ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 19658
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07
|
#34459015 · 24 Dec 2012, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაწერილია აპრილ-მაისში, ჟურნალის პირველი ნომრისთვის
ბურთის შეგრძნება
მამუკა ჩიხლაძე
საკმარისია, რომელიმე ქართულმა გუნდმა არატრადიციული, "არაქართული", არამთლადძალისმიერი, ანუ გაშლილი, შერკინებასა და უკანა ხაზს შორის დაბალანსებული რაგბი ითამაშოს, ანუ შესკდომის მაგივრად იბურთაოს, ქართველი ქომაგებში ეს იწვევს უცნაურ გრძნობას - მოწონებას თან ახლავს ერთგვარი კონსერვატიული ბუზღუნი.
არიქა, რომ ეს ბურთაობა და ღია თამაში, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ემანდ მთავარი გვერდზე არ დაგვრჩეს კაცო - აიღე და მიეძალე ჯიგრულად და მამაპაპურად! ისე არ მოხდეს, შვილოსა, რო ძველიც დაგვავიწყდეს და ახალიც ვერ შევითვისოთ.
მაგალითები: ამას წინათ, ჩვენმა "ა" ნაკრებმა რომ მოუგო უელსის პირველობის რჩეულთა გუნდს. უელსელებმა დაწერეს, რომ ჩვენი შერკინება კი მოერია მაგათსას, მაგრამ ბეკები ძალიან სწრაფები ყავდათ და გაგვაბურთავესო. ამაზე ჩვენი ქომაგების რეაქცია ასეთი იყო - შიშნარევი მოწონება. ოდეს ყოფილა, რომ ქართველ კაცს შიგ შუბლში შესკდომას პასის მიცემა ერჩივნაო.
ზუსტად იმავე პერიოდში ჩვენმა თვრამეტწლამდელებმაც დაამარცხეს იტალია, თან ხოშიანად გააპამპულეს ორივე ლელოზე. ეს კარგიო, მარა იმას რა ვუყოთ, რო იტალია მთელი თამაში მოლს გვიგორებდა და ჩვენ ამას ვერაფერი დავუპირისპირეთო. რამე ხომ არ შეიცვალა ჩვენი ჭაბუკების და ბავშვების მომზადების მეთოდიკაში და ესე თუ გავაგრძელეთ, ქართველი ბურჯი გადაშენების საფრთხის წინაშე ხომ არ დადგებაო.
და რუმინეთთან თამაში მსოფლიო თასზე. აბსოლუტურად ულაპარაკო, ყველა კომპონენტში, აშკარა უპირატესობით მოგებასაც მოეძებნა "ხინჯი" - როგორ მოხდა, რომ მაგ ვლახებმა სტატიკაში გვაჯობეს და ერთი-ორჯერ შერკინება დაგვიტრიალესო. მერე რა, რომ იმავე მორკინალებმა ღია თამაშში გადაუარეს რუმინელებს, სტატიკა წაგვიგია!
და აი დარდი, თუ წაგვიგია. მით უმეტეს, როგორც მერე აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ზირაქას თურმე რაღაც სტკიოდა და მთელი ძალით ვერ აწვებოდა. იტალიელმა ჭაბუკებმაც რაღაცაში გვაჯობეს – აბა, ყველაფერში ჩვენ ხომ არ ვაჯობებდით.
თან მოლში დაჯაბნა სულაც არაა მორევა - უფრო ხერხით ჯობნაა. იტალიას ჩვენზე ტექნიკური შერკინება ჰყავდა და ამიტომაც გვაჯობა მოლში. ჯამში კიდევ, ჩვენ მოვუგეთ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოვიყვანოთ კიდევ ერთი ტენდენცია. საკმარისია, ნეტში დაიდოს რომელიმე ქართველი მორაგბის ჩხუბი, მაგალითად - შალვა სუთიაშვილი ნოკაუტში აგდებს სამ ფრანგს - და მიაწყდება აღტაცებული კომენტარები. ან მამუკა გორგოძის რომელიმე მსგავსი ეპიზოდი. ადრინდელი.
ან კიდევ, პირდაპირ სასაცილო კადრი - როგორ ახორციელებს სამ თუ ოთხდარტყმიან სერიას - მარცხენა-პირდაპირი-მარჯვენა…- ვიტო კოლელიშვილი. და სასაცილო რა არის: (ახლა არის სასაცილო, თორემ მაშინ...) მარიუს ტინკუ, ეს საზიზღარი პროვოკატორი, დემონსტრაციულად არ ანძრევს ხელს, თითქოს ეუბნება - აჰა, გამოუშვი ერთი აპერკოტიც და მოვიდა წითელი ბარათი! და მოცელილივით ვარდება. ქართული კრივისა და ქართული გენის გულშემატკივართა კომენტარები არის აღტაცებითი.
