ალბათ ამ თემაში უნდა იყოს............---------
http://worldsport.ge/ge/page/129291_giorgi...otxwliani-xedvaსაქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ინგლისში ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში ერთი კვირაა რაც დაბრუნდა, პრესკონფერენცია გამართა და განვლილ მსოფლიო თასთან ერთად, მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.
ცნობილი გახდა, რომ ნიჟარაძე კენჭს იყრის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება. მისი თქმით:
“ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი რამაა გასაკეთებელი, რომ ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ქართულ რაგბის კიდევ გამოადგება და გადავწყვიტე, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო”.
ამრიგად, მისი ხედვა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, მანამდე კი, პრესკონფერენციაზე, ნიჟარაძემ უწინარესად განვლილ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა.
“მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების გამოსვლა ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს. წინდაწინ დასახული ამოცანა შესრულდა და ჯგუფში ორი თამაშის მოგებით უკვე მოვიპოვეთ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური. ტონგასთან მატჩისთვის წელიწადნახევრის განმავლობაში ვემზადებოდით და ბრწყინვალე, პრაგმატული თამაშით, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. გუნდმა ითამაშა ძალიან კარგი დაცვა და შესრულდა 200-ზე მეტი ბოჭვა, შეტევაში კი, ეფექტურად გამოვიყენეთ ყველა შესაძლობა.
არგენტინასთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატრეთ, მაგრამ მამუკა გორგოძის გაძევებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ამ პერიოდში მივიღეთ 21 ქულა, მეტოქემ ბრწყინვალე სტილში იმარჯვა. ამ გუნდმა მერეც საუცხოო თამაშები ჩაატარა. ჩემი აზრით, ბიჭები მეტოქისგან სულ სხვა სტილის თამაშს ელოდნენ და მოულოდნელობამაც იჩინა თავი.
ზელანდიელთან მატჩი ჩვენს აქტივშია და ეს არა მხოლოდ ჩემი, მთელი სარაგბო სამყაროს აზრია. ღირსეული თამაში ვაჩვენეთ და მსოფლიოს ჩემპიონმა მთელი 34 წუთის განმავლობაში ქულის აღება ვერ მოახერხა. ბოლოს იყო თამაში ნამიბიასთან და რადგან მოვიგეთ, ისიც მაინც ჩვენს აქტივშია. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს სუსტ მეტოქეებთან უფრო უჭირს კონცენტრაცია, ვიდრე ძლიერებთან. ვფიქრობ, მსაჯობის მიუხედავად, მეტოქე 20-30 ქულის სხვაობით მაინც უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ მთავარია, რომ მაინც მოვიგეთ” - თქვა ნიჟარაძემ.
მეორე საკითხი, რაზეც სრკ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ დივიდენდებს შეეხებოდა, რაც ქართულმა რაგბიმ ამ მსოფლიო თასის შემდეგ მიიღო:
“იაპონიის მსოფლიო თასზე გასვლით, მინიმუმ ერთი საფეხურით ავმაღლდით. მსოფლიო რაგბისგან და გულშემატკივრებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი პატივისცემა დავიმსახურეთ. ახლა წინ გვაქვს 4 წელიწადი, რომელიც უნდა მოვახმაროთ იმ გუნდის მშენებლობას, რომლითაც იაპონიაში კიდევ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ. მაგრამ ეს იქნება ურთულესი და უმძიმესი 4 წელიწადი. კენჭისყრის წინ კალათები რომ შედგება, ჩვენს ქვევით იქნებიან ისეთი გუნდები, როგორებიც სამოა, ფიჯი და ტონგა არიან და სუსტ მეტოქესთან აღარ მოგვიწევს შეხვედრა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ ეს ეიოფორია და შევიმუშაოთ პროგრამა, რომლითაც 2019 წელს მეტ წარმატებას მივაღწევთ. ამისათვის დაგვჭირდება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და გულშემატკივრების მხარდაჭერა.
ამ მსოფლიო თასის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა მაღალ დონეზე მეტი თამაშის აუცილებლობა. 4 წელიწადში ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, რომ ვიმუშაო იმ ადამიანებთან, რომლებიც რაგბიში გადაწყვეტილების მიმღები არიან და ინგლისში ყოფნის მთელი პერიოდი, 1 თვე და 20 დღეს ამ საქმეს მოვახმარე. შეხვედრების შედეგებით კმაყოფილი ვარ. წელს მესამედ ვიყავი მსოფლიო თასზე და აქამდე ცვლილებების აუცილებლობაზე ამდენი საუბარი არასდროს ყოფილა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ არგენტინა და იაპონია დაემატებიან ზე-15-ს, ნამიბია სამხრეთ აფრიკაში, “ქარი ქაფში” ჩაერთვება, იქმნება ამერიკის ექვსი ერი, სადაც არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის, კანადის, ურუგვაის და ბრაზილიის ნაკრებები ითამაშებენ. დავრჩით ჩვენ და რუმინეთი, რომლებსაც გეოგრაფიული პრინციპით ევროპის ექვსი გვერგება. მის გაფართოებაზე ამდენი საუბარი არასდროს ყოფილა, მაგრამ ესაა კომერციული ტურნირი, აქ “მსოფლიო რაგბი” ვერაფერს წყვეტს, ორგანიზატორებს კი, აწყობილი და კარგად მომუშავე სქემის შეცვლა არ სურთ.
