ushuaia
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22082
წევრი No.: 129371
რეგისტრ.: 29-March 11
|
#29243386 · 17 Jan 2012, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამუკა გორგოძე დაბადების თარიღი და ადგილი: 1984 წლის 14 ივლისი, თბილისი
წონა, სიმაღლე: 118 კგ. 195 სმ.
მეტსახელი: გულივერა
ამპლუა: მეორე, მესამე ხაზი
კლუბები: ლელო, მონპელიე
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალისტი, საქართველოს ორგზის საუკეთესო მორაგბე, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ჟურნალების – L'Equipe და Midi Olympique – ვერსიით
ფავორიტი სპორტსმენი: მაიკ ტაისონი, მაიკლ ჯორდანი
ბავშვობის კერპი: არ მყავს
საუკეთესო სპორტსმენი, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ: განსაკუთრებულად არავინ გამომირჩევია
საყვარელი ქალაქი: თბილისი
საყვარელი დასასვენებელი ადგილი: კანი, ნიცა
მუსიკოსი: მაიკლ ჯექსონი
მწერალი: ჭაბუა ამირეჯიბი
ნაწარმოები: „დათა თუთაშხია”
ფილმი: „22 ტყვია”, „თეთრი ბაირაღები”, „დათა თუთაშხია”
მანქანა: როლს როის ფანტომი
კერძი, სასმელი: ელარჯი, მწვადი, წითელი ღვინო
ჰობი: ნადირობა, თევზაობა
ყველაზე ბედნიერი დღე: ჩემი შვილების დაბადება
ყველაზე მძიმე დღე: რუსეთთან ომი რომ დაიწყო და საფრანგეთში ვიყავი უმოქმედოდ
რას გადასცემთ გულშემატკივრებს: დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ. ამის გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა. ყველანი ძალიან მიყვარხართ!
სამხრეთ საფრანგეთი, პლუს ოცი გრადუსი ნოემბრის ბოლოს, პალმები, რომაული და ფრანგული არქიტექტურის იდეალური ნაზავი, სუნამოს და ყავის სუნი ქუჩებში, ფრანგულად დახვეწილი თხელი გოგოები, ქუჩა, სადაც ფრანსუა რაბლე ცხოვრობდა, ადგილი, სადაც ალენ დელონის და ჟან გაბენის ფილმის „ორნი ქალაქში” დიდი ნაწილია გადაღებული, ქალაქი, რომლის ბინებიც ძალიან ჰგავს მთაწმინდა-სოლოლაკის ბინებს და ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად რაგბი უყვართ. და მორაგბეებიდან – მამუკა გორგოძე.
სწორედ იმ დღეს, როცა მონპელიეში ჩავედით, სტად ივ დუ მანოაზე, რომელიც საგანგებოდ განახლდა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატისთვის, დიდი რაგბი იყო – მონპელიე ერთ-ერთ ლიდერ კლერმონს მასპინძლობდა. ერთი ტრიბუნის პირველი იარუსი მთლიანად ვიპ-ლოჟა იყო უზარმაზარი დარბაზით, სადაც მატჩის დაწყებამდე უამრავი ხალხი ირეოდა: ვეტერანი მორაგბეები, ვარსკვლავები, მათი ცოლები, შვილები, რომლებიც იქვე რაგბის თამაშობდნენ პატარა ბურთით. იქ უფასოდაა კანაპეები, ლუდი, რამდენიმენაირი ღვინო, შამპანური. შესვენებაზე მხოლოდ სასმელი რჩება, ხოლო თამაშის შემდეგ დესერტი, ყავა, დიდ ტელევიზორებში გასახდელის კადრები და მატჩის მიმოხილვა, ეკრანზეც და დარბაზშიც. ეს მთელი რიტუალია.
