ნოდარ დუმბაძე და ამერიკა

)))))
http://ertad.ucoz.com/publ/nodar_dumbadze_...'a/1-1-0-36- გიცნობ, თემო. - თქვა ლიამ.
- რომ მიყვარხარ, ის თუ იცი? - ვკითხე მე და წამოვდექი.
- მაგის გარდა, ყველაფერი ვიცი. - თქვა ლიამ და ისიც წამოდგა. მე მივედი სულ ახლოს ლიასთან, უზარმაზარ ჭკვიან თვალებში ჩავხედე და ათრთოლებული ხელი ლოყაზე ჩამოვუსვი.
- ნუ, ნუ მოხვალ ჩემთან, თემურ, ძალიან გთხოვ... - თქვა ლიამ და უკან დაიხია.
- ლია, ჩემო ლია, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ...
- ვიცი, თემურ, ოღონდ ახლა ნუ, ახლა ნუ მოხვალ... - მეუბნებოდა ლია და კედელს ეკვროდა. სულ ახლოს მივედი. მისი გულისცემა, მძიმე და ცხელი სუნთქვა მესმოდა.
- ლია, ჩემო კარგო ლია!.. - ვჩურჩულებდი მე.
- თემო, ოღონდ ახლა წადი, მარტო დამტოვე, თემურ, გემუდარები, ოღონდ ახლა წადი... - ლიას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- ლია, ოღონდ ახლა ნუ გამაგდებ და მომკალი... - შევევედრე მე.
- კარგი, არ გაგაგდებ, ოღონდ ნუ მომეკარები, თემურ, ჩემო თემური, გემუდარები, თუ გიყვარვარ, ნუ მომეკარები...
იგი იდგა ჩემს წინ როგორც სიყვარულის ქალღმერთი, როგორც უკვდავება და მთხოვდა მე, თემურ ბარამიძეს, სიყვარულისგან ჭკუაზე გადასულ კაცს, არ მივკარებოდი. და მე ვერ გავბედე მისი მიკარება. უკან გამოვბრუნდი და ისევ ჩემს ადგილზე დავჯექი.
დიდხანს ვიჯექი თავჩაღუნული. მერე ლია მოვიდა ჩემთან და თავზე ხელი გადამისვა. მე მისი ცხელი ხელი ლოყაზე მივიხუტე და თვალები დავხუჭე. ლიამ ფრთხილად გამომართვა ხელი და ისევ თავზე გადამისვა.
- წადი ახლა, თემურ, ხვალ მოდი, ზეგ, როდესაც გინდა, მოდი... - წყნარად თქვა მან.
- ლია, წამოდი ჩემთან! - ვთხოვე მე.
- სად, თემურ?
- წამოდი, ჩაიცვი და წამოდი, ქალაქში ვიაროთ.
- გვიანაა ახლა, თემურ, სხვა დროს.
- არა, ახლა, ახლა, თუ გიყვარვარ, ახლა ჩაიცვი და წამოდი, წამოდი, ლია, რომ არ წამოხვიდე, თავს მოვიკლავ... წამოდი, რა! - ლია ცოტა ხანს ყოყმანობდა. შემდეგ ჩაიცვა და წამოვიდა.
ნატვრისთვალს გავდა, გაჩახჩახებულ ნატვრისთვალს თბილისი იმ ღამით, მე კი მის გლახაკ პატრონს და რასაც ვნატრობდი, სულ ყველაფერს მისრულებდა დალოცვილი.
"მზიანი ღამე"
* * *
- თემო!
- რა, გულიკო?
- თემო, რაზე ფიქრობ? - მკითხა გულიკომ და თვალებში ჩამხედა.
მე მოულოდნელობისაგან პირი დავაღე. გულიკო თვალს არ მაცილებდა.
- არაფერზე, გულიკო, აბა, რაზე უნდა ვიფიქრო! - ძლივს ამოვღერღე. გულიკომ ოდნავ გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- შენ რაზე ფიქრობ, გულიკო?
- მე რაზე ვფიქრობ? შენზე ვფიქრობ. - თქვა გულიკომ და ისევ გამიღიმა.
- ახლა, ამ წუთში?
- ახლა, ამ წუთში!
- კიდევ რაზე ფიქრობ, გულიკო? - ვთქვი მე და ხმაში ხრინწი შემეპარა.
- კიდევ ჩემზე, თემო!
- კიდევ?
- მეტი არაფერზე. როდესაც შენზე ვფიქრობ, მაშინ ჩემზეც ვფიქრობ, მეტზე არაფერზე. ალბათ, ჭკუა არ მყოფნის, კიდევ რამეზე რომ ვიფიქრო.
- სხვა დროსაც თუ ფიქრობ ჩემზე?
- კი.
- ხშირად?
