რა ლამაზია დღეს გუგლი
შემდეგ დიდი დარდიმანდობით გამოვიდა ტომ სოიერი და წაიკითხა
უკვდავი ლექსი: “მომეცით თავისუფლება ან მომანიჭეთ სიკვდილი!”
დიდი შთაგონებით კითხულობდა და ხელებს ფართოდ შლიდა;
მაგრამ როცა ნახევრამდის მივიდა, ენა დაება. რაღაც გამოუთქმელმა
შიშმა შეიპყრო; ფეხები აუკანკალდა, ყელში რაღაც მოებჯინა და
ვერც ერთი სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო. მართალია, მსმენელები
თანაუგრძნობდნენ, მაგრამ ისინი დუმდნენ და ეს დუმილი უფრო
აწუხებდა ტომს, ვიდრე მათი თანაგრძნობა. მასწავლებელმა შუბლი
შეიკრა და ამან ბოლო მოუღო ბიჭს. შეეცადა განეგრძო, მაგრამ
არაფერი არ გამოვიდა; საშინლად დარცხვენილი ჩამოვიდა ძირს.
თითო-ოროლამ სცადა ტაშის დაკვრა, მაგრამ უშედეგოდ.
ამას მოჰყვა: “ბიჭი ცეცხლწაკიდებული გემის ბაქანზე”, “ასირიელნი
მიიწევდნენ” და სხვა ნიმუშები სცენაზე წასაკითხად. შემდეგ გაიმართა
შეჯიბრება კითხვასა და მართლწერაშიო. ახალი პროგრამის წამყვანი
ნომრის ჯერი დადგა. ახალგაზრდა ქალიშვილებს უნდა წაიკითხათ
საკუთარი თხზულებანი. თითოეული მათგანი რიგრიგობით გამოდიოდა
მსმენელების წინ, ხმას ამოისუფთავებდა, გაშლიდა ხელნაწერს,
რომელიც ლამაზი ლენტით ჰქონდა შეკრული და იწყებდა კითხვას.
თითოეული ყურადღებას ამახვილებდა გამოთქმასა და სასვენი
ნიშნების დაცვაზე. ამ ნაწერების თემები იგივე იყო, რაც მათ დედებს,
ბებიებსა და ბებიის ბებიებს, ჯვაროსანთა ლაშქრობის დროიდან
მოყოლებული, უწერია: “მეგობრობა”, “რელიგიის როლი ისტორიაში”,
“მოგონება წარსულთა დროთა”, “ოცნების სამყარო”, “კულტურის
უპირატესობა”, “სიყვარული მშობელთა”, “იდუმალი ოცნება” და სხვა...
ყველა ამ თხზულების ძირითად თავისებურებას შეადგენდა მეტად
სათუთი მელანქოლია. მეორე თავისებურება გახლდათ ლამაზი
სიტყვების მთელი ნიაღვარი. მესამე თავისებურება - ხელოვნურად
შეთითხნილი სიტყვები და ფრაზები უკიდურესად გაცვეთილი ხშირი
ხმარებისაგან. ყველა ეს ნაწერი იმ მავნე თვისებით გამოირჩეოდა, რომ
მთავრდებოდა დახავსებული, აუტანელი, კუდმოცვეთილი მორალით.
რა თქმაც უნდა ყოფილიყო, ავტორს ტვინიდან უნდა გადმოეწურა
ისეთი დარიგება, რომელიც ჩააფიქრებდა და სარგებლობას
მოუტანდა მორწმუნე და მაღალზნეობრივ ადამიანს. ამ მორალის
სიყალბე ყველასათვის ნათელია, მაგრამ მისი განდევნა სკოლებიდან
შეუძლებელია ახლაც და იგი, ალბათ, შემორჩება სკოლებს იქამდე,
სანამ დედამიწა იარსებებს. მთელს ჩვენს ქვეყანაში ვერ იპოვნით
ისეთ სკოლას, სადაც გოგონებს ვალდებულებად არ მიაჩნდეთ,
თავიანთი თხზულებანი რელიგიური ქადაგებით დაასრულონ. რაც
უფრო თავაშვებული და ნაკლებად მორწმუნეა რომელიმე მოწაფე
ქალი, მით უფრო ღვთისმოსავი, გრძელი და მკაცრია მისი თხზულების
მორალი. თუმცა კმარა ამაზე ლაპარაკი, მწარე სინამდვილე არავის არ
მოსწონს.