leva1990
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09
|
#18273738 · 2 Mar 2010, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაბიჯი
1
გოგია კიზირია მოწაფეობისას ძალიან ერიდებოდა თეატრში სიარულს. არადა, უყვარდა. თეატრში აბონემენტით დაიარებოდა მთელი კლასი, გოგია მაშინ ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა. იმხნად ბიჭებში რატომღაც დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, არაფერი არ გაკვირდებოდათ, არაფრით არ აღტაცებულიყვნენ და ასე. გოგია კი, სულელი, წარმოდგენას რომ მიჩერებოდა, რომელიმე რომელიმე ისეთი სცენის ყურებისას, სერიოზული ხალხი ,,მძიმეს“ რომ ეძახდა, უნებურად აცრემლდებოდა ხოლმე. ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, იცოდა, ქალაჩუნად რომ ჩათვლიდნენ ბიჭები, მასხარად რომ აიგდებდნენ, მაგრამ რა ექნა, ცრემლს ვერ იკავებდა და... მალულად შეიმშრალებდა თვალს და ცდილობდა სხვა რაღაცეებზე ეფიქრა, მაგრამ მუშტებშეკრული, საგანგებოდ განათებული კაცი სცენაზე ხალხის გასაგონად ყვიროდა: „ის უნდა სასტიკად დაისაჯოს!“ და გოგიას ისევ აუჩუყდებოდა ხოლმე გული. თეატრიდან რომ გამოვიდოდა, სულ სხვა გოგია იყო – მიდიოდა თავისთვის ქუჩაში, საკუთარ თავზე განაწყენებული და მაინც ერთგვარად თანამგრძნობი, მიდიოდა და ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა, რომ ის ნამდვილი ამბავი კი არ იყო, არამედ პიესა, რომ მართლა კი არ მოჰკლავდნენ ვინმეს, უბრალოდ მსახიობები იყვნენ. გოგია უფრო რომ დაშორებოდა მოქმედ პირს, პროგრამას ამოიღებდა ჯიბიდან, დახედავდა და წაიკითხავდა: გრაფი - კ. ზუმპიაშვილი. სიმართლე რომ ითქვას, ეს ზედმეტიც იყო, თეატრიდან გამოსულ გოგიას აღარაფერი სჯეროდა იმ პიესისა: სამაგიეროდ, ამით მომავალი სპექტაკლისათვის იმხნევებდა თავს. მაგრამ შემდეგ წარმოდგენაზე რაც უნდა გულგრილი განწყობით წასულიყო, თეატრს მაინც რაღაცა უხილავი ძალა ჰქონდა-შესასვლელთან რაღაცნაირი უცხო სინათლე ციაგებდა, მრავლად გაკრულ აფიშებზე რამდენიმე პიესის სათაური მსხვილად დაებეჭდათ, თავისი ავტორითა და დაწყების დროით, მერე კონტროლიორი აბონემენტს მოხევდა, გოგია კიბეს ნელა ჩაივლიდა, პალტოს გაიხდიდა, კაშნეს სახელოში ჩაკუჭავდა და მეგარდერობეს ფრთხილად ართმევდა გრილ, ბრტყელ ნომერს. მერე დარბაზში შედიოდა, სანახევროდ გავსებულ პარტერში; სანამ თავის ადგილს იპოვიდა, ძალაუნებურად შეაწუხებდა ვინმეს -თუ შეიძლება, გამატარეთო... მერე კიდევ შემოდიოდნენ მაყურებლები, სავარძლის ზურგს გადააწვებოდნენ, დახედავდნენ ნომერს და სხდებოდნენ... ჭაღები თანდათან, ზომიერად ქრებოდა, ხმადაბლა ალაპარაკებული მაყურებლები ჩუმდებოდნენ, ერთი-ორგან თუ მოისმოდა დაგუდული ჩოჩქოლი, მერე დაუკრავდა ორკესტრი და ხავერდის მძიმედ დანაოჭებული ფარდა იხსნებოდა, დეკორაციების სუნი გადმოდიოდა პარტერში და გოგია აშკარად გრძნობდა, რომ აღარ იყო გულგრილი... მერე კი, მესამე მოქმედებისას, როცა ცნობილი მსახიობი ქალი მისთვის ჩვეული ათრთოლებული ხმით იკითხავდა: „ცოცხლივ? როგორ, ნუთუ მშვენიერი ანტუანა ცოცხლად უნდა დასწვან?“ გოგიას ბურთი გაეჩრებოდა ყელში და თუმცა თავს მაღლა სწევდა და თვალებს ნაძალადევად ახამხამებდა მაინც ვეღარ იკავებდა ცრემლს. ეს ყველაფერი გოგიას ჩვიდმეტი წლისას მოსდიოდა, მერე, რომ დაკაცდა, თანდათან გადაუარა. კლასის ამხანაგები ჩამოშორდნენ, ზოგი სად მოეწყო, ზოგი სად; გოგია კი თანამშრომლებთან რაღაც უხერხულად იყო – ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა. ხანდახან თუ შემოხვდებოდა რომელიმე, გაჯგიმული, ცხვირაწეული, ამაყი, შეხვდებოდა და ეუბნებოდა: - რავა ხარ, გოგია? - გმადლობთ, - შენი მადლობა რად