აჰა და ითამაშეთ.

1. ვიწრო ქუჩაზე მივდიოდით. მტვრიანი გზის ბოლოს მისი სახლი იდგა და ძველი საშაქარლამო, სადაც ბავშვობაში ტკბილეულს ვყიდულობდით ხოლმე. თვალწინ მისი მხიარული თვალები და პატარა, გატკბილული თითები წარმომიდგა. გული შემეკუმშა. ახლა შუახნის ქალის ნაღვლიანი მზერა ჰქონდა და გაცრეცილი პალტოს ჯიბეშიც უხერხულად მალავდა ნაჯაფ და დაღლილ ხელებს.
2. მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდა. ერთი ამბავი ატეხა. ჯერ კარზე აბრახუნა. ქვეყანა შემიყარა. ლამის მთელი სამეზობლო ფეხზე დააყენა. გავუღე თუ არა, შემოვარდა, არც მომსალმებია, მაგიდაზე დაყარა ფურცლები. ახსნა-განმარტებას მოითხოვდა. ბოლთას სცემდა. მერე ფანჯარას ეცა. გამოაღო. ნიავმა ცოტა დაამშვიდა. იდგა და ღამის ქალაქს გადაჰყურებდა. რომ მოტრიალდა, დაღლილი მეჩვენა, მოტეხილი. ჩემს პასუხს ელოდა. მე კი ჩუმად ვიდექი და ნიავისგან აქანავებულ ნათურასთან ერთად არწეულ კედლებში წონასწორობის დაცვას ვცდილობდი.
3. გოქსუ, პატარა და ლამაზი გოქსუ... ჩემს თავს ათასჯერ ვუთხარი: ამაზე არ იფიქრო! დაივიწყე, წარსულს ჩააბარე, ჩრდილებს ნუ ეთამაშები! თუმცა, გოქსუ არ მშორდება, თვალწინ მიდგას - თხუთმეტი წლის ანგელოზი მერსინის ქუჩებში, ჩემი პატარა გოქსუ. ჩემი გოქსუ.
4. როგორ დამეწყო, როდის დამეწყო, არ ვიცი. ეს კი მახსოვს, ცხრა წლისა ვიყავი, ავადმყოფობის პირველი ნიშნები რომ ვიგრძენი.
5. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი ჩემს ძმებში და ამიტომ ტანსაცმელი ჩემამდე ბოლოს აღწევდა. დედა შარვლებს ყოველთვის ყურადღებით კემსავდა, ერთი ნახვრეტიც კი არ უნდა დარჩენილიყო. აი, ქურთუკი კი იდაყვებთან ყოველთვის გამოხეული იყო. ამიტომ ქუჩაში რომ დავდიოდი ხელები ტანთან ახლოს ამობრუნებული მეჭირა, რომ ტანზე მიმეკრო და ნახვრეტები დამემალა.