თენგიზ ვერულავა
ნაწყვეტები წიგნიდან "ედგარ პო"
ურცხვი ხატი
ედგარმა გასაღები გამოაძრო კარის საკეტს, ცალი თვალი მოხუჭა და საძინებელ ოთახში შეიჭვრიტა.
უჩვეულო ხმაური მოისმოდა შიგნიდან.
ისევ წარმოუდგა თვალწინ საბნის ქვეშიდან დანახული შემზარავი სურათი. მალვით იჭვრიტებოდა ჩაფუთნული საბნიდან და მისთვის გაუგებარ ქმედებას მთლად დაეტყვევებინა.
ვიღაცის უხეშმა სახებამ უმოწყალოდ წაართვა დედის ტკბილი ძუძუ. მას კი მხოლოდ მისი ეგონა.
უთავბოლოდ გაიწელა გაუგებარი რიტუალი სანთლის შუქზე. აღტყინებული სანახაობის ტყვედ იქცა. იძულებული გახდა მოშორებოდა კარის ღრიჭოში ჭვრეტას.
ასეთია შიშს დაფუძნებული ყოველგვარი გრძნობის პარადოქსული კანონი.
ტბის ცქერა
უკანა კარებით გამოვიდა სახლიდან. ერთიანად დათრგუნვილი ჩანდა. თრიაქნასვამივით მიბარბაცებდა შავი ხის იატაკზე და ყოველი ფეხის გადადგმაზე ფანტასმაგორიული ნაალაფევი საჭურვლის წკარუნი ჩაესმოდა.
ჩაშავებულ-ჩაჟალტამებულ, წყნარად მოლივლივე ტბის პიტალო ნაპირს მიადგა და, რომ გადაიხედა, უფრო აემღვრა გული.
ჩუმი ტბის წიაღიდან ამოდიოდა მავნე, შეუცნობელი, ბუნდი, წებოვანი, თითქმის თვალთუჩინარი ტყვიისფერი ოხშივარით.
ნუ, ამას ნუ უყურებ.
სარკმელი გამოაღო და ქარიშხალი შემოიჭრა დარბაზში. სუსხი ქარის კვეთებამ კინაღამ წააქცია. გაფოთებული ღრუბლები ირეოდნენ წყვდიად ცაზე.
ანაზდად სისხლისფერი ელვა გაკრთა და შურდულივით ეძგერა ქალწულივით შეურყვნელ ცას. შუაზე გაიხლიჩა ჩამობნელებული სფერო. თითქოს გაიპო სამყაროს ჭიშკარი. ოხშივარი ავარდა გარღვეულ სივრცის იქით. სასიამო სუნი დადგა დახშულ ჰაერში. წაგრძელებული ღრუბლები მოიწევდნენ ელვით ნაკვეთი ცის ღრმულისაკენ.
სიზმარი
ელიზმა დაწნულ კალათაში ჩასვა მძინარე ედგარი და სცენის მიღმა, კულისებში დატოვა. ელიზი შეშლილ ოფელიას თამაშობდა ვიწრო სცენაზე.
,,დედაჩემს სახე როგორ უცინის და მამაჩემი კი ამ ორი საათის წინათ მოკვდა”, ედგარს თითქოს სულ ახლოს ჩაესმოდა ჰამლეტის სიტყვები ოფელიასადმი და ძილში ისევ ამოუტივტივდა სადა კედლებიანი, სწორკუთხა მღვიმე. გონდაკარგულივით დაბორიალობს მიწისქვეშა გვირაბის გაუვალ სიღრმეებში. არსადაა გასასვლელი.
გამომტვრეული შავი ფიცრები
დიდი, მხრჩოლავი სანთლები ანათებდნენ მაყურებლებით გადაჭედილ, ვიწრო დარბაზს. ედგარი სცენის მიღმა, კულისებიდან უჭვრეტდა, ვიღაც დაძონძილი მესაფლავეები როგორ ჭედავდნენ კუბოს და იატაკზე გამოჭრილ ღრუში, ქვევით ჩაჰქონდათ დედამისის ცვილისფერი სხეული.
ნეტა ვის მარხვენ? მერე ესეთის მოკლე წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიცვალებულს თვით მოუკლავს თავისი თავი.
უეცრად, შავი კუბოდან გამომავალი ნაცნობი ხველების ხმა ჩაესმა. შეცბუნებული მესაფლავენი გაოგნებით შესცქეროდნენ დაბნეულ მაყურებელთ, რომელთაც ვერ გაერკვიათ, თუ რისთვის ხდებოდა ასე.
ხველის ხმამ თანდათან იმატა.
კუბოს უჰაერო სივრცეში ელიზს ისევ დასწყებოდა სულის ხუთვა. თავს ძალას ატანდა, მაგრამ ვერაფრით შეეკავებინა სენით გამოწვეული, მახრჩობელა ხველა.
ჰენრიმ იცოდა სცენის იატაკს ქვევით მისასვლელი გზა. შეშინებულ ედგარს ხელი ჩასჭიდა და კედლებს იქეთა მხრიდან მოღწეულ ხმას მიჰყვა.
