radiohead_loverძალიან მომეწონა თქვენი კომენტარი
Ocelotрerfectstrangerსამწუხაროდ, ლინკს ვერ დავდებ, ხელი არ მიმიწვდება.
სანაცვლოდ ერთ ძველ ტექტს შემოგთავაზებთ, რომელიც არ მახსოვს, რომელ წელში ვთარგმნე. იმდროინდელია, "24 საათს" ლიტერატურული დამატება რომ ჰქონდა.
მიშელ უელბეკი
სუპერმარკეტების მხიარულება
კულტურის ანი და ჰოე
(სილვენ ბურმოსთან საუბრის ნაწყვეტები. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში “Les inrockuptibles”)
არარა
ჩემი ტიპიური მთხრობელი ხშირად ბარბაცებს არარას უფსკრულის პირას და რაც უნდა უცნაური იყოს, შიგ არასდროს ვარდება. პრაქტიკულად, ცხოვრებაში არარას მშვენივრად ვუმკლავდები. შემიძლია იოლად გავართვა თავი - არ მაშინებს.
ბალზაკი
ის უკიდურესად ამბიციური იყო. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, რომანის შექმნის ხელოვნებაში ნამდვილი რევოლუცია მას შემდეგ აღარც მომხდარა. ვფიქრობ, ბალზაკმა სამუდამოდ განსაზღვრა რომანი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის ის მეტად საჭირო ავტორი აღმოჩნდა. ცუდია ზედმეტი თავმდაბლობა. ვცდილობ, განდიდების მანიით შეპყრობილს დავემსგავსო და საკუთარ თავს შთავაგონო, რომ საუკეთესო ვარ. ხანდახან ცოტა თავშეკავებაც კარგია – ბალზაკზე გავიფიქრებ და ჰოპ! მაშინვე თავმდაბალი ვხდები.
გერმანელები
ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გერმანელი ჟურნალისტების მეტად სერიოზულმა მიდგომამ ლიტერატურისადმი. ხანგრძლივი ინტერვიუები აიღეს, უამრავი რამ ჩაინიშნეს ფურცლებზე. ეს რაღაც ისეთი იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი და რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. თურმე სინამდვილეში სერიოზულიც ვყოფილვარ, გერმანელებმა კი საშუალება მომცეს, ეს მხარე მთლიანად წარმომეჩინა.
დეპრესია
ეს არქეტიპული თანამედროვე სენია – ისტერია დასრულდა. გარკვეულ ასაკში ყველა მეტნაკლებად დეპრესიული ხდება. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან გამუდმებით იზრდება მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უყენებენ, ამ დროს კი მათი მიღწევის შესაძლებლობები იგივე რჩება. გამოსავალი მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციაა.
ამ ყველაფრის დადებითი მხარე ის არის, რომ დეპრესიაში მყოფები ხშირად უკიდურესად სასაცილოები არიან. ვერაფერი შეედრება ღრმად დეპრესიულ ტიპს სამყაროს იუმორისტულ და პერსპექტიულ აღქმაში. ძალიან მიყვარს დეპრესიული მთხრობელი, როგორც პერსონაჟი. ალბათ ცოტა ზედმეტადაც.
ესპანეთი
ახალი წიგნის დასაწერად ესპანეთში წავედი. ექსპრომტად დაწერა მინდოდა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა – ეს არის ადგილი, სადაც საოცრად იოლია უამრავი რამის აღმოჩენა იმის გამო, რომ ხალხი გაცილებით გასხნილია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ერთგვარმა ლათინურმა რეალიზმმა წინააღმდეგობა გამიწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ნაკლებად იტყუებენ თავს ცხოვრებისეული ამოცანებით, ფულის ან ჯანმრთელობის ნამდვილი მნიშვნელობით... ეს მართლა მომწონს.
