მატჩის შემდეგ
ჯეიმზ შენაჰანი, საგრაფოების ნაკრების მწვრთნელი:"ველოდით, რომ ფიზიკურად მძიმე მატჩი იქნებოდა. საქართველოს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაკში შესანიშნავად ითამაშა და მოლშიც მედგრად დაგვიდგა.
პირველ ტაიმში ბრძოლა თანაბარი იყო. შესვენების შემდეგ თამაში წაგვივიდა, მეტოქემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც გამოვიყენეთ კიდეც და ანგარიშში სხვაობა ამოდენა ამიტომ გამოვიდა.
თამაში სანახაობრივად, ვფიქრობ, კარგი იყო. ბურთს ჩვენ უფრო მეტხანს ვფლობდით. ქართველებმაც შეძლეს რამდენჯერმე თამაშის გაშლა".
ბენ ჰილტონი, საგრაფოების ნაკრების კაპიტანი:"მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ქართველი მორაგბეების მიმართ. ძალიან აგრესიულად, თავგანწირვით თამაშობდნენ. რამდენიმე ჩემი თანაგუნდელი გასახდელში გვარიანად დაჟეჟილია.
ვფიქრობ, მეორე მატჩში თქვენი გუნდი ნამდვილ სახეს გამოაჩენს".
ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მწვრთნელი:"ამ ერთი, თუნდაც სუსტი თამაშით დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. გუნდი ერთი კვირაა, რაც შეიკრიბა, სულ რაღაც შვიდი-რვა ვარჯიში გვქონდა ერთად.
ცხადია, კმაყოფილი ვერაფრით ვიქნები. წნეხის ქვეშ მორაგბეები ხშირად ცდებოდნენ. ეს მათი ახალგაზრდული ასაკისა და შეუთამაშებლობის ბრალია.
ვერ შევძელით იმის ჩვენება, რასაც ვგეგმავდით. წინ მეორე თამაში გვაქვს. ამ შეხვედრას გავაანალიზებთ და, თუ ვინმეს აქვს თავისი ამბიციები დასამტკიცებელი, დაამტკიცოს. გამორიცხული არ არის, ვინმე კიდევ დავიმატოთ. გააჩნია, ტრავმები რამდენად სერიოზულია.
ინგლისელთა გუნდი კარგად შეთამაშებული კრებულია. ღია თამაშში, ორთაბრძოლებში გვაჯობეს. ბურთსაც მეტწილად სტუმრები აკონტროლებდნენ. ერთი სიტყვით, ინგლისელებისგან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ".
ჯეისონ ლეონარდი, ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი:"საქართველო ძალიან მეგობრული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ბევრი რამ მანახა, გამაცნო. მოხიბლული ვარ.
რაც შეეხება თამაშს, ეს ორივე გუნდის მორაგბეებისთვის სასარგებლო გამოცდილებაა. ჩვენ რაგბის ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვეხმარებით.
ვფიქრობ, ანგარიში რეალურად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. ქართველებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და მეტოქემ ეს გამოიყენა. თუმცა, სანამ აქ მოვიდოდი, ბიჭებთან გასახდელში ვიყავი და ვნახე, რამდენიმე მათგანი როგორი დაჟეჟილია.
ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირების თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. ეს მარტო თქვენთვის არა, ჩვენთვისაც სასარგებლოა. 2003 წელს მსოფლიოს თასზე თავად მომიწია საქართველოს ნაკრებთან თამაში. მაშინ ვთქვით, რომ თუ ამ ქვეყანაში რაგბის მეტ ყურადღებას მიაქცევენ, ის სულ უფრო წინ და წინ წავა. ეს ასეც ხდება".
http://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/as...ieth-video.html
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"