ელიზს უკვე გამოემტვრია კუბოს ფიცრები. ქვიან მიწურზე გაწოლილიყო და განწირულივით სულს ღაფავდა.
მიწას ნუ ჩაჰყრით, დამაცადეთ კიდევ ცოტა ხანს...
ჭლექის სუნი
არაფერი ისე არ განუცდია, როგორც გვამის უჩვეულო სუნი. უწინ ასეთი რამ არასოდეს უგრძვნია, თუმცა, მხოლოდ ორი წლისა იყო და ბევრი რამის არ გაეგებოდა. დედის ცხედართან მდგარმა პირველად იყნოსა სიკვდილის სუნი. უფრო და უფრო მძლავრობდა ყნოსვის მგრძნობელობა და მატებასთან ერთად იბუდებდა გაუსაძლისი შიში.
ზმანებებში გაეხვია. სურდა, სამარედან ისევ წამომდგარიყო დედა, როგორც ეს არაერთხელ უნახავს სცენაზე გამოსვლისას. მაგრამ, თითქოს ასე ისურვაო სამუდამო ძილი და არც აპირებსო გამოღვიძებას, უტყვად გაშეშებული ნეშტი ერთხელაც არ შეტოკებულა.
შიშველი მიცვალებული
ხმაურზე გამოეღვიძა. ღამის წყვდიადი მოსწოლოდა დაგმანულ დარაბებს. თავი აიღო საბანიდან და ოთახში, დედის ცხედართან მორიალე ნაცნობთ თუ უცნობთ მიაშტერდა. ყველანი თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი და მისთვის არავის მიუქცევია.
მთლად გაეშიშვლებინათ მიცვალებული, სამარისათვის რთავდნენ. პირაღმა იწვა და მბჟუტავი სანთლის შუქზე კარგად გაარჩია ესოდენ ახლობელი კანის ფერი, რომელსაც ასე სუნთქვაშეკრული მიელტვოდა. სიფერმკრთალე შეჰპარვოდა ცვილისფერ სხეულს. მთვარით გაცისკროვნებულს მიაგავდა დალეული სახე.
მიცვალებული ჯერ განბანეს, გააპატიოსნეს, შემდეგ სუდარაში გაახვიეს.
საბანში ნიკაპამდე ჩაიფუთნა. ეს პირველი დღე იყო, როცა დედა ცალკე იწვა, მოპირდაპირე კედელთან მდგარ სარეცელზე.
მძინარე დას, როზალის გადახედა, თავქვეშ შეაცურა პაწია ხელი, ახლოს მიიკრა, მკერდზე მიიხუტა. ისევ იგრძნო დედის მიმზიდველი სითბო.
უკანასკნელად იწვნენ ასე ერთად, რადგან უკვე მეორე დღესვე იშვილეს უდედმამოდ დარჩენილი ობლები.
უფროსი ძმა, ჰენრი, ბაბუასთან, დევიდ პოსთან დარჩა. როზალი, უილიამ მაკენზის ოჯახმა დაიტოვა რიჩმონდს. თავად ედგარი თამბაქოს მდიდარმა მეწარმემ, ჯონ ალანმა აიყვანა. უშვილო ცოლ-ქმარი მალე მოიხიბლა ედგარის სილამაზით და ასაკისთვის შეუფერებელი გონიერებით.
აშერთა გენეალოგია
უძველეს გვარს წარმოადგენდნენ აშერები. საუკუნეების მანძილზე ხელოვნების არაერთი შედევრი ჰქონდათ შექმნილი. განსხვავებით სხვათაგან, მათი ნაწერები არ იყო ყველასათვის გასაგები და მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი, უფრო რთული ვარიაციებით იყვნენ გატაცებულნი.
საგვარეულოს ძირითად შტოს არასოდეს ჰქონია განტოტება; სწორხაზოვნად მიემართებოდა ეს ჩამომავლობა მუდამ.
1581 – 1656 წლებში იყო ვინმე ირლანდიელი ეპისკოპოსი ჯეიმს ასშერი. სიცოცხლის მიწურულს გამოსცა წიგნი ,,Aნნალეს Vეტერის и Nოვი თესტამენტი”, რომელიც ცნობილი იყო როგორც ,,ასშერთა ქრონოლოგია”. ჯეიმს აშერი შეეცადა სამყაროს შექმნის დღის ზუსტი თარიღი დაედგინა და ამით უკეთ დაელაგებინა ძველ აღთქმაში აღწერილ ამბავთა ქრონოლოგია, ბიბლიურ გმირთა ოჯახის, ,,სახლის“ გენეალოგია.
სიკვდილის აჩრდილი სდევდა როდერიკ აშერის სახლს. უხვად აყრიდა მიწას ცოცხალსაც, მკვდარსაც. საეჭვო იყო ამ გვარის კაცთა სიკვდილი. ფრიად ბუნდოვან ვითარებაში მიიცვალა ერთადერთი და, გვარის გაგრძელების უკანასკნელი იმედი.
წერტილი დაესვა აშერთა ძველისძველ საგვარეულოს.
