სტენოგრაფია სახინკლეში
ხომ შეიძლება ერთი დღე მარტო დამტოვოთ? არავის ნახვა არ მსურს! სულ რაღაც ნახევარი საათით! რაღაც მინდა დავწერო, სულ ცოტა ხნით დამტოვეთ რა!
ორ წუთში ოთახის კარს დედა, მოგვიანებით კი ნინო აღებს. ყველას თავის მიზეზი აქვს: ნინოს სარკესთან ფენი დარჩა, დედას სარეცხი აქვს ჩამოსახსნელი.
მერე ტელეფონის ზარები იწყება.
- ხო, ქერა, დღეს არ მოვდივარ სამსახურში...უთხარი მოიწამლაო...ხო, ვსიმულიანტობ...ცხოვრებაში პირველად მინდა მოვიტყუო და არ მოვიდე...არა, მართლა ცუდად კი არ ვარ...ჩემთან მოდიხარ?...ნუ შეწუხდები...მართლა კი არ ვარ ცუდად...კაი, ამოიარე.
კომპიუტერთან დათოს ვსვამ. ჩემი ძმა ისედაც იშვიათი სტუმარია სახლში - ხომ არ ვაწყენინებ! თანაც ქერა მოვა მალე, დავიღალე რაააა… - როგორ მინდა დღეს მარტო ვიყო!
არა, დღეს რაღაც უნდა დავწერო, ვგრძნობ, გამომივა, ოღონდაც არ ვიცი რა დავწერო...ალბათ კომპთან მომაფიქრდება...და მაინც, იქნებ ახლავე დავალაგო თავში აზრები?
კარზე ზარია.ქერა შემოდის, ცისფერი ქოლგით და ვარდისფერი პიჯაკით, ზამთრის ჩექმა აცვია, ეტყობა დაავიწყდა, რომ ივლისია, თუმცა გრილი და წვიმიანი, მაგრამ მაინც შუა ზაფხული! სხვაზე რა მალაპარაკებს, კაცმა არ იცის რას ვიზამ 39 წლის ასაკში, თანაც ისევ მარტოხელა თუ ვიქნები...
- ქერ, რას შვები?
- უი, დედა, რას გავხარ? შენ მართლა ხომ არ დაიჯერე რაც მოიტყუე ის?
- არა ქერ, დღეს რაღაც ასეთი ვარ, ამინდივით არეული...მუზები შემომაწვა გულზე...დილიდან მინდა რაღაც დავწერო და ვერადა ვერ განვმარტოვდი...
- გაჩერდი კაცო, შენ ხომ იცი არ გამოგივა ეგ ამბავი!
- ???
- აბა, მითხარი, შენ მარტოს ვინ დაგტოვებს? გაგახსენო შენი საყვარელი ფრაზები ქართული პრესიდან ცოტა ხნის წინ რომ ამოიკითხე?
- ეგ რომელი?
-”მარტოობა არის: როცა ზუსტად იცი რა ნივთი სად გიდევს”... აბა, გაიხედ-გამოიხედე, რას გიგავს ოთახი? შენ ხომ არასოდეს იცი სად რას ინახავ, სახლის გასაღებსაც კი ვერ ცნობ! ესე იგი არ ხარ მარტოსული! ამაზე შევთანხმდეთ და არ ვიდაოთ! ხოდა, მოდი ახლა, მომიყევი ახალი ჭორები, სამსახურში, ხო იცი, ვერაფერს იტყვი ხმამაღლა...
ქერასთან ერთსაათიანიმა აუდიენციამ მშვიდობიანად ჩაიარა. დამშვიდობებისას ყურში ჩამჩურჩულა, ერთი პატარა საიდუმლო მინდა გითხრაო, ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებო...მე შევიცხადე. უცებ, გვერდზე ოთახში გავიდა და ასევე უცებ კომპიუტერში ჩაფლულ ჩემს ძმას ჰკითხა:
- დათო, აბა შემხედე, მჭირდება მე ცხვირი?
- დათომ ალალად უპასუხა რომ ცხვირი საჭიროა და საყვარელ საიტს მიუბრუნდა.
