patara ufliswuli
Member

  
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 73
წევრი No.: 142767
რეგისტრ.: 6-February 12
|
#33951497 · 17 Nov 2012, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი რეი ბრედბერის თხზულებიდან ,,მოთხრობა სიყვარულზე":
ეს ის კვირა იყო, ენ ტეილორი გრინთაუნში რომ ჩამოვიდა საზაფხულო სკოლის მასწავლებლად. მას უკვე ოცდაოთხი წელი შესრულებოდა. ბობ სპოლდინგი კი ჯერ თოთხმეტისაც არ გამხდარიყო. ენი ის მასწავლებელი იყო, რომლისთვისაც ყველა მოწაფეს სურდა მიერთმია ულამაზესი ფორთოხალი ან ვარდისფერი ყვავილები... ბობ სპოლდინგი კი ის ბიჭია, ოქტომბრის საღამოობით მარტოდმარტო რომ დაეხეტება ქალაქში და თან მისდევს ჩამოცვენილი ფოთლების ჯარი... იმ პირველ დილას მის ენ ტეილორი კლასში გვერდითა კარებიდან შევიდა და, სანამ დაფაზე მრგვალი ასოებით თავისი სახელი და გვარი გამოჰყავდა, ბავშვები მონუსხულებივით ისხდნენ. `მე ენ ტეილორი ვარ, თქვენი ახალი მასწავლებელი~, ხმადაბლა თქვა მან. უეცრად ოთახში თითქოს შუქი დაიღვარა, თითქოს შენობას სახურავი ახადეს და ხეებზე მსხდომი ჩიტების ჟივილ-ხივილი მოისმა... იმ დროს, გაკვეთილები რომ დამთავრდა, ბობმა კლასში წყლით სავსე ვედრო და ტილო შემოიტანა და დაფების წმენდას შეუდგა. `რას აკეთებ?~ _ მიუბრუნდა მის ტეილორი, იგი მაგიდას უჯდა და რვეულებს ასწორებდა. `დაფები ჭუჭყიანია~, _ უპასუხა ბობმა ისე, რომ წმენდა არ შეუწყვეტია. `დიახ, სწორია, მაგრამ ვითომ გეხალისება მაგათი წმენდა?~ `ალბათ, ნებართვა უნდა მეთხოვა~, _ თქვა ბიჭმა და მოკრძალებით შეჩერდა. `ჩავთვალოთ, რომ მთხოვე~. `დიახ, მემ~. `რა მეთქმის, ბობ, მადლობელი ვარ~. `შეიძლება ყოველდღე გავწმინდო ხოლმე?~ _ იკითხა ბიჭმა. `იქნებ სხვებსაც ეცადათ?~ `მე თვითონ მინდა, ყოველდღე~. `კეთილი, მხოლოდ რამდენიმე დღე, მერე კი ვნახოთ~, _ თქვა ქალიშვილმა. მეორე დილით ბიჭი იმ სახლთან გაჩნდა, რომელშიც ქალიშვილს პანსიონის ბინა დაექირავებინა... `აი, მეც მოვედი~, _ თქვა ბიჭმა. `წარმოიდგინე, არ გამკვირვებია~, _ იყო პასუხი. ისინი ერთად გაუდგნენ გზას. `შეიძლება თქვენი წიგნები წამოვიღო?~ _ იკითხა ბიჭმა. `კარგი, ბობ, გმადლობთ~. ქალმა ოდნავ ზემოდან გადახედა. დაინახა, რა მხიარულად, ლაღად მიაბიჯებდა იგი და გაიფიქრა, დაე პირველმა მან თქვას რამეო; მაგრამ ბობი დუმდა. სკოლის ეზოს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა წიგნები დაუბრუნა. `ახლა კი მარტო წავალ, თორემ ბავშვები ვერ გაიგებენ~. `მგონი, არც მე მესმის, ბობ~, _ თქვა მის ტეილორმა. `როგორ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ~, _ მისთვის ჩვეული გულწრფელობით მიუგო ბობმა. `ბობ...~ _ უნდოდა დაეწყო ქალიშვილს. `დიახ, მემ?~ `არა, არაფერი~, _ და გაეცალა. ახლა ბიჭი ყოველდღე ხვდებოდა ქალიშვილს, ოღონდ ისე, რომ იქიდან ვერ დაენახათ და თითქმის ყველა შეხვედრაზე მის ტეილორი იწყებდა: `ბობ...~ უნდოდა ეთქვა, ნუღარ დამხვდებიო, მაგრამ ვერ ეუბნებოდა და ისევ ერთად მიდიოდნენ სკოლისაკენ და ერთად ბრუნდებოდნენ სკოლიდან. საუბრობდნენ დიკენსზე, კიპლინგზე, პოსა და კიდევ სხვა მწერლებზე. სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ, ორივენი ისევ ჩაჩუმებულ კლასში დარჩნენ. ბობი კმაყოფილი იყო, ეგონა, რომ ეს საღამო უსასრულოდ გაგრძელდებოდა... მის ტეილორმა თავი ასწია, ხანგრძლივი მზერა მიაპყრო საათს და კალამი გვერდით გადადო. `ბობ~, _ თქვა მან. ბიჭი შემკრთალი შემობრუნდა. მთელი ამ ბედნიერებით სავსე საათის განმავლობაში არც ერთ მათგანს სიტყვა არ დასცდენია... `ბობ, ხვდები რაზე მინდა გესაუბრო?..