kudrachaმიჩინიომერსი
წვიმისებური სიჩუმე (ჩანახატპროქსი)დილის ბაც, რუხ სინათლეზე ღამის ბინდმა ფრთა ფრთას შემოჰკრა და სადღაც გადაიკარგა.
სამშობიაროს მოვარდისფრო შენობამ განათებული, მყიე ფანჯრებით გამოიღვიძა.
ნოემბრის სუსხიანმა წვიმამ ნაირფერი ავტომანქანები წვეთებით დაწინწკლული გამჭვირვალე საბურველით შემოსა.
ცადაჭრილმა მარადმწვანე ხეებმა ქარის დაბერვაზე ღრმად ამოისუნთქეს, გაიზმორეს და შემსხვილებული წვიმის წვეთებს რაკა-რუკი აუტეხეს მანქანის სახურავზე.
საქარე მინის ავტომწმენდავები გამალებით ამუშავდნენ და რამდენიმე სვლის შემდეგ გაირინდნენ.
წვიმისებრი სიჩუმე დადგა.
მოშორებით შესქელებულ ნესტიან ჰაერში მოზრდილი ძაღლის სილუეტი გამოიკვეთა, რომელიც ყნოსვით მიაპობდა ძირს ჩამოცვენილი ფოთლების ნაცრისფერ ზღვას.
ძაღლი მანქანას მოუახლოვდა.
ის ორსულად იყო. ამაზე მისი განზე გამობერილი მუცელი და ჩამოწელილი ძუძუები მოწმობდნენ.
მგლის ნათესავი შედგა, თავი მაღლა ასწია და ჰაერი დასუნა.
მერე ძუნძულით მიუახლოვდა სამშობიაროს მისაღების შესასვლელ კარს და წინა თათებით მიაწვა.
კარი ვიღაც თეთრხალათიანმა გამოაღო.
ძაღლი ღია კარებში გაუჩინარდა.
თეთრხალათიანი ელდანაკრავივით შებრუნდა შენობაში და... ძაღლის სასოწარკვეთილმა წკავწკავმა ზანტად მდგარი სველი ხეებიც კი შეარხია.
ისევ ატყდა მძიმე წვეთების გახშირებული რაკა-რუკი ავტომანქანის სახურავზე,
კვლავ გამალებით ამუშავდნენ საქარე მინის ავტომწმენდავები.
ფართოდ გამოღებული კარებიდან ყმუილით გამოვარდა ნაცემი კუდამოძუებული მაკე ძაღლი.
დაფეთებული მგლის ნათესავი გაიქცა და ქუჩის მოსახვევში გაუჩინარდა.
სამშობიაროს მისაღების კარი ისევ დაკეტეს.
კვლავ წვიმისებრი სიჩუმე ჩამოიღვარა.