ნახევარ საათში დათომაც დამტოვა და ბოლოსდაბოლოს ოთახში განვმარტოვდი. ახლა საჭიროა ჭიქა ყავა და ერთი დიდი ტრაგედია (შთაგონებისთვის). ჩემს გარშემო არსებული “ტრაგედიები” მუზის ამოფრქვევისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და ახლა მისი გამოგონება დავიწყე... უდროოდ (და ამავდროულად დროულად) დარეკა ტელეფონმა - ერთხელ, მეორედ, მესამედ...(!) ჩემი მოთმინების უწვრილესი ძაფი უფროდაუფრო დაწვრილდა! მალე მივხვდი, სწორედ ეს მჭირდებოდა - დიდი გაღიზიანება! ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გაიგონ რომ მარტო ყოფნა მინდა...ვააა!
- ალოოოო,…ხოოო, გოგო, გავიგე რომ სიმულიანტობ, არ გინდა სადმე წავიდეთ?
მორიგი ზარი - ბელქანია (შეწუხებული ხმით) :
- ქეთ, რამე ხომ არ გჭირს? გინდა მოვიდე?
- არა!
მერე ქერამ მიპატაკა მესიჯით:
”ოპერაცია მოწამვლა (თევზი+რძე) ჩატარებულია! შეფს შენი სჯერა! რიგითი ინსპექტორი ქერა!...”
მერე დუშეთის ”ტრამალებზე” მონავარდე შერმადინს გავახსენდი...
- იცი რა მაგარია აქ? დაილოცოს შვებულების მომგონი!
მე შურიანი არასოდეს ვყოფილვარ და ჩემს “გამოუცხობელ” და გაწამებულ ნოველას მივუბრუნდი;
რაზე დავწერო? იქნებ, იმ მაღალსართულიან კორპუსზე ჩემს ხუთსართულიან სახლს რომ გადმოჰყურებს, ყველაზე მაღალ სართულზე მცხოვრებ მოხუცზე, ჩემზე მეტი რომ აქვს ცხოვრებაში ნანახი და გაგონილი...მაღლიდან რომ იყურება და ქუჩაში გამოსვლის აგერ უკვე 20 წელია ეშინია?!
კარზე ზარია.
შორიდან მესმის დედაჩემის შეწუხებული ხმა:
- არ ვიცი რა მოუვიდა, დილიდან ყველანი დაგვცოფა...იქნებ თქვენ მაინც გამოიყვანოთ მდგომარეობიდან.
ქერა, ბელქანია და თვით ქარდავა! ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?!
ფეხების ბაკუნით შემოსულებმა ოთახში წვიმა დამიფერთხეს.
- დროზე, ჩაიცვი! უნდა წაგიყვანოთ!
მე დავნებდი.
ყვითელი ტაქსი. წითელლოყება მძღოლი.
- სად მივდივართ?
- აქვე...არ უთხრათ, თორემ უკან მიბრუნდება.
- რა გინდათ ჩემგან?
- დღეს ისეთი ამინდია, რომ აუცილებლად უნდა დავლიოთ!
- ქარდავა! შენ ხომ იცი არ ვსვავ!
- НАДА ФЕДЯ, НАДА!
30 ხინკალი.
2 ჩამოსასხმელი ლუდი.
არაყი ”ხლებნაია”.
ნადუღი (ყოველი შემთხვევისთვის, სანამ ხინკალი მოვა)
ოფიციანტი ფატი:
- რა გჭირთ გოგოებო?
- ცუდ ხასიათზე ვართ!
- უი, დედა...
გვერდზე სუფრაზე კაი პურისმჭამელი სამი კაცია..50 წელს გადაცილებულები არიან, ერთს ულვაშები აქვს და შორიდან გვაკვირდება. იმათთან იმაზე ადრე “იწვიმა” ვიდრე გარეთ იწვიმა - ეს ერთი შეხედვითაც თვალნათელია.
ბელქანიამ დილით ზუსტად ჩემნაირი მაისური იყიდა - ცისფერი და ზუსტად ჩემსავით ნაღვლიანია:
- ქერა იცი რა? დღეს მე თავი ქეთი მგონია.
