მამუკა გორგოძე, საფრანგეთში ჩატარებულ ერთ-ერთ გამოკითხვაში რაგბის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში ფავორიტი გახდა. მანამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერსა და გამწევ ძალას – მამუკა გორგოძეს შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, სწორედ ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, ის საქართველოში 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
„პრაიმტაიმი“ მამუკა გორგოძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:
– დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩათვალა, რომ მე ამ პრიზებს ვიმსახურებდი. ზოგადად, ისეთი კარგი წელი, როგორიც 2011 იყო, ნამდვილად არ მქონია. ტოპ 14-ში ფინალში გავედით და ჩემპიონობაც შეიძლებოდა. საფრანგეთში საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს. „ჰეინეკენის თასზე“ გამოვდივართ და მსოფლიოს თასზეც, მგონი, ცუდად არ გვითამაშია.
– 2010-ში დათო ზირაქაშვილი გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, წლეულს – შენ. შენი აზრით, ხალხმა მეტად დაიწყო მორაგბეების დაფასება?
– რა თქმა უნდა, მორაგბე რომ ზედიზედ ორი წელი ხდება საუკეთესო, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა წინ მიდის და ხალხი ძლიერ სპორტსმენებად გვაღიარებს. ჩემი ეს წარმატება, პირველ რიგში, მთელი გუნდის აღიარებაა და მათი, ვინც ქართულ რაგბის ემსახურება.
– როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიოს თასზე?
– ცუდად არ გამოვსულვართ. რა დონეზეც ვართ, დაახლოებით ისეთი რაგბი ვითამაშეთ და ის შედეგი გვქონდა. უფრო კარგად რომ გამოვიდეთ, ამას სხვა დონეზე თამაშის გამოცდილება სჭირდება.
– რა დააკლდა საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან და არგენტინასთან?
– ზუსტად ის გამოცდილება, რაც გითხარით. ამისთვის აუცილებელია, რომ ნაკრებმა ხშირად ითამაშოს ძლიერ გუნდებთან და თანდათან მიეჩვიოს მათთან ყველა კომპონენტში თანაბრად თამაშს. რა ვთქვა, დღეს შოტლანდიაც და არგენტინაც ჩვენზე ძლიერები არიან და იმსახურებდნენ მოგებას.
– რუმინეთს ბოლო წლებში სულ უგებთ, აგერ, მსოფლიოს თასზეც აჯობეთ. შენი აზრით, გახდა საქართველო ევროპის მეშვიდე სარაგბო ქვეყანა?
– კი, რუმინეთს ბოლოს ყველა თამაში მოვუგეთ და დღეს მათზე ოდნავ ძლიერი ვართ, მაგრამ არ შეიძლება ამ გუნდთან მოდუნება და ნახევარი ძალით თამაში. ჩვენს შორის ძალიან მცირე სხვაობაა. ეს გუნდი ჩასაფრებულია და უყურადღებობას არ გვაპატიებს.
– შენთვის ეს მსოფლიოს თასი მეორე იყო. რით განსხვავდებოდა წინასგან?
– ოთხი წლის წინათ საფრანგეთში ჩვენს მხარეს იყო მოულოდნელობის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ხელწამოსაკრავ გუნდად არც მაშინ გვთვლიდნენ, მოწინააღმდეგეები მაინც კარგად არ გვიცნობდნენ და ეს გვეხმარებოდა. ახალ ზელანდიაში კი უკვე ყველამ იცოდა, რა შეგვეძლო და საგანგებოდ ემზადებოდნენ. აგერ, შოტლანდიამ რუმინეთთან ძლიერი შემადგენლობა დაასვენა, რომ ჩვენთან მთელი ძალით ეთამაშა. „მონპელიეში“ არგენტინელი თანაგუნდელი მყავს და მეუბნებოდა, საგანგებოდ ვემზადებოდით თქვენთან სათამაშოდო.
– საფრანგეთში თამაშობ და ბუნებრივია, შენი აზრი საინტერესოა. იმსახურებდა საფრანგეთი მსოფლიოს თასის ფინალში გასვლას?