მინდა, რავა ხარ ისე? - კარგად. - ბიჭებს თუ ხვდები? - ხანდახან, ათასში ერთხელ. - ბიჭები თუ შეგხვდნენ, გადაეცი, რომ კარგად ვარ, ჯანზე ვარ, კარგად არის თქო. - კარგი. - წადი ახლა შენ, გოგია, და ვინმემ რამე თუ გითხრა, მე აქედან გიყურებ და - თუ გაგიჭირდა, ხელად გამოვქანდები. სხვა რა გიყო? - არაფერი,- ამბობდა გოგია. ისე, სიმართლე რომ ითქვას, გოგიას ბავშვობიდან უნდა დაგვეწყო ამბავი, თანამიმდევრულად. მისი მშობლები წესიერი ხალხი იყო, ოღონდ ცოტათი ფოციანი დედა ჰყავდა – გოგიას სკოლიდან ხუთი წუთი რომ დაგვიანდებოდა, გამოვიდოდა გარეთ, დადგებოდა ხესთან, გაჰყურებდა ქუჩას. გამოჩნდებოდა გოგია, გაემართებოდა დედამისი, გაბრაზებული, მაგრამ რომ მიუახლოვდებოდა, გაუვლიდა ბრაზი, გადახვევდა ხელს, შეიყვანდა ეზოში... გოგია პატარა უხერხულად გრძნობდა თავს, მეზობლების თვალწინ ასე ბავშვივით რომ ჩაატარებდა დედა, მაგრამ თან უხაროდა კიდეც. - ა, ხო მოვიდა, არ გამიგია მასე გადარევა,- ამბობდა მამა. - რა ვიცი, რეები არ ხდება. - სად იყავი, სკოლაში, ხომ? აჭამე ახლა ბავშვს და მანამდე გაიქე, გოგია, პური მოარბენინე. წვალებით გახსნიდა დედა კვანძს, გახსნიდა ცხვირსახოცში გამოხვეულ ფულს და მიდიოდა პურზე გოგია. აღმართს აივლიდა, იყიდდა პურს, ჩამოდიოდა დაღმართში. თითებს სწვავდა, იყიდდა პურს, ჩამოდიოდა დაღმართში. თითებს სწვავდა ახლად გამომცხვარი, თხელი ქართული ლავაში, ცხელი იყო ძალიან. თუ მაგრად შიოდა, თუმცა ხანდახან არც შიოდა, ჩამოაგლეჯდა გოგია პატარა, უფორმო ნაჭერს, მადიანად ილუკმებოდა ქუჩაში. მერე პურს ნაკლულ ადგილას ჩასჭიდებდა თითებს და ეზოში ისე შედიოდა. გაემზადებინა დედას სალათა, ერბო – კვერცხი, წყალში გავლებული მწვანილი, ისაუზმებდა გოგია და ჯდებოდა ხის ტოტზე. ხელებს მუხლებზე დაიწყობდა, იჯდა ასე, ოდნავ მოხრილი. მამას ძალიან უყვარდა გაზეთები, გადაშლიდა მთელ სიგრძე – სიგანეზე, კითხულობდა. სამზარეულოში დედას ხანდახან წყნარად აუხმიანდებოდა ჭურჭელი, კერძის სუნი დგებოდა ოთახში, იჯდა გოგია ტახტზე. ზამთრობით ციოდა ოთახში, დილა-საღამოს მამა ღუმელს ანთებდა. შეაწყობდა კოხტად შეშას, შეუკეთებდა ძველ გაზეთს, გაჰკრავდა ასანთს, აანთებდა. აციაგდებოდა ღუმელის წინ, იატაკზე, სინათლე; მიუშვერდა მამა დამზრალ თითებს, იფშვნეტდა ხელებს, სიამოვნებდა, მოდი, გოგიაო, აქ, გასძახებდა. მიდიოდა გოგია ღუმელთან, თბებოდა ისიც... ხანდახან წვიმდა. ატყდებოდა ეზოში პატარა ალიაქოთი, ჩამოხსნიდნენ სარეცხს, ფანჯრებს ხურავდნენ, სველდებოდა გარეთ ყველაფერი, მავთულზე ოდნავ ჩამოიბურცებოდნენ წვეთები, გადაიღებდა წვიმა,- კლებულობდა ხმაური; გამოვიდოდა მზე, ორთქლი ტივტივებდა დაბლა, ასფალტზე, გააღებდნენ ფანჯრებს, მშვენიერი კარგი ჰაერი იყო... დედა და მამა ხანდახან კინოში დაიარებოდნენ, ქართულ ფილმს მაინც ხომ არ გამოტოვებდნენ არაფრით. რჩებოდა გოგია შინ, ჩართავდა რადიოს, მუსიკა უყვარდა. „ჰააი-ი, მუხრანბატონის ყმობითა-ა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა-ა“, წამოიწყებდა პირველი და წარმოუდგებოდა გოგიას ღარიბი კაცი, ჩამოკონკილი, მშიერი, მწყურვალი, აუჩუყდებოდა გული. ხანდახან უცხოურ სიმღერებსაც ისმენდა, დიდი უცნაური სიტყვებით: „ტუ-უ, სალა ტუუ...