konfuci
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 560
წევრი No.: 10062
რეგისტრ.: 9-May 05
|
#3534120 · 31 Jul 2006, 15:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაიხარე.... აი თქვენ ახალი შედევრები......
მეძებე სხვაგან მე აქ ვარ მაგრამ მეძებე სხვაგან. .................................................................... დილით და ღამით და უფრო ღამით მეძებე სხვაგან. გადაშალე წიგნი და მეძებე შიგნიდან. მეძებე სხვაგან და მეძებე შიგნიდან და უფრო შიგნიდან. გააღვიძე ყველა მკვდარი, პოსტმოდერნისტულ სიზმრებს რომ ხედავს, გააღვიძე მამა, პოსტმოდერნისტულ სიზმრებს რომ ხედავს, და გაგვაღვიძე ჩვენ, პოსტმოდერნისტულ სიზმრებს რომ ვხედავთ. ნუ მეძებ, როცა ქვეცნობიერი საკუთარ თავს აცნობიერებს და ჩვენი სუნთქვები გალობენ არგარდაცვლილ გმირებზე არდაწერილ მითებს სადაც სხეული დაგვეღალა და კალთაში გვიდევს და ასე ვასვენებთ. სადაც ვცოცხლდებით და თბილ სიზმრებს შემოგვიკეცავს დედა და დედა დაგვეძებს სადღაც, ოღონდ არა აქ. ნუ მეძებ იქ, სადაც იქცევა იქსადაც სუყველა იგრეკი. მეძებე სხვაგან!
ნუ მეძებ იქ, სადაც სხვაა და ზღვაა და ნუ მეძებ იქ, სადაც მეთევზეს ტალღიდან ამოაქვს მკვდარი თევზი და მარტოობის ათასი წელი და კიდევ უფრო ათასი წელი და კიდევ უფრო ათასი წელი და მარკესის ჭაღარა თავი და დაბერებულ ადამის ნეკნი და ჰამბურგერის ნამცეცები ნუ მეძებ იქ, სადაც ზღვის ტალღებს გამოაქვთ მკვდარი მეთევზე და შეყვარებულ ქრისტეს ცრემლები, სადაც ღამეა და მეძავი ხდება წმინდანი, ან წმინდანი ხდება პირიქით. სადაც ჩამოდის უფალი და საკუთარ თავს მშვიდად გვირიგებს.
მეძებე სხვაგან.
2006 წ
ახალი ღმერთის მოლოდინში
ღმერთის ადგილი ვაკანტურია. 21-ე საუკუნე ეძებს ახალ ღმერთს, კონკურსანტები თავს ამაყად აკანტურებენ, ხოლო პოეტი... პოეტი კონკურსს მიღმა რჩება, ნამდვილ პოეტებს აკრძალული აქვთ, გახდნენ ღმერთები. ნამდვილი პოეტები მხოლოდ ლექსებს დაწერენ ღმერთზე და იწუწუნებენ უღმერთობაზე. ნამდვილი პოეტები ჩრდილში იდგებიან და თავიანთ ჩრდილზე დაწერენ ლექსებს. ნამდვილი პოეტები მხოლოდ ნამდვილი პოეტები იქნებიან და ვერასოდეს გახდებიან ღმერთები. ნამდვილი პოეტები ნამდვილი შეშლილები არიან და უიმედოდ ეძებენ სამყაროს ფსკერზე მოთავსებულ სიმშვიდის ფორმულას.
ხოლო ღმერთის ვაკანტურ ადგილს კონკურსის წესით დაიკავებს მავანი ბრძენი, რომელსაც ღმერთად მუშაობის 13 წლის სტაჟი ექნება.
ღმერთის ადგილი ვაკანტურია, 21-ე საუკუნე ეძებს ახალ ღმერთს. პოეტი კონკურსს მიღმა რჩება, ნამდვილ პოეტებს აკრძალული აქვთ, გახდნენ ღმერთები,
პ.ს.