– რამდენადაც ფინალში გასვლას არ იმსახურებდა, იმდენად იმსახურებდა ფინალის მოგებას. კი, შეიძლება, მანამდე ძალიან მაგრად არ უთამაშიათ და ზოგჯერ უმართლებდათ კიდეც, მაგრამ თვითონ ფინალში მოგებაც რეალურად შეეძლოთ. არ არის ეს გასაკვირი. საფრანგეთს დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს.
– ახალი ზელანდია როგორ მოგეწონა?
– საშუალო ქვეყანაა. ვერ ვიტყვი, რომ იქ რაგბი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე თუნდაც საფრანგეთში. დიდი სხვაობა არ შემიმჩნევია. რა ვიცი, თვითონ ქვეყანაც, მაინცდამაინც არ მომწონებია.
– 6 წელი მონპელიეში ცხოვრობ და თამაშობ. რას იტყვი ამ ქალაქზე?
– არ არის წმინდა სარაგბო ქალაქი. თბილისის „ლელოდან“ პირდაპირ აქ წამოვედი და უკვე მეშვიდე სეზონია, „მონპელიეში“ ვარ. ერთად გადმოვედით ტოპ 14-ში და შარშან ფინალიც ვითამაშეთ. ქალაქი თანდათან ეჩვევა რაგბის და ვფიქრობ, იმის პოტენციალიც აქვს, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო ცენტრი გახდეს. ეს სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყო კლუბმა, რადგან ბევრი მოთამაშე მსოფლიოს თასზე ვიყავით წასული, მაგრამ ნელ-ნელა ამოვქაჩავთ.
– „ჰეინეკენის თასზე“ ერთი თამაში გამოტოვე, მეორეში შეცვლაზე შეხვედი. მწვრთნელი, ალბათ, გასვენებს...
– დატვირთული სეზონი იყო და ცოტა დასვენება კი დამჭირდა, მაგრამ ახლა ისევ ფორმაში ჩავდექი და შემდეგ თამაშებში ძირითადში ვიქნები.
– სხვა გუნდში გადასვლას ხომ არ აპირებ?
– რა ვიცი, რაც საფრანგეთში ჩამოვედი, სულ „მონპელიეში“ ვარ და შევეჩვიე გუნდსაც და ქალაქსაც. თანაც კლუბში ოთხი ქართველი ვართ. აქ ქართველებს გვაფასებენ, თანაც არამხოლოდ მორაგბეობის გამო.
– მამუკა, ბოლო დროს ყვითელ ბარათებს ისე ხშირად აღარ იღებ, როგორც ადრე. ფრანგული პრესა წერს, გორგოძემ დისციპლინა გამოასწორაო...
– თქვენ არ იცით, აქ მოედანზე რა ხდება ხოლმე. შეურაცხყოფას არც ადრე ვპატიობდი ვინმეს, არც ახლა ვპატიობ და არც არასდროს არავის ვაპატიებ. უბრალოდ, ჭკუა ისწავლეს, თორემ მე ახლაც ის მოთამაშე ვარ, რაც ადრე ვიყავი.
– რაგბიში შენი პირველი ნაბიჯებიც გაიხსენე...
– რაგბიზე 17 წლისა მივედი, მანამდე კალათბურთს ვთამაშობდი. „ლელოში“ ლევან მაისაშვილმა მასწავლა რაგბი. მერე იყო ახალგაზრდული ნაკრები, დიდი ნაკრები და 20 წლისა „ლელოდან“ წამოვედი საფრანგეთში.
– ნაკრების ბევრი მოთამაშე „ლელოს“ აღზრდილია. შენი აზრით, რის გამოა „ლელოს“ სარაგბო სკოლა საქართველოში საუკეთესო?
– იმიტომ, რომ ლევან მაისაშვილი საქართველოში ყველაზე მაგარი მწვრთნელია. სხვა მწვრთნელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ლევანი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია.
http://ptpress.ge/index.php?option=com_con...porti&Itemid=10