“ მაინც მოსწონდა, მუსიკას ააყოლებდა ხოლმე თავს, კარგი იყო კარგი სიმღერის მოსმენა. იმღერეს ერთხელ რადიოში რაღაც უცხოური, ყველაზე ხშირად ორი სიტყვა ისმოდა და ის სიტყვები დაამახსოვრდა მხოლოდ: „ სანტა ლუჩია“. ისიც კარგი სიმღერა იყო, ტალღა-ტალღად ადიოდა და ჩამოდიოდა. ჯერ ლოგინში იწვა გოგია და ისე უსმენდა, შეფუთვნილი; იმოქმედა მერე რაღაცამ, ძალიან იმოქმედა, აღელდა გოგია, წამოდგა ზეზე, სიმღერას აყოლილმა გაიარ-გამოიარა საწოლზე, კიდევ მოუნდა რაღაც, რაღაც უფრო მეტი, დაიხედა ძირს... აიღო ზეწარი, შემოიხვია ტანზე, ცალ ხელში ვითომ კალათი ეჭირა, მეორე ხელს კალათაში ჰყოფდა, მიმოდიოდა ლოგინზე და, სიმღერას აყოლილი, კალათიდან ნელ-ნელა ურიგებდა ზღვა ხალხს რაღაც საჩუქარს, ყვავილები იყო ეს თუ კარალიოკი, რაღაც ამდაგვარი, ზუსტად არ იცოდა... გათავდა მერე სიმღერა, გაიხედ-გამოიხედა გოგიამ, შერცხვა, გაიფინა ისევ ზეწარი, დაწვა, უფრო შერცხვა, წაიხურა თავზე საბანი... მერე ის იყო, აბონემენტები რომ დაურიგეს კლასში და თეატრში დაიარებოდა, მაგრამ აუჩვილდებოდა ხოლმე გული და ვერ იკავებდა თავს. დაბრუნდებოდა შინ, გადაიკითხავდა დავალებებს, წერდა რვეულში სუფთად.სწავლობდა გოგია ოთხებზე, სამებზე, ორიანი თავის დღეში არ მიუღია. ძალიან უყვარდათ მასწავლებლებს, ეჰ, ნეტაი ამასაც ჰქონოდა ნიჭიო, ამბობდნენ. ვინ აწყენინებდა, ან როგორ დაილაპარაკებდა გაკვეთილზე; იჯდა თავისთვის, წყნარად. ზოგმა ბოლო კლასში აურია ძალიან, ასეა, გენაცვალეო, ამშვიდებდნენ მშობლები ერთმანეთს, ბიჭი რისი ბიჭია, ცხოვრებაში ერთხელ თუ არ აურიაო. გოგია კი ისევ ისეთი იყო, ნამეტანი ჩუმი, წყნარი... გადიოდა კლასიდან კლასში, დაამთავრა სკოლა, უმაღლესში ჩაბარებით კი ჩააბარა გამოცდები, მაგრამ პირველ წელს სამი ქულა დააკლდა, მეორე წელს – ხუთი, არ გამოუვიდა არაფერი, ვოეწყო გოგია სამუშაოდ – ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, ლაბორანტად. ხალათები ეცეათ ყველას, გოგიასაც შეუკერა დედამ ხალათი, ფართო ჯიბეები ჰქონდა. მეცნიერ-მუშაკები კი იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი სამი-ოთხი წლით უფროსი თუ იქნებოდა გოგიაზე, იყურებოდნენ მიკროსკოპში.გოგიასაც ავალებდნენ წვრილმან სამუშაოებს, როგორ დაიზარებდა რამეს. ნაშუადღევს საათიანი შესვენება ჰქონდათ, დადებნენ პატარა ფულს და გოგია ხალისით მიდიოდა იმის მაგივრად, როგორ დაალაპარაკებდა ვინმეს. გახარებულს მოჰქონდა საჭმელი, სიამოვნებდა, კარგ საქმეს რომ აკეთებდა. შინ რომ დაბრუნდებოდა,რადიოს უსმენდა, კარგი გადაცემა თუ იყო, წიგნსაც კითხულობდა ხანდახან. დედა ავად გახდა ერთხელ,ლოგინად ჩავარდა ქალი. იმის ნაცვლად გოგია დაიარებოდა ბაზარში, ერთი-ორჯერ არ ეყო ფული—რასაც ეუბნეოდნენ, იმას იხდიდა. დაარიგა მერე დედამ და ბაზარში შშევიდა, ამოუდგა ვიღაც ქალს უკან, იმას ექვს შაურად დაუფასეს კარტოფილი, მაგრამ ქალი შეევაჭრა და ოთხ შაურზე დააყვანინა. სანამ ქალი ჩანთაში ჰყრიდა კარტოფილს, გაუწოდა გოგიამ გამყიდველს ოთხი შაური... აუწონა ამ კაცმა ერთი კილო, გადაზოგა ასე გოგიამ ორი შაური, ამოუდგა მერე უკან ვიღაც წუნია კაცს, სდია აქეთ-იქით,მერე,როგორც იქნა,ააწონინა იმ კაცმა ერთგან ხახვი და იყიდა გოგიამაც იმ ფასად ხახვი...ერთ კვირაში უკვე თვითონ ევაჯრებოდა გამყიდველებს, გაიგო გოგიამ ფულის ფასი, მოიზოგავდა ხოლმე ცოტას, გაზეთებს ყიდულობდა. მიუჯდებოდა მაგიდას, გადაშლიდა, მიაჩერდებოდა ხოლმე დედა, ატირდებოდა-მამაშენსაც უყვარდა მაგ... გადადებდა გოგია გაზეთს გვერდზე, მიაჩერდებოდა კედელს... რა ყოფილა მაინც სიკვდილი-დიდი უცნაური, გამოუცნობი, აუხსნელი, საიდუმლო-იმ დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა, დედა მეზობელთან იყო გასული სალაპარაკოდ, ტახტზე კი მამა გულაღმა იწვა და ისე იწვა, თითქოს ეძინა,მაგრამ გახეხილი,დაბინდული,ჩამორეცხილი ფრესკისფერი თვალები ჰქონდა...გაშრა გოგია, ფეხისწვერებზე შედგა და ისე დაჩერდა... დედა რომ მომჯობინდა,მერეც კი დაიარებოოოდა ბაზარში, სამსახურში ხომ დადიოდა და დადიოდა. ტრამვაი ერჩია ყველაფერს – იაფი ღირდა. დაზოგა გოგიამ ბაზარში სიარულით თოთხმეტი მანეთი ფული, ჩაიდო ჯიბეში. ცოტათი გამოიცვალა, სულ ცოტათი – აქამდე თუ ყველაფერი სჯეროდა, ახლა რაც დასაჯერებელი იყო, იჯერებდა და რაც არა...მაგრამ ერთხელ ერთმა ნათესავმა ქალმა ისეთი ამბავი მოჰყვა, მტრისას – ორი რუსის ქალი ცხოვრობდა თურმე იტალიაში, დები ყოფილან, მილიონერის შვილები; რომ გარდაცვლიათ დედ-მამა, დარჩენიათ ზღვა ფული და ამტყდარა პირველი მსოფლიო ომი და მაინცდამაინც მაშინ მონატრებიათ სამშობლო, წამოსულან, ნამეტანი უცნაური ქალები ყოფილან... თვალ-მარგალიტი წამოუღიათ მარტო და ისე წამოსულან, მაგრამ გზაში ვიღაცას აუფეთქებია რაღაცნაირად რელსები და გაჩერებულა კაიხანს მატარებელი ერთ პატარა სოფელთან, ერთ თვეს მდგარა თურმე – ომი იყო... იქ მქგარი შიმშილობა ყოფილა თურმე, რა ექნათ იმ ქალებს, ცხოვრებქში გამოუცდელები ყოფილან ძალიან – თითო პურში თითო მარგალიტს აძლევდნენ თურმე და რომ მოუღწევიათ საქართველომდე, ორი თუ სამი საგვარეულო ბეჭედი შერჩენიათ ხელზე... ამ დროს, მოგეხსენებათ, რა ამბავიც იყო საქართველოში, მენშევიკები, აქეთ შოტლანდიელი ჯარისკაცები, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა... დაუქირავებიათ იმ ქალებს ერთი პატარა სარდაფი, ბნელი, ნესტიანი, მაგრამ სულაც არ წუხდნენ, ადრეც არ ყოფილან ნამეტანი ფუფუნების მოყვარულნი... ჰოდა, იმ სარდაფში ვირთხა იყო ერთი თურმე...ჯერ კი დააფრთხო ქალები, მაგრამ მერე ისე ძალიან აღარ ეშინოდათ. თავი რომ ერჩინათ, მოწაფეები დადიოდნენ იმ ქალებთან, სამეცადინოდ – ერთს ექვსი ენა სცოდნია კარგად, მეორეს – ათი, უცნაურები ყოფილანო... ამდენ ენას რომ დაიმახსოვრებ კაცი, დაბნეული იქნები, აბა რა იქნებიძ?! ჰოდა მოსულა ვიღაც ბავშვის მშობელი და გადარეულა, რაა ეს, არ გრცხვენიათ, ვირთხა რომ გყავთ ოჯახშიო? მაგია ავადმყოფობის გადამტანი, ყელში კბენა უყვარსო დაასე... აგერ, მოგიტანთ დარიშხანს და აჭამეთო... გაჩუმებულან ის ქალები, სირცხვილით ვეღარ თქვეს, იყოს, რა გვიშლისო და რომ მოუტანია იმ მშობელს საწამლავი, გადაუგდიათ ვირთხისთვის დაიმას უჭამია. ისხდნენ თურმე და ვერ იძინებდნენ – ნეტაი რა მოხდებაო... რომ მოუტანებია ღამეს, გამხდარა ვირთხა ცუდად, დაწრიალებს თურმე ოთახში, რას დაწრიალებს, წყალი უნდება თურმე მაგ დროს, სხედან ეს ქალები, ხმას ვეღარ იღებენ... მერე, რომ შექმნილა ძალიან გლახად ვირთხა, ააცოცდა თურმე ერთ ქალს მუხლებზე, დაუბჯენია თათები, ძლივს აუწევია თავი და უყურებს, უყურებს თვალებში... ეს ქალები ერთდროულად წამომდგარან, არაფრის შნო და მარიფათი არ ჰქონიათ მანამდე, მაგრამ იმ დღეს გადაუდიათ თავი – უკაცრავბი პასუხია, მაგრამ სხვადასხვა ხერხით გადაურჩენიათ ვირთხა, მოწამლულ ადამიანს რომ უვლიან, ისე. არაა გადასარევი? კი იყო გოგია გამოუცდელი, მაგრამ ასეთ სისულელეს დაიჯერებდა ვითომ? რომ ყოფილიყო ის ცხოველი ან ძაღლი (ადამიანის მეგობარი), ან ცხენი (ტრანსპორტის საშუალებაა), ან ძროხა (რძეს და ხორცს გვაძლევს), ან ბულბული (სტვენს კარგად), კიდევ შეიძლებოდა დაჯერება, მაგრამ... დედამ კი თქვა, მაინც რა არის ცხოველიო, მაგრამ ალბათ ისე თქვა, ზრდილობისთვის. ჩართო გოგიამ რადიო, გადაშალა გაზეთიც, ის ქალი კი ლაპარაკობდა, - არა, მე იმას კი არ ვამბობ, ვირთხა რა გადასარჩენი ცხოველიაო, მაგრამ ისაა მთავარი, რანაირი უცნაური ქალები ყოფილან ის ქალებიო... გოგია აღარ უგფებდა ყურს, მაგრამ სტუმარი რომ წავიდა, ძალიან დაინტერესდა, ეს ამბავი ნამდვილად მოხდა თუ არაო, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი დაადგინა – ერთი მხრივ ვირთხის გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან უცნაური ქალები ყოფილან და ვერ დაასკვნა გოგიამ მაინც ვერაფერი... მიუბრუნდა ისევ გაზეთს – გადატრიალება ჩილეში. პარიზი, 22 ნოემბერი. როგორც