ეტყობა არ იცნობ საჯაიას პოეზიას კარგად.

დავდებ მის რამოდენიმე ლექსს.
გამიხარდა საჯაიას, გეთიაშვილის და იათაშვილის ლექსების აქ ნახვა, იმედია რატიანიც შემხვდება სადმე.

ეს, გიო არავიძე (გიორგი საჯაია):
როგორც უილმოტი
გზები იზომება ახლა პოეზიით.
ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი,
უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროთეზივით -
ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!
დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები,
მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია.
სულმა კი არა და ხორცმა კი არა და
ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.
აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა -
ძველი რვეულივით ბედი გადავშალე.
ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.
არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით,
წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს...
მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით
და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!
თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე
უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი
სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს.
თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი,
მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.
რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ,
უნდა უსათუოდ რამე დავაშავო,
სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.
სარკეში
რა ახალგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა...
ისე ვეღარ გცნობ, მოგესალმო ლამის სარკეში,
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს,
სიცოცხლის ყველა ნიშანწყალის, თითქმის, გარეშე.
თითქმის არ გძინავს, თითქმის არ ჭამ და ეტანები
სასმელს და თითქოს დაემგვანე უკვე მათხოვარს.
უფრო იოლად გწყდება გული და შედარებით
უფრო ადვილად გეხერხება გულის ჩათხრობაც.
და გრძნობ, რომ მალე უეჭველად უნდა გათავდე!
დღეებს ალაგებ თვეებად და თვეთა შტაბელებს
აწყობ წლებად და აწესრიგებ და სათითაოდ
სახელს არქმევ და პირად ნომერს აკრავ ტაბელურს.
მერე ზიხარ და ელოდები ისევ არაფერს.
შიში გაქვს ღმერთის (გეშინოდა ნაკლებად ადრე)
და მიცვალებულ მეგობრებს და მამას სულ უფრო
ხშირად და უფრო ცხადად ხედავ სიზმრებში შავ-თეთრ.
მოკლედ - ძალიან შეიცვალე! ასე საეჭვოდ,
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს,
მგონი სარკეშიც ვეღარ გიცნობ, მალე საერთოდ -
რა ახლაგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა...
* * *
ამ აუტანელი ტკივილების გარდა,
მგონი არაფერი დამრჩა მოსაყოლი.
ვწუხვარ, ადრე დაკარგული ძილის გამო
და ამ არეული ლექსის, უსახელო.
ბოლო 5 წელი რაღაც ე. წ. ართრიტს
ვებრძვი, კი არა და უფრო ვეომები.
ნერვულ სისტემასთან პრობლემები ადრეც,
მქონდა - ესღა მაკლდა ახლა, გეგონება!
და ვსვამ ტკივილგამასედატიურ აბებს
(მერე მთელი ღამე ვფიქრობ არაფერზე)
და არ გაგიკვირდეს, თუ გაიგებ ამბავს,
ერთხელ, რომ... და ა. შ. გიო არავიძე.
-------------------------------------------------------
ეს კი, ჩარლზ ჩენდლერი (რეზო გეთიაშვილი):
ავტოპორტრეტი
რას წარმოვიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,
თუ ასე ნაზი ხარ და ასე, ოც წლამდე,
ქალაქის წყალ-წყალა წვიმებმა გაგტრიტეს
და მერე საკუთარ წარსულებს ხოცავდი
და სადღაც მიგქონდა გრძნობების ურიკა,
თვალები მომჟავო და დაბლანაყარი,
რომ დარჩი გზადაგზა და ისე სუსტი ხარ,
ან უნდა გავჩუმდე, ან უნდა ვიყვირო.
რას წარმოვიდგენდი, დღეები მგზნებარე,
პატარა ამბები, ბაკლები მოცლილი,
რომ ვიღაც მოვიდა და ღმერთი გებარა
და მაინც კოცნიდი... გკოცნიდნენ... ჰკოცნიდი...
და ისევ ორკესტრი, ჩარჩენა, ტყრშიალი,
მეასე სადგური... მეასე სადგურში...
რას წარმოვიდგენდი, თუ არც კი გშიოდა
და ისე გაძეხი და ისე გაბუჟდი,
რომ პალმა, პალმები, ფოიე, ოტელი,
რომ სევდა, მოსული ღამეთა ლორწოდან...
რას წარმოიდგენდი, ძვირფასო პორტრეტო,
რომ ასე ძალიან, ძალიან მომწონხარ.
ქავე გელ
და დღე, რომელიც თითქოს იყო, ამის მერეა
და თვალებიდან თვალებამდე მზერა, ბორანი,
ქავე გელ, მაინც რიოში ხარ და გალერეა
ყველა სინაზის, ყველა ნაკვთის, ყველა მორალის.
ქავე გელ, სადმე დაგიგებდნენ ხაფანგს, მაკაგონს,
სადმე ზღვისპირა სასახლეში, სული გერევა,
ქავე გელ, ცოტა, ცოტა რამე უნდა დაკარგო,
რომ შენს თოვლიან ღამეებზე შედგნენ ბერებად,
რომ გეას ვერხვი გაუჩრია, როგორც სიგარა,
რომ შემიყვარდი და ცხოვრება უნდა მოვწიო,
ქავე გელ, მოვკვდე, სურვილია ქარის სიგანე
და გრძნობებია უფრო მშრალი, უფრო ნოტიო.
ჯერ ერთი, მხრები - მირაჟები, მერე მეორე:
შენ რიოში ხარ, გალიაში ერთი წამისა,
ქავე გელ, ბინდში ტუჩებსიქითს ღიმილს შეურევ
და შენი ნების, შენი ხვედრის შესაბამისად,
დღეს სამარტვილეს აგიშენებს ღამე არშუშა,
ქაველ გელ, სანამ ჩამოდგება ცარცის ვაგონი,
პატარა ადგილს მოგიძებნი მღვრიე წარსულში -
უხაფანგებოს, უტკივილოს, უმაკაგონოს.
* * *
მრავალწერტილმა მიგიყვანა შენ იმ დონემდე,
რომ ვარდის ფერი ვნებაა და გადარბენაა,
რომ მაინც უნდა შევარჩიო რაღაც მომენტი
და შენი წილი შეღამება დაგიბინაო
თვალებში, როგორც პალაცოში, უპრეტენზიოდ
გაიღიმო და იტირო და ძლიერ გაწვიმდეს,
ხოლო აფექტზე მთელი ღამე ერთად ვეძიოთ
უცხო სიტყვათა ლექსიკონში რამე ძვირფასი
და უადგილო, უმიზეზო, აუჩქარებლად,
ეს თავისთავად მისტიკაა და მისტერია
შავი ცილინდრით, გადმოაგდეს უცხო ქარებმა
რომელშიც შენი სურნელი და მტვერი ერია...
მაგრამ აქ უფრო ადვილია სულით ობლობა,
დგას ფერებს შორის ინტერვალი, როგორც დებილი,
ჩემი ოთახიც იქირავა ორმა ობობამ
და უქმეებში შუადღემდე სძინავთ მკვდრებივით.
ეს ორი ავტორი ნამდვილად იმსახურებს ცალკე გამოყოფას.

დანარჩენები კი, სხვა დროს იყოს.
This post has been edited by literatura on 6 Aug 2007, 09:22