დავალ ქვეყანაზე როგორც შერისხული
შენი ზვარაკია ღმერთო ჩემი სული
დავალ ქვეყანაზე როგორც ბნედიანი
ღმერთო, მაპატიე უქმად ხეტიალი
დავალ ქვეყანაზე როგორც გაძარცული
ღმერთო დააჩქარე ჩემი აღსასრული....
ტერენტი გრანელი
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება.
შოთა ნიშნიანიძე
ალბომიდან
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.
როგორ გვაკრთობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ლადო ასათიანი
თოვლი <-------ჩემი უსაყვარლესი ლექსი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო
მე თოვლი მიყვარს როგორც შენ ხმაში
ადრე ფარული დარდი მიყვარდა
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ,
თეთრი დღეების ნაზი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს გაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება...
მომწყურდი ეხლა ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში,
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე....
ოჰ ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
მე დაღალული სიზმრით დამთოვა
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა...
გალაქტიონი
http://pic1.piczo.com/maricom/?g=26041474დანარჩენი აქ ნახეთ