ძალიან მაგარი ქართველის სიტყვები ჩვენს ბიჭებზე!!!
ჩვენი რაგბის ფედერაციის საიტიდან:
ფიქრები ზელანდიაზე
ლევან ვასაძე
„დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია...“
გალაქტიონი
რა არის ჩვენთვის რაგბი? უბრალოდ სპორტი, თუ რაღაც ბევრად მეტი? რამდენად ჯანმრთელი და გამართლებულია ჩვენი გულ-გონისათვის რაგბის რაიმე გადამეტებულ ხარისხში აყვანა და გაზვიადება? ან არადა, სადღა ეძებოს ამდენი მიმართულებით დამარცხებულმა, მიწა და უფლება წართმეულმა და დაჩაგრულმა თანამედროვე ქართველმა კაცმა გამოსავალი საკუთარი მებრძოლი სულის გამოსავლენად?
ამ ფიქრებით მივდიოდით ჯერ კიდევ ზაფხულში საფრანგეთში, ბორჯღალოსანთა საწრთვნელ ბაზაზე „ბასიანის“ მგალობლებთან ერთად. ქართული სარაგბო ოჯახი ძალიან სხვანაირია, მას სისხლის ღვრა და აღმატებულ ძალასთან მუდმივი ჭიდილი სჩვევია და შვენის და ამიტომ მასში შესვლა და რაიმეს თქმა ყოველთვის საფრთხილო საქმეა. მაგ ოჯახს არ უყვარს არაფერი ყალბი, მაგრამ მასაც, როგორც ყველა ოჯახს, სჭირდება ამაღლებულზე ფიქრი.
ისსუარში ყველა ჩვენი ეჭვი და შიში გაქარწყლდა, ორი ვაჟკაცური გუნდი შეხვდა და ჩაეხუტა ერთმანეთს, არც ვიცი მორაგბეებს უფრო სჭირდებოდათ „ბასიანი“, თუ - პირიქით. იყო სიხარული, ძმობა, ერთმანეთით გახარება და ტკბობა, თითქოს ავთანდილი და ტარიელი შეხვედროდნენ ერთმანეთს. ყველას გვეკერა პირზე „ზელანდია“, ქვეყანა, თუ მოვლენა, სადაც შედგებოდა აპოთეოზი ოთხწლიანი სამზადისისა. არავის უნდოდა დამშვიდობება. ილია მაისურაძემ სუფრაზე ისიც თქვა, ჰაერში თვითმფრინავს საწვავს რომ ჩაუსხამენ, ისე მოგვისწარით თქვენცო.
ლონდონ-თბილისის ყოველწლიური მოტო რალის მასპინძლობის გამო პირველი ორი თამაშის თბილისში, „ოვალ“-ში ყურება მომიწია ტელევიზორთან და იქ რაც დამემართა მარტო მე ვიცი. ერთი მაწყნარებდა: ვიცოდი, რომ უფლის უდიდესი წყალობით, ბიჭებს სრულიად საქართველოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II - მ ვიდეო მიმართვა გაუგზავნა ზელანდიაში, ამაზე მეტი კი რა უნდა მომხდარიყო მათ გასამხნევებლად ბრძოლის წინ.
პალმერსტონში ჩვენი ბოლო ორი თამაშისათვის ჩავედი. მეუფე შიოს ვახლდი, რომელიც 2010 წელს წმინდა სინოდმა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართველების მიტროპოლიტადაც დაადგინა შეთავსებით. ვუთხარი, მეუფე, ასეთი მეორე შესაძლებლობა არასოდეს გვექნება თქვენს ეპარქიაში ერთად მოსახვედრად- მეთქი და გავემგზავრეთ.
ძალიან საინტერესო იყო, როგორ შეათავსა მეუფემ სარწმუნოებრივად მიუღებელი გადამეტებული სპორტული ვნების სიუცხოვის ხაზგასმა და ჩვენი ბიჭების ალალი და სიყვარულით სავსე მხარდაჭერა. საოცარი იყო მისი შეხვედრა ნაკრებთან რუმინეთთან თამაშის წინ. 27 სექტემბერი იყო, ჯვართამაღლება და სოხუმის დროებით დაკარგვის დღე, მეუფემ ეს ბიჭებს შეახსენა და უთხრა ჩვენი ერი ძალიან ელის თქვენგან გამარჯვებასო. ჩვენი ბიჭების თვალებში ისეთი მდუმარე განცდა ამოვიკითხე, რომ მივხვდი, რუმინელებს კარგი არაფერი ელოდათ.
