არც მე ვიცი როგორ იწერება კარგი წიგნი, მაგრამ ვფიქრობ ვიცი, როგორ არ იწერება ის.
ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი ვუსმენდი ზაზა ბურჭულაძეს, ანუ, ვკითხულობდი არა წიგნს ("მინერალური ჯაზი"), არამედ მას ვუსმენდი, ამიტომ ახლა თავს უფლებას ვაძლევ ერთი-ორი სიტყვა : ))))))))))))))) (ღრმად სუბიექტური მოსაზრება) დავწერო მის ტექსტზე. მითუმეტეს, რომ ხელნაწერილი ხომ არ მიპოვია მაგიდის უჯრაში? დაბეჭდილი, გასაყიდად გამოტანილი წიგნი წავიკითხე.
საერთოდ, ამის დაწერა გადავწყვიტე ლევან ბერძენიშვილის კომენტარის გამო, რომლის ნაწყვეტიც წიგნის გარეკანზეც წერია. ანუ გავაკეთებ არა კომენტარს ზაზა ბურჭულაძის ტექსტზე, არამედ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე. ამას იმიტომ მივაქციე ასეთი დიდი ყურადღება, რომ წიგნი რომ წავიკითხე- ვიფიქრე: "ან ეს კომენტარია არაადეკვატური, ან მე არ ვიცი კითხვა". თუ ობიექტურად შევხედავთ, იმის ალბათობა ბევრად უფრო დიდია რომ მე არ ვიცი კითხვა, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემთვის ამის აღიარება ძნელია.
"წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ". "უცნობი, ახალი და მშვენიერი სამყარო" ან ტექსტში არ არის, ან მე გამომრჩა : ))))))
საქმე იმაშია, რომ დღეს ჩვენთან თვლიან, რომ სიტყვის თავისუფლება, ეს ცენზურის არარსებობასთან ერთად კრიტიკის არარსებობასაც გულისხმობს. რაღაც რეცენზიებს გადავხედე. შეიძლება ყველა რეცენზია დადებითი იყოს? სულაც არ ვამბობ იმას, რომ თუ დღეს ვიღაცა რაღაცას კითხულობს ან წერს, მაინცდამაინც კრიტიკული თვალით შეხედო, და "მის თვალში ბეწვი შენიშნო, როდესაც შენს საკუთარ თვალში აქლემი დაგიდის" : )))) (ჩემზეც ვამბობ), არც იმას ვამბობ რომ ნებისმიერ მხატვრულ თუ არამხატვრულ ნაწარმოებში რაღაც ხელმოსაჭიდი, დადებითი ძვრების, პოტენციალის, ან "ნიჭის ნატამალის" პოვნა არ შეიძლება, შეიძლება, მაგრამ როდესაც აქებ ყველას და ყველაფერს, როდესაც შენი ნებისმიერი გამოთქმული აზრის შემდეგ სიტყვისა და აზრის თავისუფლების მტრად გთვლიან და ზეპროფესიული, ზედამაჯერებელი კონტრარგუმენტები მოყავთ: "თუ არ გინდა ნუ უყურებ, თუ არ გინდა ნუ მოუსმენ, ან თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ", რაც პრინციპში მართალია, შედეგად იმას ვიღებთ რასაც დღეს ქართული ესტრადა ან "ბეჭდვითი სიტყვა" ჰქვია.