ფრანს პრესის სააგენტო იუწყება... დაიარებოდა გოგია სამსახურში, მიდიოდა, მოდიოდა, კვლევით ინსტიტუტში ბუფეტი გახსნეს, შესვენებაზე იქ ჩავიდნენ თანამშრომლები – ორ-ორი, თითო-თითოდ... გადაზოგა იმ დღეს გოგიამ კიდევ ათი შაური, არ უსაუზმია, მოშივდა ძალიან, ეჩქარებოდა შინ და ხალხით გატენილ ტრამვაის შეახტა. საფეხური არც ჩანდა, ისე იყო დახუნძლული; სხვები გულგრილად იდგნენ. იქ, ეტყობა, შეჩვეულნი იყვნენ ასე მგზავრობას, გოგიას კი რცხვენოდა, თანამშრომლებმა ანდა ვინმემ არ დამინახოსო. ტრამვაი ზრიალით მიდიოდა, კარგიაო, ფიქრობდა გოგია, ჩქარა მივალ სახლშიო. იდგა ასე თავჩაქინდრული, მერე გახედა გზას, ტრამვაის რელსებს, ქარი სიოდა ყურებში, გამოცოცხლდა გოგია, გვერდით მდგარ ბიჭს გახედა. ეცნაურა ცოტათი და უცებ გაუკვირდა – ბიჭს თვალები გაუფართოვდა და ტრამვაის მიეხუტა, გაოცებული გოგია ორიოდე წამს ვერაფერს მიხვდა, მერე კი, ტრანვაიმ მკვეთრად რომ შეანელა სვლა და რელსებზე აღრჭიალდა, რაღაცა ძლიერი, მოურიდებელი ტკივილი ეტაკა ბეჭებში. სანამ გამოერკვეოდა, ფეხზე წამოდგა და უზარმაზარი თეთრი შვიდიანი ეცა თვალში. დაიბნა, თითქოს პირველად ხედავდა საბარგო მანქანას. გაფითრებულმა კაცმა ხელი წაავლო, კაბინაში გვერდით მოისვა. გოგიას ეგონა, გაუბრაზდებოდა, მაგრამ მძღოლმა უთხრა, არ დამღუპოო, კინაღამ ბავშვი გავიტანე და იმიტომ შევაჩერე ისე უცებ მანქანაო, კიდევ კარგი, ტრანვაიმაც დროზე დაამუხრუჭა, თორემ არ დაგყვებოდა მიწაზე სულიო, ძალიან ხომ არ გტკივა... არაო, გოგიამ. მძღოლმა შინ მიიყვანა, ნაძალადევად გაუღიმა და თავის გზაზე წავიდა. გოგიამ შარვალი დაიფერთხა, ეზოში შევიდა, ჩვეულებრივად აიარა კიბე, პირი არ დაუკარებია საჭმლისათვის,წამოწვა. რა იყო, ბიჭო, რატომ არ სადილობო, ჰკითხა დედამ... რა მინდაო... ბევრს ხომ არ გამუშავებენ, შვილო, სამსახურშიო... არაო, ბუფეტი გაგვსვენებ, და... მართლაო? რეები აქვთ მაინცო. დედა, დავისვენებ, რა, ცოტასო...დაწვა გოგია ტახტზე, თვალები დახუჭა, ახლაღა შეეშინდა... რა, როგორ, ეს ორი სიტყვა ამოიჩემა- რა, როგორ... მერე გაახსენდა, რიმ უნდა ესადილა, რომ ასე იუო საჭირო. ძალისძალათი წაიხემსა, პატარა სანს მობუზული იჯდა და დაწვა. ღამით ორჯერ გაეღვიძა, ზურგი სტკიოდა... დილით სამსახურში წავიდა, ავტობუსით, მოტორის გუგუნმა გული გაუწვრილა, გააღიზიანა... სამსახურში რომ მივიდა, გაუთავებლად გრძელი მოეჩვენა კიბე; თანამშრომელებმა ვერაფერი შეამჩნიეს, მიკროსკოპში იყურებოდნენ, ჩამოჯდა სკამზე, იჯდა, იჯდა... არაფერი გაუკეთებია, ძალიან დაღლილი დაბრუნდა შინ... ითმინა, ითმინა, მესამე დღეს საავადმყოფოში დააწვინეს. რატომ არ მითხარი დროზეო, ლოყებს იხოკავდა დედა, რატომ არ მითხარი დროზეო... გოგია იწვა და სუსტად იღიმებოდა... დიდი სიცხე ჰქონდა, ოცდაცხრამეტი ექვსი ხაზი. ექიმები რომ მოვიდნენ, დედამ ტუჩებზე მაგრად მიიკრა მომუჭული თითები, თვალებად გადაიქცა... წამოჯექი აბაო, უთხრეს... წამოჯდა საწოლზე, ააწევინეს პერანგი, შერცხვა გოგიას, ძალიან გამხდარი იყო... ზურგზე რაღაცა მიადეს თუ არა, მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს. ჰიდროტორაქსი, უთხრა ერთმა ექიმმა მეორეს, პუნქცია უნდა გავუკეთოთ ხვალვე... მითხარით, რაა ჩემს თავსო, გამოედევნა ექიმებს დედა. ნუ ღელავთო, თქვეს ექიმებმა , ტრამვის შედეგად პატარა სითხე წარმოქმნილაო და ხვალვე გამოვუღებთო... როგორო... ნემსითო... უიმე, ჩემს თავსო, შეიცხადა დედამ... დაწყნარდით, დაწყნარდით, ნამდვილად არაათ საშიში... თქვენი ჭირიმე, არ მომატყუოთო, ეგ ერთი მყავსო, ეგ ერთი. ღამით ცუდად ეძინა გოგიას, ას ოცდაათი ჰქონდა პულსი. ჰაერი არ ჰყოფნიდაა, წამდაუწუმ ეღვიძებოდა, ოფლი სდიოდა, ხშირ-ხშირად