის სტატია: „რაგბისტები და ნარკოტიკების სკანდალი“? საერთოდ რამე ცუდი გსმენიათ ამ ხალხის შესახებ? უცნაურია, მაგრამ მე არ მსმენია. სამაგიეროდ, მსმენია ისტორია რაგბისტების შესახებ, რომლებიც ფარად გადაუდგნენ 9 აპრილს მოსახლეობას, და როგორც ამბობენ, რუს ჯარისკაცებს თავ-პირი დაამტვრიეს (ბოდიში, სულ დამავიწყდა. შუღლს ვაღვივებ. საბჭოთა ჯარისკაცი უნდა მეთქვა. აბა რუსები 9 აპრილთან რა შუაში იყვნენ). მსმენია ამბები რაგბისტების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ და ბევრმა თავისი სიცოცხლეც შესწირა სამშობლოს.
როგორც ჩანს სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულ უნარებს უვითარებს ადამიანს. ესენია: ვაჟკაცობა, სამართლიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მე ვისაც ვიცნობ, მორაგბეებს, სამივე ეს ნიშანთვისება უხვად აქვს მომადლებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რათა ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ ვითარებებში ისინი გვეხმარებიან დავიბრუნოთ რწმენა და სიამაყე. არა იმიტომ, რომ რუსებს მოვუგეთ, არამედ იმიტომ, რომ ვნახეთ კაცები. არამცთუ არ ვამტყუნებ მათთვის ღირსების ორდენის გადაცემას, მე რომ მქონდეს დაწესებული რამე ორდენი იმათაც გადავცემდი. არა ერთი მატჩის გამო, არამედ იმიტომ, რომ დაარსების დღიდან ღირსეულად აკეთებენ თავის საქმეს, ჩუმად და ხარისხიანად.
სპორტის ეს სახეობა არა მხოლოდ უშუალოდ სპორტსმენებს უვითარებს განსაკუთრებულ უნარ ჩვევებს. აბსოლუტურად განსაცვიფრებელი იყო ტრაბზონში მყოფი გულშემატკივარის სამაგალითო ქცევაც. წარმოიდგინეთ, რამხელა გულისტკივილი იქნებოდა საქართველოს ნაკრებს რომ წაეგო, მაგრამ ხალხი წავიდა ამ რისკზე და ტრაბზონში გაემართა. ალბათ ზოგიერთს სწორედ ეს სწყინს, რომ 6000 კაცი რაღაც იდეისთვის მზადაა ტრაბზონშიც კი წავიდეს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მორაგბეს ამ სიტყვებისთვის:
„სულ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენთვის რუსეთთან თამაშს. შეიძლება ფორმაში არცერთი არ ვიყავით, მაგრამ დღეს მინდა მთელს საქართველოს, მთელ ამ ხალხს მადლობა გადავუხადო, რომ ასე შეწუხდნენ და ჩვენს გვერდით დადგნენ. ეს მთელი საქართველოს და იმ ოჯახების გამარჯვებაა, ვინც ჩვენი გულისათვის გორში და იმაში (სამაჩაბლო) იბრძნოდნენ“- ირაკლი აბუსერიძე.
ვინმე თუ იტყვის, რომ ეს სიტყვები მორაგბეებმა ვინმეს დაკვეთით წარმოსთქვეს ის არაკაცის სახელს იმსახურებს.
ამ სიტყვებში ჩანს დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს მიმართ, და ამ დამოკიდებულებას ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ. რაგბში მიღწეული წარმატებები ალბათ იშვიათი მოვლენაა, რომელიც ნამდვილად არ შეიძლება მთავრობის პიარს მივაწეროთ. ალბათ ერთადერთი გულწრფელი იმპულსია, რომელიც მოქალაქეებისაგან მოქალაქეების მიმართ არის მიმართული და უზრდელის გარდა არავინ შეეცდება ამ გრძნობის გაუფასურებას.
დავივიწყოთ ყველაფერი. მინდა ქართველი გულშემატკივრების სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს მორაგბეებს იმისთვის, რომ ისინი ძალიან კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს. მინდა ვუთხრა, რომ ნუ ეწყინებათ უაზრო ლაყბობა. საქართველოში არის ხალხი, რომელიც მათ მუდამ გვერდში დაუდგება.
ძალიან დიდი მადლობა 20 მარტისთვის. როგორც ერთი კარგი ადამიანი FACEBOOK-ზე წერდა: „მაგარი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო დღე ცხოვრებაში

)“.