ულამაზეს სტადიონზე მთელი ორი საათის განმავლობაში ზეიმი იყო – ლურჯი (მონპელიე) და ყვითელი (კლერმონი) ფერები, დროშების ფრიალი, გაუჩერებელი ორკესტრი, დოლები, საყვირები, მცხუნვარე მზე, ემოციები, არავითარი აგრესია. ერთ მხარეს გორგოძე და გიორგი ჟღენტი, მეორე მხარეს დათო ზირაქაშვილი და, ჯამში, ზღაპრული რაგბი! პირველად იქ ვიგრძენი, რამხელა წონა აქვს გუნდში, რომელშიც მეშვიდე წელია თამაშობს, მამუკა გორგოძეს. ის სულ ლაპარაკობს მოედანზე, გუნდელებს რჩევებს აძლევს, მას უსმენენ, სადაც გუნდს უჭირს, იქ ჩნდება, ანუ ნამდვილი ლიდერია. ეს ჩემ გვერდით მჯდომმა გულშემატკივარმაც მითხრა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფილიპ ნუარეს – მამუკა უკვე ჩვენი ლეგენდააო. მონპელიემ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. ზეიმი გასახდელებთან გაგრძელდა, მორაგბეები ჯერ გულშემატკივრებთან გამოვიდნენ ავტოგრაფების დასარიგებლად და ფოტოების გადასაღებად (გორგოძესთან ერთად კლერმონის ქომაგებიც სიხარულით იღებდნენ ფოტოებს), შემდეგ კი ტრადიციულ „მესამე ტაიმზე” ავიდნენ.
მამუკას მეორე დღეს შევხვდით ინტერვიუსთვის. ჯერ სახლში გვიმასპინძლა, სადაც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და რომელიც ზუსტად სტადიონის მეორე მხარესაა, დაახლოებით ას მეტრში. შემდეგ კი ივ დუ მანოაზეც გადავინაცვლეთ, სადაც ფრანგული საკლუბო რაგბის ვარსკვლავმა ექსკურსია ჩაგვიტარა. სადაც ვიყავით, ყველგან დიდი სითბოთი ხვდებოდნენ, უცნობები ხელს იშვერდნენ, მის სახელს იძახდნენ ხმამაღლა. თავად არ მოსწონს ზედმეტი ყურადღება, არ მიაჩნია, რომ ვარსკვლავია, „უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ”. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა, ფოტოსესიისას ყველაფერს ხალისით, სიცილით და ენთუზიაზმით ეკიდებოდა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ამხელა გზაზე ჩემი გულისთვის ჩამოხვედით და რამდენ ხანსაც გინდათ, თქვენს განკარგულებაში ვიქნებიო. მორიდებული, მშვიდი ადამიანია, მაგრამ როგორც კი რაგბიზე იწყებს ლაპარაკს, თვალები ენთება:
მამუკა გორგოძე: „მთელი ღამე არ მძინებია, სულ დალეწილი ვარ. ყოველთვის ასეა, თამაშის შემდეგ ჩემი ძილი გამორიცხულია. საერთოდ, ჩემი პრინციპი ასეთია, რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. როდესაც მოედანზე ვარ, რაც არ უნდა მტკიოდეს, როგორც არ უნდა მიჭირდეს, გამორიცხულია, მოწინააღმდეგეს თავი არ შევაკლა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამას აქაც ხედავენ და აფასებენ. ამიტომაც არ მივდივარ არსად. მონპელიელების სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ და მიხარია, ამიტომ საპასუხოდ ყველაფერს ვტოვებ მინდორზე. თუ საჩხუბარია, ყოველთვის მე ვჩხუბობ და ესეც მოსწონთ აქ. ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ როცა წაქცეული ხარ და სახეში წიხლს ჩაგარტყამენ, რასაკვირველია, ვერ მოითმენ. უკვე ყველამ იცის, რომ ხურდის დაბრუნება ვიცი. ერთხელ ერთი შემომელახა, ცოტა ხნის წინ ჩვენს გუნდში გადმოვიდა და არ მეკარებოდა”.
