
E:/CHVENIO/2014_10/141022_OTX/141022_ragbi-FERXULI.htm
დავიწყებული ფერხულიჩვენო გაზეთო! გულდასმით წავიკითხე ნარკვევი ზელანდიური ჰაკას შესახებ.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენშიც ასრულებდა რომელიღაც გუნდი მსგავს მისალმებას.
თუა შესაძლებელი, წვრილად მოგვითხროთ ამის შესახებ.
მაინტერესებს ყველაფერი - ლექსი, ქორეოგრაფი და ქართული ჰაკას მოკლე ისტორიაც.
პატივისცემით რუბენ მაზმიშვილიჩვენო მკითხველო!იმ გუნდს "13 ქართველი" ერქვა, ხოლო რიტუალს "სარაგბო ფერხული".
ცეკვა 2005 წლის თებერვალში დადგა უმცროსმა ილია სუხიშვილმა.
ბიჭები ფერხულით ესალმებოდნენ მეტოქეებს - ჰოლანდიას, სერბეთს, რუსეთსა და საფრანგეთს.
საშინაო მატჩებში ცეკვა შესრულდა სამჯერ - თავდაპირველად ეროვნულზე და ორჯერაც - ვაკეში.
ნეთში კანტი-კუნტად შემორჩენილია ფოტოები, ხოლო ვიდეოს ვერ მივაგენით.
არადა, ნამდვილად არსებობს ჩანაწერები - საჭიროა მათი მოძიება, გაციფრება და იუთუბზე ატვირთვა.
თუ ვინ უნდა იკისროს ეს საშური საქმე, დღესდღეობით ძნელი სათქმელია.
საკუთრივ გუნდი 2006 წლის ივნისში დაიშალა. მას აქეთ 13-კაცა ჩვენში მივიწყებას მიეცა,
ლიგის აქტივი კი რაგბის კავშირში მოღვაწეობს და მეტწილად შვიდკაცას კურირებს.
სამოელი ალეს რჩევით"13 ქართველს" სამოელი რიჩი ალე ავარჯიშებდა. ეს კაცი გაეროს აქაური მისიის დაცვის შეფად მუშაობდა.
ჩვენს პრესაში შემორჩენილ ცნობათა თანახმად, ლიგის პიონერებმა - ნონო ანდღულაძემ და გიო ასათიანმა
სწორედ რომ მისი რჩევით დაიწყეს ფიქრი ქართულ ჰაკაზე.
ბიჭები სუხიშვილთან სანდრო ჩხენკელმა დააკავშირა.
ქორეოგრაფს ჯერ კიდევ 2003 წელს შეეთავაზებინა "სამოტივაციო ცეკვის" დადგმა რაგბის კავშირისთვის,
მაგრამ უარი მიეღო, რაკი "ბორჯღალოსნები" ავსტრალიაში, მსოფლიო თასზე დებიუტისთვის ემზადებოდნენ
და უფულობით ფრიად გაწამაწიაში იყვნენ.
ბატონმა ილიკომ ლიგელებისთვის რამდენიმე ვარიანტი მოხაზა, ლექსი კი რატი ამაღლობელმა დაწერა.
გაჩაღდა რეპეტიციები. მათზე ბიჭები მინიმუმ თითო საათს მეცადინეობდნენ თავად სუხიშვილისა
და ანსამბლის ცნობილი წევრის, ჯემალ ხუნდაძის ხელმძღვანელობით.
ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!ვიდრე ვიდეო ხელმისაწვდომი გახდება, მოვიტანოთ "ფერხულის" სიტყვიერი აღწერა,
რაკი "რაგბი ჩვენში აქამდეც მოყოლითაა":
რიტუალი რიტმ-დოლის (ელიბო იმერლიშვილი) თანხლებით სრულდება.
10-წამიან შესავალს მოყვება 25-წამიანი ცეკვა, რომელშიც
რიგითი, არა-ხელოვნებათმცოდნე მოკვდავი 6 ნაწილს გამოარჩევს -
საწყის ოთხში ბიჭები პირველ სტროფს აგუგუნებენ, ბოლო ორში კი - მეორეს.
ლიგელები თავიდანვე წრეს კრავენ და ერთმანეთს მკლავებს გადააჭდობენ.
შუაგულში დგება დამწყები. იგი პირველ ნაწილში ყვირის:
"ცამეტი ქართველი მებრძოლი დღეს /
გიწვევთ ბრძოლაში, ბრძოლაში გიწვევთ!"
ამ დროს სხვანი შეწყობილად ტორტმანებენ.
მეორეში მოფერხულენი დამწყებს აყვებიან ღრიალში და ფეხებს აბრახუნებენ.
მესამეში იგივე მეორდება, ოღონდაც წრე ჯერ აქეთ და მერე იქეთ ტრიალებს.
მეოთხეში მოცეკვავენი იჩოქებენ.
მეხუთეში წრე იშლება, ბიჭები დგებიან და მეტოქისკენ ბრუნდებიან,
მეექვსეში კი მისკენვე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ და მხრებს ისე ამოძრავებენ, თითქოს დამხვდურს ეჯახებიანო.
ბოლო ორ ნაწილში რაზმი ყვირის:
"ჩვენ ვდგავართ ერთად და ვამბობთ ერთს /
გულები ბრძოლის წყურვილით გვიცემს",
სალამ-ქადილის ფინალი კი ასე ჟღერს:
"მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს; ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!"
ჰაკა ჩაიზე მიპატიჟებააორეცენზენტი შენიშნავს: კრიტიკოსთა სლენგით
"ხმამაღალი სიტყვა მოძრაობაში ნივთდება და ძლიერ ინდივიდებს მიზან-სწრაფვა აერთიანებთო", ხოლო
ხალხურ ენაზე "ასე გავეშებულ, ძალუმად მომავალ ვაჟკაცთა დანახვაზე მეტოქენი ადგილზე ჩაისველებენო"
მეტიც, სტატიის ლიდში წერია, "აქაურ ფანობას სულ მალე კივური ჰაკას დავიწყება მოუწევს,
რაღაი ქართველ ლიგელთა ფერხულთან შედარებით ეგ განთქმული რიტუალი ბაგა-ბაღის ბავშვთა იწილო-ბიწილოდ გვიჩანსო,
"რაგბის მატიანის" თანახმად კი, ინგლისელ თვითმხილველს მავან საფიხვნოზე დაუპოსტავს,
კავკასიური რიტუალის ფონზე ჰაკა ჩაიზე მიპატიჟებად მოგეჩვენებათო.
@
მიმაგრებული სურათი