: ))))))))))))))
განვიხილავ ტექსტს და არა ტექსტისმიღმიერს. რადგან შოთა იათაშვილს არ უთქვამს, რომ 'დიანა ვაჩნაძე' თავად არის, რა საჭიროა ადამიანს გამოვგლიჯოთ ფსევდონიმი?! თუ ავტორი შოთა იათაშვილია ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ნიჭიერებას, რადგან მან კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი შექმნა-დიანა ვაჩნაძე, ანუ წიგნი მთლიანად ერთი ტექსტია. მეც ასე აღვიქვამ, ერთ მთლიან ტექსტად, ავტორ-ტექსტ-რეცენზიებიანად.

“ნატა ანუ ახალი ჟიული”
დიანა ვაჩნაძე
წიგნმა ძალიან მტკივნეულად გამილაწუნა. აი, ტყლაააშ. . . ასე. ეს ტექსტი ჩემთვის უფრო უსიამოვნო და მძიმე აღმოჩნდა ვიდრე საკუთარი კლონი იქნებოდა. მე მივიღებ ჩემგან განსხვავებულს, მივიღებ ჩემს მსგავსს, მივიღებ ყველაფერს, უფორმოს და უსაზღვროს, ჩამოუყალიბებელს და ჩამოყალიბებულს, მაგრამ ვერ მივიღებ გარედან იმას, რაც ჩემშია. ეს-ნაკლია. ყოველთვის ვიცოდი რომ ასეთი ვიყავი, მაგრამ ამას დიდად დისკომფორტი არასდროს შეუქმნია ჩემთვის რადგან ძალიან იშვიათად შემხვედრია გარეთ ის, რაც ჩემშია. ახლა შემხვდა, ამ წიგნში, და ფიზიკურ ტკივილთან ერთად, რომელიც გალაწუნებისგან დამრჩა, კიდევ ახალი პრობლემა დადგა ჩემს წინ, ახალი სამუშაო ჩემს თავზე. ვიმუშავე და სულ რამდენიმე საათში, სანამ წიგნს დავამთავრებდი, შედეგი მივიღე-მივიღე წიგნი და ყველანაირი სიმძიმის გარეშე ვაღიარე, ვაღიარე და გამიხარდა, გულწრფელად გამიხარდა, რომ ეს წიგნი დაიწერა და ის ქართველმა გოგომ დაწერა. (ან კაცმა)
გარდა ამისა კიდევ გამიხარდა ის, რომ ამ წიგნმა ერთი ძალიან საინტერესო წრე გაარღვია. ეს ის წრეა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან იმ მოვლენებს შორის, რომელმაც ჩემს ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო, ეს წრეც ფიგურირებს. მე ეს ჩაკეტილი წრე მეგონა, 3-4 მოქმედი პირით, რომლებიც დამოძრაობდნენ ამ წრეში, ერთმანეთის ფრაზებით საუბრობდნენ, ერთნაირები იყვნენ და მე ვერ ვიგებდი რატომ. დიანა ვაჩნაძემ ეს წრე გახსნა და გარეთ გამიყვანა. დამანახა, რომ ის რაც ამ წრეში ხდებოდა, მარტო აქ კი არ ხდებოდა, სხვაგანაც შეიძლება მოხდეს, სხვა წრეშიც, ანუ, განმაზოგადა, ინდივიდუალურობა დამაკარგვინა, ის რაც ჩემი მეგონა თავისად დამანახა. ამის მიღება ძნელი იყო, თუმცა მივიღე. მან ბევრგან ჩემი სათქმელი თქვა, ამიტომ ახლა მე დავჯდები და ახალ სათქმელზე ვიფიქრებ, ან ახალ ფორმაზე მაინც. და ეს სულაც არ არის ის, რომ ‘აჰ, ამას ხომ მეც ასე დავწერდი’, იგივე სათქმელს სულაც ვერ დავწერდი ასე.