ჩემპიონატამდე ორიოდე თვით ადრე, გია ნიჟარაძემ, რომლის საოცარი გულიანობისა, აზროვნებისა და შემართების წყალობით მოგვეცა ჩვენ საშუალება თასისათვის მზადებაში მონაწილეობისა, მითხრა, თუ რუმინეთს მოვუგებთ და დანარჩენებს ღირსეულად ვეთამაშებით ეს იქნება უდიდესი მიღწევაო. მართალიც იყო. რუმინეთის 50 ათას, არგენტინის 100 ათას, ინგლისის 500 ათას და შოტლანდიის 200 ათას მორაგბეს და მათვე ათიათასობით მინდორ-სტადიონს, ასობით მილიონ დოლარიან ბიუჯეტებს, მეტი რა უნდა დაუპირისპიროს ხუთი მინდვრისა და 720 ზრდასრული მორაგბის მქონე ერმა? მაგრამ განწყობა ასეთი არ იყო. განწყობა კიდევ უფრო მძაფრი იყო. ჯერ კიდევ შონ ფითსპატრიკის თბილისში სტუმრობისას ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეუძლებლისაკენ უნდა ვისწრაფოთ და ჯგუფიდან გასვლას შევეცადოთ. ეს არ იყო სილამაზისათვის დასმული ამოცანა, ეს იყო ის განწყობა, რომლის გასიგრძეგანების წყალობითაც „ლელოთა“ ბრწინვალე თამაში შესაძლებელი გახდა ზელანდიაში.
ყველა ბრძოლაზე ბიჭები მოსაგებად გადიოდნენ და მთელი სარაგბო სამყაროს გასაოგნებლად აზანზარებდნენ კიდეც გოლიათებს. წვიმიანი და ამაზრზენ მსაჯიანი, ლელოს ვერ გამტანი და ვაი-ჯარიმების ძლივს გატანის ხარჯზე ვაი-გამარჯვებული შოტლანდია, უნიჭიერესი მეკოს აჭრილი ფეხის (რა მოხდა, ვის არ მოსვლია, კაცო!) წყალობით გადარჩენილი ინგლისი, მთელი მსოფლიოს დასანახად სრულიად დაჭეჭყილი და დაჩაგრული რუმინეთი, და დაუსვენებელზე და დამტვრეულზე, სამი დღის მერე, პირველ ტაიმ წაგებული და ცამეტ წუთ დარჩენილზე მხოლოდ ოთხი ქულით დაწინაურებული ფრანგული ბრინჯაოს პრიზიორი არგენტინა - ეს ყველაფერი ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს. შეძლეს უკიდურესი თავგანწირვისა და უმძიმესი ტრავმების მსხვერპლად.
ყველას ვერ ვიტყვი, არ ეწყინოთ ბიჭებს, მაგრამ თედომ და კაჭიმ მგონი რამდენიმე ზვავი შეაჩერეს თავისი ქვის ხელებით, ილიკო ზედგენიძემ საკუთარი გამძლეობისა და წინამძღოლობის კიდევ ერთი უკიდურესი მაგალითი გვიჩვენა, რიჟამ და გოდომ შეცვლებზე ცეცხლი დაანთეს, ჩაქუჩამ და ვახომ იქნებ ტონები ატრიალეს მოლში და რაქში, ჯაბამ ლამის ცხრასავით იმოძრავა რაქის პირას შემჭიდროვებულ სივრცეებში, ჯიშიანი ლეკვის ნაირმა ვიტომ თავისი ასაკისათვის მოულოდნელი სიბრძნე გვაჩვენა შერკინებიდან ამოსვლისას, ქოქოსამ, მამუკამ და დიმამ ზღაპრული ლელოები დადეს, ლექსომ თავისი ფრთა გაავსო და დაასტაბილურა, დუდუმ და კოჭომ ტვინისშერყვევით ითამაშეს ბოლო თამაშები (კოჭომ საერთოდ დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ წიწაკა გვაკლია ხაზის შეტევაში), რეზიკომ თავისი სრულიად