libero
პირველი კაცი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11343
წევრი No.: 7815
რეგისტრ.: 22-December 04
|
#40716039 · 26 Apr 2014, 06:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მორჩილაძე აკა უდაბნოს გლახები მაშა მაშკოვას ბიბლიოთეკა “უდაბნოს გლახები” ერთადერთი რომანია, რომელიც გაზეთში წავიკითხე. მანამდე მხოლოდ წიგნად გამოცემულ თუ სქელტანიანი ჟურნალის ორ-სამ ნომერში დაბეჭდილ “რომნებს” (როგორც თავად აკას უყვარს ხოლმე თქმა) ვეტანებოდი. მახსოვს, პუბლიკაციას “ქართული სიტყვის” ექვსი ნომერი დასჭირდა და პირველივე თავების წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს თხრობითი ლაბირინთი ბოლომდე ჩამითრევდა. მთავარი იყო ორკვირიან შუალედებში (“ქართული სიტყვა” ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა) ამბის ძირითადი ხაზი არ დამეკარგა, მეპოვნა არიადნეს გამძლე, საიმედო ძაფი, რათა გზა არ ამბნეოდა ამ მრავალშენაკადიან პროზაულ ლაბირინთში. ყოველი ორკვირიანი, ხრიოკი შუალედის შემდეგ ვცდილობდი პირნათელი დავბრუნებოდი “უდაბნოს საკითხავს”, თუმცა ნახევარსაათიანი სიამოვნების შემდეგ ისევ ორი კვირა მიწევდა ხეტიალი (ამჯერად რეალურ, თბილისურ უდაბნოში) ახალი თავების დაბეჭდვამდე. ერთი სიტყვით, ბევრი ვიწვალე სწრაფი კითხვით განებივრებულმა და მას მერე დავიფიცე კიდეც, რომ გაზეთში, გაგრძელებებით, რომანს (თუნდაც მცირეს) არასდროს წავიკითხავდი. ორი დღის წინ მეორეჯერ მომიწია “უდაბნოს” გადაკითხვა, ამჯერად ერთი ამოსუნთქვით და მინდა გითხრათ, რომ წლინახევრისწინანდელი შთაბეჭდილებები კიდევ უფრო დაკონკრეტდა, გამოიკვეთა და უფრო მეტიც, ბევრ რამეზე აზრიც კი შემეცვალა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს მოთხრობა (თუ მცირე რომანი) ძალიან განსხვავდებოდა აკას სხვა ნაწარმოებებისგან, რომ ავტორს უფრო ბუნებრივი და სტილური ხრიკებისგან თავისუფალი ტექსტი გამოუვიდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები – აკა ამ წიგნშიც ისევე გვეთამაშება, როგორც ადრე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რამდენიმე წლის წინ ავტორი ჩვენს ფანტაზიას ძველი, საუკუნისწინანდელი მეტყველებით ასუქებდა; ახლა კიდევ, შორეული წარსულის სიტყვიერი კერძებით დაპურებულებს, ისევ ჩვენი დროის “ბალანდა” დაგვიდგა დასაგემოვნებლად (როგორც ოდესღაც “ყარაბაღში” ან “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში”), ანუ თანამედროვე, უცნაური წარმოშობის “სოციოლექტები” შემოგვთავაზა (დე, მეპატიოს ეს ნეოლოგიზმი). “უდაბნოს გლახებშიც” ენობრივი ქსოვილი ძალზე მრავალფეროვანია, აკასგან ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ სიჭრელეს და მასში რუსული და ნახევრადქართული, ქურდული “გოვორის” გარდა (რომანის ძირითადი მოქმედება ხომ კოლონიაში ვითარდება) სხვა, სპეციფიური ქვედიალექტებიც მოიძებნება. მაგალითად, განსხვავებულ ენებზე მეტყველებენ მამა გერმანე, იმერელი “ზეკები”, “ტელევიზიონშჩიკები”, მეცნიერები. ერთ-ერთ მთავარ გმირს, ზაზას (იქნებ ეს “თეთრი ბაირაღების” ზაზა ნაკაშიძეა) მღვდელსაც შეარქმევენ პატიმრები მეტყველებაში გაპარული რამდენიმე “არაქურდული” სიტყვის გამო. ზაზას ერთხელ “უცნაური დღე გამოუვა”, დილიდან ქალებზე