ლევან ბრეგაძე წერს რომ "ზაზა ბურჭულაძის რომანი-მეტატექსტი კი არა მარტო იკითხება, სულმოუთქმელადაც იკითხება". მეც ასე წავიკითხე, ძალიან კარგად წერს. წერა იცის კარგად, ოღონდ არ იცის რა დაწეროს. აქ სიუჟეტის განვითარებას, ზემხატვრულ პერსონაჟებს, ინტრიგებსა და სენტიმენტებს არ ვგულისხმობ. აქ მეტატექსტს ვგულისხმობ, თუნდაც. მე ვთვლი რომ ზაზა ბურჭულაძეს ძალიან უნდოდა დაეწერა და იცოდა რომ რაღაც უნდა დაეწერა, ქონდა აზრები და შეხედულებები, რომლებზეც უნდოდა აგეგო რომანი, მაგრამ დაეზარა. ამიტომ უფრო იოლი გზა აირჩია. ანუ, რეისი, "მწერალი-მკითხველი". და არა, ვთქვათ, "მწერალი-პერსონაჟი-მკითხველი". მშვენიერია. ეს რა თქმა უნდა ახალი არ არის, მაგრამ თუ კარგად იქნება შესრულებული, რატომაც არა. მართალია არ ვთვლი, რომ ვთქვათ, ზაზა ბურჭულაძემ ან მე თუ არ ვიცით როგორ იწერება კარგი წიგნი ეს არც არავინ იცის და კარგი წიგნები აღარ დაიწერება, : ))))) მაგრამ რაღაც ახალის თქმა რომ ადვილი არ არის და ზოგჯერ მართლა ფიქრობ რომ ყველაფერზე ითქვა და დაიწერა ეს გრძნობა ნაცნობია, მაგრამ მაინც უფრო განწყობა მგონია, ვიდრე რეალობის ასახვა. "Everything that can be invented, has been invented". Charles H. Duell, Comissioner, U.S. Office of Patents, 1899 : )))) თუმცა იმაზე უფრო მეტად რაღაც ახალის თქმა რომ ძნელია, ლიტერატურა იმიტომ არის არცთუ ისე კარგ დღეში, რომ მისი ძალიან აქტიური კომერციალიზაცია მიმდინარეობს. (ხარისხის ხარჯზე) როდესაც ამბობენ რომ რომელიმე წიგნი ბესტსელერია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს მის ღირსებებზე ძნელად თუ მიუთითებს. ასე რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პოპულარობას, სჯობს ისევ "быть широко известным в узких кругах". მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ მართლა ძალიან კარგად წერს. მართალია არახალი და ნაცნობი, მაგრამ მომეჩვენა რომ მაინც თავისი სტილი აქვს და ეგეც რომ არ იყოს ქართული ენა იცის ძალიან კარგად. ტექსტი ამიტომაც იკითხება სულმოუთქმელად. მითუმეტეს რომ ეს ანტირომანი (მიუხედავად ვითომ მკითხველებისადმი ვითომ მიმართვისა და ერთგვარი ვითომ ინტერაქტიულობისა) მონოლოგია. ადვილია ასეთი, ვიტყოდი, უშუალო, კარგი ქართულით, სასაუბრო სტილში დაწერილი ტექსტის კითხვა. ტექსტი რეცენზიებს თუ არა, სათაურსა და მეორე სათაურს, რომელიც "უნდომად" მონათლა ავტორმა და ასევე შეფასებას-"ანტირომანი" მთლიანად ამართლებს. უბრალოდ ასე გამოვიდა, როდესაც არის მეორე "უნდომი" სათაური, იწერება არა რომანი, არამედ ანტირომანი. ეს ბუნებრივია და კარგია. ისიც კარგია რომ "შემოქმედებითი კრიზისის" დროსაც კი რაღაც იწერება. აი, მე ვთვლი რომ ეს არის უნიკალური ამ შემთხვევაში და არა ის რასაც გოგი გვახარია უსვამს ხაზს: "ზაზა არა მარტო მიმართავს ქართველ მკითხველს, არამედ ეთამაშება კიდეც მას. საკმარისია ტექსტის კითხვისას მკითხველს რაღაც აზრი გაუჩნდეს, ავტორი თითქოს თავს ანებებს თხრობას და ახლა უკვე მკითხველს პასუხობს". ჯერ ერთი ეს არ არის ახალი, არც უნიკალურია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს საერთოდ არის ამ ტექსტში. აქ ის კი გასაგებია რა იგულისხმება, მაგრამ მთელი მიმართვები, კითხვები და პასუხები, ზედმეტად ხელოვნურია და არასწორ ადგილას და არასწორი ფორმით არის.
მერაბ გაგანიძის კომენტარი საერთოდ გაუგებარი იყო. "მკითხველი მოცულია მძაფრი მოლოდინით." რა მოლოდინით? "ვინც ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩაუსაფრდება" ვინ ჩაუსაფრდება ფაბულის დეტექტიურ განვითარებას? რა დეტექტიურ განვითარებას? : ))) საერთოდ რაზეა საუბარი? არსებობს ბევრნაირი მკითხველი, როდესაც კითხულობ ავტორი კვდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ასეთი მკითხველი. ასეთივე წარმატებით მერაბ გაგანიძეს შეეძლო ეთქვა, რომ, ვთქვათ: "ვინც "მინერალურ ჟაზში" კულინარიული რეცეპტების ან საფეხბურთო ანგარიშების პოვნას ელოდება გაწბილება ელისო." ამ წიგნში არათუ არ არის სიუჟეტი, ის არც არის საჭირო. არაფერი რომ ვთქვათ ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩასაფრებულ მკითხველზე. დავიჯერო აქ ის იგულისხმება, რომ შეიძლება ძალიან დაინტერესდე იმით როგორ ცხოვრობს ავტორის მიერ "გამქრალი" დამლაგებელი. რა დაემარტა ფოკოს, რას გაიგებს შამუგია ეშმაკის ვებ საიტიდან ან რა ბედი ეწევათ პეპოს : ))) ან შამუგიას? ანუ, მერაბ გაგანიძე თვლის, რომ მკითხველი შამუგიაა, რომელიც არარსებულ საქმეს იძიებს? გულწრფელად გამიკვირდა. რა საჭიროა იმის აღნიშვნა რომ ტექსტი დეტექტივი არ არის?
