ორშაბათის "ჩვენი თამაშიდან"
კარდიფი აღარ ჩამოვა ევროპაში ზე-კლუბით გასვლა გადაგვედო:
უკმარი ტექნიკისა და უსწორო სტრატეგიის გადამკიდე,
კავკასიელებმა ვეღარც ვაკეში ძლიეს როვიგო და
ლოგიკით, არსებობაც დაასრულესწარმატებული სანაკრებო დებიუტიდან 25 წლის თავზე პან-ევროპული იდეებით გულ-ანთებულმა რაგბის მახვშებმა დონით მეორე საკლუბო ტურნირში - "ჩელენჯ თასზე" დაგვრთეს თამაშის ნება, მაგრამ ახალბედებმა ვერ დავძლიეთ იტალიური ზღუდე: 2-მატჩა შესარჩევში, ვიცე-ჩემპიონ როვიგოსთან, გარეთ 4 ქულით წავაგეთ და შინ კი სამით.
რაღაი წელს მესამე დონის, 8-გუნდა შეჯიბრი უსახსრობით, უფრო კი ორგანიზატორთა კრიჟანგობით, ჩაიშალა, ერთი წლით მოგვიწევს უქმობა. ევროპელებს ეგეც გადაუწყვეტიათ, საქართველო და რუმინეთი საჩელენჯო, დე-ფაქტო ნაკრებებს ვეღარ გამოიყვანენ, თუ ისინი, კელტეთ - იტალიის დარად, საერთაშორისო ლიგაში არ ჩააბესო.
ამაზე ერთი ხანობა კი ბჭობდნენ "ერთა თასის" მოწინავე, ექს-სოციალისტური, აღმოსავლეთის ქვეყნები, მაგრამ "შავი ზღვის თასის" იდეა მივიწყებულია, ანუ იმის შანსი, რომ რაგბშიც შეიქმნას ჰოკეის კჰლ-ის ანაც კალათბურთის ვითიბის დარი ლიგა, იოტისოდენია. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს ჩელენჯის შესარჩევზე ჩემპიონი კლუბი უნდა მივავლინოთ, მაგრამ მაგას გაგვიძნელებს მსოფლიო თასი და სხვაც.
ოსტატობა ვერ გვეყოკავკასიელთა მეორე, და ამავდროულად ბოლო, მატჩი გულმოსაკვლავი საცქერი გამოვიდა. უღალატო, ნამუსიანმა, ალალად სპორცმენმა, მორაგბე ბიჭებმა მოედანზე თავი ტრადიციულად დადეს, მაგრამ მოსაგებად ოსტატობა ვერ ეყოთ - სტატიკას აგებდნენ, უსწოროდ უტევდნენ, ბურთი ხელიდან უვარდებოდათ და ლოგიკასაც ყომარს ეთამაშებოდნენ - კარში დასარტყამს კიდეს უმიზნებდნენ.
ამით მეტოქის დაცვას ბოლშევიკურად შეაწყდა ჩვენი შემტევი ძალები, უშედეგოდ დასრულდა ლელოს რამდენიმე, უხერხო შტურმი, ბიჭებს საკუთარ შესაძლებლობათა რწმენა შეერყათ და მიამიტური შეცდომებიც მოუმრავლდათ. არადა, რაგბის ოდინდელ ჭეშმარიტებათა უგულებელყოფა რომ დავიწყეთ, მაგ დროს საომარი ჯერაც სრული ტაიმი რჩებოდა და ჯამში 12 ქულას, ანუ 4 გოლს ვაგებდით.
მაგათი გაბათილება მეთოდურად, გოლ-გოლ უნდა მომხდარიყო, ჩვენ კი 9’ წუთიდან 69’მდე ქულა ვეღარ ავიღეთ. როვიგომ მთელი საათი ლელო გააფთრებით იცვა; ხანაც დავკარგეთ ტემპი, გავიანიავეთ მეტობა ანაც ტექნიკამ გვიღალატა. მართალია, ლაშა ხმალაძემ ორი სასწაული სლალომით ბითუმად მოაღორა მბოჭავები და წყვილი ლელოც გაიტანა, მაგრამ ხაზი სწორად რომ ეგეზა, გვიჯობდა.