ფიქრობდა თურმე და “საიდანღაც, ძალიან შორეული და აღარარსებული წიგნის კარადიდან მასთან მოსულიყო დაუვიწყარი ამბავი ლამანჩელი გიჟისა, ერთი მურიანი სოფლის გოგო რომ დაესახა გულის ვარდად. ახლა ზაზას აღმოეჩინა, რომ თავადაც ჰყავდა ასეთი, მივიწყებული, მხიარული დროების მოგონებიდან მოსული ლენინგრადელი მეძავი გოგო მაშა მაშკოვა”. თუკი ალღო არ მღალატობს, ეს გოგოც ლიტერატურის უსასრულო და დავიწყებული თაროებიდან უნდა “მოეხსნა” ავტორს, მას ერთი მხრივ მეძავთა სახეების უზარმაზარ გალერეასთან მივყავართ (აკასვე “ყარაბაღიდან” დაწყებული – დოსტოევსკით, დე ქუინსითა თუ კატულუსით დამთავრებული), მეორე მხრივ კი ამ გოგოს გვარ-სახელი იმსახურებს ყურადღებას, რომელიც ძალზე ცხადად მიანიშნებს თანამედროვე პოსტ-საბჭოთა სივრცის ნეტ-გმირზე, მაქსიმ მაშკოვზე (ინტერნეტში ნაძრომიალები ლიტერატურის მოყვარულისთვის ეს სახელი ყველაზე დიდ ქსელურ ბიბლიოთეკას უკავშირდება). წიგნში გამუდმებით გარბიან, ადამიანებიცა და გველებიც, გარბიან ციხიდან, უცხო და მყრალი გვირაბებიდან, სამშობლოდან, გაურბიან სიცოცხლესა და სიკვდილს, განსაცდელსა თუ სიმყუდროვეს. რომელიმე მაზალო კრიტიკოსმა ისიც შეიძლება თქვას, რომ თუკი “მადათოვი” “დათა თუთაშხიასგანაა” დავალებული – “უდაბნოს გლახები” “გორა მბორგალიდან” უნდა გამოვიყვანოთ და უსასრულო გაქცევა უნდა დავუსახოთო მთავარ თემად. მაგრამ არა, “უდაბნოს გლახებზე” ასე მარტივად ვერ იტყვი. სხვებს რომ თავი დავანებოთ, მარტო სამი პერსონაჟი იკმარებდა ამ თვალსაზრისის გასაქარწყლებლად და წიგნის თხრობით მრავალშრიანობაში დასარწმუნებლად. ამ სამ პერსონაჟს, პატიმრებს: ზაზას, რაჯასა და პოლკოვნიკს, სამი სხვადასხვა ისტორია უმაგრებთ ზურგს და სამივე სხვადასხვანაირი თხრობით გამოირჩევა. ზაზას ამბავს თავად ავტორი გვიამბობს, პოლკოვნიკი საერთოდ არაფერს ამბობს, განსაცდელში დარჩენილ ცოლს მისტირის და მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს: “სად არის?” “მოლაპარაკე პოლკოვნიკს მდუმარე პოლკოვნიკი სჯობდა. მდუმარე – გაუტეხელ, ამაყ კაცს ჰგავდა. მოლაპარაკე – ერთ დიდ, ნაპრალიან კედელს, ან შუაზე გაჩეხილ მორს. თითო ამოოხვრაზე ნაპრალი თითო გოჯით ჩაიხეოდა ხოლმე. პოლკოვნიკის ამბავი ყველაზე საშინელი იყო მთელს უდაბნოში, მიწისძვრაზე საშინელიც კი. ვინაიდან მიწისძვრას შეიძლება გადაურჩე, ამ ამბავს კი – ვერაფრით. პოლკოვნიკის ამბავს სხვები ჰყვებოდნენ. თვითონ ერთხელ თქვა და მეორეჯერ რომ ეთქვა, მოკვდებოდა”. არის კიდევ ერთი, ყველაზე ხალისიანი მთხრობელი, რაჯა, ვისი ისტორიაც ყველაზე შთამბეჭდავი გამოუვიდა ავტორს და განსაკუთრებით კი მე-16 თავს ეხება ეს, ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე სევდიან ამბავს, რაც კი აკა მორჩილაძეს დაუწერია. თავად რაჯას კი ასე ხატავს ავტორი: “რაჯას თხრობა უყვარდა. დაისვამდა ხოლმე ვინმეს წინ, წაიტეხავდა იმის პურიდან და ლაპარაკობდა. თხრობა დედის სიკვდილით იწყებოდა და სრულდებოდა მიწისქვეშა ამბებით. შუაში იყო თოთხმეტი გაქცევის ნამცეცები. თხრობისას რაჯა ჩლიფინებდა და ყოველდღე თითო სიტყვა ავიწყდებოდა”. ამ აბზაცის მარტო ერთი დეტალი რად ღირს?! (“წაიტეხავდა იმის პურიდან და ლაპარაკობდა”). რით არაა ნამდვილი აედი თუ რაფსოდი ეს ჩვენი