იგივე ითქმის გოგი გვახარიას კომენტარზეც, "მოქმედების გაწყვეტა კულმინაციურ სცენაში". თუ ზაზა ბურჭულაძის ტექსტს წესები არ აქვს, მაშინ მასში არც შინაარსია, არც კონფლიქტი, არც კულმინაცია. კულმინაცია არ აქვს ტექსტს. ზაზა ბურჭულაძის წიგნი ეს ზაზა ბურჭულაძეა, მისი აზრებით და შეხედულებებით, ხასიათით, ანუ, ტექსტი ავტორზე უფრო მეტყველებს ვიდრე თავად ნაწარმოებზე. და მე დიდი ინტერესით მოვუსმინე მას. ავტორსაც შეიძლება ქონდეს შინაარსი, კონფლიქტი და კულმინაცია, მაგრამ ზაზა ბურჭულაძესთან ეს არ იგრძნობა. შინაგანი კონფლიქტიც კი არ არის. წიგნის განმავლობაში რაღაცეების შეცვლა და ხმამაღალი მსჯელობა კარგად იკითხება, მაგრამ... წიგნი ერთნაირად საინტერესოა პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე. ერთნაირად ძალიან საინტერესო ან ერთნაირად ნაკლებად საინტერესო კი არა, უბრალოდ ერთნაირად საინტერესო. მე არ ვიცი რამდენად კარგად იცნობს მკითხველს, რამდენად კარგად იცის როგორ არ იწერება კარგი წიგნი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან კარგად ფლობს წერტილის დასმის ხელოვნებას. : )))
მე არ ვიცნობ ზაზა ბურჭულაძეს, გოგი გვახარია იცნობს და რადგან ამბობს, რომ თუ ვინმე აღნიშნავს მის იუმორს, ვირტუოზულ ენას ან ფანტაზიას (ამ ტექსტის გათვალისწინებით ამ უკანასკნელს მე არც აღვნიშნავდი) აფთიაქში გაიქცევა ავტორი, არ აღვნიშნავ, თუმცა ნოდარ ლადარია ხომ აღნიშნავს მის იუმორის გრძნობას და იმას, რომ რომ გიყვარს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ შეიძლება "დასცინო", თუმცა "დაცინვა" ის სიტყვა არ არის. საერთოდ, ნოდარ ლადარია თავის რეცენზიაში, რომელიც "24 საათის ლიტერატურულ დამატებაში" წავიკითხე, ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს ძალიან კარგად აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არის ახალი, "დასცინო", თუ რაც ქვია, იმას, რაც გიყვარს, რა თქმა უნდა კარგია ეს ამ ტექსტშიც რომ იკითხება. თუმცა რაც შეეხება გლდანში მცხოვრებ სერიულ მკვლელზე შექმნილ მოთხრობას. არ ვიცი, შეიძლება იმის მიზეზი, რომ ამ წიგნში სერიული მკვლელი, დეტექტიური განვითარება და ა.შ. არც მიძებნია და არც ველოდი, ის არის რომ ასეთი ნაწარმოებები რაღაც არ მხვდება ხოლმე. არ მესმის რატომ კეთდება ამხელა აქცენტი იმაზე რომ ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოები დეტექტივი არ არის. ადრინდელი ნაწარმოებები დეტექტიურ ჟანრში აქვს დაწერილი თუ დეტექტივის გარდა სხვა ნაწარმოებები დღეს აღარ იწერება? უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ კომენტარს იმას გავუკეთებთ რაც ზაზა ბურჭულაძემ არ დაწერა, ძალიან შორს წავალთ. ბევრად უფრო საინტერესოა ის, რაც დაწერა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ტექსტან დაკავშირებით ის არის, რომ ტექსტი აშკარად არაერთგვაროვან განწყობას და შეხედულებებს იწვევს. მაგალითად ის კომენტარებიც გამოდგება, რაც წავიკითხე. ნოდარ ლადარიას რეცენზია რომ წაიკითხო იმის შესახებ, რომ ძნელია ქართველს ჰქონდეს ისტორია და რომ ჩვენც ყველა ასეთები (წიგნის გმირების მსგავსი) ვართ და სულ ადვილად შეიძლება ჩვენც იგივე ბედი გავიზიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ამაზე უკეთესი დიდი ვერაფერი გამოდნება, ამის შემდეგ კი ლევან ბერძენიშვილის სიტყვები: "წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ", გაგიკვირდება, მაგრამ "მინერალური ჯაზის" წაკითხვის შემდეგ საერთოდ ძალიან გაგიკვირდება. პრინციპში ნორმალურია, უფრო მეტიც, ძალიან კარგია, რომ ტექსტს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, მაგრამ მაინც. . .