- ხშირად.
- ძალიან?
- არა! - გულიკო ახლა თავჩაღუნული იდგა მოაჯირთან და თავის თხელ და გამჭვირვალე თითებს დასცქეროდა. მე რაღაცის შემეშინდა და აღარაფერი ვკითხე, მაგრამ გულიკომ თვითონ თქვა:
- ხანდახან ვფიქრობ, თემო, ხანდახან და დიდხანს.
ახლოს მივიწიე გულიკოსთან, ჩემი მკლავი მის მკლავს შეეხო. ვიგრძენი, როგორ შეუტოკდა მკლავი გულიკოს, მაგრამ არ გაწეულა.
- გულიკო! - გულიკომ შემომხედა პირდაპირ თვალებში. ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.
- გულიკო, რას ფიქრობ ჩემზე? - ვკითხე ხმის კანკალით და პასუხის მოლოდინში თვალები დავხუჭე.
- რასაც შენ ჩემზე! - თქვა გულიკომ ჩუმად. გული ყელში მომებჯინა და სუნთქვა შემეკრა. ხელი გადავხვიე და გულიკომ ჩემი ხელი მხარსა და ლოყას შორის მოიმწყვდია, ზედ თავი დაასვენა და თვალები მოხუჭა.
- გულიკო, იცი, მე რას ვფიქრობ შენზე? ახლა ყველაფერს გეტყვი... - გულიკოს თვალები არ გაუხელია, ისე გაიქნია თავი - არ მითხრაო, მაგრამ მე არ შემეძლო გაჩერება, როგორც მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც წლობით ბეწვზე ეკიდა და რადგან მოწყდა, ახლა თან უნდა წამოეღო ყველაფერი, რაც გზაზე შეხვდებოდა, რათა ქვევით ზვავად, მეწყრად და ნამქერად ჩასულიყო...
- მე ამ ზაფხულს ზღვაზე წავალ... არა ჯერ ცხვარში წავალ, ლებაის კარის მთებში, მერე ზღვაზე... შეიძლება სოფელშიც წავიდე... ზღვა ისე მიყვარს, როგორც არაფერი, ზღვა და მზე, მზე და ზღვა ორი სასწაულია... ხომ არის სასწაული? არის, რა თქმა უნდა. მე შემიძლია, დავჯდე ზღვის პირას, ზღვისკენ ზურგით და ვუყურო მზის ამოსვლას, მერე შევტრიალდე ზღვისკენ და ვუცქირო მზის ჩასვლას პირდაპირ ზღვაში. მერე დაველოდო მზის ამოსვლას, მერე ჩასვლას და ასე მთელი სიცოცხლე. წელს მე და შენ ერთად წავალთ ზღვაზე. მე დავდებ შენს კალთაზე თავს და მთელი დღე შენ გიყურებ, შენ თუ გინდა, მზეს უყურე, ან ზღვას, რასაც გინდა უყურე, ოღონდ მე ნუ მიყურებ... როდესაც შენ მიყურებ, მეშინია... თან მიხარია, ამიტომ მირჩევნია, მე გიყურო, შენ კი არა, შენ ხანდახან მიყურე, ჰო, გულიკო? მე და შენ ერთად წავალთ ზღვაზე, არა?
- ჰო, თემურ, ჰო, - ჩურჩულით თქვა გულიკომ და თვალები ოდნავ გაახილა. მე შემოვატრიალე იგი, ცეცხლივით თმებში ორთავე ხელი შევაპარე საფეთქლებთან და ჩემსკენ მოვიზიდე. მის ფართოდ გახელილ თვალებში ცრემლში შეზავებული უსაზღვრო ბედნიერება, სიყვარული და კიდევ ჩემთვის მუდამ გამოუცნობი რაღაც ციმციმებდა, ის გამოუცნობი რაღაც, რისიც ასე მეშინოდა, და რომ გამექრო ეს შიში, ორთავე თვალში ვაკოცე გაბმულად და ფრთხილად...
მერე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. თბილისი ისევ ციმციმებდა დაბლა და საოცრად ჰგავდა გულაღმა ამობრუნებულ ზეცას. მაღლა ისევ უსაზღვრო ცა იყო მოჭედილი დიდი და პატარა ვარსკვლავებით. ყველგან ზეცა იყო, საითაც არ გაიხედავდი, დაუსაბამო ზეცა, და მე ვიყავი დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ნატანჯი, გადარჩენილი, უსაზღვროდ ბედნიერი და გვერდით მედგა ყველა ჩემი ტკივილისა და სიყვარულის ბადალი, სიყვარულისა და ტკივილის მატარებელი, ცოცხალი მიწა, და მე აღარ ვიყავი მარტო ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.
This post has been edited by Ania on 21 Apr 2011, 01:52
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge