http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-r...alosnebzeq.html "თავის ქალა ახადეს" - რას წერს rugbyworldcup.com "ბორჯღალოსნებზე"
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში გასულ უქმეებზე ჩაერთო. ეს შეჯიბრება, იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეცაა. "ბორჯღალოსნები" გათამაშების ლიდერები და უმთავრესი ფავორიტები არიან.
ჩვენმა გუნდმა მეორე წრის პირველ ტურში შინ დაამარცხა დებიუტანტი ბელგია - 35:0 და ახლა ლისაბონში, პორტუგალიელებთან დაპირისპირებისთვის ემზადება.
ამასობაში კი მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა rugbyworldcup.com-მა ერთა თასს სპეციალური წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
"2015 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებით განახლდა, რომელშიც ბელგია, საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და რუსეთი მონაწილეობენ.
მარტში, შესარჩევი ეტაპის დასრულებისთანავე, პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდებიან, ხოლო მესამეადგილოსანი გუნდი წლეულს რეპეშაჟში გადათამაშების უფლების მოსაპოვებლად, პირველი დივიზიონის გამარჯვებულ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე, როგორც ევროპა 1 გავა, სადაც C ჯგუფში ახალ ზელანდიას, არგენტინას, ტონგასა და აფრიკა 1-ს შეუერთდება.
ქართველებისთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ახალ ზელანდიასთან მატჩი იქნება, რომელიც კარდიფის "მილენიუმზე" 2 ოქტომბერს გაიმართება.
რუმინეთის ნაკრები ამ დროისათვის ევროპა 2-ის პოზიციაზეა და თუ ტურნირის დასრულებისას იმავე პოზიციას შეინარჩუნებს, შესაბამისად, D ჯგუფში საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიასა და კანადას დაუპირისპირდება.
ნოემბრის ტესტების შემდეგ
ექვსივე გუნდს საკმაოდ დატვირთული ნოემბრის თვე ჰქონდა. ესპანეთმა ჩილე დაამარცხა - 26:3, ხოლო მეორე შეხვედრა დათმო ურუგვაისთან, რომელიც თავის მხრივ, მარტში აშშ-ს ეთამაშა მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში.
ბელგიამ შინ გაიმარჯვა ტუნისთან - 26:10, მაგრამ გასვლაზე ორი მარცხი იწვნია ჰონგ კონგთან. პორტუგალიამ ასევე ერთი მატჩი მოიგო (ბრაზილიასთან - 68:0) და ორი შეხვედრა დათმო (ფიჯისთან - 13:26 და კანადასთან - 8:52).
საქართველომ და რუმინეთმა ნოემბრის ტესტებზე რეიტინგში მათზე მაღალ საფეხურზე მყოფ გუნდებს "თავის ქალა ახადეს". რუმინეთმა ტონგას და კანადას ბრწყინვალედ სძლია, მაგრამ ბოლო მატჩში ფიჯისთან დამარცხდა.
"ბორჯღალოსნებმა" კანადას სძლიეს, დამარცხდნენ აშშ-სთან და ტესტების უკანასკნელ შეხვედრაში სამოას, მსოფლიო რეიტინგში რვა საფეხურით უფრო მაღლა მდგომ გუნდს სძლიეს.
კუნძულელებზე ისტორიულმა გამარჯვებამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის. გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის მიღწევა საზოგადოებრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
"რაგბი საქართველოში სწრაფად ფორმირდება, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა და ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხოთ, რომელი გუნდით ამაყობენ ყველაზე მეტად, უმეტესობა რაგბის ეროვნულ ნაკრებს დაასახელებს. "ბორჯღალოსნებმა" დაიმსახურეს სახალხო გუნდის წოდება; საქართველოში ყველამ იცის, რომ ისინი არაფერს დაზოგავენ და ბოლო წუთამდე იბრძოლებენ, რასაც ქართველი ქომაგი ნამდვილად აფასებს.
შესაბამისად, მთავრობის, IRB-ის, FIRA AER-ისა და სპონსორების მხარდაჭერით, რაგბი დიდი ტემპებით ვითარდება საქართველოში. ამ სახეობის განვითარებით ჩვენ ყველანი ერთად კარგ საქმეს ვაკეთებთ და სწორედ ასეთმა ძალისხმევამ გამოიწვია უკანასკნელი წარმატებები."
რუსული ოპტიმიზმი
მესამეადგილოსანი რუსეთი ნოემბერში დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც ნეიტრალურ მოედანზე იაპონიასა და აშშ-ს ეთამაშა. ორივე ტესტში წაგების მიუხედავად, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ჰოვარდ თომასს სჯერა, რომ ოპტიმიზმი არცთუ უადგილოა და ბრძოლა ევროპიდან ავტომატურად მსოფლიო თასზე გასასვლელად ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
"ტოტალიზატორების აზრით, ჩვენ რეპეშაჟით გადათამაშებაში მოვხვდებით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად გასვლას ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. თუ ერთა თასზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დავიკავებთ, მაშინ ჩვენ კიდევ გვრჩება შანსი, მესამე ადგილზე დავასრულოთ ტურნირი და გადათამაშებით გავიდეთ 2015 წლის მსოფლიო თასზე.
რუმინეთის ნაკრების შინ მიღება დიდ რამეს ნიშნავს ჩვენთვის. შარშან ბუქარესტში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მატჩის ბოლო 10 წუთს თუ არ ჩავთვლით. წლეულს ბევრად უფრო ძლიერ გუნდს მოვუყარეთ თავი.
საქართველოს და რუმინეთს მსოფლიოს კლასის მორკინალები ჰყავთ, მაგრამ ამიერიდან მათგან პირწმინდად წალეკვის აღარ გვეშინია. ორივე გუნდი ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას სთავაზობს მოწინააღმდეგეს, რომლის მსგავსსაც არცთუ ისე ბევრი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ, რადგან ამ გუნდებს ყოველწლიურად ვეთამაშებით.
2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენ შვიდი ხელსაყრელი საჯარიმო ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს".