თემურ ელიავა თუ გაგიგიათ ვინმეს?
უკანასკნელი მიძღვნა
მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით
ბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს.
მე ვიყავ მეფე და დიადემით
მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე.
თვალახვეული შეცნობის პირას
დგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით.
მას დიადემა კიბეზე მიაქვს,
მას ცარიელი დახვდება ტახტი.
ის მორჩილებით სინანულს დასძლევს,
ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად,
სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს
უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია.
მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს,
გამეფებული გრძნობათა სიბრძნით.
ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს
და თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.
თემურ ელიავა
* * *
ამოხეული გვერდი
ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.
მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.
აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.
მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.
ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.
სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო.
* * *
არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.
რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!
თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.
არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.
* * *
ბრმად მლოცველებმა
ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით
თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს
და მონათლული შობისას შვილები
სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს,
მოინანიეს ისეთი ცოდვები,
რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე,
მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით,
ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ.
მბრძანებელთათვის მონობენ მონები,
მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ...
თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ
თაყვანის ღირსი,
რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს
და არა ღვთისთვის.
ფიქრების ვალსი
ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
თემურ ელიავა
* * *
* * *
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზისფერ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა , ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი გულმკერდზე მეცა,
ღვთის ხმამაღალი ,ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
“ადამიანო, სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ, რომ დარჩე მარად
მე ვხედავ შენი სულის მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი,
განსჯა უმწიკვლო, სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი ,
გულის სიღრმეSი ამის თქმა გინდა.”
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე,
ჩემში გაცოცხლდა მოკვდავის ზიზღი.
უfალო ხალხმა დაგარქვა ღმერთი,
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის, არა!
შრომას და დაღლას ვუძლებდი დიდხანს,
ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი,
თითის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო ისედაც მყოფნის...
სიმართლე გინდა? აგერ ვარ შენს წინ,
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს, ხედავ?!
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენ შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა,
მაგრამ არ იცი უფალო რადგან,
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს დამსაჯე მერე,
ადამიანი ამდენს ხომ ვბედავ
მაგრამ, რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტა?
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
იქვე ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ?
ცოდვებით არის სამყარო სავსე,
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენვე ხარ თვითონ.
ადგა უფალი...დატოვა ტახტი
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედ და ყველაფრით დაღლილს
თან თითქოს მონას პასუხი გამცა:
”გტკივა! და ასე იქნება მარად,
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო მშვიდი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან
ახლა ამ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გული დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
აღარ ღონდება ცოცხალის სევდით,
მაგრამ ოდესღა მეც მქონდა გული
ახლა რომელიც ხალხს დააქვთ მკერდით.
ოდესღაც ასე, უცრემლო მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენათ.”
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ ცეცხლისფერ გველებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა ეს იყო ცხოვრების მერე.
თავი დავხარე, დავმალე სახე,
ასე უეცრად ჩემ სასჯელს ვიხდი
და მე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.
თუ მეზობელი სახლს აგიშენებსმ
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
უფალს შევთხოვე ყველაფერს შენ წყვეტ,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
მე სიბრმავისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს,
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად
შენა ხარ ჩემი დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას !
ეს ლექსი შეაფასეთ განსაკუთრებით
* * *
კიდევ მაქვს რამოდენიმე ლექსი და თუ მოგეწონათ იმათაც დავწერ