ლეწავს დროის წალდი წამთა ლერწამს_
ვწევართ საწოლს.
ნაწოლ ზეწარს ისევ ვძერწავთ,
აფეთქების მომწიფება ნერვებს წეწავს
ძოწისფერი სწრაფი სწრაფვა ძარღვს აეწვა.
წელავს, წელავს
წამებს მთვარისფერი წვეთა,
ეწებება ატმისფერი ტანი ზეწარს,
ტმასნას, წვეთას
წამდაუწუმ ტანი ხვეწავს.
გული სკდება _
მთვარისფერი წვეთა წყდება,
აწეწილი ნაძერწები საწოლს რჩება.
ხდება ტანთა გადარჩევა,
შესვენება არის ჩვევა,
ზეწრის ძერწვა არის ჩვევის
გადაჩვევით გადარჩენა.
აი ეს დავწერე და რავიცი აბა.....მაგარ დეპრესიაში ვარ
* * *
სისხლისღვრა
სისხლი დაღვარე და
მეზობელთან დაგრჩა ბავშვობა.
მერე გეგონა, რომ ყველა მამრი
შენ გიყურებდა,
რომ ყველა მიხვდა,
ყველამ იცოდა...
კიდევ დაღვარე სისხლი
და უკვე ქალი გახდი.
მერე გეგონა თავისუფლება
არასოდეს მოგბეზრდებოდა,
მაგრამ მოგბეზრდა...
ერთხელ კიდევ დაღვარე და
სისხლს გადმოყვა ერთი სიცოცხლე.
მერე გეგონა
აღარაფრის შეცვლა აღარ მოგინდებოდა.
მაგრამ მოგინდა...
ახლა კი ყველა გადასახვევი
უკანა გაქვს მოტოვებული.
სისხლი კი დაგრჩა სამ ლიტრამდე.
და გადახვევა კიდევ ერთხელ
თუკი მოგინდა _
საბოლოოდ დაღვარე სისხლი.
კიდე ეს...
* * *
მარტი
მარტის მარტოობა ტუჩებს
ემარტივა,
მარტი_მატადორი ქართა
მატიანე,
ფოთლებს ტანგოს რიტმით ტმასნის_
სივრცეს ტიხრავს,
ტოტებს ტერფებს ტეხს და
მტევნით ატიალებს.
ჩემი ტანის სუნი შენს ტანს
წაეტანა,
გულის ტონალობა გასკდა
კვირტებივით,
მარტი ტურნეს წყვეტს და...
გტოვებ პატიებით..
ქარი ატრიალებს ფოთლებს
ტიტრებივით.
ესეც...
* * *
საათი
საათი, რომელიც ზუსტ დროს ვერ აჩვენებს_სატყუარაა.
კაცი, რომელსაც ცოლი გაუბოზდა_გალოთდება.
ბავშვი, რომელსაც მამა ლოთი ყავდა_არ დალევს.
და არ ეყვარება შვილი_გოგო,
და მის არც ერთ შვილს არ ეცოდინება ბებია და ბაბუა,
მხოლოდ ეცოდინებათ ის,
რომ მამას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი.
და იმდენ ლექციას მოისმენენ ლოთობაზე და ბოზობაზე,
რომ ამბოხების ასაკში გალოთდებიან და გაბოზდებიან.
მამაც გაულოთდებათ და ისწავლიან სიტყვა_სუიციდს.
ქარს გაყვებიან,
ბებიას და ბაბუას მოძებნიან.
ბაბუა მკვდარი იქნება,
ბებია ბებერი და მშიერი.
ორივეს ყავაში ჩაუხედავს და ხურდას აიღებს იმ მიზეზით,
რომ წესი ასეა.
იტყვის რომ ბიჭი მამის კვალს გაყვება.
გოგოს კი შორ გზაზე უბედურება ელოდება
და თავისთან დაიტოვებს.
მერე დაკარგულ კლიენტებს დაურეკავს და დაიბრუნებს.
საათი, რომელიც ზუსტ დროს აჩვენებს_არ ამოგასუნთქებს.
* * *
აი ესეც
სიყვარულის ახსნა
დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე.
და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ.
ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგოგრ მოვიქცეოდი,
რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე.
იცი ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ.
იცი ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან,
იცი ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში,
იცი ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება,
იცი ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს,
იცი ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს
და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია.
იცი ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ,
იცი მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა,
იცი ყოველ მეორე ახლად დაქორწინწბულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე.
იცი ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია,
იცი თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში,
იცი ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს.
