ისეა დაწერილი, რომ კი არ ტირიხარ, ფიქრობ.
ფიქრისკენ გიბიძგებს ყოველი ეპიზოდი და მრავალი წინადადება.
თან, წიგნის ფორმატი ისეა აგებული, გაურკვეველს არ ტოვებს არაფერს.
არადა, მოფერების ნაცვლად, ძალიან მოუკლეს გული ჭ. ამირეჯიბს.

ფილმიც დახვეწილადაა გადაღებული.
რა მაგის პასუხია და, გ. ლორთქიფანიძის საინტერესო ნაუბარია აგერ:
"გიგა ლორთქიფანიძეს იუმორი არ ღალატობს და მიუხედავად არც ისე სიამეგამოვლილი ცხოვრებისა, ბედს არ ემდურის... ცხოვრება ხუმრობით სამად დაყო: ახალგაზრდობა, შუახანი და «რა კარგად გამოიყურებით», ანუ კიდევ ცოცხალი ხართო... ახლა მესამე ეტაპზე ვარ და ყველა მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო, - იღიმება...
ჩვენ მისეული დაყოფის კვალდაკვალ გთავაზობთ ვითარებანს მისი ცხოვრების გარიჟრაჟიდან მოყოლებული...
ჩემი გარიჟრაჟი
ჩემი ბავშვობა უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. გარშემო ყველა დამიპატიმრეს... მამაც. მერე დახვრიტეს... ევგენი მიქელაძე ბიძა იყო ჩემი, ისიც დახვრიტეს.
ყველაზე მძიმე მოსაგონარი ჩემთვის ესაა: როცა გარშემო ყველა დააპატიმრეს, მამას უთქვამს დედაჩემისთვის, - მე ამათ ციხეში ვერ ჩავჯდებიო და წასულა. ხან შუა აზიაში იმალებოდა, ხან აზერბაიჯანში, ხან მოსკოვში...
1938 წელს ტრავმის შემდეგ ფეხი მომკვეთეს. საავადმყოფოში ვიწექი. სათუოდ იყო ჩემი საქმე, ეგრეთ წოდებული ჰაეროვანი განგრენა დამემართა. პროფესორი ჭეიშვილი მადგა თავზე პალატაში. ამ დროს გაიღო კარი. მამაჩემი შემოვიდა... დედა მისკენ გაქანდა: - ახლავე, წადიო... ვაითუ, ვინმეს ეცნო და მთავრობისთვის შეეტყობინებინა. მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა... მითხრა: მთავარია, კაცი იყოო! დედამ ძლივს გააგდო. ფანჯრის ახლოს ვიწექი და იქიდან დავინახე, ქუჩაში შავი «ემადინი» იდგა... მამა ძალით შეტენეს მანქანაში.
ათ წუთში ჩეკისტები დაგვადგნენ თავს. დედას ჰკითხეს, - თქვენი მეუღლე იყო აქო? არაო... ერთი მე ჩამომიჯდა.
- ბიჭიკო, მამაშენი იყო აქ? - მკითხა.
პროფესორი ჭეიშვილი მიუბრუნდა: - გთხოვთ, ბავშვს თავი დაანებოთ. კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ უცხო არავინ ყოფილაო.
ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ. დედა რომ ეცა მადლობის გადასახდელად, არავითარი მადლობაო... მაინც დაიტოვა სათქმელი - არაფერი დამინახავსო. ეს იმ დროს გმირობა იყო.
ჩემი და, მარიკა ჩემზე ხუთი წლით უფროსია.
ომის დროა. მარიკა დაბადების დღეზე იყო და შინ გვიან ბრუნდებოდა. დახვდნენ... ყაჩაღობა იყო, პალტოს ხდიდნენ, აბა, ფული ვის ჰქონდა!.. დაიწყო მარიკამ გახდა. უცებ გაიგონა, ერთი ეუბნება მეორეს, - ეს გიგას და არ არისო!? ეტყობა, ან ჩემი კლასელი იყო, ან ვიღაც ვერელი ბიჭი, რომელიც მიცნობდა. გამოუშვეს. მოვარდა შინ მარიკა - მოგკლავ, ეს რა ხალხში გაქვს საქმეო... არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ მიცნობდნენ და რა ვქნა!
ხულიგანი და ჩხუბისთავი ვიყავი და ისე აეწყო ჩემი საქმე, ბოლო ხანს სკოლაშიც აღარ დავდიოდი. შინ ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ეს მარიკას დამსახურებაა. ერთხელ, როცა დედაჩემი ჩემ გამო დაიბარეს სკოლაში, ერთ მასწავლებელს უთქვამს მეორისთვის, - ეს მარიკას და გიგას დედააო. იმას გაჰკვირვებია: - ორივესიო? ორივესი, ბატონოო... მამაც ერთი ჰყავთო?!
