საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ დააპატიმრეს - პირველად 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაშინ ქართველი მწერლები დაუდგნენ თავდებად, დახმარება სერგო ორჯონიკიძეს სთხოვეს. მიხეილ ჯავახიშვილი 1923 წელს სიკვდილს გადაურჩა. მეორედ 1937 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს. შემორჩენილია მწერლის დაკითხვის ოქმები:
[დოკუმენტური მასალა] “ბრალდებულ მიხეილ საბას ხე ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმი, 1937 წლის 19 აგვისტო
კითხვა - თქვენ ბრალად გედებათ, რომ ეწეოდით აქტიურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. აღიარებთ თუ არა ამას?
პასუხი - კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ზოგიერთ პირთან საუბრის დროს ჩემს მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრება კონტრრევოლუციური ხასიათის იყო.”
მესამე დაკითხვაზე მიხეილ ჯავახიშვილი, ასე ვთქვათ, აღიარებს, რომ აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა.
[დოკუმენტური მასალა] “ნელნელა ვეფლობოდი ფაშისტურ ჭაობში. ყველაზე ადრე ჩემი თანამზრახველები აღმოვაჩინე მწერალთა შორის.”
მიხეილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენება ფანტასტიკას ჰგავს - მწერალი წერს, როგორ მიდიოდა დავალების მისაღებად გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის კონსულებთან - ეს დღისით-მზისით ხდებოდა, როგორ უხდიდნენ ამისთვის მას ხელიდან ხელში ფულს, როგორ აგროვებდა ჯაშუშრ მასალას - მაგალითად, იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში.
დაკითხვის ამ ოქმის წაკითხის შემდეგ ძალაუნებურად გახსენდება ფილმი ”მონანიება”. კერძოდ - ერთი ფრაგმენტი:
[ნაწყვეტი ფილმიდან ”მონანიება”] “ - მომისმინე, სანდრო. მე ბევრი ვიფიქრე. მთელი ღამეები ვფიქრობდი. ჩვენ უნდა დავასახელოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეროვნული პარტიიდან. მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ? მაგრამ როცა ეს სია 100 ათასებს მიაღწევს, ზევით დაფიქრდებიან, საგანგებო ეროვნულ კრებას მოიწვევენ და გამოააშკარავებენ ყველა იმ ბოროტმოქმედს, ვინც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. გესმის, სანდრო?”
დაპატიმრებულთა და დახვრეტილთა სიამ 100 ათასს მიაღწია და გასცდა კიდევ - ადამიანებს მიზანმიმართულად აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ხვრეტდნენ. ე.წ. “ოტტეპელის” პერიოდში გაირკვა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი სასტიკად აწამეს. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ბერიას ”კანტორაში” მოხვედრილთა ხვედრი საშინელი იყო:
[გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ენ-კა-ვე-დე-ს მიერ დაჭერილი ადამიანი ისეთ კოშმარულ პირობებში ხვდებოდა, რომ რას მოაწერდა ხელს... გმირი უნდა ყოფილიყავი, რომ არ ჩაგედინა, ჩვენი მზერით დანახული საზიზღარი საქციელი. გმირი - თითზეა ჩამოსათვლელი. მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული, რომ დავეჭირეთ, არ ჩავუშვებდი ჩემს უახლოეს მეგობარს, თუ მაწამებდნენ.” (სტილი დაცულია)
მიხეილ ჯავახიშვილის საბრალდებულო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. ბრალდებები კი ასე ჟღერდა:
[დოკუმენტი]: ”იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიული მავნებლური და ჯაშუშური ცენტრის თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.”
ვინ ასმენდა მიხეილ ჯავახიშვილს - ცნობილია. ცნობილია უშიშროების იმ თანამშრომების სახელებიც, ვინც მის საქმეს ასე ვთქვათ იძიებდა. ეს დოკუმენტები არქივშია. ბოლოს კიდევ ერთ დოკუმენტს შემოგთავაზებთ - ქართველი მწერლების წერილს, რომელიც საიდუმლო არ არის - ის გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა:
[დოკუმენტი] ” ” ჩვენს რიგებში კიდევ არიან მწერლები, რომელთა კავშირი და ურთიერთობა ხალხის დაუძინებელ მტრებთან ყოველგვარი ეჭვის გარეშეა. ტ, ტაბიძე, გ.ლეონიძე და სხვები უნდა გამოვიდნენ აქ, ჩვენი კოლექტივის წინაშე და გულწრფელად აღიარონ ყველა ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაადენინა ხალხის მტრებთან აშკარად მეგობრულმა ურთიერთობამ. მათ გულახდილად უნდა სთქვან, თუ არ ამოძრავებდათ, როცა ისინი უკავშირდებოდნენ დღეს უკვე ნიღაბახდილ მტრებს.”
ქართველ მწერალთა კრების ეს გადაწყვეტილება სათაურით ”გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისგან” გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 1937 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. 1937 წლის 30 სექტემბერს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს.
http://www.tavisupleba.org/content/article/1554162.html This post has been edited by merkantila on 27 Oct 2011, 13:00
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."