მე მომეწონა ანტიგონეს ნაწერი. გულახდილია და არ იმალება.
* * *
მომილოცეთ

როგორც იქნა ქართულად დავბეჭდავ

ეს წინა ჩანახატი. ვიფიქრე იქნებ უმჯობესი იქნება თუ ტრანსლიტზე თვალებს არ დაითხრიან და ქართულადაც დავდებ. თან კიდე ერთი ჩანახატისავით გავკეთე ადრე და აი ისიც
ფიქრის ხვედრი
-------------------
"მეგობარმა მთხოვა, გზის ფული მესესხებინა. უარი ვუთხარი პრინციპის გამო. მაშინ გეგმას მივყვებოდი, რომელიც მეუბნებოდა, რა მომემოქმედა და როდის გადავქცეულიყავი ქვად.
როცა გავიზარდე, მეგობარს ფულით არაერთხელ დავხმარებივარ. ჩემი პრინციპები თვითმკველობის სურვილს გავატანე და ბავშვობაში დავტოვე.
მეგობარმა მიღალატა. ამის შემდეგ ფული აღარ არსებობდა ჩემთვის.
ავად ვიყავი. კითხვას მიკრძალავდნენ, თავის ტკივილით მემუქრებოდნენ. ბულვარულ რომანებს მივეძალე - ხუთ დღეში ექვსი წიგნი გადავიკითხე. მაინტერესებდა, რა არის ფიზიკური ტკივილი.
დღე არ გადის, თავი რომ არ მტკიოდეს, მაგრამ არ ვიმჩნევ. მაინტერესებს, როგორია, იყო ადამიანი და არ დაიჩივლო.
დღეს ცხელოდა. მეგობრების წიკვინს მოვუსმინე, ვანუგეშე და მარტო დავრჩი, როგორც მარადიული გამცილებელი, რომელმაც უკანასკნელი ადამიანი დააბინავა და ქუჩაში დარჩა მოხეტიალედ."
დამწერმა კალამი გვერდით გადადო. გადაიკითხა. გაიცინა. "ღმერთო, რა ლირიკაა!" - ცივ მდინარეს გახედა. ყვავებს უკვე დასძინებოდათ.
"ჩემი ნაფიქრალით არასოდეს მომიწმენდია ტრაკი," - გახალისდა. ნაგავსაყრელიდან მოთრეული ფიცრები და კარები ოთახის ილუზიას ქმნიდა, მაგრამ შემოდგომის სიცივე აგონებდა, რომ სახლი არა ჰქონდა, - "მაინც სხვა ქაღალდი არ არის." ჩაიცინა და ბუჩქებისკენ გაემართა.
გადაკვეთა
-------------
ელენე აგრძელებდა გზას. დიდი ხანია, რაც ფიქრი მოსწყინდა. სამი-ოთხი წლის წინათ მარტო ისე ერთობოდა, თითქოს ღმერთი იყო და ყველაფერი მას უკავშირდებოდა.
ტყე გამეჩხერდა. ახლაღა მიხვდა, რატომ უჭირდა სიარული - ნელ-ნელა მთაში ადიოდა. დაინახა ქვის კედელი. მიუახლოვდა, შემოუარა, შესასვლელი მალე იპოვა.
სასახლეში დედა-შვილი ცხოვრობდა. გოგონა სერიოზული და ჩუმი იყო. ელენემ იმედგაცრუებ იგრძნო - ორი წელია, კაცი არ ენახა და სექსი აკლდა.
დედას თამარი ერქვა, შვილს - ნინო.
ელენეს თავაზიანად დახვდნენ, მაგრამ პატრონი ორი იყო და, რაც მთავარია, მარტოობით ჯერ მოუწყენელი. ნინო უფრო გულჩათხრობილი და მხიარული ჩანდა.
- არ გინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე?
- სად? - გაეღიმა ნინოს.
- სამყაროს სანახავად.