არადა, გორგოძე სულ უფრო იშვიათად ხვდება ხოლმე აყალმაყალებში; სუთიაშვილი ძალიან მშვიდი და არააგრესიული ადამიანია, უბრალოდ, ჩავარდა ეგეთ სიტუაციაში - ხდება ხოლმე; კოლელიშვილიც ალბათ აღარასოდეს წამოეგება პროვოკაციას,
მაგრამ ჩვენ მაყურებლის დამოკიდებულება გვაინტერესებს - ქართველი მაყურებლისთვის კი, რაგბის მთავარი ატრიბუტებია ღონე, უხეში ძალა და ხშირად - აგრესიაც. რახან მოგვწონს, ესე იგი ზუსტად ამას მოვითხოვთ მორაგბეებისგან.
ქომაგის დამოკიდებულებაც გასაგებია და მისი ემოციური მიდგომაც. და ახლა განვიხილოთ ასეთი საკითხი - ვთქვათ, ქართველ მწვრთნელს გასაკეთებელი აქვს ასეთი არჩევანი:
ათამაშოს ტექნიკური მოთამაშე, რომელიც გააკეთებს მეტ ფინტს, მეტ ოფლოუდს, ოღონდ, შეიძლება ერთხელ კაცი გაატაროს; თუ დააყენოს ჯანიანი ჯეელი, რომელიც ფინტს ნამდვილად არ გააკეთებს, შეიძლება პასიც არ გაუშვას თამაშში არცერთი, მაგრამ შეაკვდება და კაცს შეუბოჭავს არ დატოვებს, ხოლო შეტევაში ითამაშებს უბრალო შესკდომას.
ანუ რა ჯობია, ერთით მეტი ფინტი თუ ერთით მეტი ბოჭვა? დარწმუნებული იყავით, რომ მწვრთნელი მეორე მოთამაშეს დააყენებს. შესაბამისად, ქართვლი მწვრთნელის პრიორიტეტიც ასეთია: ჯერ ჯანი და "ფიზიკა", ეს აუცილებლად, ხოლო მერე - ბურთი და ტექნიკა, შეძლებისდაგვარად.
რომ არ გადავამლაშოთ, ბოლო 10-15 წლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში ეგეთია - ძალისმიერი საწყისი დომინირებს, უბრალოდ მათ იციან, როდის შეჯგუფდნენ და როდის გაიშალონ, როდის დაარტყან და როდის გვერდზე გაუშვან ბურთი, ბურთის გრძნობაც ლამის თხუთმეტივე კაცს ერთნაირი აქვს, ხოლო ჩვენ კი ახლა ვსწავლობთ და ადრე არ ვიცოდით. ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ მოედანი და ბალახი გვიჭირდა და ბურთაობაც ამიტომ არ გვივარგოდა.
მაგრამ, ეს შეეხება სივრცეში ორიენტირებასა და ბურთაობას, ხოლო პასის დახვეწას და ბურთთან გაშინაურებას მოედანი სულ არ სჭირდება და ბალახი – მით უმეტეს. სამხრეთაფრიკელები იყვნენ ათიოდე წლის წინ ჩამოსულები.
მათი თანმხლები ჩვენებური გაკვირვებული იყო - სულ ბურთი უჭირავთ ხელში კაცოო, სასადილოდაც რომ ჩადიან, გადაუგდებენ ერთი მეორეს და პასაობენო. ქუჩაშიცო.
დაბოლოს, განვიხილოთ ჩვენი დამოკიდებულება რაგბის მიმართ. ჩვენი, ანუ მშობლების. როგორი ბავშვი შეგვყავს რაგბზე? მეტწილად - ჯანიანი, ტანად მოსული, ზე-ენერგიული, სწრაფი, ამტანი... ან პირიქით - სუსტია, მსუქანია და გვინდა, რაგბში გამოიწრთოს.…
და თუ ბავშვს ბურთის შეგრძნება აღმოაჩნდა, ხშირად მიგვაჩნია, რომ ეს რაგბისთვის ზედმეტია, ამ ნიჭს ტყუილა ხომ არ გავფლანგავთ და მივაბარებთ ფეხბურთს ან კალათბურთს (აქ არ იგულისხმებიან მორაგბე მამები - მათ თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში რაგბზე შეჰყავთ). ესე იგი, ჩვენი პრიორიტეტი და დაკვეთაც იგივე ყოფილა - ამ აბზაცში განხილული ხალხის, მამების. შეიძლება დედებისაც.