ევრო’მატჩი - უოქმოდ!რაგბი მეტოქეებს, მოსეირეებსა და მედიასაც ამეგობრებს. ბითურმა ორგანიზატორმა კომისარი რომ არ მოავლინა და შედეგისა და სტატ-დეტალების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთიც - ხელნაწერი ოქმი არავის შეადგენინა, ეს ყველაფერი ნეთში, ცოცხლად აღნუსხეს ირაკლი ფირაშვილმა და ბესო ჯანგავაძემ; ჰაილაითთა ქრონოლოგია ჩამოწერა ზურა ქსოვრელმა, მუქთი ფოტოები კი გადაგვიღო მერაბ ლორთქიფანიძემ. ჰოდა, ყველას - მდაბალი მადლობა!
წინათქმაში გამოგვრჩა, რომ როვიგოს 1998-2013 წლებში, ჩელენჯზე გამართული 48 მატჩიდან სამიღა (!) მოეგო და 45 წაეგო, მაგრამ ეგ კი გვეწერა, რომ იტალიელთა გარდა, 23 კაცში ერივნენ ზელანდიელი, ავსტრალიელი, აფრიკელი, არგენტინელი, ფრანგი და ასე განსაჯეთ, მოლდოველიც. სამაგიეროდ, ჩვენ ღერძად გვეყენა ბორჯღალოსანი წყვილი, და კიდევ ხუთი ბიჭი ხანდახან ხვდება ეროვნულ ნაკრებში.
პირველი მეოთხედი ცუდს არას მოასწავებდა: ნგავინიმ კი დაგვალელოვა მარცხნივ, მაგრამ ხმალაძე და აფციაური 22-ში შეიჭრნენ, იქ კი რომ გავაჩაღეთ მამა-პაპურად ქცეული "აიღე და მიეძალე", ყოჩების ბურჯი ბაჩანა გოგიშვილი, ერთ წყებაში მეოთხე (!) სოლოთი, ეწია მიზანს * 7:5
სიჯიუტის აღლუმიიმათი მეორე ლელო ჩვენგან სამ ტექნო-ლაფსუსს მოჰყვა - როვიგომ მოლი ააგორა, აქეთ ჩაგვითრია და მარბიელი დე’მარკი იქეთა ფრთაზე გაუძვრა ორ მბოჭავს * 7:12
უმალ შკინინი გაექცა ორს, მაგრამ პასი ვერ მოზომა, შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა კი კიდეზე დავკარით, მაგრამ 5-მეტრა დერეფანში ბოლო კაცზე აგდებული წავაგეთ. მერე და მერე იგივე მოტივი სამჯერაც ჩაგვიფლავდა, მაგრამ არავინ ჩანდა მთქმელი, სხვა კომბინაცია ვცადოთო - არადა, მარაგში არჩევანი უნდა გვქონოდა.
ვერაფერს გამოვრჩით იტალიელთა სინბინსაც, რაკი წითელ ზოლში სამჯერ შევცდით, მეორე ტაიმის საწყისი ნახევარი კი უიღბლობისა და სიჯიუტის აღლუმი იყო: აფციაურის გარღვევის კვალად, კარის წინ ვთელეთ ბალახი, ხაზზე გაშვების შემდეგ კი ბექი ბურთს ვერ შეელია.
ლელომდე კიდევ ბევრჯერ დაგვაკლდა რამდენიმე გოჯი, თამაშის გაშლის მცდელობა კი ბურთის დაგდებით დასრულდა. კიდევ გავანიავეთ 5-მეტრა დერეფანი, იმათ კი რაჟამს შანსი მიეცათ, 45 მეტრიდან შეგვიგდეს ჯარიმა * 7:18 და ჩელენჯზე გასასვლელად უკვე ორი გარდასახული ლელო პლუს გოლი გვჭირდებოდა.