- მერე როგორ გრძნობ თავს ქეთის ამპლუაში?
ქარდავა:
- ზოგჯერ კარგია.
ბელქანია:
- სულ ღმერთმა დამიფაროს!
სასმელი მოიტანეს. ხინკალს ველოდებით.
ავთოს ვემესიჯები:
- დავლიო?
- არა ტოოო...
წვიმა და ოთხი დეპრესიული ქალი! რა საშინელებაა, იციი?
ავთომ ეს იცის და არ მპასუხობს.
- მე არ ვსვამ! - გადაწყვეტილება მიღებულია გასაჩივრებას არ ექვემდებარება!
- ეეე...გვიტეხავ!
- მე არ ვსვამ! - ახლა უფრო კატეგორიული ვარ.
ქერა:
- აბა მე კლეოპატრასავით ადრეულ ასაკში შემაჩვიეს ამ საწამლავს! ბელქანია, ჩამოასხი!
ბელქანია დღეს ჩემსავით მორჩილია.
არაყი, ლუდი და ქარდავა:
- მოდით ჩვენს მოპარულ წუთებს და საათებს გაუმარჯოს!
- რომელ მოპარულს?
- აი, მე და ბელქანიამ ეს წუთები დღეს ჩვენს ქმრებს რომ მოვპარეთ...შენ და ქერამ დღეს სამსახური მიატოვეთ და გამოდის რომ თქვენც მოიპარეთ დრო...ახლა ერთად ვართ და გარეთ თავსხმა წვიმაა…
- აუუუუ…რა მაგარია!
პირველი სასმისი და პირველი სადღეგრძელო.
გვერდითა სუფრიდან ულვაშებიანს ეღიმება. (ფუ, რას გავს ეს უპატრონო!)
- მე რაღა გავაკეთო? ამდენი მთვრალი ქალის ყურებას ეხუმრები?
- რა რამდენი, სამნი ვართ, შე ჩემა, აგვიტანე...მთელი ცხოვრება შენს დეპრესიებს ვუყურებთ და...
ბელქანია:
- იცი რა ქეთ, შენ დაწერე...ხომ გინდოდა ნოველა, ხოდა ამაზე კარგი და ნაღდი რა უნდა დაწერო, ვზივართ სახინკლეში ეს ოთხი ქალი რიაზანოვის ფილმის გმირებივით და ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ.
- მომაწოდეთ კალამი!
- ქაღალდი რომ არ გვაქვს?
- არა უშავს, ხელსახოცზე დავწერ.
- ხო, დაწერე, არაფერი გამოგრჩეს, სტენოგრაფიული სიზუსტით დაწერე ყველაფერი!
თეთრი ხელსახოცი მოვიმარჯვე.
- ფელინის ერთ-ერთი ფილმიდან გენიალური ფრაზა დამამახსოვრდა: პადრესთან მივიდა კაცი და უთხრა, პადრე ძალიან ცუდად ვარო, და იმ კაცის სულიერმა მამამ იცით რა უპასუხა? “А КТО ТЕБЕ СКАЗАЛ ЧТО ТЕБЕ ДОЛЖНО БЫТЪ ХОРОЩО? ” ხოდა, ასეა ჩვენი ცხოვრებაც, სულ ვწუწუნებთ და ვწუწუნებთ პრობლემებზე, არადა ვინ დააწესა რომ აუცილებლად სულ კარგად უნდა ვიყოთ? მოდი რა, ჩვენი პატარა სიხარულები ვიკმაროთ!
- ქერა მხეცი ხარ,მაგრამ მეტი აღარ დალიო!
- მხეცი კი არა ალტრუისტი ვარ, ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა!
- ჩემი ერთადერთი კაპიტალი კი ის ადამიანები არიან, გარშემო რომ მყვანან! ეი, სტენოგრაფისტკა, ეგ აუცილებლად ჩაწერე!
ქარდავა:
- მოდი ჩვენს თავდაყირა ცხოვრებას გაუმარჯოს!
- თავდაყირას რატო?