რაჯა? ბებერი, გამომხმარი მითოლოგოსი, რომელიც თავისი მოგონილი მიწისქვეშეთის მითიური ხატებით, დიდ, მარადიულ ლიტერატურამდე ამაღლებს “უდაბნოს გლახებს”. წიგნი ლოცვით სრულდება და ფინალში ავტორი იმავე რაჯას ზურგზე გამოსახული ფერხორციანი ანგელოზების იმედად ტოვებს თავის გმირებს. წინასიტყვაობის ავტორს კი ასეთი ფინალის შემდეგ მხოლოდ ერთი აზრი აეკვიატება: ნეტარ არიან მთხრობელნი... მალხაზ ხარბედია ამ წიგნში აღწერილი გმირები და დაწესებულებები გამოგონილია. ყოველგვარი მსგავსება ნამდვილ ადამიანებთან და ამბებთან გახლავთ შემთხვევითი და ავტორს გულშიც არ გაუვლია, რაიმე გადმოეწერა ცხოვრებიდან. 1. როცა ზაზამ მაკლერი მოიყვანა ბუფეტის სანახავად, დეიდა თინამ თავის მორყეული სათვალე გაიკეთა, უცნობს სავარძლიდან ახედა და ჩაილაპარაკა: “Бრდე სრღ... У ნეგრ ნთ ნრყუ ვრორყძ ვძპრყითბი”. მერე წამოდგა, თავის ოთახში შეფრატუნდა და იქიდან გამოსძახა ზაზას: “უთხარი, რომ ყველა გასაღები დაკარგულია და ახლები გაუკეთონ”. დეიდა თინას ეგონა, რომ ბუფეტი რესტავრაციის სახელოსნოში მიჰქონდათ. დეიდა თინა საერთოდ დაკარგულიყო ჩეხოვისა და ტურგენევის ძველ, ხრუშჩოვის დროს გამოცემულ წიგნებში და რთული სოციალური ვითარების შეგრძნება დაჩლუნგებოდა. ის ოდესღაც რუსული ლიტერატურის ფილოლოგი გახლდათ, მაგრამ მერე ჰაეროვან ტორტებს აცხობდა და ყიდდა. კოკამაც ამიტომ შეძლო ამერიკაში წასვლა. კოკა რომელიღაც დაკოტაში ჩარჩა და მისი წასვლიდან ორი წლის თავზე დეიდა თინას სისხლი ჩაექცა. კოკას დეიდა, ნათელა და დეიდაშვილი ზაზა მაშინ დეიდა თინასთან გადმობარგდნენ დაგამოჯანმრთელებაში შველოდნენ. რახან იმხანად ენერგეტიკული კრიზისი მძვინვარებდა და სიბნელეში კატებიც კი იბნეოდნენ, ზაზამ აკუმულატორი ბუფეტზე შემოდგა. აკუმულატორიდან რაღაც სითხე მოწვეთავდა და ბუფეტის უკვდავ ხეს ალბობდა. სამი თვის თავზე დეიდა თინამ სიარული კი შეძლო, მაგრამ შეძულდა - ფეხს როგორღაც მივითრევო. თანაც, გვარიანად დააკლდა თვალთ. სამაგიეროდ, დეიდა თინას მოხდენილად ჩაცმა უყვარდა. მთელი გარდერობი შემორჩენოდა ძველმოდური საღამოს კაბებისა და ლაქის, ნავის მოყვანილობის ფეხსაცმელებისა. ყოვედ დილით გამოეწყობოდა ხოლმე და ასე მიწვებოდა ჩეხოვის წიგნებით გაწყობილ ლოგინზე. კითხვა ძალიან უჭირდა, მაგრამ ზაზას დედა, დეიდა ნათელა უკითხავდა ხოლმე ხმამაღლა. სადილობდნენ მაკარონით და ჩაის შინდის მურაბას და პურს აყოლებდნენ. საღამოობით დეიდა თინა თავის ქმარს იგონებდა ხოლმე და მოუღლელად აქებდა. საკმაოდ შთამბეჭდავად ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი უკეთესი კაცი იყო, ვიდრე დეიდა ნათელასი. ამიტომ, კოკა უფრო საქმიანი და წესიერი ბიჭი გამოსულიყო, ვიდრე ზაზა. დეიდა ნათელა არ ეკამათებოდა, მხოლოდ ოხრავდა და ცდილობდა ტელევიზორი ჩაერთო. ერთხელაც ამოიოხრა, მაგრამ ტელევიზორამდე ვეღარ მიაღწია – ჰოლში ჩაიკეცა და გარდაიცვალა კიდეც გულის უცაბედი შეტევით. ზაზა მშვენიერი არქიტექტორი იქნებოდა, მაგრამ ცხონებულ დეიდა ნათელას მის რაიმე სამსახურში მოწყობა ვეღარც კი წარმოედგინა. სტუდენტობა ძლივს გაატანინა და სამსახურში მისი დევნა ნამდვილად აღარ შეეძლო. ზაზა მეხუთე კლასში იყო, როცა პირველად მოხდა ეს საშინელი ამბავი. კლასელის დაბადების დღეზე მისულმა იქაურ სააბაზანო