რაც შეეხება იმას, რომ "არ ეწერება" მაგრამ "ეფიქრება". მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პირიქით, "არ ეფიქრება", მაგრამ "ეწერება". "არ ეფიქრება" საერთოდ კი არა, უბრალოდ შინაარსი. ნაწარმოებში ბევრი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო აზრია, მოსაზრება, დამოკიდებულება და სასიამოვნოა რომ ვიღაცა ასე ფიქრობს. შეიძლება ამას გულისხმობდა ლევან ბერძენიშვილი. მაგრამ ეს უცნობი და მშვენიერი სამყარო არ არის, ეს საინტერესო და სასიამოვნო ადამიანია, ანტირომანის მთავარი გმირი. ზაზა ბურჭულაძე. ნაწარმოების მთავარი გმირი ყოველთვის ავტორია, მაგრამ ეს ზოგადად, და არა ტექსტიდან გამომდინარე, აქ ეს ტექსტიდან გამომდინარეც ასეა. შეიძლება ზაზა ბურჭულაძე, როგორც გოგი გვახარია ამბობს, არ ცდილობს "გამოხატოს თავისი თავი ლიტერატურის საშუალებით", და ეს ალბათ ასეცაა რადგან გოგი გვახარია პირადად იცნობს მას, მაგრამ ნაწარმოები ხომ მხოლოდ იმ ხალხისთვის არ დაუწერია ვინც იცნობს? მე არ ვიცნობ მაგალითად და ტექსტი რომ წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სწორედაც "თავის თავს გამოხატავს ლიტერატურის საშუალებით". იმის თქმით, რომ ზაზა ბურჭულაძე არ ცდილობს"თავი გამოხატოს ტექსტის საშუალებით", გოგი გვახარია ამბობს რომ ზაზა ბურჭულაძე გენიოსია. საერთოდ ყველაფერი რაც ადამიანისგან მოდის თავის გამოხატვაა, ლიტერატურულ ნაწარმოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გოგი გვახარია ფიქრობს რომ ზაზა ბურჭულაძემ "მე"-ზე თქვა უარი და ისე დაწერა ტექსტი? მაშინ ზაზა ბურჭულაძე გენიოსია. : ))))))))) შეიძლება გოგი გვახარია ასე ფიქრობს. რაც შესავლის ბოლოს წერია ძალიან კარგია "ჩვენი სიზმარი ყველაზე ლამაზი გვგონია, ჩვენი ფოფხვა-ყველაზე ტრაგიკული, ჩვენი თავი-სამყაროს ცენტრი, არაფერი გვაინტერესებს ჩვენივე თავის გარდა". ეს ასეა და ეს ნორმალურია, ჩვეულებრივი ამბავია. გოგი გვახარია წერს რომ ხვდება ამას, მე ვეთანხმები და მომწონს გოგი გვახარია რომ წერს ამას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოგი გვახარიას არ მოსწონს თავისი "შესავალი წერილი", ან მე არ მომწონს ეს კომენტარი. ამიტომაც ისიც ძალიან ჩვეულებრივია დღევანდელი ავტორები თავიანთ თავს რომ გამოხატავენ თავიანთ ნაწარმოებებში, ისევე, როგორც ზაზა ბურჭულაძე. ოღონდ თუ "თანამედროვე ავტორი" გოგი გვახარიას ისე აქვს ნახსენები, როგორც უნიჭობის სინონიმი, მასშინ მე მათ სულაც არ ვადარებ ზაზა ბურჭულაძეს.
ნაწარმოებში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი, როგორც უკვე ვთქვი. არის რამდენიმე ბრწყინვალედ დაწერილი ადგილი. ბრწყინვალე მსჯელობა.
რაც შეეხება: "დამატყვევებლად გულახდილ "ცუნდრუკსიტყვაობას" კიდევ მრავლად იპოვი ამ ქმნილებაში, რომელსაც უმალ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხს შევადრიდი, ვინემ ფუჭსიტყვაობის უმაქნის ფეიერვერკებს" (ლაშა ბერაია) შეიძლება მნიშვნელოვან და საინტერესო აზრებს შორის რამდენჯერმე სხვადასხვანაირად გამეორებული ერთნაირი აზრები, ზედმეტი სიტყვები და შორისდებულები ფუჭსიტყვაობის უმაქნისი ფეიერვერკი არ არის, მაგრამ არც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა.
პ.ს. საერთოდ (მემგონი) სჯობს, თუ წიგნი მეორედ გამოიცემა, რეცენზიების გარეშე გამოვიდეს