JustAMinute
თუმცა ეს შენი პოსტი, რამდენადაც მივხვდი ეხება ზაზას წიგნს "მინერალური ჯაზი".

აუცილებლად წავაკითხებ მას შენს ნააზრევს.

უკვე გამოიცა მეორედ და იგივე რეცენზიებით. პირველი გამოცემა იყო "მერანის", მეორე "სანის"

"სახარება ვირისა" მე უკვე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. სულ მალე გაზეთში ნახავთ ინტერვიუს ზაზასთან.
ახალ წიგნზე პატარა კომენტარებს აქვე დავდებ, რომელიც თავად ვთხოვე ლაშა ბუღაძესა და ლევან ბერძენიშვილს
ლაშა ბუღაძე: "მე ზაზა ბურჭულაძის პროზის მკითხველი ვარ უკვე კარგა ხანია. მისი ნაწარმოებებიდან გამოვარჩევდი "სიმფსონებს" და "მინერალურ ჯაზს", ამ უკანასკნელმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან ყველა აალაპარაკა, ვისაც კი ქართული ლიტერატურა უყვარს. "მინერალური ჯაზის" შემდეგ განსაკუთრებით დიდი მოლოდინი იყო ახალ ტექსტზე. ავტორის წინასიტყვაობის არ იყოს, მეც მეგონა, რომ ეს წიგნი გალაკტიონზეა. როცა წიგნი გამოვიდა, მოლოდინი გამიმართლდა, როგორც მის ერთგულ მკითხველს.
ჩვენ ძალიან საინტერესო ტექსტთან, ერთგვარ თამაშთან გვაქვს საქმე, რომელიც გარკვეულწილად რაბლეზიანური მონოლოგია ყოველგვარი პათეტიკისა და მკვეთრი შედარებების გარეშე. თუ ოდნავ მაინც ორიენტირების უნარს დაკარგავ, შეიძლება ან განსაკუთრებულ ინტელექტუალურ სფეროში აღმოჩნდე, ან საოცრად სასაცილო ტექტსტში. აი, ამ ბეწვის ხიდზე მიდის ავტორი და ეს ძალიან სასიამოვნოა მკითხველისთვის, რომელიც ავტორს მიჰყვება. ძალიან სასაცილო ტექსტია, ამავე დროს, ძალიან ტრაგიკულიც.
ფოკუსებით და ოინებით სავსე ტექსტი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თუნდაც ჩემნაირ მკითხველზე. საერთოდ, თანამედროვე რომანი მალე და ადვილად უნდა იკითხებოდეს, რაც არ უნდა რთული ტექსტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზაზას წიგნით შეგიძლია გაერთო, მას ნამდვილად არ აქვს ადვილი ტექსტი, თან, ამავე დროს, აუცილებლად ინტელექტუალურია, მაგრამ იკითხება ერთი ამოსუნთქვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მკითხველისთვის, რომელსაც ამდენი თავშესაქცევი აქვს, შეიძლება თვალი გაექცეს და წიგნი გვერდზე გადადოს.
წიგნს აქვს მეორე ნაწილი - კომენტარები, რომელიც თან ერთვის რომანს და დაწერა გაგა ლომიძემ. თავისთავად, ეს ნაწილიც საინტერესოა, რადგან ახალი რამაა ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ მომეჩვენა, რომ ზაზა ბურჭულაძის ტექსტის შემდეგ კომენტარები ფერმკრთალდება თავისი მკვეთრი პედაგოგიურობით. შესაძლოა ვცდები, მაგრამ გაგა ლომიძეს რომ მიემართა მისტიფიკაციისთვის ან იუმორისათვის, ალბათ უკეთესი იქნებოდა.
ისევე, როგორც "მინერალური ჯაზი", ეს წიგნიც განსაკუთრებული მოვლენაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. დღეს რომ დაახასიათო თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესები (თუ გარკვეულ ზოგად კრიტიციზმს მივმართავთ), აუცილებლად ზაზა ბურჭულაძე გაგახსენდება. "სახარება ვირისა" ძალიან სერიოზული მოვლენაა და ავტორს მთელი გულწრფელობით მივულოცავ ამ ტექსტის დაბადებას. ჩვენ ნამდვილად არა ვართ განებივრებულები ასეთი განსხვავებული ფორმისა და ტიპის რომანებით. ზაზას ყოველი ახალი წიგნის გამოსვლის შემდეგ მის მიმართ ინტერესი ათმაგდება. ეს ბუნებრივია დამთრგუნველი იქნება თავად ავტორისათვის, რადგან პასუხისმგებლობის მომენტი კიდევ უფრო იზრდება. უკვე ველოდები მის ახალ წიგნს, რომელიც ვიცი, რომ არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება.