მარიკაზე დიდი ავტორიტეტი დღემდე არავინ მყავს. რამეს რომ ვაკეთებ, ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს.
15 წლის ვიყავი, როცა გავიგე, მარიკა თხოვდებოდა და გადავწყვიტე, სასიძო მომეკლა... მერე კი ვგიჟდებოდი სიძეზე, ისე მიყვარდა.
ჩემი დილა
დედა მიქელაძის ქალი მყავდა, გუვერნანტების გაზრდილი თავადის ქალი. ნინო ერქვა. მამასაც შეძლებული ოჯახი ჰქონდა... დედამ, მარტო რომ დარჩა, ძაფსახვევ საამქროში დაიწყო მუშაობა. იმდენი შეძლო, სკოლაც დაგვამთავრებინა და უმაღლესიც...
როცა მოსკოვში ვსწავლობდი, დედა ყოველთვე მიგზავნიდა 600 მანეთს და ამანათს: ტყემალს, ხმელ ხილს... 600 მანეთით მაშინ ორჯერ თუ ჭამდი ხარჩოს... ჰა და ჰა, ყველსა და პურზე გყოფნოდა...
მესამე კურსზე რომ გადავედი, კლუბებში დავიწყე რეჟისორად მუშაობა.
ფული გამიჩნდა და ჩემი პირველი კაცური საქციელი ის იყო, რომ დედას მივწერე, - ფული აღარ გამომიგზავნო, ჩემს თავს თვითონ ვინახავ-მეთქი.
მოსკოვამდე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ტოვსტონოგოვი მასწავლიდა. ჩემი კურსელები იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, აკაკი დვალიშვილი, ასიკო გამსახურდია... ტოვსტონოგოვმა ისე გაგვიტაცა, რომ მოსკოვში წასვლა გადამაწყვეტინა. იქ ალექსეი პოპოვის და მარია კნებელის ჯგუფში ვსწავლობდი.
ვცხოვრობდი რიაზინის ქუჩაზე, წითელ მოედანთან, ქართველების საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში ვბინადრობდით თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, სულხან ცინცაძე და მე...
პელმენს თუ ვიშოვიდით მშიერ მოსკოვში, იმ დღეს ბედნიერები ვიყავით.
ერთ პერიოდში ვცხოვრობდით მოსკოვში და ვმეგობრობდით: რეზო თაბუკაშვილი, გურამ ასათიანი, გიზი ამირეჯიბი, თამაზ მელიავა, ვახტანგ ფიფია...
გოგი და ირაკლი ოჩიაურებს ბიძა გარდაეცვალათ ციმბირში, გადასახლებაში. ჩამოვიდნენ. ნეშტი უნდა წაესვენებინათ. უთხრეს, კუბო მოსკოვში იყიდეთ, თორემ ციმბირში ვერ იშოვითო. იყიდეს. ერთადერთს - თამაზ მელიავას ჰქონდა ოთახი, იმ კუბოზე ცოტათი დიდი იყო... დადგეს იქ. ოჩიაურების გამგზავრება გაჯანჯლდა. ამასობაში, ისე შევეჩვიეთ კუბოს, ზედ სუფრას ვშლიდით.
გია დანელია მოგვიანებით შემოგვიერთდა... თამაზ მელიავამ მოიყვანა ჩვენთან. თავიდან ძალიან სხვანაირი იყო - სუფთა მოსკოველი, «დედიკოს ბიჭი». არც სვამდა... ჩვენ გავაფუჭეთ... უცებ აუღო ალღო და გაქართველდა...
ჩემი შუადღე
სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში სპექტაკლის დადგმისა მეშინოდა. სადიპლომო ვილნიუსის რუსულ თეატრში დავდგი. ერთი წელი დავყავი იქ. პარალელურად კაუნასის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ვმუშაობდი... თან სულ შეყვარებული ვიყავი...
ერთხელ, მოსკოვში საქმეზე ჩასულს მიშა კვესელავა შემხვდა. მითხრა, თბილისში პედაგოგად წამოდიო... დავთანხმდი. თან გორში გამამწესეს რეჟისორად...