ყაიდაა შესაცვლელიხმალაძემ შეკვეთილივით გაიტანა ეგ ლელოები, ოღონდაც უპასოდ! მანამდე წიკლაურმა ფეხით აგორა ოვალი, მაგრამ დახტომისას წინ წაუვიდა. ლელოთა შორის ვერ ავიღეთ მორიგი აბრაგანი და კარის წინიდან შეგვიგდეს ჯარიმა, ბოლო შეტევაში კი, 80-მეტრა წინსვლა პულში რომ შეგვიყვანდა, თავიდანვე დავკარგეთ ბურთი და იმათ არეკნით დაგვაშამათეს * 21:24
ასე სევდიანად დაგვისრულდა პირველი ევროპული კამპანია, რუმინეთმა კი ბრეშაში ივარგა იმის მიუხედავად, რომ ბოლო საათი (!) უათნომროდ და უქიქეროდ ირაგბა. იტალიის ჩემპიონი კალვიზანო ჯამში წინ 1 ქულით იყო, მაგრამ ბოლო შეტევაში ჯარიმა გაუშვა.
ჩვენ კი რა? აღარა გვაქვს მოსაძიებელი კავკასიელების შესანახი სახსარი; უმაღლესი ლიგის ტურებიც ციმციმ უნდა დავაბრუნოთ ჩელენჯის ვიქენდებზე და რაც მთავარია, ბურთაობის ყაიდა უნდა შევცვალოთ, თორემ ამდენი ჭიდაობა და ფეხოსნობა რომ არაფის მომცემია, ევრო-მაჩანჩალა როვიგომაც დაგვანახა.
ჩელენჯ თასი 2014-15მეორე შესარჩევი
კავკასიელები 21:24 როვიგო<< თბილისის "კავკასიელები"
15 ირაკლი ყიასაშვილი (22 თემურ სოხაძე 72) 14 ბექა წიკლაური (23 გიორგი ფრუიძე 74) 13 სანდრო თოდუა, 12 გიორგი აფციაური, 11 გიორგი შკინინი; 10 ლაშა ხმალაძე^კაპ, 9 გიორგი ბეგაძე (21 გიორგი კაჭარავა 55) /
1 ბაჩანა გოგიშვილი (18 გიორგი სანიკიძე 50) 2 ბადრი ალხაზაშვილი (16 ირაკლი ჩომახაშვილი 52) 3 დავით გურგენაძე სბ 31; 4 ბექა ბიწაძე, 5 მიხეილ არჩუაშვილი; 6 გიორგი თხილაიშვილი (19 გიორგი მჭედლიშვილი 41) 7 გუჯა სურგულაძე (20 ბაჩო კოლელიშვილი 62) 8 ზვიად მაისურაძე (სანიკიძე 33-/, 17 სანდრო ქოიავა 52) -
3ლ: გოგიშვილი ხმალაძე (2 3) 3გ: წიკლაური 2, ხმალაძე
<< როვიგოს "რაგბი დელტა"
15 სტეფან ბასონ, 14 ბილი ნგავინი, 13 დენის მაისტროვიჩ, 12 ფრანჩესკო მენონ, 11 სთივენ ბორტოლუსი; 10 ლუჩანო როდრიგეს, 9 ჯორჯო ბრონძინი (21 მარკო ფრატი 64) /
1 ნიკოლა კვალიო (18 გეორგე გაჟიონ 67) 2 ენრიკო ჩეკატო (16 ლუქ მაჰონი 55) 3 მასიმილიანო რავალე სბ 31 (17 გიჟერმო როან 48) 4 ჯუზეპე ბოჯანი (19 მატეო მარან 41) 5 ჟან-ფრანსუა მონტორიოლ; 6 ემილიანო კაფინი (როან 33-/) 7 ანდრეა დე’მარკი სბ 36, 8 მატეო ფერო^კაპ (20 ედოარდო ლუბიან 64) * არ შესულან: 23 ლორენცო ლუბიან, 22 დავიდე ფაროლინი -
2ლ: ნგავინი დე’მარკი; გ 3ჯ ა: ბასონ
<< მსაჯები