- აბა ჩემმა მტერმა უყურა ამ ცხოვრებას პირდაპირ!
-პირდაპირობაზე გამახსენდა, ჩვენს შეფს კიდევ ხო არ უყვარხარ? რაღაც ძაან მოგეფერა გუშინ...
- მე თუ შენ?
- მეეე?
- ხო შენ!
- არა ეგ ეგეთია...
- როდიდან არის ეგეთი, გუშინიდან?
- ეტყობა მე მომიდუღა ყავა გუშინ...
- კაი რა, მოვრჩეთ მაგაზე...
- მოდით, კაცების სადღეგრძელო დავლიოთ!
- დავლიოთ!
- ქერა შენ დაიწყე, კარგად ხსნი.
- მეე, კაცო?
- ხო, შენ.
- კაი, ნუ გამაწითლებთ ახლა.
- შენც ნუ წითლდები.
- კაცი ქალს ხსნის როგორც მატრიოშკას, ყოველი მატრიოშკა ბოლო ჰგონია, მატრიოშკები კიდევ იმდენია... ჰოდა, მოდი, იმ მატრიოშკას გაუმარჯოს სულ-სულ ძირში როა...ფსკერზე!
- ეე ქერა, ახლა შენ უფრო ქალების სადღეგრძელო გამოგივიდა!
- მაგრამ ჩვენც ხომ კაცებს ვეკუთვნით და ეს ყველაზე დიდი ”სიმდიდრეა” მათი!
- ეგეც მართალია!
- ქეთ ჩაწერე ეს! ეს აუცილებლად უნდა ჩაწერო!
ქარდავა:
- რაღაც უნდა გითხრა ყურში, მრცხვენია, მაგრამ უნდა გითხრა, გუშინ მე და დათას იცი რა სექსი გვქონდა? უკვე 4 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ასეთი ჯერ არ გვქონია...ხო იცი, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, გუშინ ხელფასი აიღო და უმაგრესი სუნამო მიყიდა...იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ პირველად არ მიფიქრია ოჯახის ბიუჯეტზე!
- ბელქანია შენ რაღაც ვერ ხარ დღეს ხასიათზე!
- რა გჭირს მართლა?
- გამოდი ქეთის ამპლუადან ხომ გითხარით სუუუუულ არ ვარგა! სა-ში-შია!
- თავი დაანებეთ მაგას - ბელქანია ჩემი ნაწილია!
- ხო და დღეს ერთნაირად ნაღვლიანები და, თქვენი თქმისა არ იყოს, საშიშები ვართ!
- რაღაც საეჭვოდ მრავლდებით და რაშია საქმე?
- სასმელში!
- რაზე ფიქრობ, ქერ?
- არც მიპოვნია, ისე დავკარგე...
- ვინ არ უპოვნია...ვინ დაკარგა...ანდა ვის დაკარგვია...
- სულ გარეკეთ, თქვე საწყლებო!
- ქერა,. რა გჭირს მართლა? შენი საპენსიო ასაკი ხომ არ გაგახსენდა?
- დედაჩემი ბავშვობიდან სულ მეუბნებოდა, ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო...ხოდა რა არის იცით, ის კვერი თუ იმ დროს გამოცხვა, როცა კბილები აღარ მექნება (კვერის შესაჭმელად) რაღად მინდა?! სად არის ჩემი კვერი? ახლავე და აქვე მჭირდება!
სად არის!
ქარდავამ ქერას სიალალის და კვერის სადღეგრძელო შესვა.
მე თეთრი ხელსახოცები გამითავდა და ვადისფერზე გადავედი (გვერდითა სუფრიდან მოვიპარე).
- შეიძლება ვიმღერო?
- არა ქერ, აქ არ გინდა, ხო ხედავ, ის ულვაშებიანი როგორ გვიყურებს, გავაგიჟეთ კაცი!