და ღრმად სუნთქავდა; ნემსები დაუნიშნეს, დილამდე ძლივს მიატანა, გული უხურდა... ექიმები მოვიდნენ თუ არა, სანიტრებმა ურიკაზე დააწვინეს გოგია და გაქათქათებულ, ბრჭყვიალა ოთახში შეიყვანეს. ექიმი რეზინის მოყვითალო, გამჭვირვალე ხელთათმანებს იცვამდა, მხიარულად უთხრა, ხომ ხარ ვაჟკაციო... გოგიამ უზერხულად გაიღიმა-ძალიან გამხდარი იყო. აბა, დაჯექიო; ექთანმა იღლიებში მკლავები შეუყო, დაამგრა გოგია... ჯერ გამაყუჩებელ ნემსს გაგიკეთებთო, თქვა ექიმმა და გოგიამ პატარა ჩხვლეტაიგრძნო, არც ეტკინა მაინცდამაინც... დაიცა აბა ცოტა ხანსო, დრო უნდა გავიდესო, უთხრა ექიმმა, ფანჯარასთან მივიდა და ეზოში იყურებოდა. მერე პირი და ცხვირი თეთრი ნიღაბით აიკრა, თეთრი ქუდიც წარბებბამდე ჰქონდა ჩამოფხატული, მხოლოდ ნაცრისფერი თვალები უჩანდა. რაღაც ცუდის მოლოდინში გოგია სულ მოიმჩვარა, ასე იყო ერთხანს და მოღონიერდა თითქოს... გონს მოეგო და შეკრთა – ექთანის მკერდს გრძნობდა გამხდარ, დალეულ მკერდზე, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ქალთან... უკან დაიხია, ძლივს ასწია თავი, შიშნარევი ვედრებით მიაჩერდა მზერაარეული, ტუჩებგამშრალი... ექთანმა მშვიდად გაუღიმა, რაღაც საოცრად თბილად, კარგად გაუღიმა ექთანმა და გოგია ისე დამშვიდდა, რომ ბურანი ჩამოაწვა და მკლავში ისევ უჩხვლიტეს. გამოფხიზლდა თუ არა, აბა, გამაგრდიო, დაუყვავა ექიმმა და უეცრად ზურგში მძლეთამძლე, ძლევამოსილი ტკივილი ეძგერა. თვალთ დაუბნელდა გოგიას, არა, კი არ დაუბნელდა, რაღაცა მონაცრისფრო, მზის გულზე შემთბარ ბამბის ზვინში იძირებოდა თითქოს, ეფლობოდა, ყოველი კუნთი სასიამოვნოდ დაშორდა ერთმანეთს, ეს ნამდვილი ნეტარება იყო, არაფრით არ უნდოდა გონზე მოსვლა, არადა, მკლავში ისევ უჩხვლიტეს, ცხვირში მჭახე სუნი ეტაკა, ლოყაზე ურტყამდნენ თითებს, საფეთქლებს უსრესდნენ, ის საშინელი სუნი აღარ აძლევდა საშვსლს, თავი გადასწია გოგიამ, შეკრთა, თვალი გაახილა, არა, შეიხვეწა გოგია, არა, არა... ნუ გეშინია, ცოტაღა დარჩა, ნუ გეშინია, ეუბნებოდა ექიმი. გოგიას ყბა ჩამოუვარდა, პირი დააღაო, ქუთუთოები დაუმძიმდა, მთელი სხეულით მინდობოდა ექთანს, ნიკაპი ჩამოადო მხარზე, ლოყით მიეხუტა. იჯდა ასე, ვერაფერზე ფიქრობდა, უმწეოდ იცდიდა, მერე მიხვდა, ნემსი რომ გამოუღეს ნეკნებიდან, ღრმად შეისუნთქა, უკეთ გახდა მაშინვე, შერცხვა – ექთანს სხაე მოაცილა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო... შენ რა გითხარი, უთხრა ექიმმა და თეთრი ნიღაბი შეიხსნა, როგორ შეგვაშინე... მაინცდამაინც არ ეტყობოდა, თუ შეშინდა, ნაღდად ეხუმრებოდა, ძალიან კარგი კაცი ჩანდა... გოგიას მადლიერებისაგან გული აუჩუყდა, არადა, ლაპარაკი უჭირდა, ისე იყო ღონემიხდილი, მაინც მოახერხა ხმის ამოღება: - მადლობა, დიდი მადლობა, ბოდიში... რის ბოდიში? - სუსტად გაიკვირვა ექიმმა... შეგაწუხეთდა... ექიმმა მხარზე მოუთათუნა ხელი და უთხრა: ეგ არაფერი... რა გქვია? გიორგი... ეგ არაფერი გიორგი, უთხრა ექიმმა. სანიტრებმა ისევ ურიკაზე დააწვინეს, გოგიამ თვალი მოავლო ოთახს და ის ნემსი რომ იპოვა, გააჟრჟოლა, - წვრილი ფანქრის სიმსხო იყო. დერეფანში გამოიყვანეს თუ არა, დედა მივიდა, ლოყაზე მოუფათურა ხელი, მერე მხარზე, ნიკაპზე, შუბლზე... რორგორა ხარ, რატომ არ ყვიროდი, როგორა ხარ, რორგორ? გოგიამ გაუღიმა – კარგად... მართლა უკეთ იყო – თავისუფლად სუნთქავდა, ისეთ მხურვალებასაც აღარ გრძნობდა, გულიც საგულეს ჩაუდგა. სანიტრებმა ლოგინში ჩააწვინეს, დედამ კოხტად ამოუკეცა საბანი, ატირდა და გავიდა გარეთ... გოგია მშვიდად იწვა, ხელები მუცელზე ელაგა, ფანჯარას მისჩერებოდა... კარგა ხანს იყო ასე, სუსტად იღიმებოდა. სამიოდე დღეს უკეთ გრძნობდა თავს, დილით ოცდაჩვიდმეტამდე ჰქონდა სიცხე, საღამოს ოცდათვრამეტამდე აცოცდებოდა ვერცხლისწყლის სვეტი, მაგრამ რა უჭირდა ამას, იმ ამბების შემდეგ... პალატაში ერთი ავადმყოფი იწვა, გოგიას კბილა ბიჭი იქნებოდა. ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაეკეთებინა და აშკარად ეამაყებოდა, იმისმა ოპერაციამ ჩვეულებრივზე დიდხანს რომ გასტანა. „რო ამოჭრეს და მაჩვენეს არა? გავგიჟდი“... ყვებოდა ბიჭი, „რვა სანტიმეტრი ყოფილა სიგრძით, პრიციპში“... იმ ბიჭთან ძალიან ბევრი მნახველი მოდიოდადა ავადმყოფს ყველასთან სხვადასხვანაირად ეჭირა თავი – ზოგთან ამპარტავნულად, უინტერესოდ, მნახველი სხაპასხუპით უყვებოდა რაღაცას, ავადმყოფი კი ჭერს შესცქეროდა, დროდადრო უილაჯოდ გაიკვირვებდა და იკითხავდა: „ჰო?“ მერე კი სხვა მოვია და იმის დანახვაზე სულ გამოიცვალა, დაიძაბა, აშკარად დაეტყო, ძალიან რომ მოუნდა რაღაცა ჭკვიანურის თქმა. მნახველი საშუალო ტანის ბიჭი იყო, წითელი პერანგი ეცვა. ავადმყოფისაკენ დაიხარა და აკოცა, საერთოდ, ვინც კი მოდიოდა უბრმანაწლავოსთან, ყველა კოცნიდა. „მაშ, მაგრად იჩხუბეს?“ - ენერგიულად იკითხა ავადმყოფმა. „ისე რა... - თქვა წითელპერანგამ, - არა უშავს“. „როგორ მოერია მაინც , ა?“ „ყველაფერი ხდება – ჩხუბია... ბალეტი ხომ არ არი“. „თანაც, იმან გაარტყა არა, პირველად?“ „კი, მაგრამ კარგად ვერ მოაჯდა“... „ალბათ, მაგას კარგი დარტყმა აქვს პრინციპში...“ „არა უშავს, - დაეთანხმა წითელპერანგა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა, - კარგი დარტყმა თუ აქვს, უნდა მოესვა“. „აბა რა“, - თქვა ავადმყოფმა. ერთხანს ჩუმად ისხდნენ, წითელპერანგამ მხარზე რატომღაც ამაყად დაიხედა, მერე ოთახს მოავლო თვალი: „რადიო არა გაქვთ?“ „არა... აი, ამას ხელს რომ დააჭერ, გარეთ სინათლე ინთება და ექთანი მოდის“. „ვა...“ ისევ ჩუმად ისხდნენ, რაღაცნაირად ვერ ააწყვეს საუბარი და ავადმყოფი ძალიან განიცდიდა ამას. უცებ გოგიას შეავლო თვალი და ძალიან ხმამაღლა თქვა: „აი, ეს გუშინწინმოიყვანეს, წყალი გამოუღეს ფილტვებიდან“. „მართლა“? - გოგიას შეხედა წითელპერანგამ, - ეს როგორ“... „ნემსი ყოფილა, გაგიჟდები, - თქვა უბრმანაწლავომ, - კოკტეილის ჩხირივით“. „ვა, - გაიკვირვა წითელპერანგამ და გოგიას მიუბრუნდა: - ეს რატომ?“ „მანქანა დაეჯახა“. „ვოლგა?“ „არა, საბარგო, - თქვა გოგიამ, - საბარგო დამეჯახა“. „ხომ არ დააჭერინე, ჰა, ბიჭო?“ „არა“, - დაიმორცხვა გოგიამ. „ყოჩაღ, რამდენი შეაწერე?“ - გოგიას ეუხერხულა, სიტყვა რომ გაამეორებინა, არადა, ვერ მიუხვდადა დაბნეულმა თვალი მოარიდა. „მალავს, - ეწყინა წითელპერანგას, - შენ იცი შენი საქმე, ყველამ თავისი საქმე იცის“. მნახველი შეურაცხყოფილი გამოიყურებოდა და უბრმანაწლავომ თქვა: „ალბათ, ნომერი ვერ დაიმახსოვრა, პრინციპში, წაქცეულა“... „მართლა? - წყენამ გაუარ წითელპერანგას. - გაიქცა?“... „არა, იმან მიმიყვანა სახლში“... „მერე, ისე გაუშვი?“ „არა, მე თვითონ ვიყავი დამნაშავე“... „ეს როგორ?!“ - წარბები აზიდა მნახველმა. „ტრამვაიზე ვიყავი ჩამოკიდებული“... „მერე რა?!“ - გაუკვირდა წითელპერანგას, შეაცქერდა. აგდებული ღიმილი მოერია სახეზე და ისევ შეათვალიერა გოგია: - „შენ რომელ უბანში ცხოვრობ?“ „ვერაზე“. „შუშტას იცნობ?“ „არა“ - შეწუხდა გოგია. „არც გაგიგია არა?“ „არა“. „ეე,“ გაიღიმა წითელპერანგამ ა ზურგი შეაქცია – ახლა მისთვის ნათელი იყო, რას წარმოადგენდა გოგია. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მნახველს რაღაცა გაახსენდა და იკითხა: „რომელი საათია?“ „არ ვიცი, - შეწუხდა უბრმანაწლავო და მაჯაზე ხელი დაირტყა, - არ მიყვარს საათის ტარება“. „ამას ხომ არა აქვს, - მხარუკუღმა გაიშვირა ცერი წითელპერანგამ, - ეგ ისეთი ტიპია, ნაღდად ექნება“... „საათი ხომ არა გაქვს, ბიჭო?