ოთახიდან მოიპარა კვერცხის შამპუნი და შინ, საწერი მაგიდის უჯრაში დამალა. ამბავი გახმაურდა და ბავშვურ ანცობად დაისახა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ანცობა კი არა, ავადმყოფობა იყო. გაფითრებული დეიდა ნათელა აუწერელი მღელვარებით გამოსწევდა ხოლმე საწერი მაგიდის უჯრებს და ათვალიერებდა საშინელ ნადავლს, კასეტებს, კომპოტის ქილებს, წინდებს, დანა-ჩანგალს. აქ ნახა ერთხელ ოქროს ბეჭედიც, იმ დროს მოდური იაპონური საათიც. გაუსაძლისი კი ის იყო, რომ ზაზა ხშირად ბრუნდებოდა ნაცემი და მეგობრები არ ჰყავდა. მერე პროფესორმა მექანარიშვილმა მოგონილი სევდით უთხრა დეიდა ნათელას: “ეს არის ერთადერთი ავადმყოფობა, თანაგრძნობას რომ ვერ გამოიწვევს”. ზაზამ კი კურსელი გოგოს ელასტიური შარვალი მოიტანა შინ. “ძალიან რთულია”, – განზე გაიხედა პროფესორმა მექანარიშვილმა. მხოლოდ ცამეტ დღეს იმსახურა ქალაქგეგმარების მთავარ ბიუროში. მაშინ შეუსწრეს, როცა კადრების განყოფილების სეიფს ეჯაჯგურებოდა. სეიფში სრულიად უსარგებლო ქაღალდები და ფარგლების ჩეხური კომპლექტი შეენახათ. კომპლექტი ადრევე მოეპარა ვიღაცას, ავადმყოფად რომ არავინ ჩათვლიდა. დეიდა ნათელამ გადაწყვიტა, ზაზას აღარსად ემუშავა. დეიდა თინამ იცოდა, რომ ზაზას პარვის დაავადება სჭირდა და მისი სახლიდან არაერთი რამ გაეცოცებინა. დეიდა ნათელა ყოველთვის ნირწამხდარი აბრუნებდა ვერცხლეულსა და ძაფის კოჭებს. მაგრამ დეიდა თინას მხედველობა წახდენოდა და აღარც ახსოვდა ზაზას ამბავი. ისა და ზაზა ერთად ცხოვრობდნენ და დეიდაც სულ იშვიათად და იშვიათადგამოდიოდა თავისი ოთახიდან. ზაზა გულმშვიდად აცარიელებდა უჯრებს, თაროებსა და კედლებს და ყველაფერი წყნარად მიჰქონდა ანტიკვარიატის მაღაზიებსა და მშრალი ხიდის ბაზრობაზე. სანაცვლოდ მოჰქონდა მაკარონი, კარტოფილი, ხორცი, პური და წამლები დეიდა თინასთვის. კოკამ ერთადერთხელ მოახერხა ჩამოსვლა და ერთი თვე კი გაატარა მშობლიურ ქალაქში. სიმართლე ითქვას და ზაზამ ძლივს იცნო: თმა უცნაურად შეეჭრა და თითქოს ძალითაც იცინოდა. რა თქმა უნდა, კოკამ იცოდა ზაზას ავადმყოფობის ამბავი და დაცარიელებული უჯრა-თაროებიც იოლად შეამჩნია. ამიტომ მან და ზაზამ ზაზას და ცხონებული დეიდა ნათელას ბინა გაყიდეს და ფული კოკამ წაიღო ამერიკაში: ჯერჯერობით, შენი ჩამოსვლა არ ხერხდება, რადგან დედაჩემს მარტოს ვერ დავტოვებთ; სამაგიეროდ, როცა ჩამოხვალ, იქ კაპიტალი და აწყობილი საქმე დაგიხვდებაო. მხოლოდ ხუთასი დოლარი და ერთი ფოტოგრაფია დატოვა, რომელიც სასტუმრო “უოტერგეიტის” წინ, უგრძეს შავ ლიმუზინთან მდგომს გადაეღო. დეიდა თინამ დიდხანს ათვალიერა ფოტო და ბოლოს იკითხა: “Эირ ჩირ, კთითფთოკ?” ამის მიუხედავად, კვლავაც მიაჩნდა, რომ კოკამ უფრო ივარგა ცხოვრებაში, ვიდრე ზაზამ. ზაზას კი არც უფიქრია, დეიდა თინა რომ მოკვდება, ამერიკაში წავალო. იფიქრა, ბუფეტს გავყიდიო, ოღონდ დეიდა თინასთვის უნდა აეხსნა, რომ კი არ ყიდდა, კოკას დატოვებული ფულით აპირებდა მის შეკეთებას და აკუმულატორიდან ნაწვეთი მჟავით წამხდარ ბარელიეფთა აღდგენას. ბუფეტი ძველი და გემრიელი იყო. ოდესღაც, ვიღაც გერმანელ ოსტატს მის კარებსა და უჯრებზე ისარგაყრილი კურდღლები, ტიროლური ქუდები და მონადირული საყვირები ამოეტვიფრა. პიანინო რომ ჰქონოდათ, ზაზა ბუფეტს არ შეელეოდა. მაკლერმა რომ სატვირთო მანქანა მოაყენა სადარბეზოს, დეიდა თინამ თავისი ოთახის ფანჯარა გამოაღო. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ასეთი რამ არასოდეს უქნია. 2. რაჯ კაპური იგვიანებდა. ეს არ იყო ინდოელი კინოვარსკვლავის ბრალი. დიღმის საბჭოთა მეურნეობაში მიეწვიათ და იქ თიხის ფიალებით ასმევდნენ ღვინოს. რაჯი აღაფრთოვანა ნორჩ მოცეკვავეთა ოსტატობამ. საბჭოთა მეურნეობის დირექტორმა და მთავარმა ინჟინერმა მწიფე მტევნებისგან დაწნული გვირგვინი მოარგეს და რაჯმაც იცეკვა თავისებურად. რუსთაველზე კი თაიგულები ჭკნებოდა. ხუთასამდე ადამიანი იდგა სასტუმრო “ინტურისტის” წინ და რაჯის დაბრუნებას ელოდა. ღამე იყო თბილი შემოდგომისა – წელი 1956, 1957 ან 1958. ამ ქალაქში განთქმულიყო რაჯ კაპურის ფილმი “ავარა”. კეპი, წვრილი ულვაში, ტუჩის კუთხეში აბოლებული პაპიროსი და ჯიბის ქურდის ნატიფი ოსტატობა. “ავარა ვარ მე...” მღეროდნენ მაშინ. რაჯის მასპინძლებმა, რაღა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ სასტუმროს სადარბაზო კართან ბრბო შეყრილიყო და ეშმაკურად მოიქცნენ. შავი “ზიმი” სასტუმროს უკანა ეზოს ალაყაფს მიაყენეს და რაჯი სამზარეულოსა და უკვე დაკეტილი რესტორნის გავლით შეიყვანეს ჰოლში. სადარბაზო კართან მალევე შეიტყვეს, რაჯი მოსულაო და ტაში დასცხეს. ყველამ მეორე სართულის აივნებს მიაპყრო მზერა, რადგან დანამდვილებით სცოდნოდათ, ინდოელი მეორე სართულზე ცხოვრობსო, ზუსტად კი, აბა ვინ უწყოდა, რომელი ნომერი ეჭირა? “რაჯ, გამოდი, რაჯ...” გვარიანი სითამამე იყო ქალიშვილთაგან. “რაჯ...” შუქი აინთო. მესამე აივანზე კარიც გაიღო და ხელგაშლილი, თეთრკოსტუმიანი რაჯი გამოჩნდა. ვერავინ შეატყო, რომ მთვრალი იყო და თაიგულიც არავინ დაინანა. რაჯმა ერთ-ერთი თაიგული დაიჭირა, აკოცა და უკან გადმოისროლა. “თბილისიიიი!” შესძახა ოდნავ ჩახრინწული ხმით, თბილისიიიი, გაუმარჯოოოო!..” სწორედ ამ წუთებში, ამ ადგილიდან ტრამვაის შვიდ-რვა გაჩერების მოშორებით, მაღალჭერიანად მშენებარე ვაკის უბნით ერთ-ერთ ხალვად სადარბაზოში კედელს აკვროდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მეორე დილით ორჯონიკიძის რაიონის მორიგე გამომძიებელი ვალერიან ქაჯაია რაჯ კაპურას დაარქმევდა და ეს სახელი გაჰყვებოდა მთელი სიცოცხლე. ახალგაზრდა კაცს ანზორი ერქვა, ოცდაერთი წლისა იყო და დაიმახსოვრებდი შავი, გადაბმული წარბებითა და კიდევ უფრო შავი ელვარე თვალებით. ავლაბარში ეცხოვრა, კაზარმის უბანში. პირველ საქმეზე წამოეყვანათ ყლორთაღელ პაკრიშკას და გასტროლიორ ქურდ ცობეცას, რომელიც ენგელსის ქუჩაზე კი აღზრდილიყო, მაგრამ საკავშირო ხეტიალი უყვარდა. ანზორა ვასერზე იდგა. 3. ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა. არ სჯერათ ასეთი ამბებისა და არც ზაზას დაუჯერეს. ვინმე განთქმული რომ ჰყოლოდა ვექილად, ეგებ დაერწმუნებინა კიდეც მოსამართლე, ზაზა არაფერ შუაშიაო, მაგრამ ადვოკატს ყვითელი პერანგი ეცვა და ტყავის, წვრილნასკვიანი ჰალსტუხი ეკეთა, რამაც ზაზა მიახვედრა, ეს კაცი ვერაფერში დამეხმარებაო. თანაც ზაზამ სკოჩი და წითელი ფლომასტერი მოპარა გამომძიებელს და საკანში შეტანაც მოახერხა. მეორე დაკითხვაზე. სკამის ზურგს შემოკიდებული გამომძიებლის პიჯაკიდან ცხვირსახოცი ამოაცოცა, რამაც