- მაშინ ბავშვობაში დაწერილ ლექსს ვიტყვი:
” საღამო იყო ისეთი შლეგი,
ჭინკების როკვა და ცხელი ხელი,
ბახუსით მთვრალი მყვირალა ჯაზი,
შემკრთალი მთვარე,
ცის კენტი თვალი,
საღამო იყო ისეთი შლეგი,
ჯიუტი კერპის სურვილთან შეხლის,
უცებ, მომბეზრდი და მიგატოვე...
საღამო იყო ჩემსავით შლეგი.”
- ქერ მხეცი ხარ!
ოთხივე ტაშს ვუკრავთ ჩვენს შორის ყველაზე უფროსს და გულწრფელს.
მოულოდნელად ირღვევა გვერდითა სუფრის „ღრმად მამაპაპური მყუდროება”. ულვაშებიანმა მოგვბაძა - ტაში იმანაც შემოჰკრა. ქერა დაბნეულად ნასიამოვნები და ახლა უკვე გვარიანად შემთვრალია.
- ბელქანი,ა ქეთის ბოლო ლექსი შენახული გაქ? შემთხვევით აქ ხომ არ გაქვს?
- აქ მაქვს, ხელჩანთაში, კანონიერი ქურდების სიასთან ერთად.
(ჩაია, დიღმელაშვილი, ჩიქოვანი ჩორნა...” მისი მომავალი ფილმის გმირები არიან.)
- მე ეს მომწონს:
”ნუ დამერქმევა დაკარგული, მერე ნაპოვნი,
გამჟღავნებული ფოტო-ფირის ფერადი ლანდი,
მე არ მჭირდება სინანული სხვისი ნაქონი,
ტანი რომელშიც ვერ მიპოვე და არსად ჩანდი...”
- აუ, რა მაგარია.
ახლა მე დავიმორცხვე.
- ხო, ეს კარგია, მაგრამ ფოტოგრაფ იაშას შენი ბავშვობა მხარზე რომ გადაუკიდავს ის უფრო მომწონს, ასეთი მაგარი მგონი არც არაფერი დაგიწერია.
- ქეთ, ხომ იწერ ამ ყველაფერს? აბა, მაჩვენე შენი ხელსახოცები.
- კი, ვწერ, აი, უკვე ოთხი თეთრი და ორი ვარდისფერი ხელსახოცი გავავსე.
- შენ ყველაზე მაგარი სტენოგრაფისტკა ხარ მთელს მსოფლიოში!
- რა პატივია!
- მოიცა, მირეკავენ, უჩემოდ არ გააგრძელოთ.
- ხო, ზაზ , როგორ ხარ?
- ეგ რომელი ზაზაა?
- მე არა მიშავს, როდის გამოდიხარ? რამდენი დღე დაგრჩა? ორი კვირა ? ვა რა მაგარია!
- ააა, ციხეა.
- არ გეწყინოს , რომ არ გირეკავ... არც შენ მინდა რომ დამირეკო... იმედი მაქვს მალე გნახავ გარეთ...ალბათ დღეებს თითებზე ითვლი...
- რაო რა გითხრა?
- არაფერი, ორ კვირაში გარეთ ვიქნებიო.
- ეგ გავიგეთ.
- სხვა არაფერი ისეთი.
- ქეთ, შენ მაინც რა მაგარი ხარ, 7 წელს აძლევდნენ ხომ მაგას ადამიანის დაჭრაზე? განა რა გააკეთე ასეთი, ასე მალე რომ უშვებენ...
- რავი აბა.
- აღარ გიყვარს?
- არც მყვარებია ალბათ...
- აბა რატომ დაეხმარე?
- რომ მეგონა რომ მიყვარდა იმიტომ...
- მოდით ამ ჭიქით თავისუფლებას გაუმარჯოს!
- უი, ბავშვებო, შარვალზე ღილი ამწყდა.
- меньше надо питъ!
- კიდევ კარგი მეათე და ბოლო ხინკალი ქარდავამ ჭამა, თორემ ქერას მეორე ღილიც ასწყდებოდა.
- ნეტა რას გვიყურებს ეს უპატრონო ულვაშა?! ბელქანიას უყურებს მგონი ყველაზე მეტად.
- ბელქანია აქ ყველაზე ჭკვიანი, აქტიური და სიცოცხლისუნარიანია...მოდით შევთანხმდეთ ამაზე!