რატომღაც მეჩვენება, რომ წიგნი საკმარისად არ არის აღიარებული. არადა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი ნებისმიერ მინიჭებულ კრედიტს გაამართლებს. მე მინახავს ბევრი სხვა ავტორი (თანამედროვე, ქართველი), ბევრი სხვა წიგნი და ბევრი სხვა რეცენზია, ხოდა, მეჩვენება, რომ წიგნს აღიარება დააკლდა. არა ფართო მასების აღიარება, არამედ კონკრეტული აღიარება, გარკვეული წრისგან მაინც.
ახლა უშუალოდ წიგნის შესახებ:
წიგნი წარმოუდგენლად დახვეწილია. მასში არ არის არცერთი ზედმეტი ფრაზა, არცერთი დაუხვეწელი პასაჟი, წინადადება და სიტყვაც კი. ანუ, წიგნი სტილისტურად აბსოლუტურად გამართულია, გარდა ამისა ავტორი ბრწყინვალედ ფლობს ქართულს და ძალიან კარგი არამარტო უცხო სიტყვათა, არამედ ქართულ სიტყვათა მარაგიც აქვს. წიგნში არაფერი მეორდება, ის მიდის, იწერება, ვითარდება. არცერთი აზრი არ ტრიალებს, არცერთი აზრი არ მეორდება. ავტორი მხოლოდ ერთხელ ამბობს სათქმელს და შენ მას ან იჭერ ან ვერა. კიდევ ორი მომენტი:
1. წიგნში არ არის არცერთი კომპრომისი
2. ტექსტი საოცრად “არაფუშერულია”
კომპრომისს რაც შეეხება, კომპრომისები ხშირად მხვდება თანამედროვე ქართულ ტექსტებში. ადგილ-ადგილ, ოდნავ შესამჩნევად, ეს პატარა სიტყვებია, ფრაზებია, რომლებიც სხვადასხვა სახის მკითხველზეა გათვლილი, რათა ყველა მკითხველმა ნახოს ხელმოსაჭიდი, მოეჭიდოს. აი, მაგალითად ლაშა ბუღაძე ამ “კომპრომისების” ოსტატია. აკა მორჩილაძესთანაც მხვდება ხოლმე, მაგრამ მის ტექსტებში ყველაფერი იმდენად ‘ნაღდი’ (ეს სიტყვა თან ძალიან მომწონს თან ძალიან არ მომწონს) და გულწრფელია, რომ მისაღებია. დიანა ვაჩნაძესთან არცერთი ასეთი კომპრომისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, გაზეთში დასაბეჭდად რომ მიარბებინა, ტექსტი სხვისთვის დაწერილი არ არის. რა თქმა უნდა მხოლოდ “საკუთარი თავისთვის” არაფერი იწერება, მათ შორის დღიურიც კი, მაგრამ განსხვავდება ხოლმე დონე, დიანა ვაჩნაძის ტექსტი აბსოლუტურად საკუთარია, ჭეშმარიტია, ნამდვილია და უბრალოდ მკითხველისთვის არის შეთავაზებული. ‘აი, მე ასეთი ვარ და თუ გინდა მიმიღე'. ძალიან ნაკლებად ვეთანხმები იმ რეცენზენტებს რომლებიც წერენ, რომ პირიქით, დიანა ვაჩნაძის უმთავრესი მიზანი სწორედ მკითხველზე თამაშია, რასაც თავისხმრივ მიაწერენ ‘სიშიშვლის’ დონეს ტექსტში. მე ამ ‘უკომპლექსობის კომპლექსისა’ და ‘აკრძალული ხილის სინდრომის’, ‘შოკით ადამიანებზე გავლენის მოხდენის’ გამოვლინებებს, როგორც წესი ძალიან კრიტიკულად და ნიუანსებში ვხედავ ხოლმე, ამიტომ მითხრა მაკამ, წიგნი რომ მათხოვა: მე მომეწონა, მაგრამ შენ შეიძლება პროტესტის გრძნობა გაგიჩნდესო. არა, რა თქმა უნდა. ‘სიშიშვლე' ტექსტში თავიდან ბოლომდე საჭიროა, ზუსტად იმ დოზით რა დოზითაც არის, ის მთლიანი ტექსტის, მთლიანი იდეის ნაწილია. მომეწონა, ძალიან მომეწონა.