“ „არა“. „ვა, რა ვქნათ?“ - დაინტერსდა მნახველი. „ვახ... ჰო! - გამოცოცხლდა ავადმყოფი და ღილაკსთითი დააჭირა, - ახლავე იქნება ყველაფერი“, ეს რორგორ?“ „აი, ნახავ...“ პალატაში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა,მორიგე ექთანი -“რომელი მეძახდით?“ „მე, - გაუღიმა ავადმყოფმა, - ვენერა, გენაცვალე, ჯერ გაიცანი, ეს ჩემი ამხანაგია“. „აა“ - თქვა ვენერამ და შეწითლდა, წითელპერანგაც სანახევროდ წამოდგა, ერთხანს მოხრილი იდგა და თავს კარგა ხანს აკანტურებდა, გაცნობის ნიშნად, ბოლოს მაინც ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. „ვენერა, საყვარელო ხომ არ იცი, საათის რომელია? არა, მე დიდი ბოდიში, საქმეები გაქვს, რამე, შეგაწუხეთ, მაგრამ აქ არავის არა აქვს საათი და თუ და ხარ, ძმურად, გამიგე რა?“ „ეგ ადვილი სამსახურია“, - თქვა ვენერამ და გავიდა. „რა ქაჯია არა, პრინციპში?“ - იკითხა ავადმყოფმა. „ჰო, რა... გუშინ, ღამე, ლევანას სუფრიდან გაუგდია“. „არ გამაგიჟო, - აღელდა ავადმყოფი, - ლევანას ბორია?“ „ჰო, რა...“ „როგორ იყო? ვაჰ, მითხარი რა...“ „შვიდის ოცი წუთია“, თავი შემოჰყო ვენერამ. „გმადლობთ, გენაცვალე, დიდი მადლობა... როგორ იყო?“ „ვა, რა დრო გასულა, მე წავალ, - წამოდგა მნახველი, - ძალიან მეჩქარება, ხვალ მოვალ, მოგიყვები“... „ნაღდად გააგდო?“ „იქ ვიჯექი – როგორ“... „ხვალ მოდი რა“... „მოვალ, აბა რა, - თქვა წითელპერანგამ, დაიხარა და ერთმანეთს აკოცეს, - კარგად“... წითელპერანგა რომ წავიდა, კმაყოფილმა ავადმყოფმა გოგიას შეხედა და უთხრა: „ იცი, ეგ რა სამართლიანი ბიჭია, ყველანი პატივს სცემენ...“ იწვა გოგია თავისთვის, ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი, ჩამოჯდა იქვე, თავთით, დედა. იყვნენ ასე – დედა გოგიაზე ფიქრობდა, გოგია... იმ წითელპერანგა ბიჭზე: „სამართლიანია... როგორია მაინც? რაშია სამართლიანი?“ საჭმელი ხომ არ მოგენატრა რამეო, ჰკითხა დედამ. დაფიქრდა გოგია – პირი უშრებოდა, ლაღიძის წყალი გაახსენდა – ტკბილი, ცივი, შუშხუნა... იმას მაინც ძალიან კარგი გემო ჰქონდა, პიტნას... სწრაფად დაბრუნდა დედა, ვაშლები ამოალაგა ჩანთიდან, ბულიონი, ხაჭაპური, თერმოსი – დალია გოგიამ ლაღიძის წყალი. ღამღამობით უფრო ცუდად იყო, ყოველ ნახევარ საათში ეღვიძებოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა, მოკეცავდა ფეხებს, ეგება ასე უფრო კარგიაო. ოდნავ შეიცვლიდა გვერდს, აუძგერდებოდა გული, გაშლიდა ისევ მუხლს, იწვა ასე, ჩაეძინებოდა, ეღვიძებოდა ისევ, შუბლი დაცვაროდა... მეექვსე დღეს ისევ გამოუღეს სითხე. ბრჭყვიალა ოთახში რომ შეაგორეს, იმ ნემსს მოჰკრა თვალი და გააჟრჟოლა. ამჯერადაც წაუვიდა გული, მაგრამ სულ სხვანაირად – ორიოდე წამით ჰკარგავდა გონებას, მაშინვე ფხიზლდებოდა, ისევ დაუვარდებოდა თავი, ისევ ფხიზლდებოდა და ასე, ნემსი უჩხვლიტეს მკლავში. ურიკაზე რომ გადააწვინეს, რაღაცის გახსენება დააპირა ერთხანს, მაგრამ ტკივილმა გადაავიწყდა და რა დავაშავე ასე, რა დავაშავეო, გუნებაში ჩურჩულებდა. დედა მჯიღს ირტყამდა გულზე, როდემდის, როდემდის უნდა იყოს ასეო...დაამშვიდეს,დააწყნარეს, ამჯერად ნაკლები იყო სითხეო, ვითომ? ცოტათი მოეშვა დედას. საღამომდე წყნარად იწვა გოგია, აღარაფერი აწუხებდა და ნეტარებდა. სიამოვნებით ახამხამებდა თვალებს, ერთი – ორჯერ თითებიც აითამაშა მკერდზე, მერე იყო და იმ ბიჭთან მნახველები მოვიდნენ – ორი გოგო. ერთი შეუხედავი იყო, მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მეორე კი, ლამაზი, ჩუმად იჯდა, გულმოდგინედ ცოხნიდა საღეჭ რეზინას და დროდადრო თავისთვის იღიმებოდა. გოგია
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს.
|