ხოლო ჩემი მეზობლის დედა, ვერც კი ხვდება, რომ ის სულ ახლახანს ღმერთად აირჩიეს, და ვერც ვერასდროს გაიგებს ამას... ვინაიდან მე არ გავუმხელ. მიწა მიწა ყოველთვის რჩება, მიწა რჩება იატაკზე, თუნდაც, მიწაზე. მიწა ყოველთვის რჩება. მიწა რჩება გზაზე და ქვაზე მიწა რჩება საფლავებზე და აკლდამებზე. მიწა რჩება სიტყვის ადგილას, უკვენათქვამი სიტყვის ადგილას, მიწა რჩება ღმერთის ადგილას. ჩემს მკვდარ მეგობარს ტკივა მიწა, მოკლულ ბეღურას ტკივა მიწა, და არა – ტყვია. და როცა ამას ხმამაღლა ამბობს, მას დასცინიან, მაგრამ ბეღურას ტკივა მიწა.
ვარდჯერ მიწა, ეს არის პოეზია, მიწაჯერ სიტყვა, ეს არის ღმერთი. და როცა მიწა აკლდება პოეტს, ღმერთს ვეღარ რითმავს და იტყვის ‘ერთი!”
მე ვწერ მიწას მიწითა და მიწის შესახებ, მე ვაღებ კარებს, მიწიანს და რთულად შესაღებ კარებს და ვსუნთქავ სუფთა მიწას, რთულად შესაღებ კარიდან ვსუნთქავ სუფთა მიწას, რთულად შესაღებ კარებზე ვაწერ: მიწაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა!.. მიწაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა!.. მიწაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა!.. მიწა გვიცავს ყოველდღიურ აფეთქებისგან მიწა გვიცავს აფექტებისგან მიწა გვიცავს ჭუჭყისაგან, სუიციდისგან, მიწა გვიცავს თავის თავისაგან და ჩვენი თავისაგან.
მიწა კლავს ჩვენში ჩასახლებულ მუდმივ კრავს და მუდმივ მგელს. ჩვენ ვშობთ ერთმანეთს. ჩვენ ვშობთ ერთმანეთს. ჩვენ ვშობთ ერთმანეთს. თუ ზურგს შეგვაქცევს და მისასვლელ ბილიკს დაკეტავს, ვეღარ ვიცოცხლებთ მის გარეშე, ხოლო აქედან გამომდინარე, ვეღარ მოვკლავთ, ხოლო აქედან გამომდინარე, ვეღარასდროს დავმშვიდდებით, მაგრამ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით თავად მიწა და ჩვენ ვიქნებით თითოეული მათგანი, ვინც გახდა მიწა.
ადიდე მიწა!
პაატა შამუგია 2006 წელი
საყოველთაო პატიება
მაპატიე, რომ წვიმს, მაპატიე, რომ სიმს ვეღარ გიტოკებ გულის მაპატიე, რომ მტკივა, შენ რომ ცრემლები გდის მაპატიე, რომ წვიმს.
საყოველთაო პატიება 2 მაპატიე, რომ გათენდა და მთვარეჩახდილი ზეცა გამოჩნდა, მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და სახლის გამოც და ყველაფრის გამო მაპატიე, რომ საზღვარს გამოცდა ჩემი ლექსი და ჩემი ლექსიდან ამოფრენილი ზანტი განცდები მაპატიე და დღიდან ამისა მხოლოდ საკუთარ სხეულს გავცდები. მაპატიე, რომ ზეცა შავია, მაპატიე, რომ ყოფა ავია, მაპატიე, რომ ყველა უფალი ყველა მეძავთან დამნაშავეა. მაპატიე, რომ სუნთქვა კარგია, ყოფნა კარგია, მაგრამ ბარგია, მაპატიე, რომ ყველამ დაკარგა, რაც საბოლოოდ დასაკარგია. მაპატიე, რომ გუშინ ქუჩაში უბრალოდ მოკლეს პატარა ბიჭი, მაპატიე, რომ , როგორც ყოველთვის, ახლაც ისევე უზომოდ გიჭირს. მაპატიე, რომ ეს ტკივილებიც ხანდახან მაინც რაღაცით მშველის, რომ სიყვარული არ არსებობს და უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი და უფრო მეტიც, მტერიც გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს, თანაც არათუ უნდა გვიყვარდეს, არამედ აღარ უნდა ჩამორჩეს ყოფის მარათონს. მაპატიე, რომ შენი მეზობლის ბავშვმა უაზროდ მოიკლა თავი, რომ ბავშვობაში ზღაპრის კითხვისას შეგძულდა ყველა ქაჯი და დევი, და რომ ბავშვობა სადღაც ქუჩაში გაიხადე და სიბნელეს შერჩი, ახლა წევხარ და A არავინ გახსოვს, არვის ახსოვხარ, არავინ გერჩის.