რეფ: მეთიუ ქარლი; კიდ: რობინ გუდლიფ / თომ ფოლი (ინგ)
შაბ 27/09 თბილისი, ვაკე, მესხი (8 ათასი)
0:5(4) 7:5(9) 7:12(25) სბ-სბ(31) 7:15(35) სბ(36რ) /
7:18(58) 14:18(69) 14:21(72) 21:21(79) 21:24(80ა) ^ ჯამი 39:46
კალვიზანო 13:10 ლუპიილ: ამბროზიო; გ 2ჯ / სბ: სიმორ -
ლ: მორელ; გ ჯ: სამოა / წბ: ვლაიკუ, სბ: ა.მიტუ
რეფ რუის (სფრ) 27/09 @ ბრეშა, პერონი
3:0(11) 6:0(20წბ) /
სბ(45კ) 6:7(47) სბ(71ლ) 13:7(78) 13:10(80+) ^ ჯამი 26:28
პულები1 კარდიფ ბლუზ (უელ, ლონდონ აირიშ (ინგ, გრენობლ (სფრ, როვიგო (იტა)
2 ექსეთერ ჩიფს (ინგ, ბეიონ (სფრ, ქონოთ (ირლ, ლა’როშელ (სფრ)
3 ლე სტად (სფრ, დრეგონზ (უელ, ნიუქასლ ფოლქონზ (ინგ, ლუპიი ბუკურეშტ (რუმ)
4 ედინბურგ (შტლ, ბორდო ბეგლ (სფრ, ლონდონ ველშ (უელ, ლიონ (სფრ)
5 გლოსთერ (ინგ, ბრივ (სფრ, ძებრე (იტა, უაიონაკს (სფრ)
განრიგიპულები: 16-19 და 23-26/10, 4-7 და 11-14/12, 15-18 და 22-25/01
მეოთხედ’ფინალი 2-5/04, ნახევარ’ფინალი 17-19/04
ფინალი: პარ 1/05 ლონდონი, თვიქნემ სთუპ @ 22.45 საქ
+++ წინათქმა შაბათის "ჩვენი თამაშიდან"
თუ ვიმარჯვებთ, ბობოლებსაც ვერაგბებითახალ კარიბჭეს მისდგომია ქართული რაგბი და ძალუმად უნდა შელეწოს -
თუ დღეს კავკასიელები როვიგოს ვაკეში მინიმუმ 5 ქულით ძლევენ,
ევროპაში, "ჩელენჯ თასზე" პირველად გავლენ და
ამ სეზონში აქვე სამ ბობოლასაც მიიღებენრაგბი ვაკეში 1960 წლიდან იმართება. 25 წლის წინ (1989) შევქმენით ეროვნული ნაკრები, საერთაშორისო მარაქაში გავერიეთ და გაისად მეოთხედ ვიბურთავებთ მსოფლიო თასზე, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ უკუღმართი და უსამართლო ევროპული სტრუქტურის გადამკიდე, საკლუბო ტურნირში დებიუტი ახლაღა გვიწევს.
არადა, ეგ შეჯიბრი ოქტომბერში მეოცედ გაჩაღდება. აქამდე იგი დუბლინიდან იმართებოდა და მასში კელტები და იტალიელები შერჩევის გარეშე, პირდაპირ ებმებოდნენ. ამას ფრანგთა და ინგლისელთა ჯანყი მოჰყვა, რაკი ესენი ევრო-საგზურის მოსაპოვებლად თავ-თავიანთ ლიგებში მთელი წელი მუშაკობდნენ.
ამბოხმა ჯერ განხეთქილება მოიტანა, მერე კი - ზავი, გაერთიანება და სამართლიანობისკენ სვლა. შეიკვეცა დასი, გაუქმდა პრივილეგიები, შერჩევა სპორტულ პრინციპს დაეფუძნა და რაც ჩვენთვის მთავარია, სრულიად ევროპას მიეცა რაგბობის უფლება, თორემ აქამდე ნეტარი "ექვსი ერი" სამადლოდ იმათღა იწვევდა, ვინც თავისიანად მიაჩნდა.
