(დიდი ხნის მერე...)
პაატა შამუგია
დიდი ხნის მერე, ჩემს ადგილას გაჩნდება ფიქრი,
დიდი ხნის მერე დამივიწყებენ
და სიმარტოვის ხალხმრავალ ადგილს შევეხიზნები.
და წავალ ზღვაზე და ჩემ თავს რომ მივეფიცხები
და სასიკვდილოდ გავირუჯები,
დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ღმერთი,
და ის შეისმენს ყველა ობლის ხვეწნა-მუდარას.
ყველა მკვლელის ხვეწნა-მუდარას,
ყველა ქალწულის ხვეწნა-მუდარას,
დედაჩემის ხვეწნა-მუდარას,
დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება სიტყვა,
და ბავშვები ისე მიტყვიან,
ვერც მიხვდებიან, სულ ახლახანს მე რომ მთქვეს და
დიდი ხნის მერე
დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება მიწა,
და როცა წვიმის სარეკლამო პაუზა გაივლის ჩემს დაშლილ ქანებში, ცნობიერებიდან სათითაოდ ამომიძვრება ყველა მკვდარი,
რომლისთვისაც მე დამითმია რაღაც ნაწილი.
დიდი ხნის მერე დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ცრემლი
და ყველა უიღბლოს თვალებიდან გადმოვუხტები.
დიდი ხნის მერე, კიდევ უფრო დიდი ხნის მერე,
ჩემს ადგილას მევე გავჩნდები.
და არ გამოტოვო!
* * *
ელექტროშოკი
პაატა შამუგია
(სათაური ტექსტთან არაფერ შუაშია. ავტორი)
ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები.
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩეი სხეულიდან ვდგები.
მერე ვკითხულობ სიზმრებიდან
ყველაზე სკანდალურ აბზაცებს,
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს.
მერე აყვირდება გაზქურაზე
ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი
(შენ უცხო განცდა გეუფლება,
თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე).
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები.
ხედავ? მეორდება, მეორდება!
როგორ უსასრულოდ მეორდება,
როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც
უცვლელი სახით მეორდება.
და მეც უსასრულოდ ვიმეორებ,
რომ
გაიღვიძებენ მკვდრები,
რომ დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები,
რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ
ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე,
რაღაც უცნაურად ემოსა და
ემოსა რაღაც შავი ჩოხა.
ალილუია! მეშინია!
ალილუია! მეშინია!
ალილუია! «მე» ჩემია.
ალილუია! «მე» შენია.
ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში
ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე,
რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის
სხივის უკანასკნელ მორკალვამდე.
მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და
ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე,
რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ,
თანაც, როცა დგები საწოლიდან.
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები!
წინა ლექსში ეს მომწონა

"დიდი ხნის მერე, კიდევ უფრო დიდი ხნის მერე,
ჩემს ადგილას მევე გავჩნდები.
და არ გამოტოვო!"
ორიგინალურია

ეს მე2ც ისეთია რა, ექსტრავაგანტული და მიმზიდველი
* * *
საყოველთაო პატიება
მაპატიე, რომ წვიმს,
მაპატიე, რომ სიმს
ვეღარ გიტოკებ გულის.
მაპატიე, რომ მტკივა,
შენ რომ ცრემლები გდის
მაპატიე, რომ წვიმს.
ესეც კარგია

საყოველთაო პატიება 2
მაპატიე, რომ გათენდა და მთვარეჩახდილი ზეცა გამოჩნდა,
მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და
სახლის გამოც და ყველაფრის გამო
მაპატიე, რომ საზღვარს გამოცდა
ჩემი ლექსი და ჩემი ლექსიდან ამოფრენილი ზანტი განცდები
მაპატიე და დღიდან ამისა მხოლოდ საკუთარ სხეულს გავცდები.
მაპატიე, რომ ზეცა შავია, მაპატიე, რომ ყოფა ავია,
მაპატიე, რომ ყველა უფალი ყველა მეძავთან დამნაშავეა.
მაპატიე, რომ სუნთქვა კარგია, ყოფნა კარგია, მაგრამ ბარგია,
მაპატიე, რომ ყველამ დაკარგა, რაც საბოლოოდ დასაკარგია.
მაპატიე, რომ გუშინ ქუჩაში უბრალოდ მოკლეს პატარა ბიჭი,
მაპატიე, რომ , როგორც ყოველთვის, ახლაც ისევე უზომოდ გიჭირს.
მაპატიე, რომ ეს ტკივილებიც ხანდახან მაინც რაღაცით მშველის,
რომ სიყვარული არ არსებობს და უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი
და უფრო მეტიც, მტერიც გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს, თანაც არათუ
უნდა გვიყვარდეს, არამედ აღარ უნდა ჩამორჩეს ყოფის მარათონს.
მაპატიე, რომ შენი მეზობლის ბავშვმა უაზროდ მოიკლა თავი,
რომ ბავშვობაში ზღაპრის კითხვისას შეგძულდა ყველა ქაჯი და დევი,
და რომ ბავშვობა სადღაც ქუჩაში გაიხადე და სიბნელეს შერჩი,
ახლა წევხარ და
არავინ გახსოვს,
არვის ახსოვხარ,
არავინ გერჩის.