გაჟონვა
ისეთი მარტო ხარ - გეცინება.
ისეთი დაღლილი - მიეჩვიე.
ძალიან მარტივად - გეძინება.
ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.
თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან... სისულელე!
ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ. ღმერთმაც კი მიგატოვა
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ფანჯრებზე ტოვებენ ჰემატომებს.
***
აქ საჯაია არ არის?
***
ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის...
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს.
***
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია
***
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით
***
უსაშველოდ მიყვარს მისი პოეზია !!!
***
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
***
ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.
სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე
***
ღენიალურ. !!!