ფრეზე ჯერ დამატებითი დროა!გასვლა იტალიაში 4 ქულით წავაგეთ. დავწინაურდით თავიდან და დასკვნით მეოთხედშიც, მაგრამ იმათ ბოლო შტურმით მაინც დაგვალელოვეს. რაკი ორ-მატჩა შესარჩევის გამარჯვებული ჯამური ანგარიშით ვლინდება, მაშ, ვაკის ბრძოლა 0:0-დან კი არა, 18:22-დან იწყება. გარდა ამისა, ჩვენი მონაგარია 2 ლელო და 2 ჯარიმა, ხოლო პასივი - 1 სინბინი, იმათი აქტივი კი - 3 ლელო და 1 ჯარიმა.
ამეებს ასე წვრილად იმად ვყვებით, რომ ჯამურ ფრეზე, დამატებითი დროის შემდეგ, ეს მაჩვენებლები უნდა შედარდეს. რაკი რაგბი რთული სპორტია, უამრავი ხელმძღვანელი ორგანო ჰყავს და ყველა მათგანი თავისი გემოვნებით ადგენს დებულებას, ფანობას, მედიას და თვით გუნდებსაც ხშირად ერევათ თაი-ბრეიქი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ასეთია:
ჯამურ ფრეზე, ანუ თუ ზუსტად 4 ქულით მოვიგებთ, ამოქმედდება ჩელენჯის კოდექსის მე-14 მუხლი. მის თანახმად, 5-წუთა შესვენების შემდეგ დაინიშნება ორი, 10-წუთიანი დამატებითი ტაიმი.
თუ ამათ შედეგადაც, ანუ 80+80+20 = 180 წუთის შემდეგ ფრე იქნა, შედარდება ორ-მატჩა შეჯიბრის დაწყებიდან 1) ჯერ ლელოები, 2) მერე გატანილი ჯარიმები, 3) მერე კიდევ - არეკნები, 4) ჯერ წითელი და 5) ბოლოს ყვითელი ბარათებიც, და თუ მაინც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მოეწყობა ევროპული შუთაუთი:
გუნდი გამოყოფს სამ დამრტყმელს და მათ მიანიჭებს ნომრებს. ისინი კარში მონაცვლეობით (1 - 2 - 3 რიგით), მიწიდან და არა არეკნით, დაარტყამენ 6 პოზიციიდან: კარის წინიდან და ორივე მხარეს, 15-მეტრა შტრიხებიდან, ჯერ - 22, ხოლო მერე 40 მეტრიდან.
თუ ამ, 6-რაუნდა დუელის შემდეგაც ფრე იქნა, შეჯიბრი დამრტყმელთა როტაციის დაცვით, თითო ცდითღა გაგრძელდება წონასწორობის დარღვევამდე, ოღონდაც ერთი პოზიციიდან - კარის პირდაპირ, 40 მეტრიდან.
საზეპიროდ: შესარჩევში არ მოქმედებს წრიული ეტაპის ბონუსური სისტემა, ჯამურ ფრეზე კი 1) ჯერ დამატებითი დროა; 2) მხოლოდ ამის, ანუ 180 წუთის შემდეგ - მაჩვენებელთა შედარება, და 3) სულ ბოლოს - შუთაუთი, გამარჯვებულის გამოვლენამდე.
1935 უბრალო დამთხვევაა?ჩვენი გუნდი სამი კვირის შეკრებილიც არაა, როვიგო კი 1935 წლიდან რაგბობს. "როსო-ბლუ" (წითელ-ცისფერი) სამოყვარულო ხანაში, 1951-1990 წლებში, 11-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. კლუბი ამაყობს იმითაც, რომ ელიტიდან არასოდეს გავარდნილა.
როვიგოში თამაშობდნენ დიადნი: მარიო ბატალინი, სტეფანო ბეტარელო, მასიმო ჯოვანელი, კარლო კეკინატო და ანდრეა ლო’ჩიჩერო; ავსტრალიელი ვილი ოფაჰენგაუე; აფრიკელები ნაას ბოთა და ხერტ სმალ’ი, ხოლო ქართველთაგან - არჩილ ქავთარაშვილი, აქვსენტ გიორგაძე, ბესიკ ხამაშურიძე და ილია ზედგინიძე.
როვიგომ ბოლო პირველობის ფინალი 31 მაისს, 17:26 წააგო კალვიზანოსთან იმის მიუხედავად, რომ ერთი ხანობა 17:0 იგებდა. ივნისში, ავჭალის ტურნირზე, "მზარდ იტალიაში" ამ შემადგენლობიდან ორნი - მარბიელები ემილიანო კაფინი და მატეო ფერო იყვნენ, სხვაფრივ კი უბრალო დამთხვევაა, რომ ოვალური ბურთი ჩვენც 1935 წელს დავაჭაშნიკეთ პირველად:
იმჟამინდელ გაზეთში გამოსაჩენ ადგილას წერია, რომ 24 მაისს ტფილისში, ლენინის სტადიონზე (ახლანდელ ოქროს’უბანში) ამიერ-კავკასიაში პირველად უთამაშიათ "რეგბი, ანუ ამერიკული ფეხბურთი".
შარშანწინ მოვლენის ამსახველი ფოტოებიც მოიძია არქივში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ და მათი დათვალიერებით გაირკვა, რომ ტექნიკუმის მოწაფეებს მართლაც იანკური წესებით უბურთავიათ, ხოლო "ამხ. სტალინი ფიზკულტურელთა საუკეთესო მეგობარი ყოფილა" - არადა, ცოტა გვეეჭვებოდა!
ხუთი გიორგი და ერთიც ლაშაევროპული წესით, გუნდებმა გადანომრილი რაზმები თამაშის წინა დღითღა, ადგილობრივი დროით 12 საათზე უნდა გამოაქვეყნონ.
კავკასიელთა 23-ეულში ორი, ტრავმებითღა გამოწვეული სიახლეა: დაშავებული გიორგი ტალახაძის ნაცვლად 12 ნომრად მისივე კბილა, 20 წლის გიორგი აფციაური ითამაშებს. 9 ნომერზე გიორგი ბეგაძე იწყებს დამარქაფებული გიორგი კაჭარავას ნაცვლად, ანუ კლუბ ლელოს ღერძი ბორჯღალოსანთა დუეტით შეიცვალა.
ახალი კაპიტანი ლაშა ხმალაძეა. ჩელენჯის ორგანიზატორმა, ნოშატელში (შვეიცარია) დაბინავებულმა ეპკრ-მა რომ გამოაქვეყნა ლაკონური პრევიუ, შემადგენლობები ფრიად საგულისხმო სტატისტიკით შეამაგრა:
როვიგოს მატჩში 108 მეტრზე უნავარდია ორი ლელოს გამტან გიორგი შკინინს. მისივე წყალობით მეტრაჟით 329-324 გვიჯობნია მეტოქისთვის, ვისაც 32-ით მეტი სოლო განუხორციელებია. ვერ გვივარგია დერეფანში (60%) და ბოჭვაზე (80%), იმათ კი ორივე კატეგორიაში რიგიანი 88% უწერიათ.
საპასუხო რკენისთვის როვიგომ გამოცვალა მთელი პირველი ხაზი, ერთი მხტომელი და ჰავბექიც, ანუ ამ პოზიციებზე ვაკეში იმათ აწყებინებს, ვინც შინ გამარჯვებით დაასრულა მატჩი. სტუმრების 23 კაციდან 6 ლეგიონერია და კიდევ ორის სახელ-გვარიც არა-იტალიურად ჟღერს, მსაჯი კი მორიგი უცნობი ბრიტანელია.
სხვაფრივ, თუ ლათინური წინაღობა დავძლიეთ, პულში სამ ბობოლას მივაკითხავთ. სამივესთან ჯერ გასვლა გვიწევს, მერე კი - მიღება. ჰოდა, ოქტომბერში ჩამოვა "კარდიფ ბლუზი (უელსი), დეკემბერში - გრენობლი (საფრანგეთი), იანვარში - "ლონდონ აირიში (ინგლისი) და ოსტატთა თვალ-და-თვალ ხილვით გაიხარებს რაგბის ქომაგი.
რაზმები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2014-Tbilisi-Rovigo-MTD/@