მთელს იზოლატორში აცინა ხალხი, თავად ზაზას კი იგორ კიო უწოდეს. მესამე დაკითხვაზე ზაზა ჩავარდა: მაგიდის კალენდარი დიდი და თვალში მოსახვედრი ნივთი გამოდგა. ყოველთვის სიდიდე წაუხდენდა ხოლმე საქმეს. ხუთი დღით საავადმყოფოც მოუხერხეს, ადვოკატი მთლად წყალწაღებული არ გამოდგა. საავადმყოფოში მაშინ ერთი ქურდი იყო, რობერტა დალაქიშვილი. იმან გაიგო, რომ ბიჭია, რომელიც სულით მომპარავი ჩანს. რობერტა დალაქიშვილი ძველი ქურდი იყო, კაცისა სჯეროდა ხოლმე. ზაზას ტყუილად დაჭერა დაიჯერა, მაგრამ თავად ზაზა მზად ვერ აღმოჩნდა. კითხვა რთული იყო: “რას აწვები?” ზაზამ კი მხრები აიჩეჩა. “ავეჯი უნდა გამეყიდა”. მერე რობერტა დალაქიშვილი დიდხანს ფიქრობდა. ზაზა რომ წავიდა, ხმადაბლა თქვა: “ბალნოია”. მერე ლაპარაკობდნენ, ოღონდ ჩურჩულით - ყველაფერს მოიპარავსო. ერთმა ისიც კი წაიბურტყუნა, ისეთი გიჟი ჩანს, ღმერთმა არა ქნას, ქურდის წილზე გასწიოს ხელიო. შკოდნიკი და კრისა არ იყოსო. რობერტა დალაქიშვილმა კი გაიმეორა: “ბალნოია. თუ არ დაინახავთ კრისობდეს, ხელი არ დაადოთ”. ზაზა ნერვიულობდა და ხელიც ამიტომ გაურბოდა გამომძიებლის პირადი ნივთებისკენ. ნერვიულობდა, რადგან იცოდა, რომ არაფერი დაუშავებია. რა სისულელეა? დეიდა თინამ ფანჯარა გამოაღო და შეჰკივლა: “Зთზმკ, ითს ვ ოევრს ჭწმკე, არყსრიპმ!” ზაზამ წაუყრუა. დეიდა თინას გახსენებოდა თორმეტი წყვილი დანა-ჩანგალი: მელქიორისა, ნეპის ეპოქის ოსტატთა ნაკეთები. ჯერ კიდევ შარშანწინ, ზაზას ას ოთხმოცი ლარი აეღო ამ დანა-ჩანგალში. მუშამ ორივე უჯრა გამოსწია და ასძახა: “აქ არაფერი არ არი, ქალბატონო”. “მოუპარავთ!” აღმოხდა დეიდა თინას. “ამ წუთში იყო. Вრპძ, ვრპძ! Пრლთდლმიე! Вრპძ... აი, ახლა ვრეკავ. ზაზიკ, არ გაუშვა”. გაოცებულმა მაკლერმა ზაზას გადახედა. “ბუფეტი ცარიელი იყო, ქალბატონო!” ასძახა დეიდა თინას. “შენი თავია ცარიელა, “ყეო”, არ დაცხრა დეიდა თინა. “Сნთჩთოთ პუკმ ვძსრღ”. “Зთსროჩმ, დეიდა თინა”, ასძახა ზაზამ. “კოკა რომ იყოს აქ, ასე გაატანდა?” დეიდა თინას ხმა ქუჩის გადაღმა, აკაციებს აშრიალებდა. “შე უთავო, შე უთავო, ახლა ვრეკავ! Нე ზთვთლმიე, ნე ზთვთლმიე. მოიცა, ჩამოვდივარ...” ცხრა წელიწადი სრულდებოდა, არ გამოსულიყო სახლიდან. “თქვენ წადით, მე გავაჩერებ. მოხუცია და...” მიუგდო ზაზამ მაკლერს და სადარბაზოში შევარდა. დეიდა თინა კარისკენ იწევდა, ზაზა კი ცდილობდა სავარძელში ჩაესვა. რა გასაკვირია და მეზობლებს არ უყვარდათ ზაზა. ქვედა მეზობელმა ბრაგვანი დიდი ბრძოლის შედეგად დასახა. კარის მეზობელს რაღაც კივილის მსგავსიც მოეყურა, ზედა მეზობელმა ბუფეტის გასხვისების ამბავი აღიქვა უცნაურად. ზაზა კი სამზარეულოში იყო, იფიქრა წყალს მივურბენინებო. სწორედ ამ დროს გაიგონა ბრაგვანი. დეიდა თინა ოთახის კართან ეგდო, კეფიდან სისხლი სდიოდა. კარის ჩარჩოსაც სისხლი აჩნდა. ექსპერტმა სისხლჩაქცევები აღმოუჩინა მკლავებზე, ეტყობა იმ დროისა, ზაზა რომ მოხუცის სავარძელში ჩასმას ლამობდა. ზაზა ფიქრობდა, გამათბობლის ზონარს თუ წამოკრა ფეხიო. გამათბობელი გადაყირავებული იყო. პროკურორები თვლიან, რომ გამათბობლის განგებ გადაყირავება ისეთივე იოლია, როგორიც მოხუცი დეიდის მოკვლა. “ათი წელიწადი, განსაკუთრებული რეჟიმი”, დაასრულა მოსამართლემ. ზაზამ კოკას მისწერა ყველაფერი. კოკა ხომ დაუჯერებდა. მთავარი ეს იყო. 4. სამივენი ამომშრალ ჭასთან ჩაცუცქულიყვნენ და ეწეოდნენ. ჭის გვერდით ჯოხი ეგდო. სამივე გველებზე ფიქრობდნენ. ზაზა ძლივს აფახულებდა უფილობისგან დასიებულ თვალებს. თვალები აქ, როგორც ინდოურის კურტუმოო, აღენიშნა ერთ-ერთ იმერელ პატიმარს. “გველიც გარბის”, აღმოხდა პოლკოვნიკს. პოლკოვნიკი ქშენით და აღმოხდომით თუღა გადააბამდა სამ-ოთხ სიტყვას. სხვანაირად ვეღარ ლაპარაკობდა. “ერთი ციხიდან მეორეში მოვიდა. მაგისთვის ეს ციხე ციხე არ არი. გარეთ ყოფნა არი”, თქვა რაჯამ. “ რო ამოვა, რა უნდა ვუქნათ?” იკითხა ზაზამ. “მე ლიჩნათ გავატარებ”, განმარტა რაჯამ, “კაი ბიჭმა არ უნდა აკბენიოს”. მერამდენე დღე იყო, ზწაზას არ ეძინა, გველებს დარაჯობდა ბარაკში. არავის უთხოვია, თვითონ იჯდა და ათენებდა. სხვებიც ისხდნენ. მერე კოლონია შიშმა მოიცვა და სამ-სამი მორიგე გააომწესეს ხვრელებთან და ჭებთან, რომლებიც ჯერ კიდევ მომწიფებული სოციალიზმის დროს ამოეთხარათ აქ მოხვედრილ მთიულ გლეხებს. ეს მთიულები ჟოლოს წვენში წყლის გარევისთვის იხდიდნენ მრავალწლიან სასჯელებს - მათ სოფელში წვენის ქარხანა გაეხსნათ, მერე კი დარღვევები აღმოეჩინათ. გლეხებმა იცოდნენ, რომ მალე ამ ჭებში გველები დაიბუდებდნენ, რადგან ამ მხარეში მიწისქვეშა წყლები არ იყო, მაგრამ რახან კოლონიის უფროსობამ უბრძანა, მიადგნენ და ამოთხარეს. მაშინ კოლონიას ხელმძღვანელობდა ბელორუსიის მეორე ფრონტზე თითებდაკარგული მამაცი მაიორი არონ სართანია. მან თქვა: “ბერები რომ იყვნენ აქ, რას სვამდნენ აბა?” “ღვინოს”, ჩაიხითხითა პოლიციელმა. “პირს ვერ დაიბან ღვინით”. “ძველ დროში არ იბანდნენ პირს”. “აბა, ბერების უფროსი პირდაუბანელი იქნებოდა? მე პირდაუბანელი ვარ?” გაიკვირვა მეთაურმა. “გველებიც გარბიან”, აღმოხდა პოლკოვნიკს. “მაგათზე მაგრა მე”. აქსუტუნდა რაჯა, “გველებს ვერ დაიჭირავ”. “სად არის? სახლშია?” პოლკოვნიკს აღარაფერი დარჩა ფილტვებში. “ეგრე გული პატარავდება”, დამჭკნარი ცხვირი დამალა მუჭში რაჯამ, “გული გაგიხდება ლეღვისხელა. ერთი ამოისუნთქავ და ამოაყოლებ. შეხედავ და აგე, ამ ჭაში ჩავარდა...” ზაზას გაეცინა. პოლკოვნიკი შეეცადა გაეღიმა. ამიტომაც აღმოხდა: “ბებერო”. 5. ოდესღაც, აქ შეხმატკბილებით ცხოვრობდნენ გველები და ადამიანები. ადამიანები ბერები იყვნენ, ქვის უდაბნოში თორმეტი მონასტერი იყო. ცოდვილი მეფეები აქ გადაიცვამდნენ ხოლმე ჯვალოს და უცნობ ხუროთა მიერ მიუვალ კლდეებში გამოქვაბული სენაკებისკენ გასწევდნენ ერთადერთი ბილიკით - ამ ქვაბულების შავად მოღებული პირიდან გადმოშვებული ჯაჭვებით. ქვაბული ორასი იქნებოდა და იქ განდეგილი ბერები ელოდნენ ღმერთთან შეხვედრას. უდაბნოში გაიგონებდნენ ხოლმე ამ ჯაჭვების ჟღარუნს, მოწყვეტილ, უეცარ, წამიერ ხმას. ეს ხმა ამბობდა, რომ განდეგილმა ფოლადის ჯაჭვი მოხსნა ფოლადისავე პალოს და დაბლა გადმოაგდო. ანუ მას აღარ უნდოდა საკვები, რომელსაც ჯაჭვის ბოლოზე მობმულ კალათში ულაგებდნენ მონასტერში დარჩენილები. მაგრამ ეს ხმა ძალიან იშვიათი იყო. ზოგიერთი დაყუდებული თუ შეიგრძნობდა, წარდგომის ჟამის მოახლოებას, ამით მიანიშნებდა ხოლმე მონასტრებს, გაგეცალეთო. უდაბნოში უყვარდა ხოლმე შემოვარდნა ცხელ და მოუღლელ ქარაშოტს, რომელიც ერეოდა კენჭებს და გველის კვერცხებს, დააქროლებდა ჰაერში და