- მთელ სამყაროს ვერ მოივლი, მისი ნაწილი კი უკვე კარგად შევისწავლე. როცა თვრამეტი წლის ვიყავი, აქედან გავიქეცი. გამოვცადე დამოუკიდებლობა, სამუშაოზე დამოკიდებულება, სექსი, სიყვარული, ნარკოტიკები, სასმელი და პოპულარობა. ერთადერთი, რაც ვისწავლე, არის მარტოობით კმაყოფილება და ხანდახან კი მხიარულ კარნავალზე გართობით სიამოვნების მიღება.
თამარმა ამოიოხრა. მას არა სწამდა, რომ ნინო არასოდეს გათხოვდებოდა, არ ეყოლებოდა შვილი. ელენემ კი დაუჯერა გოგონას, მხრები შეიშმუშნა და დაუმშვიდობებლად გაეცალა იქაურობას.
თოვდა. თენდებოდა. სევდიანად გაისიგრძეგანა თვალუწვდენელი გზის სიცარიელე.
ველად მათხოვარი მიუახლოვდა, რომელიც ბავშვობიდან შეეჩვია მაწანწალობას. როცა პატარა იყო, ხალხი იბრალებდა. ახლა ამ უდაბნოში დაეხეტებოდა და გამვლელებს აწიოკებდა. ელენემ ხელები აწია - არაფერი მაქვსო. ბიჭმა თვალები დაკაკლა, ყელზე ჩამოკიდებულ ხის ღვთისმშობელს სტაცა ხელი, მიწაზე მოისროლა. თვითონაც დაეცა, თმა შემოიგლიჯა და მუწუკებიანი შუბლი ატაკა ხატს. "მეტრო ისანიი... მივდივარ ისანში... დამეხმარეთ, პატარა ძმა მომიკლეს... ისანიი..."
გზა გააგრძელა. პატარაობიდან გულცივობით გამოირჩეოდა. არავინ უყვარდა და არაფერზე წუხდა. ბიჭი ასე უშნო და ავადმყოფი რომ არ ყოფილიყო, მასთან მაინც დაწვებოდა. გაბრაზდა. დაბრუდნა და წიხლი ჰკრა.
"რა მოხდება, უკვალოდ და უმიზნოდ რომ ვიარო?" - ნაძვნარისკენ გაუხვია, გაეცინა - ამდენი ხანი წოწიალობდა და ერთხელაც არ მოსვლია თავში, რომ გზას აღარ გაჰყოლოდა. უეცრად იგრძნო, რა ცივი და სასიამოვნო იყო თოვლი, სამყარო კი - ბუნებით ლამაზი. დაბზრიალდა. თავბრუ დაესხა. დაჯდა ხის ძირში და ცას ახედა. კვამლი შენიშნა და მიხვდა, რატომ უხაროდა ასე - ადამიანის სუნი ეცა. ახტა და უმიმართულებოდ გაექანა მხუთავ ატმოსფეროში.
ქალაქი. ბედნიერება. სამუშაო. ბინა. ხალხი. გასართობი. კაცები.
დაქალი საზღვარგარეთ გაუშვეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ძმაკაცი სულ მალე მენეჯერი გახდებოდა, ელენე კი კვლავ გამყიდველობდა. საკუთარი უნიჭობისა და დაკარგული წლების ტვირთი ერთბაშად დააწვა. სხვა სამსახურის ძებნა დაიწყო. თარჯიმნად მოეწყო.
საქმიან წვეულებაზე ლაშა გაიცნო. როგორც იქნა, ეღირსა სერიოზული სასიყვარულო ინტრიგა.
ლაშა ჭკვიანი და მომხიბლავი ადამიანი გამოდგა, მაგრამ ელენეს კოლეგები ბავშვად აღიქვამდნენ. გარიკვა, რომ იგი ერთობ არაპრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, დაბალშემოსავლიანი თანამდებოდა ეკავა და არ უყვარდა ფული. ელენე შეცბა. ეგებ, ყველაფერი თავის მოტყუება იყო? იქნებ, ლაშას მხოლოდ მისი ფული და მარტოხელობა იზიდავდა? ასე რომც არ ყოფილიყო, რას იტყოდა ხალხი მათ ურთიერთობაზე? დაესიზმრა, თითქოს ლაშა ყოველ დღე საწამლავს უყრიდა საჭმელში. ცივმა ოფლმა დაასხა და დაფეთებით წამოხტა გაციებული ლოგინიდან. სააბაზანოში გაიქცა, შხაპი მიიღო. დამშვიდდა. სანამ საძინებელში დაბრუნდა, ყველგან ჩააქრო შუქი. დაიკარგა. არასოდეს ეგონა, რომ ასე დიდი ბინა ჰქონდა. ხელები წინ გაიშვირა და შეეცადა, კედელი მოეძებნა. ხან მარჯვნივ აწყდებოდა, ხან - მარცხნივ. გაშმაგდა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა. ფანჯარასაც ვერ მიაგნო. კანკალმა აიტანა. მიხვდა, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, ახლა კი გამოეღვიძა ამ წყვიად უდაბნოში, სადაც არასოდეს თენდებოდა. ვერაფერს ხედავდა, თუმცა სიკვდილის სუნს მაინც გრძნობდა. მუხლის ჩოქებზე დაეცა. ხელებს უსაგნოდ აფათურებდა, მაგრამ სიმყარე ვერ იპოვა. იატაკიც ინთქმებოდა სიცარიელეში. გაუკვირდა, თუ რანაირად იკავებდა წონასწორობას არარაობაში. იმწამსვე ფრენით დაიწყო ვარდნა. სიბნელე გაირღვა. მალე შეფარფატდებოდა სინათლეში. უცებ მიხვდა, რომ შიშველი იყო - აბანოს ხალათიც ილუზია გამოდგა. აცახცახდა...
ქმარმა გამოაღვიძა.
- ისევ არ დამაძინე... რამდენი შეიძლება? - კაცი ანერვიულებული ჩანდა, - რა გჭირს, მითხარი.
ქალმა მიმოიხედა. წამოდგა.
- მოიხურე რამე, გაცივდები!
სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, ფეშენებელური ორსართულიანი სახლის ნაცნობი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. სამი წელია, რაც მდიდარ ადამიანს გაჰყვა ცოლად. ბედნიერი იყო. საიდან იცოდა ეს? მოაგონდა, რა დარწმუნებით ხეტიალობდა სიზმრის გზაზე. დაფეთდა. ქმრის კაბინეტში გაიქცა. რევოლვერი იპოვა. საძინებელში შებრუნდა. მეუღლეს ჩასძინებოდა. ქალმა ფრთხილად აიღო ბალიში, შეუხებლად დააფარა სახეზე მძინარეს და გაისროლა. ხელი ეტკინა. გაიქცა ბავშვების ოთახში. მის ექვსი თვის ვაჟს გაჰღვიძებოდა. თითს წოვდა და შეფიქრიანებული მზერით ათვალიერებდა ორი წლის დას. დედამ გოგონას იარაღი კეფაზე მიადო და სიამოვნებით გამოჰკრა ჩახმახს. ბიჭუნა არც განძრეულა. ქალმა გაკვირვებით შეხედა. ბავშვმა თითს თავი ანება და ატირდა. მკვლელმა შვებით ამოისუნთქა, მკერდზე მიადო ყური, დაიჭირა გულისცემა, ინსტინქტურად გამოთვალა გულის მდებარეობა და ტყვიაწამლისგან გაცხელებულ-აყროლებული რევოლვერი დაადო. ხმას ვეღარ აღიქვამდა - დაყრუვდა. შვილის სისხლი ყელზე შეეშხეფა. საძინებელში დაბრუნდა. ჩაიცვა. ფული აიღო და გარეთ გავიდა.
თბილოდა. ცა თეთრდებოდა. მალე ქალაქი გამოცოცხლდებოდა. გრძნობდა თითქოს საშინელი ტვირთი მოსცილდა. ყვითლად ამომავალ მზეს ახედა და თვალი ვერ მოაცილა. როცა გზას გადადიოდა, მანქანა დაეჯახა – ვიღაც ახალგაზრდა, მხიარული კარნავალიდან ახალგამოსული, ნახევარმძინარე მიაქროლებდა "მერსედესს"...