ეს წიგნი მხოლოდ იმათ გააღიზიანებს, ვინც წიგნებს მხოლოდ გაღიზიანებისთვის კითხულობს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მკვეთრ გროტესკთან, ანუ წმინდა ჰუმორთან, რომლითაც ცხადია, უნდა ვისიამოვნოთ და არ გავღიზიანდეთ. ვინც მაინც გაბრაზდება, უკვე მისი პრობლემაა. ყოველი კარგი ლიტერატურული ნაწარმოები გარკვეულ მაპროვოცირებელ ელემენტს შეიცავს. ამ შემთხვევაში ეს წიგნიც გარკვეულწილად ეპატაჟურია, მაგრამ არა იმ დოზით, როგორიც იყო ზაზას "სიმფსონები" ან "წერილი დედას". "სახარება ვირისაში" იმდენი მარგალიტია გაბნეული, ნამდვილად მკითხველის პრობლემა იქნება, თუკი ის ამას ვერ დაინახავს".
ლევან ბერძენიშვილი: "ზაზას ახალი წიგნი არ აღმოჩნდა ჩვეულებრივი წიგნი. ეს წიგნი იმსახურებს რამდენიმე მადლობას ჩემგან. უპირველეს ყოვლისა, როგორც ლათინური ენის სპეციალისტისგან. მეორე, დიდი მადლობა მას გალაკტიონისათვის და მესამე, ავტორი ჩემგან იმსახურებს პატივისცემას იმიტომ, რომ მასაც ის ცხოველი ჰყვარებია, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მან სათავე დაუდო ვიროლოგიას ქართულ ლიტერატურაში.
მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. რაც უნდა ჭკვიანური იყოს წიგნი, რაგინდ განათლებულმა კაცმა დაწეროს და ბევრი კომენტარი გაუკეთოს, მეცნიერი მხატვრულ ლიტერატურას მაინც ვერ დაწერს. ყველანაირი სიმბიოზი მეცნიერისა და პოეტისა არის უცნაურობა, მოულოდნელობა, შეუძლებლობის შესაძლებლობა. ერთმა დიდმა პოეტმა თავის დროზე თქვა, რომ ერთდროულად მხატვარი მარინისტი იყო და თან გემის კაპიტანი, - შეუძლებელია, ფილოსოფოსი იყო და თან პოეტი, - ესეც შეუძლებელიაო. მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, ანუ ამ წიგნში არის ცოტა მეცნიერება და ბევრი პოეზია, - ამის არდანახვა შეუძლებელია და არ შეიძლება პატივი არ ვცე იმ წამებას, რომელიც მეორე ნაწილის დაწერას უნდოდა. პირველი ნაწილი წიგნისა დაწერა გულმა, მეორე - ტვინმა, ორივე ნაწილი უნდა წაიკითხო, რომ მოემზადო იმის წასაკითხად რაცაა მთავარი. მთავარი კი ამ წიგნში არის სრულიად მოულოდნელი თვალით დანახული გალაკტიონის ლექსის "ლურჯა ცხენების" ანალიზი. ჩემი აზრით, ეს ლექსი, რომელიც ყველამ ზეპირად იცის, გასაღებია ამ წიგნისა. ავტორი ამტკიცებს, რომ გალაკტიონს "ლურჯა ცხენები" ვირებზე აქვს დაწერილიო. ეს მე ძალიან სერიოზული ანალიზი მგონია, ძალიან ბევრი ინტრიგაა მასში. "სახარება ვირისა" არის დიდი, ნამდვილი წიგნი გალაკტიონზე, რომელშიც ის სრულიად მოულოდნელი კუთხით გამოჩნდა, როგორც, არა გაღმერთების ობიექტი. წიგნმა ჩემისთანა მკითხველი დაიჭირა.
მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ზაზას. ავტორი ალბათ ფიქრობს ახალ წიგნზე და კარგსაც შვრება. ეს არის ჩვენი საუკუნის წიგნი, რომელიც გამსჭვალულია დიდი პატივისცემით და სიყვარულით მთელი ქართული ლიტერატურის მიმართ. ეს წიგნი იმსახურებს იმას, რომ ათასი წლის მერე, როდესაც ავტორი აღარ იქნება ცოცხალი, მასზე თქვან, რომ ის იყო მქადაგებელი ვირის სახარებისა. მე დარწმუნებული ვარ, ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები იქნება, თუმცა მთავარ წიგნს ზაზა კიდევ დაწერს. მართლა წაიკითხეთ ეს წიგნი, რადგან რეალურად თქვენ ხელში დაიჭერთ გალაკტიონის მიერ დაწერილ დღევანდელობას ისე, რომ გაგიკვირდებათ."