1951 წელი იყო. ინსტიტუტში მქონდა გაკვეთილი. ტელეფონთან დამიძახა ქალბატონმა გოგუცამ - თანამშრომელმა. დედა მირეკავდა: ვახტანგი და თინიკო (ევგენი მიქელაძის შვილები) წაიყვანესო. მაშინ იმ ბავშვებსაც ასახლებდნენ, ვისაც მშობელი დაპატიმრებული ჰყავდა, თან ნათესავები უცხოეთში ცხოვრობდნენ. დედამ მითხრა: - ნავთლუღის სადგურში არიან და რაღაცის მიტანა და გადაცემა შეიძლებაო. ქალბატონი გოგუცა ურთიერთდამხმარე სალაროსაც განაგებდა. ვთხოვე ფული. 3.000 მანეთი გამომიტანა. წავედი ნავთლუღში. ბავშვები სატვირთო ვაგონებში შეეყარათ. თინა და ვახტანგი ძალიან პატარები იყვნენ. წასაყვანად რომ მისულან, თინას უტირია, - ვერ წამოვალ, საკონტროლო მაქვსო... ვყვირი სახელებს. უცებ საქონლის თავის გამოსაყოფიდან ვახტანგს ვხედავ. მანიშნებს, - ჩუმადო. ხომ არ გაგიჟდა ეს ბავშვი-მეთქი. იმან: ნუ ყვირი, თინიკო ტიროდა და ახლა ჩაეძინაო. უკვე კაცი იყო! მივაწოდე ფული. აიღო. ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ ვეღარ ვუძლებდით ამ საშინელების ყურებას! მატარებელი რომ დაიძრა, ატყდა ყვირილი, ტირილი, ხალხი პალტოებს იხდიდა, ვაგონში ტენიდა.
წაიყვანეს ყაზახეთში. დაბრუნდნენ.
«სოვრემენნიკში» ვდგამდი სპექტაკლს. ამ დროს ვახტანგი ვგიკში აბარებდა მისაღებ გამოცდებს. ყოველი გამოცდის მერე შემოვიდოდა, ხელით დამანახვებდა - ხუთიანი მივიღეო. შევიდოდით რესტორანში, აღვნიშნავდით. ერთხელ შემოვიდა გაშავებული - მშობლების გამო არ მიმიღეს, სტაჟი მომთხოვესო. წავედი ვგიკში. დამხვდნენ ელდარი და თამაზი - ბოლო კურსზე იყვნენ: - არ შეხვიდე. ისეთი მხეცი კომუნისტია, არ გაგიკარებსო. მაინც შევედი. რაც შენ გიამბე, მასაც მოვუყევი. ცრემლი მოადგა. ხმას ვერ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებოდნენ, ლიმიტი არ გვაქვსო, მაინც ჩაარიცხვინა.
თბილისი ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გაყოფილი იყო რუსთაველელებად და მარჯანიშვილელებად. მე თავიდანვე მარჯანიშვილელი ვიყავი. რამხელა ბედნიერება იყო, რომ იქ მიმიწვია ვახტანგ ტაბლიაშვილმა სპექტაკლის დასადგმელად. დავიწყე კარლო გორდონის «სასტუმროს დიასახლისზე» ფიქრი... გაანაწილე როლებიო. საუკეთესო მსახიობები ჩამოვწერე. ამათ მე ვინ მომცემს, მაგრამ იყოს ასე, რომ მიხვდნენ, როგორ სახეებზე ვფიქრობ-მეთქი. დაამტკიცეს. გაოგნებული დავრჩი. ტიტანებთან მოვხვდი.
ბედს ვერ დავემდურები...
1954 წელს კულტურის სამინისტრომ შემომთავაზა ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორობა. 26 წლის ვიყავი. კოლეგიის სხდომაზე, სადაც უნდა დავემტკიცებინე, შემოვიდნენ შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე და სესილია თაყაიშვილი. შალვა ღამბაშიძემ დაიწყო: - ვიცი, ამტკიცებთ, მაგრამ ადრეა მაგისთვის, იყოს ჩვენთანო. სიყვარულით თქვა ეს. ცრემლი მომადგა თვალზე.
საღამოს მატარებლით უნდა წავსულიყავი. სტუდენტები მაცილებდნენ. უცებ შალვა ღამბაშიძე და ჟორა შავგულიძე გამოჩნდნენ. რესტორანში სუფრა გაეშალათ... ამ ორმა დიდმა კაცმა გამაცილა.
რუსთავის თეატრში ნაწყენი წავედი?
მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი და დირექტორი ვიყავი. დასი ფანტასტიკური იყო... მაგრამ თაობებს შორის განხეთქილება მოხდა. ახალ თაობას - ოთარ მეღვინეთუხუცესს, გივი ბერიკაშვილს, თენგიზ არჩვაძეს, ლეილა შოთაძეს, ქეთინო კიკნაძეს, ნოდარ მგალობლიშვილს, რეზო ხობუას და სხვებს უფროსები დაუპირისპირდნენ... უფრო შუა თაობა. მე ახალგაზრდებს ვუჭერდი მხარს. ვთქვი, უფროსი თაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს თეატრიდან-მეთქი. წავედით ჩვენ - 27 კაცი. რუსთავში დიდი წარმატება გვქონდა... მერე ედუარდ შევარდნაძემ დამიბარა - დაბრუნდიო... 11 კაცის უკან წამოყვანა მოვითხოვე. ნება დამრთეს...
