მაგ თემას ეხმაურება = 8 წლის წინდელია
კოკა ლაზიშვილმა წაიკითხა და იკითხა "რას ნიშნავსო?
თქვენც გაერთეთ, და ვისაც ბმულზე დაწკაპვა ეზარება,
სრულად გადმოვდებ აქედან
http://qaflan.netai.net/Msoflioshi/G3/31_Maori.htm2006
გვეყოლება მაორი 10 ნომერი!ქიმიის დოქტორ ქავთარაძის საიდუმლო მისიამალე ... თბილისის კერძო კინო-თეატრებში სრულ-მეტრაჟიან კივურ ფილმს, "ოლ ბლექ დენ კარტერის ვნებებს" ხომ იხილავს ზეპურ რაგბს დანატრებული აქაური ფანობა და ეროვნულ ნაკრებ "ბორჯღალოსნებშიც" 10 ნომრად მაორ ისა ნათევას დავიყენებთ. ამ საშურ საქმეზე ბევრი იმუშავეს ქართული რაგბის უჩინარმა მოკეთეებმა და ზელანდიაში მოღვაწე თბილისელი კაცის, ლევან ქავთარაძის გამოისობით დღე-დღეზე გაჩარხავენ ეპოქალურ გარიგებას.
ესოდენ მნიშვნელოვანი ამბის ხარება ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტებით, ანუ ბექ-გრაუნდის მოტანით დავიწყოთ:
ჩვენს ფანობას ზეპური რაგბი იმად ენატრება, რომ რაგბის კავშირი და საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგა ხანია პინგ-პონგს თამაშობენ და ერთმანეთს ავალებენ იმ 12 გამორჩეული მატჩის ყიდვას, რომელთა ხილვაც წვრილ-ფეხობას მრავალ საჭირბოროტო კითხვაზე თვალს აუხელდა და გაფეტიშებული მრგვალი ბურთიდან კეთილშობილი ოვალურისკენ ერთხელ და სამუდამოდ მიაბრუნებდა.
კივეთი ახალი ზელანდიის არა-ფორმალური თიკუნია; მთლად შავად შემოსილი და ჰაკის მოღრიალე ოლ ბლექსი ამ ქვეყნის რაგბის ნაკრები და ხატებაა; პივოტი (10 ნომერი) დენ კარტერი კი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა. ზეპურ რაგბად ზე 14 და სამი (მაგრამ არამც და არამც ექვსი) ერი მოიხსენიება; ბორჯღალოსნები ჩვენი მშენებარე ქვეყნის ყველაზე ალალი და უღალატო მობურთალთა ანსამბლია, მაორი კი კივეთის მკვიდრ, ყავისფერ მოსახლეობას ჰქვია (მოსულებს პაკეჰა ეწოდებათ).
ლევან ქავთარაძე ძველი მორაგბე ხომაა და ამაზე უწინარეს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორია. რაკი განათლების რეფორმისა გამო ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ორგანული ქიმიის მცოდნენი აღარავის ჭირდება, ლევანი ოჯახიანად ბარემ ათი წელია ქვეყნიერების დასალიერს გადახვეწილა და ჰემილტონში, ვაიკატოს უნივერსიტეტში მკვლევარად იღვწის. ბატონ ლევანს ახალ სტეროიდთა სინთეზისთვის კივეთში პატენტები მიუღია, აქ კი 1970-იან წლებში ყველაზე ლაღი, და ხალასი, არა-ფორმალური და ავტორიტეტთა არმცნობი გუნდის, თბილისის "სპარტაკის" წევრი ყოფილა.
დოქტორი ქავთარაძე სამშობლოსთან კავშირს არა წყვეტს და მსოფლიო რაგბის განვითარებაშიც რიგიანადაა ჩახედული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ზელანდიაში რაგბს ყველა ფენა ეტანება, ჰემილტონში კი ბინა უდევს ზე 14-ის მონაწილე ჩიფსს (ბელადები), რომლის უკანა ხაზშიც ბობოლა ოლ ბლექები, ბაირონ კელეჰერი, მალილი მულიაინა და სიტივენი სივივატუ ბურთაობენ.
ბატონმა ლევანმა 2003 წლის მსოფლიო თასის წინ ბორჯღალოსნებს ვაიკატოში გაუხერხა საწვრთნელი შეკრება, მაგრამ აქაურმა მხარემ საჭირო ფხა ვერ გამოიჩინა და ქველი წამოწყება ჩაიშალა. თვისტომის მარიფათის ამბავი რომ კარგად ახსოვდა, ჯერ კიდევ შარშან დოქტორ ქავთარაძეს შეეხმიანა შეზღუდული პასუხისმგებლობის (მაგრამ არამც და არამც ტოტალურად უპასუხისმგებლო) საზოგადოება "ზანოს-ზახვატი", რომელსაც უზენაეს მიზნად ზუ-ური ჟარგონის (სათაურში გატანილ სიტყვებს პლუს ზაჩოტკა, ზამენა და ზაბროსი) ტკბილ-ქართულის განუყოფელ ნაწილად დამკვიდრება დაუსახავს.