სულ სხვა ადგილას დაანარცხებდა. ქარაშოტი ებრძოდა ჯაჭვებსაც - უტეხად ახეთქებდა კლდეებს და ამის გამო ბერები იტყოდნენ, ზარს რეკავდა ცაო. მერე მონასტრები დაიცალა და უდაბნოს ერთ კიდეზე სატანკო ნაწილი ჩაბარგდა წყლის ცისტერნებით, საზაფხულო კარავ-აბანოთი და თოფ-იარაღით, ტანკებს ეადვილებოდათ უდაბნოში სვლა და ვარჯიში. ერთმანეთს ლულებს უღერებდნენ და გველების ბუდეებს ჭყლეტდნენ. ჯარისკაცები უამრავ უხსენებელს იჭერდნენ, ატყავებდნენ და ტყავისგან უეშმაკო სალდათურ სუვენირებს კერავდნენ. მაგრამ ერთხელ უბედურება მოხდა. ჭურვების საწყობის ახლოს მჯდომმა გუშაგმა დაინახა, რომ ზედ საწყობის კართან გველის კისერი წამოწეულა და თითქოს მთვრალიაო, ირხევა. ფეხები რომ ჰქონოდა, ადამიანი გეგონებოდათო, უამბობდა ტრიბუნალს. ჯარისკაცმა ესროლა გველს და საწყობის კარს კი მოარტყა. საკვირველი იყო, თავად როგორ გადარჩა. შტაბში ეგონათ, რომ მეზობელმა ქვეყანამ ომი დაიწყო. უდაბნოდან წარმოუდგენლად შორს სარაკეტო შლუზებიც კი გაიხსნა. ნაწილი ლამის მთლიანად დაიწვა. მაიორმა ტურჩინმა მხოლოდ ტანკების გადარჩენა შეძლო. სხვა ვითარებაში ორდენსაც მისცემდნენ, მაგრამ ამჯერად პენსია აკმარეს. სატანკო ბაზის ხელახლა შენება გაიწელა. ამასობაში კი უდაბნოში მეცნიერებათა აკადემიამ ჩადგა სამსართულიანი სახლი, რომელსაც გველთსაშენი ლაბორატორია დაერქვა. ადგილს გველისმჭერთა ლაშქარი მოედო. მაღალყელიანი ჩექმები ეცვათ და ორკაპა ჯოხები ეჭირათ. ამბობდნენ, გველთსაშენი შხამს ყიდის გერმანიაშიო. გველისმჭერები ცდილობდნენ მთელი უდაბნოს უხსენებლები იმ სამსართულიან სახლში მოექციათ დთ თითქმის მოახერხეს კიდეც ეს ამბავი. მაგრამ მერე მეცნიერებმა და დარაჯებმა სმა დაიწყეს. გველისმჭერები ყოველთვის სვამდნენ, მაგრამ მეცნიერებს ხელფასი დაუგვიანეს და ვიღაც ოხერმა უდაბნოსკენ გამოჭიმული ელექტროსადენები მოიპარა. ამიტომ, სამსართულიანი სახლის მკვიდრნი სპირტის მარაგს შეესიენ. გველები კი წლობით ეძებდნენ ხვრელებს თავიანთ შუშის საპყრობილეებში. გველებს მათსავ დედამ, ბუნებამ უშველა. სამასი წლის შემდეგ კი მიწისქვეშეთმა უდაბნო გაიხსენა და გველთსაშენი და მშენებარე ბაზა გვარიანად დააზანზარა. ამ ზანზარმა ჩალეწა შუშის ორმოცდაჩვიდმეტი ყუთი და გათავისუფლებული გველები წინაპართა უდაბნოში გახოხდნენ. უკვირდათ უდაბნოს ამბავი, აქ როგორ უნდა დავბინავდეთ, სად დავიძინოთ და რა ვჭამოთო. ამიტომ კვლავ ადამიანების ძებნა დაიწყეს. მშენებარე სატანკო ნაწილში ვეღარავის მიაკვლიეს, რადგან მეცნიერებს საშენმასალაშემოლეული მუშებიც შეერთებოდნენ და უდაბნოს მეორე კიდისკენ გასწიეს, სადაც, აჰ, უკვე რამდენ ხანს, ყოველგვარ ლაბორატორიასა და ტანკებზე ადრე არსებობდა პატიმართა კოლონია, რომლისთვისაც მიწისძვრას მხოლოდ ძველი შენობები წაერთმია. უდაბნოს ზონაო, ასე უწოდებდნენ იმ ადგილს უდაბნოს კიდეზე.
This post has been edited by libero on 26 Apr 2014, 06:16
--------------------
ისე ელიტა გვყავს მართლა ლეგენდალური–ტრაკს რომ ხედავენ ეგრევე თავით მიდიან © U-33
ქოცნების გამოჩენის შემდეგ გავხდი ნაცმხარდამჭერი © rusa1960 ნაციონალობა დასამალი არ არის. ეს საამაყოა © armagedonidze რამდენი მე ნაცები მიკრიტიკებია ამ ფორუმზე © maxo111 არასოდეს გამიმართლებია ნაცები © sulo
|