რადგან ექვსი ერიდან გავარდნა იტალიურ და შოტლანდიურ რაგბის დაანგრევს, ჩვენ ვეუბნებით, რომ არ გვინდა გავარდნა და ასვლა და ვთავაზობთ ტურნირის გაფართოებას. 4 წელიწადი ვერაფერი შეიცვლება, რადგან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, აი იაპონიის მსოფლიო თასის შემდეგ კი, იქ თამაშის საშუალება ჩვენ და რუმინეთს უნდა გვქონდეს. ამისათვის დღეიდანვე უნდა გაიხსნას დისკუსია. ამ საკითხთან მიმართებაში რაგბი ევროპა მათთან პირდაპირ კონფლიქტში შევიდა. ჩვენ ვითხოვთ გვითხრან, თუ რა გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ექვს ერს დავემატოთ და ვითხოვთ პასუხებს. ამ საკითხებს მერე კერძო სექტორთან და სახელმწიფოსთან გავივლით თუ ყველაფრის მოგვარებას შევძლებთ, უარი აღარ უნდა გვითხრან.
გაფართოებასთან დაკავშირებით არის პრობლემები. ეს გამოიწვევს კალენდრის 4 კვირით გაზრდას და კლუბებთან ურთიერთობების გაფუჭებას. არის ალტერნატიული ვარიანტი, რომ გაკეთდეს ორი 4-გუნდა ჯგუფი და ამის შემდეგ გაიმართოს პლეი ოფები. ამ შემთხვევაში ტურნირი არსებულ ვადებში ჩაეტევა, მაგრამ გაფართოების წინააღმდეგი ინგლისი, შოტლანდია და იტალია არიან. მაისში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებია, სადაც კენჭს იყრის ინგლისის რაგბის კავშირის მმართველი ბილ ბომონდი, რომელიც პარალელურად ექვსი ერის პრეზიდენტიცაა და თუ ის აირჩიეს, მაშინ მან რაგბის მსოფლიო მასშტაბით განვითარებაზე უნდა იზრუნოს და აღარ იქნება ექვსი ერის პრეზიდენტი. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი საბჭო და იქ უკვე საქართველოც იქნება წარმოდგენილი”.
ნიჟარაძისგან ცნობილი გახდა, რომ სამწუხაროდ, ექვსი ერის წარმომადგენლებმა უარი თქვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე, სადაც ბოლო დროს ქართველი ახალგაზრდები წარმატებით თამაშობდნენ და წლევანდელ ტურნირში ფინალშიც ითამაშეს. მაგრამ ახლა იქ მხოლოდ საფრანგეთი დარჩა და ტურნირი მნიშვნელოვნად შეიცვლება. სამაგიეროდ, საუბრებია 20-წლამდელთა კიდევ ერთი ძლიერი ტურნირის შექმნაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2016 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ინგლისში ითამაშებს, ხოლო 2017 წელს პლანეტის 12 უძლიერესი გუნდი (20-წლამდელების) უკვე საქართველოში შეიკრიბებიან.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება, მისთვის ევროპის ერთა თასმა პრაქტიკული აზრი დაკარგა, მაგრამ ჯერჯერობით “ბორჯღალოსნები” მაინც იქ ითამაშებენ, თუმცა, მნიშვნელოვნად გადახალისებული, ექსპერიმენტული შემადგენლობით:
“ჯერჯერობით ვრჩებით ერთა თასზე, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში, როგორ მოხდება ეს, გააუქმებენ თუ არა ჩვენთან თამაშის ქულებს, ჯერ უცნობია. ევროპას ამით მომავალ მსოფლიო თასზე დამატებითი ადგილი უნდა მიეღო, თუმცა, მსოფლიო რაგბიმ ამაზე უარი თქვა და კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა. ახლა ცნობილია, რომ მსოფლიო თასზე გავა ერთა თასის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი ითამაშებს რეპეშაჟში. ეს ყველაფერი იმის გამო შეიცვალა, რომ კუნძულელებიდან ვინმე გარეთ არ დარჩეს და წყნარი ოკეანის თასის პირველ-მეორეადგილოსნები 2019 წლის იაპონიის საგზურს მიიღებენ, ხოლო დანარჩენები რეგიონალურ შესარჩევებში იბრძოლებენ” - ამბობს ნიჟარაძე და საქართველოს ნაკრებისთვის თამაშების ვარიანტებზე გვიყვება:
“ორი წელი დანამდვილებით ვიცით, რომ ერთა თასზე ვითამაშებთ და მერე არ ვიცით რა იქნება. გვინდა, რომ ივნისის თბილისის თასის ნაცვლად, სამხრეთში სამი ტესტი ჩავატაროთ, და კიდევ სამი ტესტ-მატჩი ნოემბერში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მეტი ვეთამაშოთ სამხრეთელ ნაკრებებს (სამოა, ფიჯი, ტონგა, იაპონია) და წელიწადში ერთხელ მაინც შევხვდეთ პირველი დონის ნაკრებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ “მაორებთან” და თუ სპონსორი ვიშოვეთ, მათ თბილისში ჩამოვიყვანთ. მოგეხსენებათ, ახალ ზელანდიასთან თამაში სუფთად კომერციის საკითხია და ის 2 მილიონი ჯდება, “მაორების” ჩამოყვანა კი, შედარებით იაფი დაგვიჯდება და ძალიან კარგი გუნდია. გვქონდა მოლაპარაკება არგენტინასთან, მაგრამ ისინი თამაშზე რუმინეთს შეუთანხმდნენ”.