მოულოდნელი ფულბეკის ამპლუა დიდებულად შეასრულა წვიმიან ამინდში ფეხის მობრაგუნე პარკსთან და ძალიან სახიფათო ლამონტთან, გუნდის მთრეველმა ზირაქამ გართულებული წელის თიაქარით მიატანა სული არგენტინამდე და სკამზე დაჯდა გამწარებული, მახომ ძლივს მოშუშებული მყესით, ხოლო აბუმ, გლობუსამ და ბინგომ სიცხითა და ყელის ტკივილით იომეს ბოლომდე. ის კი არა, მგონი პიტერს და ემმას ერთიმეორეზე უკეთესი მაჩხო და დიმა, რომ შეეშვათ, თავისი გაწყვეტის პირას დაჭიმული მუხლის მყესითა და გახეული ხელის მყესით, მგონი ისინიც სიამოვნებით შევიდოდნენ მოედანზე ბოლო თამაშზე საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. აბრაგის გარეგნობისა და საოცარი ზრდილობის გივი ბერიშვილი აჭრიალებდა კბილებს ტრიბუნაზე, არგენტინასთან, როგორ არ დამაყენეს, როგორ მინდოდა გიჟივით შევარდნაო. იქით შალვა და რეზიკო ისხდნენ ბოლო მატჩზე არ თამაშით მოწყენილები და გაფითრებულები. ლოდინში გატანჯულმა 21 წლის კაკომ, როგორც, ბიჭების თქმის არ იყოს, დამწყვდეულმა ბულდოგმა, როგორც იქნა აიწყვიტა და ჯერ იყო და რუმინეთთან ირბინა გარემარბივით და მერე პუმებთან იმისთანა წყვიტა ფელიპე კონტეპომის, რომ ტყლაპივით დააგდო პუმების „სული და გული“ მთელი სტადიონის გმინვის ხმაზე. მხოლოდ გამოუცდელობის გამო ბოლო 12 წუთში წაგებული თამაში არასოდეს დამავიწყდება, მტრის-რისხვა-გორგოძის გამწარებული ღრიალის გამო, რომელმაც ლამის მთელი 3 ათასიანი არგენტინელი გულშემატკივრების ძახილი გადაფარა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთზე ლელო მივიღეთ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე გული დამეკაწრა ჩვენი მოღუშული ლომების დანახვაზე. ვინ რას ეტყოდათ მადლობის გარდა, მაგრამ მათ მეტი სურდათ საკუთარი ქვეყნისათვის. რიჩიმ, როგორც გამოცდილმა გენერალმა მომავალზე ისაუბრა და ჯონს, დონს, გარეთს და ყველას მადლობა უთხრა. ვინც ნაკრებიდან მიდიხართ დიდი მადლობა და ვინც რჩებით ბევრი გვაქვს სამუშაო მომავალი გამარჯვებებისათვისო.
გიამ საოცარი სიტყვით მიმართა გუნდს, ზრუნვითა და სიკეთით დაგვალბო, გული აგვიჩუყა, გაგვამხნევა და გაგვახარა. ჩემი ჯერი, რომ მოვიდა ვუთხარი ცხრა აპრილს თითქმის დახეიბრების ტკივილზე, თბილისის ომის დროს სახლის დაწვაზე და უცხოეთში სამუშაოდ და სასწავლებლად გადახვეწაზე, და რომ ყველა გაჭირვებიდან სიყვარულმა და ჩვენმა აღმატებულმა კულტურამ გამომიყვანა და რომ ამ განსაცდელსაც მოვერევით და რომ გამარჯვებისკენ ვივლით, და რომ არა აქვს მნიშვნელობა არცერთ ანგარიშს და შედეგს იმასთან შედარებით, რომ ისინი ჩვენი ლომები არიან, რომლებითაც ყველანი ვამაყობთ და ვმადლობთ ღმერთს მათთვის.
