პარასკევს გამოქვეყნდა 60-თეთრიანი "ჩვენის თამაშის" მე-14, რაგბის გვერდზე
ვინ გვერაგბება მალე? მოახლოვდა ნოემბერი - დიდი რაგბის დრო! საერთაშორისო ასპარეზზე უკვე იმდენს მივაღწიეთ, რომ მახვშები ანგარიშს გვიწევენ და ტესტების ულუფას გვიწილადებენ.
შარშანდლის დარად, წლეულსაც სამი თამაში დაგვინიშნეს, ოღონდაც შინ - ორიღა და ერთიც - დუბლინში, სადაც წყდება ეგ ყველაფერი.
ვაკეში, მესხზე, 15 დღის შუალედით ჩამოგვაკითხავენ ძაან შორებლები - ჯერ ტონგა და მერე იაპონია, ამათ შორის კი ირლანდიაში გავდივართ.
სპორტული მედიის წესია, მუშტარს მეტოქე გააცნოს. ეს უწინაც ბევრჯერ გაკეთებულა, მაგრამ ნეთი რომ სავსეა მასალით, ყოველ ჯერზე შეიძლება მონახო ახალი მარცვალი.
სხვაფრივ, მკითხველი თანდათან გვემატება - ახალ’გაზრდაცა და ძველ’ გაზრდაც. ჰოდა, იმედია, ყველა იპოვის თავ-თავის საკბილოს სამი სტუმრის დაწურულ დოსიეში.
2014 წლის ნოემბრის ტესტებიგუნდი = საქართველო (საქ) ტონგა (ტონ) ირლანდია (ირლ) იაპონია (იაპ)
თიკუნი = ბორჯღალოსნები ზღვის არწივები სამყურები ალუბლები
კვართი = შავი წითელი მწვანე წითელ-თეთრი
რეიტინგი = 7046 (15) 7258 (13) 8344 (5) 7539 (10)
ზიარება = 1959 ? 1869 1899
კავშირი = 1966 1923 1874 1926
ნაკრები = 1989 1924 1875 1932
აღიარება = 1992 1987 1886 1987
მსოფლიო = 12: 2-10 (3) = 21: 6-15 (6) = 30: 17-13 (7) = 24: 1-21*2 (7)
. 2003-2011= 1987, 1995-2011 = 1987-2011 = 1987-2011
<< შაბ 8/11 ვაკე, მესხი @ 17.00
ტონგა წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანაა და მსოფლიოში რაგბითღაა ცნობილი. ძირით მაქაურები არიან სხვათა სახელით მობურთავე ვარსკვლავები: ჯონა ლომუ და მალაკაი ფეკიტოა (ზელანდია); იზრაელ ფოლაუ, ტოუტაი კეფუ და ჯორჯ სმით (ავსტრალია); ბილი და მაკო ვუნიპოლა (ინგლისი); ტობი ფალეტაუ (უელსი)
სამეფო ოჯახი რაგბის მართვაში აქტიურად ერევა. აწ განსვენებული მეფე სიდნის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა და ერთხელ ნაკრების ქიქერთა გაწვრთნაც დაიჟინა, მისი ძმა კი კავშირს თავკაცობდა და მწვრთნელს შემადგენლობასაც უდგენდა.
ტონგაზე რაგბის კავშირი 1923 წელს შეიქმნა. ნაკრებმა 1924 წელს გამართა პირველი ტესტი - 9:6 ძლია მეზობელი ფიჯი. 1973 წელს ტონგამ ბრისბენში თვით ავსტრალია დაამარცხა 16:11, 2011 წლის მსოფლიო თასზე კი საფრანგეთს 19:14 მოუგო, პულში მესამე ადგილი დაიკავა, მოწინავე 12 გუნდში მოხვდა და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურიც დაიბევა.
ჩვენს სტუმრებს მეტსახელად "იკალე ტაჰი" (ზღვის არწივები) ჰქვიათ. გუნდი თამაშის წინ ასრულებს საბრძოლო ცეკვას - "სიპი ტაუს". ტონგამ გაჯიუტებული საბჭოეთი შეცვალა პირველი მსოფლიო თასის (1987) დასში, მას შემდეგ კი მხოლოდ 1991 წელს ვერ დაძლია შესარჩევი ეტაპი, ხოლო ფინალში ყოველ ჯერზე პულში ჩარჩა.