ზარატუსტრა
იმის ნაცვლად, რომ წესიერი მოსწავლესავით მოქცეულიყო, როგორიც სინამდვილეში იყო და შოპენჰაუერის წამოწყებული საქმე დაესრულებინა, ნიცშემ ისეთი გზა აირჩია, რომელმაც სრულ აბსურდამდე მიიყვანა. მაგალითად, როცა ამტკიცებდა, რომ ვაგნერის საფორტეპიანო ნაწარმოებები ერჩია თავად ვაგნერს, აშკარად გროტესკულად ჟღერდა. “ასე ამბობდა ზარატუსტრა” იაფფასიანი პოეზიაა. ნიცშეს გაცილებით უკეთესი ნაშრომი აქვს - “სიკეთისა და ბოროტების მიღმა” – უდავოდ დიდებული წიგნი, არაჩვეულებრივად კარგად დაწერილი, მაგრამ მორალური თვალსაზრისით მაინც ცუდი და ფილოსოფიისთვის შეუსაბამო. იმდენი ხანია, რაც ნიცშეს ვლანძღავ, რომ უკვე მეცოდება. მასთან შეხვედრას ნამდვილად ვისურვებდი სხვა სამყაროში.
იუმორი
ყოველდღიურ ცხოვრებაში იუმორი მნიშვნელოვან უპირატესობას გვანიჭებს, საქმეების მოგვარებისას განუზომლად დიდ დახმარებას გვიწევს, აუტანელ სიტუაციებს ასატანს ხდის.
კიჩი
ჭეშმარიტად წარმატებული ხელოვნება ახალი კლიშეების წარმოქმნას განაპირობებს. ასე რომ, თუ ის, რასაც ვაკეთებ, ნამდვილად წარმატებულია, მაშინ მომავალი კიჩის წყაროდ უნდა ჩაითვალოს. ჰო, ეს იქნებოდა ნამდვილი წარმატება. ახალი და დეპრესიული სახის კიჩი. ამის დიდი იმედი მაქვს.
კომუნიზმი
მარქსი უფრო ბრწყინვალე ავტორი იყო, ვიდრე სერიოზული. ასეთი სისტემა ბრმა რწმენის გარეშე ვერ იმუშავებდა და მარქსმა, რომელსაც სჯეროდა, რომ თავი და ბოლო გაუგო ამ ყველაფერს, რადგან ეკონომიკაში გაერკვა, ვერ შეძლო ამის დანახვა.
ლირიზმი
შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვები ვერ ბედავენ ბევრი ილაპარაკონ ჩემი ლირიზმის შესახებ. ურჩევნიათ ჩემს იუმორზე მესაუბრონ. მე თვითონ - აქვე დავამატებდი - ვერ ვბედავ ბევრი ვილაპარაკო ამის შესახებ, რადგან საკმაოდ უადგილო გამოჩნდება. ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, ის არის, რომ ორივე უნდა გქონდეთ.
მანქანა
დიდი გამოცდილება მივიღე, როცა საკუთარი მანქანა პირველად გავრეცხე. 45 წლის ვიყავი და ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს კაცი გავხდი.
მარცხნივ
პროტესტს გამოვხატავ იმის მიმართ, რაც ნამდვილად აუხსნელი მეჩვენება: რაც უფრო მემარცხენე მთავრობებია, მით მეტი სოციალური კონტროლია. შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს თამბაქო. ის ფაქტი, რომ არა-მწეველებსაც აქვთ უფლებები, მემარცხენე იდეის გამოხატულებაა. პრობლემა კი ის არის, რომ – ჩემი განზრახვა არც ყოფილა ამით დამეწყო - ბოლოს მაინც ეს ბინძური ლიბერალური ქვეყნები მოგწონს, სადაც კანონები არ არსებობს და შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა.
მორალურობა
ცხოვრებაში განუწყვეტლად გამომაქვს მორალისტური დასკვნები. რომანის ფარგლებში ეს გაცილებით ძნელია, რადგან გამამართლებელი გარემოებების ძებნას იწყებ. პერსონაჟის, როგორც სრული ნაბიჭვრის აღწერა მხოლოდ რამდენიმე გვერდს ყოფნის. რომანი ნამდვილად არ არის მორალისტური ჟანრის ნაწარმოები. ბოლოს მეტ-ნაკლებად ყველა პერსონაჟი ზომიერად კარგი და ზომიერად საზიზღარი ხდება.