რაც შეეხება იმას, რომ წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია, არ არის “ფუშერული”, მას არ გააჩნია ჩარჩოები, ის ღიაა, მას აქვს საკუთარი სიმართლე, რომელშიც ძალიან ღრმად არის დარწმუნებული, მაგრამ ამ სიმართლეს არ გახვევს თავს, ეს არ არის სიმართლე წერტილით, ეს ჭეშმარიტი სიმართლეა ოღონდ სამი წერტილით. ამის ილუზიას თვითონ ტექსტის ფორმა ქმნის. ტექსტი საკმაოდ პატარაა არადა ძალიან განვითარებადია, ის ახდენს დეკლარირებას და შემდეგ ახდენს უარყოფას, ოღონდ ხაზს კი არ უსვამს წინა თეზისს, არამედ ახლის საფუძველში აქსოვს მას, მასზე აშენებს ახალს. ამიტომ იქმნება ილუზია, რომ ტექსტი გრძელდება, გრძელდება განვითარების გზაც, გრძელდება ახალი სიმართლის პოვნაც.
ავტორი ნაკითხობა-განათლებულობასთან ერთად ძალიან ჭკვიანია. ის ძალიან ბევრ რამეს იტევს. ის ავტორიც არის და მკითხველიც. საკუთარი თვალით კითხულობს ტექსტს და თითქმის ყველა ნაკლს ამჩნევს მას. ამჩნევს და იმჩნევს კიდევაც. ამიტომ ტექსტშივე წერს ყველაფერს, რაც შეიძლება რომელიმე კრიტიკოსმა აღნიშნოს, წამოაძახოს. მომწონს, რომ დიანა ვაჩნაძე ამბობს ყველაფერს რისი თქმაც უნდა და შემდეგ მსუბუქად აღნიშნავს, რომ დიახაც, იცის ეს და ეს რატომ დაწერა და რა ქვეტექსტია. კიდევ მომწონს ის, რომ დიანა ვაჩნაძე არ იტყუება. არცერთ მომენტში, ის ‘ყველაზე მაღალი მოთხოვნის მკითხველზე’, საკუთარ თავზე თვლის ტექსტს, არსად არ წერს სიყალბეს, რომლითაც ძალიან ბევრი თავისუფლად შეიძლება მოტყუვდეს კიდეც. აჰ, როგორ მომწონს, რომ საშუალებას აძლევს პერსონაჟებს ‘ცოდნა გამოამჟღავნონ’, ყველაფერი თქვან რაც იციან, მომწონს, რომ ტექსტს ფსევდო-ინტელექტუალური პასაჟებით ავსებს, მომწონს რომ საკუთარ ცოდნას ამჟღავნებს და ტექსტშივე წერს, რომ ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი. ანუ, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია (სხვა მხრივ საკუთარ ტექსტში ხომ არ შეიტანდა), მაგრამ თან იცის, რომ ჩვენ შეიძლება ასე ჩავთვალოთ, ამიტომ ჩვენთან ერთად აფასებს ტექსტს და თავს იზღვევს წინასწარ. მომწონს.
საერთოდ, თანდათან ისე აღვიქვამ ჟან ბოდრიარს, როგორც რემე აღიქვამს პაულო კოელიოს, მაგრამ ძალიან ჭკვიანი კაცია, თითქმის გენიოსის თვისებებით, ვერაფერს იტყვი.