მთელი სტადიონი მოვიარეთ – გასახდელები, ფიზმომზადების დარბაზი, სარეაბილიტაციო ოთახი, სადიაგნოსტიკო ცენტრი. რასაკვირველია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და საფრანგეთში სხვანაირად ვერც იქნება:
„ხომ ხედავთ, რაც ხდება, როგორი პირობებიცაა. მარტო ეს სადიაგნოსტიკო აპარატი 250 ათასი ევრო ღირს. აქ რაგბი მხოლოდ სპორტის სახეობა არაა და ეს იმ წუთასვე ვიგრძენი, როგორც კი საფრანგეთში ჩამოვედი. სამი წლის დაწყებული მქონდა რაგბის თამაში, აქ რომ აღმოვჩნდი. მანამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი და ეგ სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემი მაინც რაგბი იყო ყოველთვის, ყოველთვის ვგრძნობდი ამას. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ქართულ რაგბიშიც კი ახალბედა ვიყავი და უცებ აქ აღმოვჩნდი. საფრანგეთში რაგბი იციან და უყვართ. აქ შეგხვდება 70 წლის ქალბატონი და თამაშს დეტალურად გაგირჩევს. აქ წარმოუდგენელი კონკურენციაა და ეს საუკეთესო პირობაა მორაგბის განსავითარებლად. თუმცა თავიდან, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, აქ მარტო ყოფნა, თან ოჯახის გარეშე, ძალიან გამიჭირდა”.
სატრენაჟორო დარბაზის ერთი კუთხე მოკრივეების ფოტოებითაა სავსე – მონპელიეს ფიზმომზადების მწვრთნელი ყოფილი მოკრივეა. მისი მეთოდი სისწრაფეზე, აფეთქებებზეა აწყობილი, რადგან თანამედროვე რაგბიში ტემპი უმნიშვნელოვანესი გახდა: „ფიზიკურად იდეალურად მზად უნდა იყო, რომ საფრანგეთში მაღალ დონეზე ითამაშო. მე თავიდან მეორე ხაზში ვიყავი, ოთხ-ხუთ ნომერზე, მერე კარგა ხანს რვა ნომერს ვთამაშობდი, ანუ პოზიციაზე, სადაც ბურთი გაქვს და ჩანხარ. მერე ჩვენმა ახალმა მწვრთნელმა შვიდ ნომერზე გადამიყვანა, ცოტა გული დამწყდა, უკვე მიჩვეული ვიყავი რვას, თუმცა ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ გუნდებს შვიდ ნომერზე ყველაზე დიდები და გამგლეჯები ჰყავთ. ჩვენ დაცვაში მეტი სამუშაო გვაქვს, რადგან რვიანი უფრო დამზღვევია. თან ბურთიც გვაქვს, გარღვევებსაც აკეთებ და ჯახაობ კიდევაც. ახლა შვიდი ნომერი ჩემი საყვარელი პოზიციაა. თუმცა ყველაზე მეტი მოძრაობა გიწევს და ფიზიკური კონდიციები, წონა, მუდმივად უნდა აკონტროლო. მაკდონალდსში ან სადმე რომ შევდივართ, ჩემი ოჯახი გემრიელად მიირთმევს, მე კიდევ, მაქსიმუმ, უკალორიო სასმელი დავლიო. მუდმივად ფორმაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი”.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნაკრები, როგორ უნდა გადაინაცვლოს შემდეგ საფეხურზე, აქცენტი ისევ ძალაზე უნდა გააკეთოს თუ უფრო ხელით და ფეხით თამაშზე გადაერთოს. საინტერესოა ისიც, თუ ვინ იქნება მომდევნო მწვრთნელი:
„ჩემი აზრით, მწვრთნელი აუცილებლად ფრანგი უნდა იყოს. აქ ძალიან მაღალი კლასის რაგბის თამაშობენ და ბევრი მაგარი სპეციალისტია. რაც მთავარია, ნაკრების 90 პროცენტი საფრანგეთში ვთამაშობთ, რაც მწვრთნელს ძალიან გაუადვილებს ინფორმაციის მიღებას და მორაგბეთა განვითარების კონტროლს. კომუნიკაციის პრობლემაც არ იარსებებს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება სტილს, მგონი რაღაც საშუალო უნდა იყოს. თუ შერკინება ვერ თამაშობს, ხაზი ვერაფერს იზამს. ჩვენ კარგი შერკინება გვყავს და როცა ამით უპირატესობას ვიღებთ, მერე აუცილებელია ხელით, ტექნიკური თამაშით დავასრულოთ შეტევა. კი, აქცენტი ძალისმიერზე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოგვდის, შუალედია საპოვნელი. 2007 წლის შემდეგ ნაკრები განვითარდა, თუ ადრე ზერელედ გვიყურებდნენ, ამ ჩემპიონატზე ყველა საგანგებოდ მოემზადა ჩვენთან შესახვედრად. შოტლანდიამ რუმინეთთან ხალხი დაასვენა. შოტლანდიელებს მაგარი გუნდი ჰყავთ და მათთან მოგების მოთხოვნა ჯერ ადრეა. ყველაფერი რეალურად უნდა შევაფასოთ. ჩემმა არგენტინელმა გუნდელებმაც მითხრეს, ვიცოდით, თქვენთან ომი გვექნებოდაო. ანუ ჩვენ უკვე ძალას წარმოვადგენთ. განვითარდნენ მოთამაშეებიც. პირადად მე ძალიან მოვუმატე 2007-ის მერე. სხვებიც ასე არიან და ამ პროგრესმა შედეგი უნდა მოიტანოს”.
სტად ივ დუ მანუას გარშემო კიდევ სამი მოედანია, აქედან ორი ხელოვნურსაფარიანი, უამინდობაში სავარჯიშოდ. ანუ საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ერთ უბანში ოთხი მოედანია:
„ჩვენ პირობები არ გვქონდა და გარკვეულ დონემდე მივედით. ბოლო წლებია ნელ-ნელა უკვე მოედნებიც კეთდება, რაგბი ძალიან პოპულარულია პატარებში, რომლებმაც აქედანვე უნდა იცოდნენ, რომ თუ თავს არ გადადებენ, ძალიან ბევრს არ ივარჯიშებენ და იშრომებენ, გამორიცხულია, წარმატებას მიაღწიონ. თავიდან ბავშვს ბევრი არაფერი უნდა, მიუშვი და ათამაშე, ნუ შეზღუდავ. ჩვენთან რომ იციან, მამები რომ დასდევენ და ასე ქენი, ისე ქენი, მერე მსაჯებსაც რომ აგინებენ. სირცხვილია. ბავშვმა თავისუფლება უნდა იგრძნოს.
რაგბის დღეს მეტი ყურადღება ექცევა და ეს აუცილებელიცაა, რადგან ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა მომატება, განვითარება ყველაზე რთულია. აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი ქართველი თამაშობდეს ძლიერ კლუბში. ჩვენ კარგი ტესტები უნდა ვითამაშოთ, მაღალი კლასის მოწინააღმდეგეებთან, იაპონიასთან, კანადასთან, ამერიკასთან. ეს რთული საფეხური თუ არ გაიარე, სულ ზედა ეშელონში ვერ მოხვდები. ჯერ იქამდე ძალიან შორსაა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მინიმუმ ათი წელი და სწორი მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რომ დიდ გუნდებს მივუახლოვდეთ”.
მონპელიედან წასვლას ჯერ არ აპირებს და, სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთში დაასრულებს:
„მეშვიდე წელია აქ ვარ, შევეჩვიე, ჩემი მეორე სახლია. მონპელიელების სიყვარულს ძალიან ვაფასებ და სწორედ ამიტომ არ წავედი ტულონში, რის გამოც ახლა სასამართლოში მიწევს სირბილი. ვგრძნობ იმასაც, რომ კიდევ შემიძლია მომატება. საერთოდ, მორაგბისთვის მთავარი ხასიათია. თუ ხასიათი არ გაქვს, სულ რომ ორასი კილო იყო, ცარიელი კუნთები, მოედანზე ბევრს ვერაფერს გააკეთებ. იქ ასი კი არა, ათასი პროცენტით უნდა დაიხარჯო. იქ ჯერ ხასიათების ბრძოლაა და მერე რაგბი. შეიძლება მაინც გაჯობონ, ვინმე შენზე მაგარი იყოს, მაგრამ რაგბიში მთავარია ბოლომდე იბრძოლო...
ბოლოს, მინდა ვიკას მივულოცო ის, რომ წლის ადამიანი გახდა. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ, რადგან დიდ პატივს ვცემ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია და მინდა, რაც შეიძლება კარგად იყოს!”. www.tabula.ge
|