რაც ზემოთ ვილაპარაკეთ, იმის შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ქართულ რაგბს აკლია მობურთალები და არ აკლია მოჯაჯგურეები. და რაგბი...
რაგბი არის თამაში. სპორტი. სპორტული თამაში. კი, ის ყველაზე მეტად წააგავს ხელჩართულ ბრძოლას, თუ გნებავთ – ომსაც, მაგრამ იმიტომ, რომ ასეთი ფორმა აქვს და არამცდაარამც - შინაარსი. არსი ყველა სპორტულ თამაშს ერთიდაიგივე აქვს: უნდა აჯობო მეტოქეს - ჯანღონით, ამტანობით. ბურთაობის ტექნიკით, გუნდურობითა და ჭკუით. ინტელექტით. უნდა გააბურთაო.
კალათბურთში მიზნის მიღწევა (ბურთის ჩაგდება) შედარებით ადვილია. იმიტომაც გადის ყოველ თამაშში ორმოცდაათზე მეტი. თამაში არის ერთი ერთზე, საკმარისია მეტოქეს დაასწრო წამის მეასედით და ბურთის ზუსტად სროლა მოასწრო. ვერ ვიტყვი, რომ პასი კალათბურთში ძალიან არსებითი რამაა და მთავარია თუ არა გამთამაშებლისთვის.
ხოლო თუ მაიკლ ჯორდანი ხარ, შეგიძლია ხუთივე მეტოქეს გასცდე და ჩააგდო. ორი ვარსკვლავი უკვე გუნდია. სამი ვარსკვლავი - ძლევამოსილი გუნდი.
რაგბში ჯორდანები არ არიან. არც მესები, როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა. ჰო, ფეხბურთი კალათბურთზე უფრო გუნდური სპორტია. აქ უკვე 11 კაცი თამაშობს, სივრცე დიდია და პასი არსებითი რამეა. მე ვიტყოდი, მთავარი კომპონენტია. მაგრამ აქ არის მესი და კრიშტიანუ რონალდუ... სამი ვარსკვლავი უკვე ძლიერი გუნდია.
ხოლო რაგბში იყო ერთადერთი ზე-კაცი, ჯონა ლომუ, ისიც - ერთი თამაშით: ჯონამ მარტომ მოუგო ინგლისს მსოფლიო თასის ნახევარფინალი, ვისაც დაეჯახა, გადათელა და გაანგრია, მაგრამ ფინალში მასაც მოუძებნეს წამალი და ისევ კაცად დააქვეითეს. რაგბში ორი ვარსკვლავი გუნდი არ არის. არც სამი. შესაძლოა, ეს ყველაზე გუნდური სპორტია.
მიზნის მიღწევა (ლელოს გატანა) აქ ძალიან რთულია. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პასს - დროულს, წამის მეასედში გათვლილს, ორიგინალურს, ეშმაკურს, ხან სხარტს და ხან - დაპაუზებულს, გინდა ხელით და უკვე ფეხითაც კეთდება პასები... უფრო სწორად - ფინტი, გარღვევა და მერე ყველაფერი ის, რაც დავწერეთ - არის უმაღლესი პილოტაჟი.
ანდა კიდევ უკეთესი - შესკდომაში პასი ანუ ოფლოუდი. შესკდომა ნამდვილად ქართულია და თან პასსაც რომ დავამხეცებთ, მერე ნახეთ თქვენ. თან ქართველი ბურჯიც დარჩება ქართველ ბურჯად. ოღონდ ბურთიც კარგად ეცოდინება.
რაგბი არის ინტელექტუალური ბურთიანი თამაში. რახან რაგბის ჟურნალში ვართ, ვთქვათ, რომ (ერთ-ერთი) ყველაზე ინტელექტუალური. და მორაგბეს არავისზე ნაკლები ჭკუა და ბურთის შეგრძნება არ მოეთხოვება.
@
მეეჭვება ეს წერილი ბომონდს წაეკითხოს, თორემ აფორიაქდებოდნენ. ჟურნალი მალე გაიყიდა, მაგრამ ერგო საზოგადოებას და არა მუქთ სასუნავს მიჩვეულ მო-ზანოს-ე თემს
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 24 Dec 2012, 11:11
|