,,უკვე გამოჩნდა ჭაღარა მთები,
ჰაერში ძველი თოვლის სუნია..
მომგვრელი სევდის და არა შვების,
რადგან მთებს იქით დასასრულია.."
ან ,,გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში."
...
მე თოვლში ვეძებ სისხლისფერ ვარდებს
და მიტოვებულ ნუშებს და ატმებს...
თოვლზე ეცემა პოეტის ლანდი
და ქალაქს კიდევ ერთ კივილს ართმევს
და ავსებს შემკრთალ სიცარიელეს
და ისევ თოვლს და მოლოდინს ერთვის,
მაგრამ ბოლომდე რჩება იერი,
ბედნიერ ბავშვის და დაღლილ ღმერთის.
მთელი წელია
მთელი წელია, რაც მე ვწევარ ამ კალაპოტში
მდინარის ნაცვლად... მთელი წელია!
მიწის ლაჯებში მოფართხალე წყალი ჰგონიათ
ჩემი სიცოცხლე. მთელი წელია!
ცას და ქვეყანას, როგორც ხიდზე მიმავალ გოგოს,
სუნთქვაშეკრული ამოვყურებ. მთელი წელია!
მთელი წელია, მოლოდინის ხორკლიან კედელს
ნასროლ ბოთლივით ზედ ვემსხვრევი. მთელი წელია!
მთელი წელია, შეეზარდა თმა წყალმცენარეს,
სხეული ლოდებს, თვალი სივრცეს. მთელი წელია!
მოდი, ფეხები ჩამოყავი ჩემს გრილ ზვირთებში,
პირზე შემისხი, მდინარე ვარ, მთელი წელია!
გული კი ფეთქავს, ვით აბგაში ცოცხალი მწყერი,
ანდა საათი ბალიშის ქვეშ... მთელი წელია!
ისიამოვნეთ. აბა ვისია?