დრაკონული კანონ-მდებლობაშპს "ზანოს-ზახვატის" ინტერესთა სფერო კვაზი-თეორიულსა და პრაგმატულ ლინგვისტიკას საფუძვიანად სცილდება. საზოგადოება ხედავს, რომ 47 ბორჯღალის პატრონი და ნაკრებისთვის 273 ქულის მომტანი პალიკო ჯიმშელაძე მოგვიბერდა და 2011 წელს, ზელანდიაში დანიშნულ მე-7 მსოფლიო თასამდე ვეღარ მიატანს. ამიტომ ქართული რაგბის მოამაგენი მომავლის 10 ნომერს დაეძებენ სად, სად და რა თქმა უნდა, დენ კარტერის, ლუკ მაკალისტერის, ენდი მერთენსის, კარლოს სპენსერისა და გრანტ ფოქსის ქვეყანაში.
ქავთარაძე ჩიფსის ფანი კია, მაგრამ ჩრდილო კუნძულის უდიდესი ქალაქის, ოკლენდის ბლუზზეც (ლურჯები) მიუწვდება ხელი და კივეთის დედაქალაქ ველინგტონის ჰარიკენზთანაც (გრიგალები) წილნაყარია. შპს "ზანოს-ზახვატის" წაქეზებით მას უკვე თვალი დაუდგამს გაქართველების კანდიდატებისთვის. ეგენი არიან ისა ნათევა და ვილიამე ვანქასენ-დუნდუა (ორივე ბლუზი) და ისაია ტოეავა (ჰარიკენზი), მაგრამ სტრატეგიულ მოსაზრებათა გამო, პრიორიტეტი ნათევაა და აი რატომ:
რაგბის კანონმდებლობა სხვა სპორტებისაზე მკაცრია. თუ ბესიკ ლიპარტელიანს შეეძლო ხუთ-ჯვრიანი პასპორტი სამგორი-მთაწმინდის სერვის-ცენტრში აეღო ზანგ შემონდ ვილიამსისთვის და ფინეთთან მეორე დღესვე ეთამაშებინა; თუ ლევან ახვლედიანი ბრაზილიელ მობურთალებს იბირებს და პლაჟ-ბურთს ჟორჟას სახელით გაისადვე ათამაშებს; თუ ირაკლი ჯაფარიძის შნოით ელენა ზაიკინა აგერ უკვე ერთი წელია, რაც გრუზინკაა და თავისუფლად და-ფიგურულ-ციგურაობს,
რაგბში მოქმედებს კონსერვატორ ირბ-ის მე-8, დრაკონული კანონი (ქვეყნისადმი მოთამაშეთა კუთვნილება), რომლის თანახმადაც
(1) პასპორტი ფარატინა ქაღალდია!
(2) თუ ერთი ქვეყნის პირველ, მეორე ან შვიდკაცა ნაკრებში გითამაშია, სხვა ქვეყნის სახელით ვეღარ ირაგბებ;
(3) მაგრამ თუ (2) მუხლი არ გაბრკოლებს, დღესვე შეგიძლია იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში, სადაც თავად დაბადებულხარ, ან იქაურები გყოლია დედა, მამა, ბებია ან ბაბუა,
(4) ხოლო თუ (3) პირობის ბოლო დებულებას ვერ აკმაყოფილებ, მაშინ ამ ქვეყანაში 36 თვე უნდა იცხოვრო და მერეღა შეეძლებათ ნაკრებში შენი ხმობა.
გვიან არ იყოს თითზე კბენანიშპს "ზანოს-ზახვატის" აქტივის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, ტყაჩირის, ჭუბურხინჯის ან ონოღიას მმაჩიდან მოიტანონ ცნობა, რომ ვილის ბაბუა ომგერ დუნდუა და ისაიას ბებია ჩანთა ქოიავა საქართველოს მიწა-წყალზე არიან დაბადებულები, მაგრამ ჩვენ კივეთში 10 ნომერს დავეძებთ და არა ირაკლი "ტონგა" მახჩანელის დარ გარემარბებს, რის გამოც ნათევას დათრევის ხათრით სამი წლით მოცდა გვიჯობს.
ვაგლახ, რომ ნათევას სივი (საბუთები) სანახევროდ გაფუჭებული აქვს ფიჯის სახელით შვიდკაცაობისა გამო, მაგრამ თუ ირბ-ს მოვთაფლავთ, მამები ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებენ. სხვაფრივ, ბიჭი ოკლენდიდან სოფელ დიღომში გადმოსვლაზე მაინც ყაბულსაა, რადგან ვაიკატოს მხარეში უმუშევრობა მაორთა შორის 20 პროცენტია, კივური ჰაკის მსგავსი ფერხული ჩვენს "13 ქართველს" უკვე შეუთვისებია, სახის ტატუირებაში ჰავლაბრელი ვიზაჟისტები მაორებზე ნაკლებად როდი გაწაფულან და სტუდია "მაესტროც" ფლოვიან მულღაზანზრელს ხალისით შეურჩევს ტურფა ხარჭას (გელ-ფრენდი).
შპს "ზანოს-ზახვატის" ჩანაფიქრით, ნათევა სამი წელი ყველაზე მზარდ ქართულ გუნდში, "ხულიგანაში" ირაგბებს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მავან სკეპტიკოსთა აზრით, ამით კივი პივოტი კანიბალურ ძირებს საბოლოოდ მოწყდება, აზროვნების სისხარტეს დაკარგავს და რიგითი გიურჯი 10 ნომრის დონეზე დაეშვება. ერთი სიტყვით, ვიდრე ისაიას ჩამოიყვანდეთ, სერიოზულად გვმართებს დაფიქრება, რათა მერე გვიან არ იყოს თითზე კბენანი!
ელგუჯა ოღლაფიროვი:::