იმ ღამის ორ საათზე მეუფე და მე სიდნეიში უნდა გავფრენილიყავით იქაურ ქართველებთან შესახვედრად და სანამ მეუფე ისვენებდა მე, გია და იქნებ საუკეთესო პიროვნება, გივი ჭიჭინაძე სავახშმოდ და გულის გადასაყოლებლად ქალაქში გავედით. მაღიზიანებდა არგენტინელების დროშები და მათი ესპანური ყაყანი და ჩემ თავზე მეცინებოდა. რატომღაც ამეკვიატა “კიდევაც ვნახავთ თქვენ ბუმბულს...“ აქა-იქ ვაწყდებოდით ოთხთვიანი სასტიკი რეჟიმის მერე სულის მოსათქმელად ქალაქში გამოსული ჩვენი ბიჭების ნაწილს. კაჭი და ვიტო შეგვხვდენ, ისე აღარ მოღუშულიყვნენ, ლუდისაგან ოდნავ გაღიმებულმა კაჭიმ ვიტოზე მითხრა, წყნარად ვარ ასეთი ლომები, რომ გვეზრდებიანო. მეც გეთანხმები, მაგრამ შენც რომელი ვეტერანი ხარ-მეთქი, გადავეხვიე ორივეს და უსიტყვოდ ვიცოდით, რომ კიდევ ვნახავთ მათ ბუმბულს გაშლილ-გაფანტულს ველადა.
დაბრუნებულზე სასტუმროში დარჩენილ გულგატეხილ მახოს ვესაუბრე, რომლისათვისაც გული უტკენინებიათ მკვახე კომენტარებით ინტერნეტში და სხვაგანაც. ვუთხარი, ნუ მიიტან გულთან ახლოს, შენისთანა დამსახურებული და საოცარი მოთამაშე ჩვენგან მხოლოდ მადლობას და დიდ მხარდაჭერას იმსახურებს-მეთქი. რა ვქნა, ვერ შევბოჭე ის კაცი, არასწორი პოზიციიდან შევედი, ვის არ მოსვლიაო, იმართლებდა ეს ოქროსავით კაცი თავს. ვუთხარი, ერთი ქსელში შედი, ნახე მე რამდენს მლანძღავენ უმიზეზოდ ინტერნეტში ადამიანები, ვისთვისაც არაფერი დამიშავებია-მეთქი. შენ ვინღაო, გაიკვირვა. ვუთხარი, აპატიე და ნუ გაწყრები, ძმაო, არ გვაქვს ჯერ ეგ კულტურა ერთმანეთის გაფრთხილების-მეთქი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, მე თითონ რა ხშირად ვაკრიტიკებ ვინმეს გაუფრთხილებლად.
ავსტრალიაშიც, ისევე, როგორც ახალ ზელანდიაში, კარგი ქართველები ვნახეთ და მეუფესთან შეხვედრით ძალიან გავიხარეთ. მცირეა ჩვენი ემიგრაცია, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა. 17 წლის განმავლობაში აშშ-ში, რუსეთში და ინგლისში ემიგრაციაში ნაცხოვრებზე ძალიან კარგად მესმის იქაური ჩვენების ვარამი და ნატვრა. ავსტრალიელი ქართველებიც, რომლებიც რაგბში ბუნებრივად უფრო კარგად ერკვევიან, სულ ჩვენს ბიჭებს ახსენებდნენ დიდი სიამაყითა და მადლიერებით. ის კი არა, ზელანდიაში თვის ბოლომდე მარტო დარჩენილ გიას გადავურეკე და გავახარე.
ძალიან დავიღალე, არც ვიცი რა იყო ამ დღეებში ჯანსაღი და რა - ზედმეტი. ოჯახზე მაგარი მონატრებული, მეუფესთან ერთად დუბაისა და სტამბულის გავლით თბილისში მივფრინავდი და ვფიქრობდი, რომ მეომრის გზის ნაწილი არის დაცემის მერე ადგომა და შეუპოვრად ბრძოლის ველზე ისევ შევარდნა და სწორედ ამ სულს ვხედავ ჩვენი მორაგბეების თვალებში, რომლებმაც კიდევ ერთხელ მისცეს მაგალითი და იმედი ასიათასობით ქართველ მამაკაცსა და ბიჭს, თუ, როგორ უნდა იბრძოლოსა და გაიმარჯვოს ვაჟკაცმა კაცმა, და როგორ უნდა ითმინოს მან ტკივილი და გასაჭირი და როგორ უნდა იყოს ის უდრეკი განსაცდელის წინაშე და მადლობა ღმერთს ამისათვისაც.
ველინგტონი-სიდნეი-დუბაი-სტამბული-თბილისი
3-5 ოქტომბერი, 2011
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...60/default.aspx This post has been edited by rugby 4 life on 11 Oct 2011, 12:50