მიჭირს დავიჯერო, რომ ლეო (ან ნატა) არ არსებობს. скорее всего არსებობს კიდეც, სავსებით შესაძლებელია ნამდვილი ამბავიც იყოს, ან at least, based on a true story . შეიძლება ლეო არა, მაგრამ ნიკა, პეტრე, ავთო ან ანზორი, (ან ნატა არა, მაგრამ ანი, მაკა, ქეთო ან ანანო), არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვიღაც ამდაგვარ ქარიზმატულს, რომ გაუვლია დიანა ვაჩნაძის (ან შოთა იათაშვილის) ცხოვრებაში აშკარაა. ვიღაც ამდაგვარი, რომ აედევნა დიანა ვაჩნაძეს და სდია, ან ვიღაც ამდაგვარს რომ თავად აედევნა, ეს ვარაუდი კი არა ფაქტია, რომელიც ტექსტში ჩანს. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ჟან ბოდრიარის ტექსტისგან გასნხვავებით “დევნა თბილისში” იყო. ისევ ჟან ბოდრიარს დავესესხები. სხვისი დაუფლება, სხვისი საიდუმლოს მითვისება, სხვისთვის ძვირფასად ყოფნის უდიდესი სურვილი და ფატალურობა სხვის ცხოვრებაში, რუხი კარდინალის როლის თამაში, ყოველთვის ყველასთან ხდება, უბრალოდ განსხვავდება დონე და ფორმები. განსხვავდება ინტერესი.
ხათუნა ხაბულიანის რეცენზია საუკეთესო თავისი ეპიგრაფის ხარჯზეა. მილან კუნდერას სიტყვები ‘სახიფათო კავშირების’ ეპისტოლარული ფორმისა ძალიან მართალია. “ეს ფორმა თავისთავად მეტყველია; არსი კი იმაშია, რომ ყველაფერი, რაც პერსონაჟთა მიერაა განცდილი, განცდილია მხოლოდ იმისათვის, რომ იქცეს მონათხრობად, განაცხადად, აღსარებად, ჩანაწერად. . . “ გენიალურია. აჰ, ადამიანი ყოველთვის იყო და დღემდე რჩება და აწი რა შეცვლის, საზოგადოებრივ სუბიექტად. მიუხედავად ინდივიდუალობისა არ არსებობს ცალკე აღებული ადამიანი. როგორც ადამიანის ნებისმიერი ცალკე აღებული ორგანო არ არის ადამიანი, ასევე არ არსებობს ცალკე აღებული ადამიანი საზოგადოების, ან საზოგადოების თუ არა, მეორე ადამიანის გარეშე. ადამიანს არ შეუძლია მონათხრობის, განაცხადის, აღსარების, ჩანაწერის გარეშე. თვალსაჩინო მაგალითი ჩემი კომენტარია. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ ადამიანებს, რომლებიც რაც შეიძლება ბევრი რამის თქმის საშუალებას იძლევიან, რომელთანაც რეალიზდები, იხარჯები და გამოიხატები. ნატასთვის ეს იყო-ლეო, ლეოსთვის-ნატა. ერთმანეთის არსებობა პროგრესის გარანტია, განვითარების, ისინი ერთმანეთს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. ერთმანეთს აფხიზლებენ და მზად ყოფნაში ამყოფებენ. ეს კარგია.
მომწონს მეტამორფოზები ტექსტში. ბუნებრივია. მომწონს ყველაფრის წამლეკავი ვნება ტექსტის დასაწყისში, ვნება, როგორც არსი და ყოველი ურთიერთობის განმაპირობებელი, ეს ნამდვილია და ჭეშმარიტია. ეს იწვევს სიმშვიდის არარსებობას და ეგოიზმს. ეს იწვევს გაუცხოებას. პირველი კონტაქტი არ არის უშუალო, არ არის ახლობლური, მიუხედავად სხეულის გაშიშვლებისა. იქ, სადაც არის თამაში ასეთი დოზით, არ არის სიახლოვე. თამაში მოსაგებად. პრიზი სხვა არაფერია თუ არა მოთამაშე რომლის წინააღმდეგაც თამაშობ. ამიტომ არის, რომ პირველ ეტაპზე ერთის სისუსტე მეორის სიძლიერეა. ერთის ნერვული მოშლილობა, მეორის სულიერ გაძლიერებას იწვევს, მათ გრძნობა სჭირდებათ, გრძნობის დეკლარირება, აუცილებლობის, საჭიროების შეგრძნება. ორივეს იმედი აქვს, რომ განშორება მეორეზე ფატალურად იმოქმედებს, და ამიტომ სტანჯავენ ერთმანეთს, ერთმანეთს იცნობენ ბრწყინვალედ და ამიტომ აკეთებენ ასე წარმატებულ სვლებს.