*** დიდი ხნის მერე, ჩემს ადგილას გაჩნდება ფიქრი, დიდი ხნის მერე დამივიწყებენ და სიმარტოვის ხალხმრავალ ადგილს შევეხიზნები. და წავალ ზღვაზე და ჩემ თავს რომ მივეფიცხები და სასიკვდილოდ გავირუჯები, დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ღმერთი, და ის შეისმენს ყველა ობლის ხვეწნა-მუდარას. ყველა მკვლელის ხვეწნა-მუდარას, ყველა ქალწულის ხვეწნა-მუდარას, დედაჩემის ხვეწნა-მუდარას, დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება სიტყვა, და ბავშვები ისე მიტყვიან, ვერც მიხვდებიან, სულ ახლახანს მე რომ მთქვეს და დიდი ხნის მერე დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება მიწა, და როცა წვიმის სარეკლამო პაუზა გაივლის ჩემს დაშლილ ქანებში, ცნობიერებიდან სათითაოდ ამომიძვრება ყველა მკვდარი, რომლისთვისაც მე დამითმია რაღაც ნაწილი. დიდი ხნის მერე დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ცრემლი და ყველა უიღბლოს თვალებიდან გადმოვუხტები. დიდი ხნის მერე, კიდევ უფრო დიდი ხნის მერე, ჩემს ადგილას მევე გავჩნდები. და არ გამოტოვო!
მათხოვარი მზე გაახელს ფანჯრებს და მდიდრული სახლის კარებს და ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ მკერდზე ამხედრებული ქალები და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ პორთფელებზე ამხედრებული სქელი კაცები და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ სქესზე ამხედრებული სტუდენტები და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს ქუჩაში ამაყად ჩაივლიან მობილურებზე ამხედრებული სნობები და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს მზე გაახელს ღარიბული სახლის ფანჯრებს და მდიდრული სახლის კარებს და მზე გაახელს კაცებს და ქალებს და მზე გაახელს ყველას და შენც გაგახელს მზე. ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ იმიჯზე შემომსხდარი პოეტები, რომლებიც იღლიებში ფრთებს მალავენ და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს. მაგრამ როდესაც დახუჭავს ფანჯრებს ღამე და ღამე როცა ხრის ხის ტევრს, შენ ნახავ ღამით, ნამდვილად ნახავ საკუთარ ტანზე შემომჯდარ ქრისტეს
და ისიც ვერ შეამჩნევს შენს დაღლილ სახეს!
ორიდან ერთი დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება,- ამბობდა მამა. დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება,- მეც ვუჯერებდი. და ვუსწორებდი თვალს ამაყად ცხოვრებას თამამს, და სიბერემდი მჯეროდა მამის. არადა, განა ტყუოდა მამა, დრო მართლაც გავიდა!..
კითხვის პროცესი
ისე გულდასმით გკითხულობდი, ისე გულდასმით, ახლაც კი მახსოვს შენი სხეულის რომელიღაც ეპიზოდიდან ორი მადისაღმძვრელი, ხალიანი ციტატა.
|