- არა, ნამდვილად აქვს დადებითი თვისებები, შეიძლება მოსაძებნია ეს თვისებები მასში, მაგრამ აქვს და ნუ დავუკარგავთ!
- მე ალბათ იმიტომ არ ვუყვარვარ ადამიანებს, მათზე რასაც ვფიქრობ პირდაპირ რომ ვეუბნები...
- აბა, აბა! ეგ საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ! ყველაფერი პირ-იქი-თაა!
- ქერა, შენ უკვე კარგად უღიტინებ და მეტი არ დალიო!
- მანდატურთუხუცესს ვთხოვთ ეს ფრაზაც შეიტანოს ოქმში.
- არის უმფროსო!
- ქერა შენ ხომ არ ეწევი სიგარეტს.
- ახლა უნდა მოვწიო.
- იცი მაინც მოწევა?
- არა, მაგრამ ახლა ვცდი.
- ქერ არ გინდა, ნახე რა წერია კოლოფზე: ”მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მოწევა იწვევს გულის დაავადებებს და კიბოს”
- ხოდა, მით უმეტეს! მომიკიდეთ!
- შენ იცი როგორი ხარ?
- აბა როგორი ვარ.
- შენ პლასტილინივით ხარ...შენი გამოძერწვა მარტივია, ფორმასაც ადვილად იცვლი...სიტუაციასაც ადვილად ერგები და ცხოვრებაშიც სულ შენ გძერწავენ და სიტუაციას გარგებენ...იცი, რას გისურვეეებ?
- აბა რას?
- მინდა რომ ერთხელ შენ იყო ”მძერწველი”.
- ვა, რა მაგარია! მე მაგისგან იცი რას გავაკეთებ?
- რასა...რასა?!
პაუზა.
- არ ვიცი...
- ქალი რა საწყალია, ოცნებაშიც კი...
- რეალური უნდა მოიფიქრო! აბა ისეთი კი არა, ფილმებში რომ ხდება მაგარი ფილმია ”с легким паром”, მაგრამ ზღაპარივითაა...
- უი, მაგაზე გამახსენდა, რიაზანოვს ერთმა ამერიკელმა ჰკითხა, რა გადაიღე ასეთი ყოველ ახალ წელს რომ უჩვენებს თქვენი ყველა არხიო. ამან შინაარსი მოკლედ მოუყვა, აბანოს მერე ქალაქი შეეშლება და ლენინგრადში ამოყოფსო თავსო... გაუკვირდა ამერიკელს ”что это такое унесенные ветром что-ли...” ეეე…ამას სხვა რჯულის ხალხი ვერასოდეს გაიგებს ასე არ არის?
- კი, ნამდვილად!
- მოდით, იმას გაუმარჯოს რასაც ვერასოდეს ვიტყვით, მაგრამ ვგრძნობთ...
- დურაკობაა ეს ცხოვრება რააა...
- შენ რაღაც ნამეტანი ხმამაღლა გრძნობ, მორჩი რა წუწუნს!
- ბელქანია, გამიხსენე რა, როდესაც ყველაზე კარგი ვიყავი შენთვის...
- კარგი, ოღონდაც კარგად უნდა გავიხსენო...
- რა უნდა დაარქვა მართლა, რასაც წერ იმას?
- რავი აბა, ალბათ ასევე - ”სტენოგრაფია სახინკლეში.”
- ფუ, რა საშინელებაა!
- ვიღაც ალბათ იფიქრებს რომ რესტორნის ქალები ვართ!
- ალბათ უკვე იფიქრეს კიდეც.
- მერე რა...
- რა და არაფერი, ფეხებზე მკიდია ეს ერთი ულვაშიანი რას იტყვის ხვალ ჩვენზე, თანაც მგონი უკვე მიდის...
- ხო, მიდიან.
- რა ნაღვლიანი მზერა გამოგვაყოლა...
- აფსუს! ყოფილიყო ვინმე ისეთი - ახალგაზრდა, წიწკვი...
- აბა, აბა!