სტადიონის უვარგისობის გამო ტონგას 2009 წლის აქეთ შინ ვეღარ გაუმართავს ტესტი. შარშანდელ ევროპულ ტურნეზე არწივებმა 18:19 წააგეს რუმინეთში, 18:38 საფრანგეთში და 7:17 უელსში; წლევანდელ "წყნარი ოკეანის თასზე" კი 18:18 დაუზავდნენ სამოას და 17:45 დამარცხდნენ ფიჯზე.
ტონგას პირველად 1999 წლის გაზაფხულზე, მსოფლიო თასის რეპეშაჟში გადავეყარეთ. ლოჯისტიკურ ლაფსუსთა გამო, სტუმრად უმწვრთნელოდ მოგვიწია თამაშმა და 6:37 დავმარცხდით, საპასუხო რკენაში კი მეტოქემ სერიულ ჯარიმათა ტაქტიკა აირჩია და რაღაი სინბინი ტესტებში ჯერაც არ შემოეღოთ, ერთი ქულითღა, 28:27 ვიმარჯვეთ, რის გამოც შემდეგ წრეში ტონგა გავიდა.
2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგა ჩვენს პულშია. არწივებს 19 სექტემბერს, გლოსთერში ვხვდებით.
<< კვი 16/11 დუბლინი, ავივა @ 18.30 საქ
ირლანდიაევროპის მოქმედი ფალავანი - "ექვსი ერის" ჩემპიონია და "ერთა თასის" ჯილას - საქართველოს მაგიტომ ეტესტება. 1996 წლიდან რესპუბლიკის დედაქალაქ დუბლინში უდევს ბინა საერთაშორისო საბჭოს (ირბ), ზურმუხტოვანი კუნძულის ისტორიულ კუთხეებს (ლენსთერ, მანსთერ, ალსთერ) კი 19 სეზონში (1996-2014) 6-ჯერ მოუგიათ ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრი - "ჰაინეკენის თასი"
ირლანდია მესამე ქვეყანაა, ვინც XIX საუკუნის 70-იან წლებში ჯერ კავშირი და მერე ეროვნული ნაკრებიც შექმნა, 1886 წელს კი ირბ-ის სამ კელტ დამფუძნებელშიც ერია. ძველ "ხუთ ერში" (1910-31, 1947-99) "სამყურები" (შემროქს) ჯამური ქულებითა და ტიტულებით მაჩანჩალები იყვნენ, პროფესიულ ხანაში კი მოძლიერდნენ: "ექვს ერში" (2000-14) ქულებით მესამენი არიან, მაგრამ უიღბლობა თან სდევთ და პირველობა უჭირთ - ორი ტიტული და ერთადერთი სლემი (2009)
რაგბი ირლანდიაში პოპულარობით მხოლოდ ეროვნულ თამაშებს - გეილურ ფეხბურთსა და ჰერლინგს ჩამოუვარდება. სამყურებმა შვიდივე მსოფლიო თასზე იასპარეზეს, მაგრამ მეოთხედ’ფინალს მხოლოდ 5-ჯერ უწიეს, ხოლო ნახევარ’ფინალს - ვერც ერთხელ.
გამოჩენილი ირლანდიელი მორაგბეები არიან: ჯექი ქაილ (1947 - 1958), თომ ქირნან (1960-1973), ვილი-ჯონ მაკ’ბრაიდ (1962-1975), მაიქ გიბსონ (1964-1979), ქის ვუდ (1994-2003), ბრაიან ო’დრისქოლ (1999-2014), რონან ო’გარა (2000-2013) და პოლ ო’ქონელ (2002-). მათგან ოთხს ბრიტანეთის ნაკრებ "ლომებისთვის" უკაპიტნია სამხრეთულ ტურნეზე, ო’დრისქოლი კი 141 კეპით მსოფლიოს რეკორდსმენია.
ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს შევხვედრივართ სამჯერ, მეორეს - ორჯერ და ხუთივე თამაში წაგვიგია. სამყურებმა დიდი ანგარიშით - 70:0 და 63:14 - დაგვამარცხეს დუბლინში, 1998 და 2002 წლებში, მსოფლიოს შესარჩევებში, 2007 წლის 15 სექტემბერს კი, ბორდოში, მსოფლიო თასზე, სასწაულად გადაგვირჩნენ * 10:14
წლევანდელი ტესტიც დუბლინშია, ავივაზე. ეს 50-ათასიანი სტადიონი 2010 წელს გაიხსნა "ლენზდაუნ როუდის" ადგილზე, სადაც დიდი რაგბი 135 წლის განმავლობაში (1872-2006) იმართებოდა.
<< კვი 23/11 ვაკე, მესხი @ 17.00
იაპონია აზიური რაგბის მედროშეა და 2019 წელს მსოფლიო თასსაც უმასპინძლებს. მაგ დალხენილი ქვეყნის პროფესიული ლიგა შეძლებით მხოლოდ საფრანგეთის ტოპ 14-ს ჩამოუვარდება და სამხრეთელ ვარსკვლავებს ბლომად იბირებს.
დღესდღეობით ორი იაპონელი - 9 ნომერი ფუმიაკი ტანაკა და კვაჭი შოთა ჰორიე - თამაშობს რაგბეთის უეშხიანეს ტურნირში, სამხრეთულ ზე 15-ში, ტოკიოს მომავალი გუნდი კი 2016 წლიდან ზე 18-ში ჩაებმება.
იაპონიაში რაგბი ბრიტანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს. კეიოს უნივერსიტეტში თამაში 1899 წელს დაიწყეს. კავშირი 1926 წელს შეიქმნა, ხოლო ნაკრებმა პირველი ტესტი 1932 წელს, კანადასთან გამართა და 9:8 გაიმარჯვა.
ქვეყანაში რაგბის გავრცელება-განვითარებას ფრიადი ამაგო დასდო უფლისწულმა ჩიჩიბუმ, რის გამოც ეროვნული სტადიონი მისი სახელობისაა. 1969 - 2007 წლებში იაპონიამ აზიის 20 პირველობიდან 15 მოიგო, 2008 წლიდან კი "აზიის ხუთი ერის" უცვლელი და უთუო ფალავანია - მეტოქეებს საშუალოდ 70 ქულით სრავს.
იაპონია ყველა მსოფლიო თასის ფინალისტია, მაგრამ აქამდე გამართულ შვიდ ტურნირში 24 თამაშიდან ერთადერთი მოუგია (1991 წელს, ზიმბაბვესთან). "ალუბლები" სხარტად და გამართულად ბურთაობენ, ოღონდაც მათ აქამდე ერთობ აკლდათ წონა, სიმაღლე და ჯანი.
ბოლო ხანს ამ პრობლემას სამხრეთელთა (ზელანდია, ავსტრალია, კუნძულები) ამატებით მოევლო. იაპონიამ წლეულს ზედიზედ ძლია სამოა 33:14, კანადა 34:25, შტატები 37:29 (ამერიკის ორივე გუნდი სტუმრად დაამარცხა), იტალია 26:23 და პირველად შეიჭრა ირბ-ის რეიტინგის მოწინავე ათეულში.
ალუბლებს 2012 წლიდან ავარჯიშებს ცნობილი ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯოუნზი, ვისაც დედა და ცოლიც იაპონელები ჰყავს. მისი თავკაცობითა და ზელანდიელი მსაჯის გამოისობით, იაპონიამ შარშანწინ, ვაკეში, წამატებულ დროში გატანილი არეკნით 25:22 მოგვიგო ტესტი, რაც ნოემბრის რკენას ელფერს მატებს,
2006 წელს კი, შორეთში სახელდახელო სტუმრობისას, ოსაკაში 7:32 დავმარცხდით ... 21 კაცის ამარა და დაისუკე ოჰატაც მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა გატანილ ლელოთა სიმრავლით.
@