იცი ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს,
იცი პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა,
იცი პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრცხვენია.
იცი ყველა პატარა ბავშვივით მიყურებს და უინტერესო ვგონივარ.
იცი მამაჩემს ეგონა, რომ ჩემგან კარგი ადამიანი დადგებოდა,
იცი ძალიან მიყვარხარ,
მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,
რომ ცხოვრების ბოლომდე შენს გვედრდით ყოფნას შევძლებ............................
იცი, ტყუილად გამარტყი.
* * *
ევას დღიურიდან
ვეწევით...
მკოცნი,
ისევ ვეწევით...
_გიყვარვარ?
გკოცნი,
_გიყვარვარ?
ეწევი...
გეხები ფეხებით,
გეხვევი
მოწევის ფერხებით.
ცახცახით ვითმენ სიყვარულს
მოტანილს:
შენიდან ჩემამდე_
ჩემიდან ჩვენამდე_
ჩვენიდან ჩვევამდე_
ჩვევიდან რჩევამდე_
მოვწიოთ!
სიყვარულს ვეწევით ფილტრამდე,
ბოლო ნაფაზიც იქნება
მანმადე_
ჩანდე და მმალავდე
მკერდის ქვეშ ხალამდე,
ხვალ ისევ შეგხვდები
შეხებით,
შეხედვით,
შერჩები_
შერჩევით შეჩენილ
მოთხოვნას.
ხელებით ჩემს სხეულს მოხევ
ხილვების სახლიდან,
ხალების მხილება ახლიდან...
შენიდან ჩემამდე_
ჩემიდან შენამდე
ვნებების მოთმენა
ცახცახით შემარგე!
ბოლო ნაფაზიც იქნება,
მანამადე_
გკოცნი და ვეწევი,
მკოცნი და ეწევი
სიყვარულს
ბოლო ნაფაზამდე_
ვერ დაგიტოვებთ!
* * *
* * *
მზერას სიზიფე ეზმანა,
ეზოს მზის ფერი აზის,
ძოწით ნაძერწი ყურძენი
საზიდელია ვაზის.
ზესვლა ბოძებზე ძრომით,
და გარდასახვა ჭყლეტით,
ასვსებია ბოცა
გასახეთქია ჭექით.
აღსარებების ნუსხა,
შესანდობარი მოცარტს,
ლოთი თავის თავს უსხამს
და აღარავის ლოცავს.
მზერას მზის ზვინი აზის
და მზერა ეძებს ბოძებს,
საზიდელია წლები
და გავს ცარიელ ბოცებს.
* * *
აბებით დაკემსილი სიზმარი
საფერფლეს დავრგავ უძრავ მაგიდაზე,
ტუჩებზე გამოვიბამ ნაყოფად _ სიგარეტებს,
ვიცი, აღარ მოხვალთ, როცა დაგიძახებთ,
უკვე რა ხანია, არ ვდევ მზის კარეტებს.
სახურავს გადავხდი სახლს და
ცას გავზრდი ოთახში,
ამ ოთხ კედელში ისე მოვთავსდი,
აღარ მსურს გასვლა.
თქვენ კი, როდესაც
ბუკინისტებთან ნაყიდი წიგნის ყდაზე ნახავთ
ჩემს სახელს მიწერილს_ვერ მიცნობთ.
დაბერდეს! _ არ ჰგავს თუკი ბავშვი ბავშვს,
თვალზე მოიბას აწმყო კადრებივით,
სდიოს უდაბნოს ქვიშიან ქარში რაშს,
ქვიშის საათი ააწყოს კარებივით.
და დახუროს,
დახუროს მაინც - უკვე არავინ მოვა,
ისეთი სხვა ვინც სხვის საქმეში ბრძენი არ არის,
და არ იტყვის ერთ მარტივ სიტყვას,
რომელიც ყველა შეგონებას და ყველა რჩევას
ერთად ეყოფა.
რადგანაც ბოშა მკითხავმა უკვე
მთელი ცხოვრება ხელზე დააწერა.
და სჯობს, ანკესის კაუჭით გამობმული _
არქივი თვალზე,
გადაქექოს და იპოვოს კადრი,
რომელზეც ღირდა დამთავრება
და უყუროს,
უყუროს, და თქვას, და იმეოროს _
ტუჩებზე დამეწყე,
თვალს გადაედე,
სუნთქვა დამეწყრე,
ტანს გადაედნე,
შენში ჩამიტანე,
კოცნა გადაყლაპე,
ბგერა მოიპარე,
თმაში ჩამაყარე _
და დახუროს კარი.