~ `დიახ~. `ძალიან კარგია, რომ გვესმის, რაც ხდება, არა?~ `დიახ, ალბათ~. `...ბობ, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ; უნდა გვახსოვდეს, რა არის მიღებული, უნდა ვიფიქროთ ქალაქზე, ხალხზე, შენზე და ჩემზე... გაფასებ, როგორც გამორჩეულ და კარგ ადამიანს, ბობ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მოზრდილ ადამიანზე არ არის საუბარი. არ ვიცი, გასაგებად თუ ვლაპარაკობ~. `ყველაფერი ნათელია, _ თქვა ბიჭმა, _ უბრალოდ, მე რომ ათი წლით უფროსი და ასე, ოცდაათი სანტიმეტრით უფრო მაღალი ვიყო, ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა... მაგრამ განა სისულელე არ არის, ადამიანი სიმაღლის მიხედვით შეაფასო?~ `მესმის, შეიძლება სისულელედ გეჩვენოს, _ თქვა მის ენმა, _ შენ ხომ დიდი და მართალი გგონია თავი და იცი, რომ სამარცხვინო არაფერი ჩაგიდენია... შეიძლება ოდესმე ადამიანები უფრო გონიერნი და სამართლიანნი გახდნენ და შეძლონ ზუსტად განსაზღვრონ პიროვნების სულიერი ასაკი და თქვან: ეს უკვე ჩამოყალიბებული კაცია... მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ძალზე ნაადრევია, ბობ, ჯერჯერობით შეუძლებელია ანგარიში არ გავუწიოთ ასაკსა და სიმაღლეს, როგორც მიღებულია ჩვენთან... ბოლოს და ბოლოს ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, ვხვდებით, რომ მართალნი ვართ, პატიოსანნი, რომ ღირსეულად ვიქცეოდით. ერთმანეთს რომ ვუგებთ, ამაში ცუდი არაფერია. ცუდი ფიქრშიაც არ გაგვივლია. ასეთი რამის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. ხომ ასეა, ბობ?~ `დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა...~ `უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ, _ თქვა მის ენმა, _ სანამ ეს მე და შენ ვიცით. თორემ მერე, ალბათ, სხვებიც გაიგებენ. ეგებ სხვა სკოლაში გადავიდე?~ `ო, არა!~ `მაშ, იქნებ შენ გადაგიყვანო?~ `არ არის საჭირო~, _ თქვა ბიჭმა. `რატომ?~ `ჩვენ მედისონში გადავდივართ საცხოვრებლად. მომავალ კვირაში წავალთ... მამას იქ მისცეს სამუშაო. მედისონამდე სულ ორმოცდაათი მილია. ქალაქში როცა ჩამოვალ, შეიძლება გინახულოთ ხოლმე?~ `როგორ ფიქრობ, ივარგებს?~ `არა, ალბათ არა...~ `ხომ არ მიბრაზდები?~ `არა, რას ბრძანებთ, თქვენზე გაბრაზება არ შემიძლია... მე თქვენ არასოდეს არ დაგივიწყებთ~. `კარგი სიტყვებია, მაგრამ ახდენა არ უწერია. ცხოვრება სხვანაირადაა მოწყობილი...~ `არასოდეს არ დაგივიწყებთ. რამეს მოვახერხებ, დავიწყებით კი არ დაგივიწყებთ~, _ თქვა ბიჭმა. ბიჭი წავიდა. ეზოში გასულმა უკანასკნელად მოიხედა და ფანჯარაში კიდევ ერთხელ დალანდა მის ენ ტეილორი _ იგი დაფასთან იდგა და ნელ-ნელა შლიდა დაწერილ სიტყვებს, ხან ზემოთ სწევდა ხელს, ხან ქვემოთ უშვებდა. მეორე კვირას ბიჭი ქალაქიდან გაემგზავრა... სულ რაღაც ორმოცდაათი მილის დაშორებით ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ერთხელაც არ ჩასულა გრინთაუნში...
This post has been edited by patara ufliswuli on 17 Nov 2012, 15:36
|