ტექსტი კი სულ სხვანაირად ვითარდება და სრულდება. ნატა და ლეო ერთი მთლიანი ხდებიან, ახლობლები, სიმშვიდეს იბრუნებენ, და აქ უკვე ერთის გამარჯვება-მეორის გამარჯვებაა. ერთის სიმშვიდე-მეორის სიმშვიდეა და მუზაც კი ერთია-სინტია, როგორც არაამქვეყნიურისა და ამქვეყნიურის საუკეთესო სინთეზი და სიმშვიდის სიმბოლო.
მომწონს ტექსტის დაწყებაც და დასასრულიც. რაც შეეხება სულ ბოლოს. კარგია, მომწონს, ‘’ჩამოდი. . . გელოდები’’ წერს ლეო და ჩვენ არ ვიცით ჩავა თუ არა ნატა, თუმცა ვხვდებით, რომ ჩავა, რადგან ნატასთვის მთავარი ლეოა, ყველაფერი მისთვის ლეოა. ლეო, არა როგორც კონკრეტული კაცი სახელად ლეო, არამედ, როგორც მისი მეორე ნახევარი, ანუ, ადამიანი, რომელიც სჭირდება ნატას იმისთვის რათა თავი სრულფასოვნად იგრძნოს, როგორც საზოგადოებრივმა სუბიექტმა, ანუ, ლეო ნატას საზოგადოებაა. შემდეგ მოდის უძლეირესი ესე ჟან ბოდრიარის შესრულებით და შოთა იათაშვილის თარგმანით და შემდეგ ისევ ტექსტი. ბოლო კარგია, ძალიან კარგია. ნატა ჩამოდის. happy end-ია, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან რამდენადაც შესაძლებელია ტექსტით ავტორზე მსჯელობა, ავტორი სიცოცხლით სავსე ადამიანია, ის არ არის დაღლილი, ის აგრძელებს ცხოვრებას და ამისთვის აუცილებელია გარკვეულ სიუჟეტებს, სცენებს, მოვლენებს happy end-ი ჰქონდეთ, თუმცა ბოლო წერილები და ჟან ბოდრიარის ესე იმდენად ძლიერია, და იმდენად დიდი impact-ია, რომ ამ ძლიერი, პედლით შესრულებული აკორდების შემდეგ ძნელია ტექსტში დაბრუნდე, ეს რაღაც ისეთია, მუსიკოსი რომ ბოლო, უძლიერეს აკორდს აიღებს, ხელებს ჰარმონიულად აწევს, მუხლებზე დაიდებს და შენ ტაშის დასაკვრელად ემზადები, ამ დროს კი ისევ პიანინოზე დებს ხელებს და სულ რაღაც ორ-სამ აკორდს იღებს, მცირეს, პიანისიმოთი შესრულებულს. აი, არ ვიცი, რა სჯობს, ხელები მუხლებზე დარჩეს და შენ ტაში დაუკრა, თუ ამ პიანისიმოს შემდეგ დაუკრა ტაში. მართლა არ ვიცი.
რაც არ უნდა იყოს, ვდგები და ტაშს ვუკრავ, დიდხანს, დიდხანს, და საკუთარი აზრები და შეხედულებები გულწრფელი სიხარულით მიმაქვს ამ წიგნის სამსხვერპლოზე, არადა ეს ძალიან, ძალიან რთულია.