მხიარულება
არა მგონია, მუსიკა იდეალური საშუალება იყოს ასეთი გრძნობების გადასაცემად. გარდა მესისა (სი ბემოლ მინორში), რომელიც სრულიად ტრაგიკული ნაწარმოებია, ბახი ყოველთვის ჩემს ნერვებზე თამაშობდა. ფერწერას ბედნიერების მდგომარეობის აღწერა შეუძლია - თუნდაც შუა საუკენეების ფერმწერებს. ანდრე ბრეტონი კი ამბობდა, რომ იშვიათად იყო ბედნიერი და ძალიან ცოტა ლექსიც ამიტომ დაწერა, მხოლოდ დიდი ბედნიერების დროს წერდა. შესაძლოა, მართლაც დაწერო ლექსი სრულყოფილი ბედნიერებისგან, მაგრამ ხელოვნებაში, გარდა პოეზიისა და ფერწერისა, ამის ნიმუშს ვერ ვხედავ.
ნეილ იანგი
ჩემთვის ის სიმკაცრის ნაკლებობის დიდებული მაგალითია. საკუთარ ინტუიციას მიყვება და ბოლოს, თითქმის ყველაფერი კარგად გამოსდის – ჯაზის ალბომიც კი. ზედმეტ ფულს, რასაც გამოიმუშავებს, კეთილ საქმეს ახმარს. ალბათ ერთადერთი მომღერალია, რომელმაც ნამდვილად არაერთხელ ამატირა. მე ის მართლა მომწონს.
პორნო-ფილმები
მეტად მკაფიო სხვაობაა სასქესო ორგანოების უმნიშვნელო ვიზუალურ გამოჩენასა და შეხების შეგრძნებას შორის. სექსის შესახებ ფილმების გადაღება კარგი იდეა არ არის. ლიტერატურა ჯობია.
რელიგია
ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ რელიგია საჭიროა. საზოგადოება ვერ გაძლებს მის გარეშე. ჩემი პესიმიზმის ერთ-ერთი საფუძველიც ესაა: რელიგიის ქონის შეუძლებლობა, რამაც ჩვენი ცოდნის დღევანდელი მდგომარეობა განსაზღვრა.
საბოლოო
საბოლოო მიზანი აღარ მაქვს. ჩემს საზღვრებს ვცნობ და ვაღიარებ. დრო, როცა საკუთარი თავით მეტად კმაყოფილი ვარ, მაშინვე დგება, როგორც კი წიგნის წერას ვასრულებ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ან ორი თვე გრძელდება, მეტი არა.
სექსი
ხშირად ამბობენ, რომ ჩემს წიგნებში ზედმეტად ბევრი სექსია. ვერ ვგრძნობ, თუ ასეა. შევეცადე გამეგო, რატომ რჩება ხალხს ასეთი შთაბეჭდილება. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს წიგნებში სექსი შეუსაბამობას ქმნის ან შეუფერებელ ადგილას ჩნდება. ეს შთაბეჭდილება მონტაჟური სტილის გამო წარმოიქმნება: არანაირი შემზადება, სექსი მოულოდნელად იწყება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხალხის შოკირება წარუმატებელი სექსის ფაქტმა გამოიწვია. უხამსობის შთაბეჭდილებას წარუმატებელი სექსის სცენა აძლიერებს. ასეც რომ იყოს, არც ისე შორს წავსულვარ: რამდენიმე სუსტი ერექცია, მაგრამ არანაირი ნამდვილი ვაგინალური სიმშრალის სცენები. შემეძლო ეს კიდევ უფრო მეტად წარუმატებელი გამეხადა. შემეძლო სრულიად კატასტროფული სახით აღმეწერა, ამის სურვილი რომ მქონოდა. თუ ხალხი შემაწუხებს, ასეც მოვიქცევი.
სიმართლე
მეტისმეტად იშვიათია, რომ ნამდვილი ფაქტი გამოსადეგი იყოს ისეთი, როგორიც არის. ყოველთვის მისი შეცვლა, გამარტივება გიწევს. სინამდვილე ძალიან ქაოტურია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეც საკმაოდ ქაოტური ავტორი ვარ.