- ქერა რა გჭირს? შენ უკვე ძალიან დათვერი!
- ვიღაცას უნდა დავურეკო და ვუთხრა რომ მიყვარს...
- რად გინდა დარეკვა აქ არ ვარ?
- არა ქალს კი არა - კაცს! ხოდა, ვერ მოვიფიქრე სად დავრეკო.
- მაგდენი რომ ვიცოდე მეც ხომ დავრეკავდი.
- რა გჭირს, ქერ?
- ამხელა ტელეფონში ერთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვნე, ვისაც ახლავე დავურეკავდი და ვეტყოდი...
- ქერ, წავიდეთ რა სახლში?
- არა, ჯერ ყავა უნდა დავლიო.
- კაი, დავლიოთ!
- ფატი, ოთხი ნალექიანი ყავა მოგვიტანე რა...
- ქერ, დაანებე მაგ ტელეფონს თავი!
- აი, ამას უნდა დავურეკო...
- ვის?
- ”ბეზ იმენი” - ასე მყავს შეყვანილი.
- ხოდა ვინ არის?
- არ ვიცი, ვიღაც უსახელოა, ხოდა იმას დავურეკავ ახლა და ვეტყვი რომ მიყვარს!
- არ გინდა, ქერ.
- კაცი რომ ვიყო მე მოგიყვანდი ცოლად!
- ბელქანია, მართალს ამბობ?
- კი ქერა, მართალს ვამბობ.
- უსიყვარულოდ არ გავთხოვდები მაინც...
- ვიცი ქერ, ეგ უკვე ვიცი...
- რა მაგარია ყავა.
- ხო, ყავა მაგარია.
- ესენი ვინღა არიან?
- ნახე, გვერდზე მაგიდაზე ჯდებიან.
- ეეე...ჩვენ უკვე მივდივართ დააა...
- რატომ აგვიანდებათ კაცებს ყოველთვის?!
- ცივა იცი?
- ხო, ცივა.
- ამაღამ დაძაბული თამაშია...
- ხომ იცი, არ მიყვარს ფეხბურთი.
- ხო, ვიცი.
- იტალია მაინც ჩემპიონია!
- კარგად ბელქანია, არ დამირეკო რა საღამოს, უნდა დავწერო....
- ქერა წამოდი, გთხოვ, სამანქანო გზამდე მივიდეთ და ტაქსს გავაჩერებ, სახლამდე მიგიყვან.
- 5 ლიტრა რეგულარი თუ შეიძლება.
- ქერ ეს ავტოგასამართი სადგურია, ასე დათვერი, რომ თავი მანქანა გგონია?
- კი, ქეთ, ხანდახან მგონია...
- ქეთ, შემიკარი რა ღილი, თორემ ასე მგონია სული გამიფრინდება...
- წამოდი, ქერ, თორემ სულ გაღიავდი...
- გამიშვით რა ხელი, ადამიანებს მინდა მივესალმო! გამიშვით რააა, გა-მი-შვით!
- არა!
- ამ შენობაში მე ნაცნობი მყავს!
- მაინც არ გაგიშვებ...
პოლიციის შენობასაც გავცდით.
ყვითელი ტაქსი.
წითელლლოყება მძღოლი.
- სად მივდივართ?
- ქერ, სახლში უნდა წაგიყვანო.
- ქეთ, გარეთ ისევ წვიმს თუ გადაიღო?
- ისევ წვიმს.
- ხომ არ დამტოვებ მარტო?
- არა ქერ, არ დაგტოვებ.
- არც მე დაგტოვებ, ქეთ, მარტო.
- ხო კაი, არ დამტოვო.
- ხო მაგარი დღე იყო?
- კი, ქერ, მაგარი დღე იყო...
- ხელსახოცები ხომ არ დაგრჩა?
- არა, ქერ, წამოვიღე...
* * *
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იქნებით ძალიან მკაცრები და მქუხარენი...რაც აქ დავწერე ყველაფერი ნამდვილია...გმირებიც კი...ეს ჩემი ერთი და ჩვეულებრივი დღეა...შემიბრალეთ!!!....

))))