ზემოთაც ვთქვით, რომ 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო თასს თბილისი უმასპინძლებს და ნიჟარაძემ ამ საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა:
“უახლოეს 4 წელიწადში ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებები, რადგან იაპონიაში ამ ბიჭებიდან ბევრი ითამაშებს. ბევრი პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ მსოფლიოს ვანახებთ, რა დონეზე შეგვიძლია 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობა და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. აუცილებელია, უკვე დაიწყოს მოედნების მშენებლობა, რადგან ბალახის გამაგრებას დაახლოებით 1 წელი სჭირდება. სახელმწიფოს დახმარებით, ჩვენი და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმებით, ჯამში 30 სავარჯიშო მოედანი მოეწყობა, რომელთაგან 15 ჩვენ, 15 კი ფეხბურთის ფედერაციას დარჩება. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ორივეს გვჭირდება მოედნები.
ახალგაზრდულ ნაკრებებში აუცილებლად ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ. დეკემბერში ახალ ზელანდიაში, ძლიერ კლუბში სტაჟირებას გაივლის 5 ქართველი მწვრთნელი. აუცილებელია, რომ დავეხმაროთ კლუბებსაც მწვრთნელების გადამზადებაში, რადგან განათლება უნდა გახდეს ჩვენთვის პრიორიტეტი. ეროვნული ჩემპიონატი ამ ყველაფრის საფუძველია და სხვა მხრივაც უნდა დავეხმაროთ კლუბებს. 400 ათასს ახლა იმდენი არ შეუძლია, რომ კლუბმა შეინახოს პირველი, ესპუარების და ახალგაზრდული გუნდები და მათი ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად გასაზრდელია. კლუბებს მთავრობა და კერძო სექტორი უნდა დაეხმაროს. მნიშვნელოვანია ქართული კლუბების ევროტურნირებში ჩართვა. ამისათვის სახელმწიფო პროგრამაში უნდა ჩაიდოს თანხა და ის მიიღოს ჩემპიონმა გუნდმა ევროთასებზე თამაშისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ნაკრებში ბევრი მორაგბე მოხვდეს ჩვენი ჩემპიონატიდან”.
სრკ-ს პრეზიდენტისგან ცნობილი გახდა, რომ “ქართუს” დახმარებით მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა ნუცუბიძეზე, დიღომში “ლოკომოტივის” ბაზაზე, თელავში, ბათუმში, გორში, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სიახლე არაა დიღომში რაგბის 25-30 ათასიანი სტადიონის მშენებლობაზე. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგის დარჩენა-არდარჩენის საკითხი სრკ-ს პრეზიდენტის და ახალი გამგეობის არჩევის შემდეგ გახდება ცნობილი. პრესკონფერენციის ბოლოს ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს წარმატება შექმნა - ბიძინა გეგიძეს, მერაბ ანთაძეს და ყველა იმ მოთამაშეს, რომელმაც საერთო საქმეში თავისი წილი აგური დადო. ასევე მან აღნიშნა გულშემატკივრების არნახული თანადგომა მსოფლიო თასის მსვლელობის დროს და ხაზი გაუსვა მამუკა გორგოძის და დავით ზირაქაშვილის წვლილს მიღწეულ წარმატებაში. ასევე სახელმწიფოს, რომელმაც რაგბის განვითარების პროგრამა 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს თანხა გაზარდა და ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც საქართველოში ახალი სტადიონები აშენდა და კიდევ შენდება.