სიჯიუტე
ეს ჩემი თვისებაა. სინამდვილეში, ჩემი ერთადერთი თვისება. როცა ვგრძნობ, რომ რაღაცის დამთავრება შემიძლია, თავს არ დავანებებ. ბევრს კი ვმუშაობ, მაგრამ ბუნებით შრომისმოყვარე არ მეთქმის, შინაგანად ნამდვილად ზარმაცი ვარ. და არც გამბედავი ვყოფილვარ ოდესმე. სიჯიუტე შეიძლება შრომისმოყვარეობის შემცვლელი აღმოჩნდეს, შეიძლება გამბედაობის შემცვლელად მოგვევლინოს, პრაქტიკულად შეიძლება ყველა სხვა თვისების შემცვლელი იყოს.
სუპერმარკეტები
საბოლოო ჯამში, დისტრიბუცია არის ის, რაშიც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია მეოცე საუკუნემ. შეგიძლია გამუდმებით იქაქანო, რომ ძველ დროში ცხოვრება ჯობდა, მაგრამ საყიდლებზე სიარული უდავოდ ახლა უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ბოლოს პარიზში რომ წავედი, “რადიო მონოპრი”-ს ვუსმენდი და მაშინვე ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი. მიყვარს მათი პროდუქტი, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, როცა “მონოპრი”-ში ვარ.
ტირილი
ვაღიარებ, ნამდვილად მომწონს, როცა ხალხი მეუბნება, რომ ჩემმა წიგნებმა ისინი აატირა. ამას იშვიათად ამბობენ, რადგან მსგავსი აღიარება ადამიანებს არ უყვართ. უცნაურია, რადგან ეს მხოლოდ უპირატესობას მიანიჭებდა მათ და სხვა არაფერს და მაინც, საკუთარ თავს ამის გაკეთების უფლებას არ აძლევენ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ.
ტურიზმი
უნდა ვაღიარო, რომ ეს ის სფეროა, სადაც გერმანელების დომინირება გამართლებულია. სასტუმროებში ხშირად რამდენიმე სამოგზაურო ბიუროა წარმოდგენილი – ფრანგული, ინგლისური და გერმანული – და მათ შორის გერმანული შემოთავაზება საუკეთესოა. ტურისტულ ბიზნესში სამსახური საინტერესოა, იმიტომ რომ ხალხი იქ იმისთვის მიდის, ბედნიერი რომ იყოს, ხანდახან კი არ არის. ვფიქრობ, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ხალხი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც კარგად იცის, რა ხდის ან ვერ ხდის ადამიანს ბედნიერს.
ქალი
ქალებთან დაკავშირებული ჩემი პრობლემები უკეთესობისკენ არ მიდის. ქალებს ხშირად უჭირთ წმინდა სახის ნეგატიურობის მიღება და ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი მდედრობითი სქესის მკითხველი მყავს, ვერაგულ ზეწოლას ახდენს ჩემზე, რათა უფრო პოზიტიური ვიყო. საკმაოდ უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქალები ხშირად მეკითხებიან: “ცხოვრება მართლაც ასეთი იმედგაცრუებაა თქვენთვის?” უნდა ვუპასუხო, რომ ასეა, მე არ მიყვარს ცხოვრება, არ მომწონს მისი მოწყობის წესი. ის ფაქტი, რომ კითხვის მტკივნეულმა პროცესმა შეიძლება შინაგანად გაგამხნევოს, ისეთი არგუმენტია, რომელსაც ქალები ხანდახან იგებენ, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ მათ რაღაც უფრო მარტივი უნდათ.
წარმოსახვა
იდეალური იქნება, თუ წარმოსახვა არ დაგჭირდება. ლექსის დასაწერად ყველაფერი გამოდგება, ნებისმიერი თემაზე აეწყობა, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ჩვეულებრივზე. რა საჭიროა, ისეთი რამეები გამოიგონო, რაც არ არსებობს? მაგრამ რომანს რაც შეეხება, არა მგონია, ოდესმე ისეთ ფაქტს გადავყროდი, რომელიც იმ სახით გამომადგებოდა, როგორც მოცემული იყო. ყოველთვის უნდა გააყალბო. ნამდვილად მომეწონა ტრუმან კაპოტეს “ცივ სისხლში”, წიგნი, რომელის მთავარი პრინციპიც მხოლოდ ნამდვილი მასალის გამოყენებაა, მაგრამ მე ამის დაწერას ვერ შევძლებდი. წარმოსახვას ისე ვიყენებ, რომ მის შესახებ არც ვფიქრობ.
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
“The Guardian”, 17 სექტემბერი, 2005