ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.
* * *
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,
ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,
მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი
და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.
შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი,
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,
შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი
და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით
ვდგევარ სფინქსის წინ მუხლმოყრილი,როგორც მეძავი,
უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს,
შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ
და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.
შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,
მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,
შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში.
03.20.2003
* * *
თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ერთი სიტყვაც და გადმოსკდება ცოდვის ნაყოფი,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოდ
და წავაჩოქებ შენს ფაცხასთან ოფლით გაპოხილს.
გადააფითრებს შიშისაგან მძინარ ლელიანს
ლაგამნაღეჭი ბედაურის ცისფერი ჩრდილი,
შენ შემადარებ სიყვარულის ლამაზ ფერიას
და გაგორდება სოხანეზე სადაფის ღილი.
გაფიცხდებიან ბაგეები ალერსის თქეშში,
დათვრება გრძნობა სურვილით და წითელი ღვინით
და შუაღამის მოსვენებით გარინდულ ტყეში
მე მოგეცემი ჩემებური ქალური ჟინით.
თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ამიტირდები განშორების სევდიან კართან,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოდ,
გამოქცეული განთიადზე არტახებს მკლავთა
* * *
ეს მერე,როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე,როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი გაეკარება,
მე გავიქცევი სიცოცხლისგან ასე ეული
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე,როცა გახუნდება მძივი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება...
* * *
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.
მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.
სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
* * *
რაშის აჩრდილი დადის ქალაქში,
ბედო,დამცინი! ბედო,თავხედობ!
მინდა ჩაგკეტო ერთხელ თავლაში
და ეკლიანი სახრით გაგხედნო.
ვიცი,დაღლილი და მოკანკალე,
ჩაიმუხლებ და ...გამიყუჩდები.
მე კი,მათრახის ყოველ ნაკვალევს
ამოგიშუშებ გრილი ტუჩებით.
და შერიგებას შემოგთავაზებ,
როცა შუაღამე ზეცას გარინდავს,
ხელს შემოგარტყამ ლამაზ გავაზე
და ურდულს ავხსნი ყველა კარიდან.
03.09.2004
* * *
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში."
12.07.2004
* * *
გამარჯობათ! ველი თქვენს შეფასებას .ასეთსაც

და ასეთსაც
ნანკა