სასწაული იყო, როცა ჩემმა უბნელმა, ნოდარ დუმბაძემ «მე ბებია, ილიკო და ილარიონის» (მაშინ «სოფლელი ბიჭი» ერქვა) ხელნაწერი მომცა. მთელი ღამე ვკითხულობდი. ხან ვხარხარებდი, ხან ვტიროდი. ქეთინო ცოლად ახალი მოყვანილი მყავდა. იმან და დედაჩემმა იფიქრეს, გაგიჟდაო... გადავწყვიტე, დამედგა სპექტაკლი. მისი ყველა ნაწარმოები მაქვს დადგმული... ჩემი მწერალი ვიპოვე!
ასევე მომცა ჭაბუა ამირეჯიბმა «დათა თუთაშხიას» ხელნაწერი...
ბავშვობაში ვიცოდი, რომ ის და მუსტაფა შელია მეგობრობდნენ. მუსტაფა ჩვენი ნათესავი იყო. მახსოვს, მე და დედა მოვდივართ ზემელზე. მუსტაფა დგას ხალხში და აგინებს მთავრობას. დედამ დაუძახა: - ამას ნუ აკეთებ, დაგიჭერენო! ნინა დეიდა, ნუ გეშინია, რომც დამიჭირონ, დახვრეტას ვერ მოასწრებენ, დამთავრებულია ამათი საქმეო...
დავითაშვილის ქუჩაზე მიაგნეს. მოკლეს... მეორე დღეს ბიჭები წავედით. სისხლის კვალი ვნახეთ...
კინოფილმმა «დათა თუთაშხიამ» მომიტანა პოპულარობა... დღეს მაგით უფრო მიცნობენ. მაგრამ კინოს მთელი ცხოვრება მიაქვს...
პოლიტიკაში რა მინდოდა? პოლიტიკას ჩემთვის თანამდებობა არ მოუცია და კეთილდღეობა... ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო საქართველო და მისი კულტურა.
შევარდნაძის დროს ორჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი. აკაკი ასათიანი ამბობდა: მიკვირს, გიგაზე რომ ამბობენ, შევარდნაძის კაციაო. არ მინახავს, ამდენი ვინმეს ეჩხუბოს ედუარდთანო. მართლა ხშირად ვიყავით დაპირისპირებული, თუმცა უდიდეს პატივს ვცემ. ურთულეს პერიოდში ჩამოვიდა საქართველოში. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მოსკოვში ჩავიდა და სთხოვა საქართველოში დაბრუნება. ბოლოს გვითხრა მე და პეტრე ჩხეიძეს, - საქართველოში ჩამოსვლა ჩემი პოლიტიკური თვითმკვლელობაა, მაგრამ მეტი გზა არ არისო...
კაცურად წავიდა... ესეც ხომ ღირსებაა.
ჩემი მიმწუხრი
80 წელი რომ შემისრულდა, საღამოს გავმართავთო, - მითხრეს. არ მინდოდა. სამი სპექტაკლი გადიოდა თბილისში - «ლამანჩელი», «წათეს წითელი წაღები» და «ქეთო და კოტე». ამ სპექტაკლებით აღვნიშნე 80 წელი.
თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ვიყავი, გამიშვეს - 40 წლის მერე ბუჩქი აღარ გვინდა ტყეშიო...
ბრწყინვალე ოჯახი მაქვს, შვილთაშვილს ველოდები უკვე. სულ მინდა, კიდევ დავდგა, კიდევ გადავიღო, ესე იგი, არ მაქვს სიბერის განცდა...
სულ გოგოები მყავდა. ძლივს გაჩნდა პატარა გიგა - ჩემი უმცროსი ქალიშვილის ვაჟი. ჩემმა სიძემ და ქალიშვილმა დიდი საჩუქარიც მომიძღვნეს: იუსტიციის სამინისტროდან მომიტანეს ქაღალდი, რომ გიგა - ლორთქიფანიძეა... რომ ეკითხებიან, რა გქვიაო, - ბატონი გიგაო - როგორც ესმის, ისე.
რამდენიმე წლის წინ გულმა შემაწუხა... გამოირკვა, თურმე ორი ინფარქტი მქონია გადატანილი ფეხად. ახლაც მაწუხებს გული. არ ვუშინდები. დროც არის...
ისე, მშიშარა არ ვარ, გაბედული ვარ. ხელისუფლებასთანაც ყოველთვის გაბედული ვიყავი.
მწუხრისა რა ვთქვა... მგონი, ვთქვი ყველაფერი..."
ლელა ჯიყაშვილი (კვ. პ.13)
This post has been edited by nia-aneta on 5 Apr 2008, 19:59
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)